მარტის თვეში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდს (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%) საგანმანათლებლო ისტორია არ აქვს და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში. საქართველოს მთავრობამ „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ 2020 წლის 10 სექტემბერს დაამტკიცა. აქამდე კი, სამწუხაროდ, ქვეყანაში არც განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების სტატისტიკა და არც გეგმა არსებობდა, საგანმანათლებლო გარემოში მათ დასაბრუნებლად. როგორც გითხარით, აღნიშნული პროგრამით, სახელმწიფომ დაიწყო, ერთი მხრივ, ქვეყანაში მცხოვრები ბავშვების კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, მათი განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა. თუმცა, პროგრამის დანერგვამდე, რჩება პრობლემები, რომელთა გადაჭრის გარეშეც პროგრამა სრულყოფილად ვერ განხორციელდება.
✔️?ცნობილია, რომ 10 ათასზე მეტი მოზარდიდან 5 ათასის იდენტიფიცირებას სამინისტრო დღემდე ვერ ახერხებს. ვინ არიან ეს მოზარდები და ასახავს თუ არა რეალობას სამინისტროს მიერ გასაჯაროებული მონაცემები; რა მექანიზმებით იგეგმება მათი წარმატებული ინტეგრაცია საგანმანათლებლო გარემოში; – რა სერვისებს სთავაზობენ წერა-კითხვის ცოდნის გარეშე დარჩენილებს – ამ თემებზე გვესაუბრება გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ➡მაია ყუფარაძე.
– ქალბატონო მაია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ცოტა ხნის წინ, გაასაჯაროვა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია. რა შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენად ასახავს ეს მონაცემები რეალობას?
– მონაცემები, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ აზუსტებს, არის თუ არა ეს ის კონტინგენტი, რომელიც საერთოდ არ ყოფილა დარეგისტრირებული სასწავლო დაწესებულებებში. შესაძლებელია, ისინი დარეგისტრირებულები იყვნენ და შემდეგ, სხვადასხვა მიზეზის გამო, დაანებეს სწავლას თავი, ან მათ შორის იყვნენ ბავშვები, რომელთა დაბადებაც რეგისტრირებულია, თუმცა, სკოლებში არ დარეგისტრირებულან. ასე რომ, ინფორმაციის დასაზუსტებლად, ვაგრძელებთ სამინისტროსთან მუშაობას.
როდესაც რაოდენობაზე ვსაუბრობთ, რასაკვირველია, ვაპელირებთ იმ მონაცემებზე, რასაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს. მივესალმებით, რომ უწყებამ პრობლემა აღიარა და, რაც მთავარია, ძალიან დიდია საკითხის გადაჭრის მოტივაციაც და პოლიტიკური ნებაც. 2015 წლიდან ვმუშაობთ სამინისტროს საინფორმაციო მართვის ცენტრთან, რომ სისტემაში შევიტანოთ ისეთი ინდიკატორები, რომელიც სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული ინფორმაციის მოძიების საშუალებას მოგვცემს. ჩვენი თანამშრომლობა, ამ კონკრეტულ კომპონენტთან დაკავშირებით, წარმატებული აღმოჩნდა — დღეს უკვე არსებობს ამ ბავშვების შესახებ ინფორმაციის შეგროვების ინსტიტუციური კომპეტენცია და შემდეგ, ამ მონაცემების ჩაშლა – ვინ არიან და სად არიან ეს ბავშვები.
როგორც ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ 10 ათასზე მეტი ბავშვიდან, 5 ათასი ბავშვი არაიდენტიფიცირებულია, სამინისტრო დაზუსტებით ამბობს, რომ 1600-მდე ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა; 600-დან 700-მდე ბავშვს სხვადასხვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები აქვს. ეს მონაცემები, ასევე, მიანიშნებს მიგრანტი ბავშვების რაოდენობაზეც და ა.შ. მეორე საკითხი, რომელიც ბმაშია ინფორმაციასთან, იმის გარკვევაა, თუ როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო, შესაბამისი სამსახურები ამ ბავშვების დაბრუნებას სკოლებში.
– რა მექანიზმები მუშაობს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების განათლების სისტემაში ინტეგრირებისთვის?
