ბატონო მინისტრო, ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2013 წელს მივიღე, მაშინ დედაქალაქის საჯარო სკოლაში ქართულს, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზოგადი ლინგვისტიკის მაგისტრი და დოქტორანტი, აკადემიურ წერას ვასწავლიდი, ქართული ენისა და ლიტერატურის საკმაოდ წარმატებული, სერტიფიცირებული მასწავლებელი გახლდით (სხვათა შორის, სრულიად მოუმზადებლად ჩავაბარე ინგლისური ენის მასწავლებლობის სასერტიფიკაციო გამოცდა) და ვამაყობდი ჩემი მოსწავლეების, კადეტების თუ სტუდენტების მიღწევებითაც.
2012 წელს სამუშაოდ დედაქალაქის სკოლაში გადავინაცვლე. იქ, ერთ-ერთ კლასში, ბოლო მერხზე, ბნელ კუთხეში, ლამაზი ბიჭუნა იჯდა. არ მინდა ის ეპითეტები გავიხსენო, რომელსაც კოლეგები მის მიმართ იყენებდნენ. სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია და გარკვეულწილად, გამოცდილებაც მქონდა, ჯერ ერთი, რომ დედაც მუშაობდა სირთულეების მქონე ბავშვებთან და, მეორეც, ჩემი პედაგოგიური გამოცდილება, ქართულ-ამერიკულ სკოლაში, ეთიკისა და ტოლერანტობის, ასევე სამოქალაქო განათლების მასწავლებლობით დავიწყე და ინკლუზიის პრინციპების შესახებ, ჩემითაც და უცხოურ ვორკშოფებზე, ბევრად ადრე მივიღე ცოდნა, ვიდრე საქართველოს განათლების სამინისტრო შემოგვთავაზებდა რაიმეს. თუმცა, როგორც კი სამინისტრომ ილიას უნივერსიტეტში ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლები შემოგვთავაზა, ქართველი მასწავლებლებისთვის სიამოვნებით ვთარგმნიდი ნორვეგიელი თუ ბრიტანელი პროფესორების სლაიდებს და ასეც ვიღრმავებდი ინკლუზიურ განათლებაში ცოდნას, რომელიც აუტისტური სპექტრის იმ ლამაზ ბიჭუნასთან სამუშაოდ უნდა გამომეყენებინა, ცალკე მჯდომი, კლასის ყველაზე ბნელ კუთხეში რომ დამხვდა. პირველივე დღეს კლასს ხუთწუთიანი დავალება მივეცი, ბიჭს კი, თავის მერხზე, ჩემს ლეპტოპში უხმო ფილმი – „Signs“ ჩავურთე და დავაკვირდი. აღმოჩნდა, რომ მან ინგლისური ფრაზები მშვენივრად გაიგო და მათ შესახებ რუსულად დამიწყო საუბარი. ასე, რუსულ-ინგლისურად, დავიწყეთ კომუნიკაცია და დავრწმუნდი, რომ საქმე ისე სულაც არ იყო, როგორც ამას ძვირფასი კოლეგები მიწინასწარმეტყველებდნენ. მოკლედ, ავმუშავდით, ყოველ გაკვეთილზე მისთვის ადაპტირებული ტექსტები მიმქონდა, სავარჯიშოები, რომელშიც აქტიურად ერთვებოდა და მალევე სამენოვანი ტექსტების წერაზე გადავედით. საქმე ისე იყო, რომ როცა მე გაკვეთილს სხვა კლასში ვატარებდი, ბიჭი კლასიდან გამოდიოდა და სამსართულიანი სკოლის დერეფნებში დამეძებდა. თუ ღია კარში სადმე მომკრავდა თვალს, სხვების გაკვეთილზე შემოვიდოდა, ჩემი მაგიდის გვერდზე სკამს დგამდა, ჯდებოდა და ასე მისმენდა.
ერთი წლის შემდეგ სკოლამ სპეციალური მასწავლებლისთვის კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც სიამოვნებით ჩავები, თუმცა ამაოდ. სამინისტროს წარმომადგენელმა უპირატესობა სპეცპედაგოგიკის მაგისტრს მიანიჭა იმ მოტივით, რომ მას ჩემზე მეტი კვალიფიკაცია შეიძლებოდა ჰქონოდა. არადა, ასე სულაც არ იყო, მალევე, დირექციამაც და კოლეგებმაც დაინახეს, როგორ ვუზიარებდი ახალგაზრდა გოგონას ცოდნას, ვადგენინებდი დოკუმენტაციას და ჩემს დროსა და ენერგიას უშურველად ვუნაწილებდი.