– კარგა ხნის წინ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და ბევრი რამ გაკეთდა. მაგალითად, ქვეყანაში ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი თანამშრომლობით, შეიქმნა ექვსი დღის ცენტრი, რომელსაც ტრანზიტულ ცენტრებს ეძახიან. ამ ცენტრების ეფექტიანობა დიდად არის დამოკიდებული როგორც საზოგადოების რეაქციაზე, ასევე სოციალური მუშაკების ოპერატიულობაზე, რადგან სწორედ მათ უნდა აღრიცხონ უკლებლივ ყველა შემთხვევა, როცა ბავშვი არ დადის სკოლაში და გაცდენები რეგულარულია. ვგულისხმობ, მაგალითად, ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობენ ან ჩართულები არიან გარკვეული სახის შრომით საქმიანობაში და არ დადიან სკოლაში. ამ კატეგორიის ბავშვების იდენტიფიცირება სასწრაფოდ უნდა მოხდეს (ხშირ შემთხვევაში ხდება კიდეც). ეს ხორციელდება საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების მიერ – მსგავს ინფორმაციას აწოდებენ სოციალურ სააგენტოებს, სოციალურ მუშაკებს, რომელთა ვალდებულებაა მათზე სათანადო რეაგირება, ყველა ინდივიდუალური შემთხვევის შესწავლა და საჭიროებისამებრ, ტრანზიტულ ცენტრებში გადამისამართება, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ფუნქციონირებს.
– რა არის ტრანზიტული დღის ცენტრის მთავარი ფუნქცია?
– ტრანზიტული დღის ცენტრის მთავარი ფუნქციაა, საჭიროების მიხედვით, ბავშვის რეაბილიტაცია. ეს გულისხმობს როგორც ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენას. საჭიროებების დადგენის შემდეგ, ბავშვებისთვის ცენტრებში სხვადასხვა მრავალფუნქციური სერვისის მიწოდება ხორციელდება. ერთ-ერთი ასეთი სერვისი და ვალდებულება გახლავთ, ბავშვებთან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მოთელვითი საგანმანათლებლო მუშაობა, შემდეგ მათი გადამისამართება და ინკლუზია, რაც აუცილებლად საჯარო სკოლაში უნდა მოხდეს. ეს პროცესი მიმდინარებს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დღის ცენტრები არასრული დატვირთვით მუშაობენ, შესაბამისად, სკოლებში ბავშვთა ინკლუზია, შეიძლება ითქვას, რომ არასრული დატვირთვით მიმდინარეობს, არც სოციალური სააგენტოები ახდენენ სრულფასოვან რეაგირებას და არც ცხელი ხაზი მუშაობს სათანადო დატვირთვით – მუდმივად დაკავებულია ან დაზიანებული.
ამის გარდა, ჩვენ, მოქალაქეებსაც გვაქვს გარკვეული ვალდებულებები. როგორ უნდა მოიქცეს ნებისმიერი მოქალაქე, თუ ქუჩაში, ორი-სამი დღის განმავლობაში, ერთი და იმავე ბავშვს ხედავს? იგი ვალდებულია, მყისიერად იმოქმედოს – პატრულთან ერთად ან მის გარეშე, დაუკავშირდეს სოციალურ მუშაკს/სოციალურ სააგენტოს, ცხელი ხაზის საშუალებით. ამ ვალდებულების შესახებ საზოგადოების თოთოეულმა წევრმა უნდა იცოდეს. ან კიდევ, თუკი ბავშვი მისთვის შეუფერებელ საქმიანობაშია ჩართული და ეს იცის რიგითმა მოქალაქემ ან პატრულმა, ორივე ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება – დაუკავშირდეს სოციალურ მუშაკს, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია მაშინვე დაიწყოს მოკვლევა – მოიძიოს ბავშვის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, გამოიკვლიოს როგორია მისი მდგომარეობა ოჯახში, განსაზღვროს განათლებაში მისი მონაწილეობის სტატუსი და კიდევ ბევრი სხვა.
– რა ხდება სკოლებში, როგორია მათი დამოკიდებულება და მიმღებლობა ასეთი ბავშვების მიმართ?
– რაც შეეხება სკოლებს, ბავშვების ჩართულობა ასე თუ ისე ხერხდება, თუმცა, აკადემიური ჩამორჩენის მქონე მოზარდები არც თუ ისე სასურველი კონტინგენტია სკოლებისთვის, მასწავლებლებისთვის. შევეცდები ავხსნა პრობლემები, რომელიც აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებთან მუშაობას ახლავს თან.