მოკლედ, იმ წელს, ვერ გავხდი სპეციალური მასწავლებელი, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამ პროფესიის შეთავსების უფლებასაც იძლეოდა. სხვათა შორის, სამინისტრომ, გამოცდებისგან განსხვავებით, უსწრაფესად და იოლად მოახერხა ისეთი კანონმდებლობის შემუშავება, რომლითაც თავიანთი პროფესიითაც მომუშავე ბევრი სპეციალური მასწავლებელი არჩევანის წინაშე დააყენა – ან სპეცმასწავლებლობა აერჩიათ, ან საგნის სწავლება. შესაბამისად, უკვე ორივე დარგში საკმაო გამოცდილების მქონე ადამიანებმა მალევე დატოვეს ორიდან ერთ-ერთი. სკოლებშიც ბევრი ახალი, გამოუცდელი კადრი გაჩნდა, რომელთა ნაწილი დღესაც ელის 120-საათიანი ტრენინგის გავლას და საკუთარი კომპეტენციის ამაღლებას.
თუ დედაქალაქში ვერა, სპეციალურ მასწავლებლად მუშაობა, სამინისტროს ობიექტური წარმომადგენლის წყალობით, ქუთაისში, ჩემს მშობლიურ სკოლაში, მაინც შევძელი და უკვე მეექვსე წელია, ვკაფავ არასწორ ხედვებს, მცდარ დამოკიდებულებებს მოტივით, რომ „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი – მცირედ“! მე სპეციალური მასწავლებელი ვიქნები – ჩემ მსგავსად, ეს გადაწყვეტილება არაერთმა კომპეტენტურმა/სერტიფიცირებულმა საგნის მასწავლებელმა მიიღო, დათმო, რა ვიცი, რანაირად მოპოვებული საგნის საათები და წამოვიდა სპეციალურ პედაგოგიკაში. დღეს კი, ისინიც ჩემსავით თვლიან, რომ „ეკუთვნით არადისკრიმინაციულ პირობებში მუშაობა და ისევე იმსახურებენ ამაღლებულ სტატუსს, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სიხარულსა და პროფესიულ სქემაში ჩართვას, როგორც ამას მათი კოლეგები, თუმცა „სხვა განზომილებაში“ მომუშავე საგნის მასწავლებლები ახერხებენ, იმის მიუხედავად, სასერტიფიკაციო გამოცდაზე ერთი კრედიტი მოიპოვეს, ოთხი, შვიდი თუ ათი და იმის მიუხედავადაც, ეს ამბავი ერთი წლის მანძილზე მოახერხეს, ოთხის, შვიდის თუ ათის“ (ამონარიდი მინისტრისადმი PUBLIKA.GE-ზე გამოქვეყნებული ჩვენივე წერილიდან). ჩვენ კი, მიუხედავად მათდამი გაწეული დიდი შრომისა, მათთვის შექმნილი ბევრი რესურსისა, დაწერილი სტატიისა თუ ინკლუზიის დარგში, სამინისტროს მხარდაჭერითვე, გამოცემული წიგნების ავტორობისა, მაინც 400-ლარიან ხელფასზე ვმუშაობთ.
დიახ, ასეა:
✔ სპეციალური მასწავლებლები ხელაღებით ჩამოაშორეს თავიანთ სფეროებს, თუმცა არ აძლევენ საგნის მასწავლებლებთან გათანაბრების საშუალებას;
✔სამინისტრო და განათლების საპარლამენტო კომიტეტი, ამდენი წელია, სხვადასხვა ფორმით გვპირდება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებას, თუმცა — ამაოდ;
✔მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, სამინისტრო საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ვერ უზრუნველყოფს ადაპტირებული სახელმძღვანელოების შექმნას, რაც ართულებს სასწავლო პროცესში მათ სრულყოფილად ჩართვას და სპეცმასწავლებლებს ბევრ თავსატეხს უჩენს;
✔ სამინისტრომ ვერ შექმნა ბერკეტი, რითაც საგნის მასწავლებლებს ხელს შეუწყობს/მოსთხოვს საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან საგნობრივად მუშაობას და ამით სპეციალურ მასწავლებლებს ჩამოაშორებს „რეპეტიტორის“ აუნაზღაურებელ ფუნქციას;