როდესაც 11-14 წლის მოზარდი მისი ასაკის შესაფერის კლასში აღმოჩნდება, მას დიდი აკადემიური ჩამორჩენა აქვს (როგორც წესი, ძალიან დიდი განსხვავებაა მოსწავლეებსა და კლასში ჩართული ბავშვების აკადემიურ მოსწრებას შორის) და მასწავლებელს უჭირს მისი დაწევა სასწავლო პროგრამასთან, შესაბამისად, მასთან მუშაობის მოტივაციაც ეკარგება. ამიტომ, ვიღებთ შემთხვევას, როცა, ერთი მხრივ, ბავშვს სასწავლო პროცესში ჩასართავად ვაბრუნებთ სკოლაში, მაგრამ, მეორე მხრივ, ვერ ვახდენთ მის ინტეგრირებას კლასთან. აქედან გამომდინარე, ის ვერ ხდება სასწავლო პროცესის სრულფასოვანი მონაწილე.
სწორედ ამ პრობლემიდან გამომდინარე, აქტიურად ვმუშაობთ მასწავლებლებისთვის ტრენინგ პაკეტის შექმნაზე, რაც ასევე გულისხმობს არსებული სასწავლო გეგმის, ანუ ეროვნული სასკოლო კურიკულუმის ადაპტირებას. ამით მასწავლებელს შესაძლებლობა მიეცემა, ბავშვი, რომელსაც აკადემიური ჩამორჩენა აქვს, შემჭიდროებულ ვადებში, დააწიოს სასწავლო პროგრამას. სწორედ ასეთი სპეციალური (შეკუმშული) სასწავლო გეგმა შეიმუშავა გაეროს ბავშვთა ფონდმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით. ამ პროცესში მჭიდროდ ვითანამშრომლეთ როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ დარგის სპეციალისტებთან. წელს, სამინისტროსთან კოორდინაციით, დავიწყებთ ამ შემუშავებული მასალების პილოტირებას შერჩეულ სკოლებში. დიდი იმედი გვაქვს, პილოტირების პერიოდში, მასწავლებლების საფუძვლიანი ტრენინგებიც განხორციელდება აღნიშნულ პროგრამებში მათი გადამზადებისთვის. ტრენინგის კურსის გავლის შემდეგ, ქოუჩინგის მეთოდსაც ავამუშავებთ – რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალისტები შევლენ საკლასო ოთახებში და მასწავლებლებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვაში დაეხმარებიან.
რაც შეეხება სკოლების დამოკიდებულებას და მიმღებლობას – კანონი ავალდებულებს ასეთი ბავშვის სკოლაში მიღებას. საქართველოში, ბავშვზე ორიენტირებული და ინკლუზიურ განათლებაზე მორგებული, ძალიან კარგი საკანონმდებლო ბაზა არსებობს, თუმცა, როგორც გითხარით, მასწავლებლების მოტივაცია ძალიან დაბალია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ არ იციან მათთან მუშაობის მეთოდები, და მეორე – არ არიან დაინტერესებული, ეს ხომ მათი მხრიდან დამატებით დროს მოითხოვს. გამოდის, რომ მასწავლებლებს, გარდა მეთოდების ცოდნის დეფიციტისა, წახალისება სჭირდებათ – ეს შეიძლება იყოს როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური, იმ დამატებითი დროის საზღაურად/სანაცვლოდ, რომელსაც აკადემიურად მკვეთრი ჩამორჩენის მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას ხარჯავენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ორი მნიშვნელოვანი საკითხი დგას – მასწავლებელთა კომპეტენციის გაძლიერება და წახალისების მექანიზმების შექმნა. ასევე, როდესაც საუბარია ბავშვზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნაზე, ეს ნიშნავს, რომ უნდა დაიგეგმოს და განისაზღვროს ის დამატებითი ექსტრაკურიკულური პროგრამები, რაც საშუალებას მისცემს მასწავლებლებს, დამატებით იმუშაონ აკადემიური ჩამორჩენის მქონე ბავშვებთან, გაკვეთილების დასრულების შემდეგ.
– სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სტატისტიკაში გამოიკვეთა, რომ ათასობით ბავშვი საერთოდ არ არის იდენტიფიცირებული. როგორ იქცევა სახელმწიფო ამ შემთხვევაში?
– რასაკვირველია, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, ეს ძალიან თანმიმდევრული პროცესია, მრავალკომპონენტიანი და მრავალსეგმენტური – მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის კომპონენტებით. კარგია, რომ ამ ეტაპზე გვაქვს მნიშვნელოვანი მონაცემები, თუმცა, მათი დამუშავებისა და საფუძვლიანი ანალიზისთვის დამატებითი დრო სჭირდება სამინისტროს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის შემდეგ ბევრ ღია კითხვას გაეცემა პასუხი.
– როგორც გვითხარით, ქვეყანაში ექვსი დღის ცენტრი ფუნქციონირებს. რამდენი ბავშვი სარგებლობს ამ მომსახურებით?
– თითო ცენტრის პოტენციალია, მოემსახუროს 50-დან 80 ბავშვს, მაგრამ რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი (ერთიანი მონაცემი არ არსებობს), გაცილებით ნაკლები რაოდენობის ბავშვებს ემსახურებიან. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ სოციალური მუშაკების მიერ, ცენტრებში ბავშვების გადამისამართება არ ხდება იმ რაოდენობით, როგორი საჭიროებაცაა რეალურად.
– ეს ნიშნავს, რომ ამ მოდელმა ვერ იმუშავა?
– არა, ეს არ ნიშნავს ამას, რადგან ცენტრები მუშაობს და პირიქით, ამ მუშაობის ეფექტურობა ინდივიდუალური ბავშვის მაგალითზე ძალიან კარგადაა გამოკვეთილი. სწორედ ამ წარმატებული მუშაობიდან გამომდინარე, სპეციალისტები და პროფესიონალები ფიქრობენ, რომ ცენტრს აქვს პოტენციალი, გაცილებით მეტ ბავშვს მოემსახუროს და გაცილებით მეტი ბენეფიციარი მიიღოს.
– თქვენი აზრით, რა იქნება ყველაზე სწორი მიდგომა, მოკლე პერიოდში, სკოლის მიღმა დარჩენილი ათასობით მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად?
– მოდი ასე ვთქვათ, არსებობს თეორიული გათვლები – სოციალური სამსახური, დღის ცენტრები, სკოლები, ცხელი ხაზი და ეს ძალიან კარგად დაგეგმილი და აწყობილი პროცესია. უბრალოდ, ცალკეულ განშტოებას სჭირდება მაქსიმალური დატვირთვით მუშაობა და ამ პროცესებში ჩართული ყველა უწყების ფუნქცია-მოვალეობების კიდევ უფრო გამოკვეთა. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროსთან იმის გარკვევა, თუ რატომ არ მუშაობს გამართულად ცხელი ხაზი, რატომ არ რეაგირებენ სრული დატვირთვით სოციალური მუშაკები… იქნებ სოცმუშაკების ნაკლებობას განიცდის სისტემა ან ნაკლები ხელშეწყობა აქვთ იმისათვის, რომ გავიდნენ ველზე, პრობლემურ ადგილებზე და შეაფასონ თითოეული ბავშვის მდგომარეობა. ეს მოკვლევის საკითხია, ამაზე რეაგირება შესაბამის სამინისტროებს ევალება, მათ, ვისაც ფუნქციურად ეკუთვნის ამ სამსახურების მართვა და მენეჯმენტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფიქსირებთ იმ პრობლემურ საკითხებს, რაც ამ სერვისების სრულფასოვნად და ხარისხიანად მიწოდებას აბრკოლებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – დღის ცენტრების, სოცმუშაკებისა და ცხელი ხაზის გარდა, მნიშვნელოვანია, სკოლამ შეიმუშაოს/შეითავსოს სოციალური ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ, აუცილებლად ექსტრაკურიკულური, ანუ არაფორმალური განათლების პროგრამები შესთავაზოს ყველა იმ ბავშვს, ვისაც რაღაც სახის აკადემიური დარღვევა აქვს. როცა ბავშვს შეეძლება სკოლაში დარჩენა და მასთან დამატებით იმუშავებს კომპეტენტური მასწავლებელი, რომელიც აკადემიური ჩამორჩენის დაძლევაში, საშინაო დავალებების მომზადებაში დაეხმარება, თავისთავად, პროცესი ეფექტური გახდება. ასევე, სკოლა დაეხმარება აკადემიური ჩამორჩენის მქონე მოსწავლეს თავისუფალი დროის ორგანიზებულ გადანაწილებაში, ჩართავს სხვადასხვა სასარგებლო აქტივობაში – რეკრეაციულ საქმიანობაში, ფიზიკურ აქტივობებში და ა.შ. ამასთან ერთად, ბავშვი მიიღებს შესაბამის – დაბალანსებულ კვებას, მას შესაძლებლობა ექნება, მაშინ დაუბრუნდეს ოჯახურ კერას, როდესაც მშობლები სახლში იქნებიან. ასეთ შემთხვევაში შეიძენს სკოლა იმ სოციალურ ფუნქციებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, მშობლებისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და, რაც მთავარია, იმ ათასობით სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვისთვის. ასეთი ექსტრაკურიკულური არაფორმალური განათლების სერვისით ჩვენ მათ გაძლიერებას და ჩამორჩენის დაძლევას შევძლებთ.
ესაუბრა ლალი ჯელაძე