✔ სამინისტრო ვერ აკონტროლებს, რაში იხარჯება სკოლებისთვის ინკლუზიის სახელით გადარიცხული ხარჯები, ეს კი ართულებს ბავშვებისთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობას და ინკლუზიური განათლება აქაც ფასადური რჩება. სამინისტრომ დღემდე ვერ უზრუნველყო, თუნდაც, მხოლოდ სასკოლო საზოგადოებაში ისეთი კამპანიის წამოწყება, რომელიც ამ დარგში მომუშავე ადამიანების ცნობიერებას აამაღლებდა. დღესაც ხომ ბევრი მასწავლებელი თუ დირექციის წარმომადგენელი გულში თუ ხმამაღლა კვლავ ოცნებობს სწავლების სეგრეგირებულ მოდელებზე, არ მიაჩნიათ რა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე მათ საზოგადოებაში თანაარსებობის ღირსად;
✔ ბევრს არც სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი თუ ბავშვის ასისტენტი მიაჩნია თანამედროვე სკოლის განუყოფელ ნაწილად;
✔ სწორედ ამ მიზეზთა გამოა, რომ სასკოლო საზოგადოებას გადააქვს სამინისტროს დარგისადმი დამოკიდებულების არსებული მოდელი. შესაბამისად, ჩვენს სკოლებში არც თუ იშვიათია უგულებელყოფა და დისკრიმინაცია, ჩაგვრა/ბულინგი, რომელიც მთელი სიმძაფრით იმალება, არადა, დომინოს თეორია კვლავ ძალაშია და არავის ინდობს (http://mastsavlebeli.ge/?p=24555);
✔ სამინისტრომ ჯერაც ვერ უზრუნველყო, რომ ყველა სკოლაში იყოს გამოყოფილი ფართები კომფორტული რესურსოთახებისთვის;
✔ სამინისტრომ აქამდე ვერ უზრუნველყო, რომ მიზერული ანაზღაურების მქონე სპეციალურ მასწავლებლებს არ სჭირდებოდეთ ბრძოლა ინდგეგმების ჯგუფების შესაკრებად, საგნობრივი გეგმების საწარმოებლად. შეთავაზებების მიუხედავად (http://mastsavlebeli.ge/?p=26951), ვერ ხერხდება ისეთი ბაზის შექმნა, რომელშიც ყველაფერს პროგრამა გააკონტროლებდა და სპეცმასწავლებლებს აღარ დაგვჭირდებოდა თუნდაც იმაზე ხვეწნა-მუდარა, რომ გვიჩანდეს სსსმ ბავშვის ყველა გაკვეთილი, რათა თავისუფლად დავგეგმოთ ჩვენი;
✔ სამინისტრომ ერთხელაც ვერ უზრუნველყო სპეციალური პედაგოგიკის დარგში კონფერენციის, ვორკშოფისა თუ სემინარების დაგეგმვა და ჩატარება;
✔ სამინისტრომ ერთხელაც ვერ მოახერხა, მშობელთათვის ფორუმები ჩაეტარებინა და ბავშვებისთვის სწავლის წახალისების სისტემა შეექმნა, რათა მეტი მხარდაჭერა გამოეხატა ისედაც ურთულეს ემოციურ თუ სოციალურ პირობებში მყოფი მშობლებისთვის;
✔ ეს იმ ფონზე ხდება, როცა ამ ყველაფერზე ფიქრი გვიწევს სპეცმასწავლებლებს;
✔ იმ ფონზე, როცა ჩვენს უცხოელ კოლეგებს, საგნის პედაგოგებთან შედარებით, ბევრად მაღალი ანაზღაურება აქვთ (სხვათა შორის, ამის შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს ვწერდი, თუმცა ამაოდ);
✔ იმ ფონზეც, როცა სპეციალურმა მასწავლებლებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი კოლეგები მომდევნო საფეხურზე წარმატებით გადასულიყვნენ. პირადად მე, არაერთი შეხვედრა-ტრენინგი ჩავატარე და ღამის საათებშიც კი მიხდებოდა სკოლაში ყოფნა, რათა თითოეულ მათგანს საბუთების მოწესრიგებასა თუ კვლევის წერაში დავხმარებოდი.
და არა მხოლოდ მე. ჩვენს დარგში არაერთი პედაგოგია, რომელიც ფიქრობს, რომ სამინისტრო უსამართლოდ მოექცა. აი, ისინიც:
ირინა ფიროსმანაშვილი: „2003 წელს დავამთავრე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, სპეციალობით „კორექციული პედაგოგიკა“. მას შემდეგ, უწყვეტი სტაჟით ვიმუშავე შშმ პირების მასწავლებლად არასამთავრობო ორგანიზაციებში. 2014 წლიდან კი ვმუშაობ საჯარო სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად. წარმატებით მაქვს გავლილი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 120-საათიანი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი და სხვა მრავალი ტრენინგი. ამასთანავე, ვარ 2019 წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებელი.
დაუღალავი შრომით, სირთულეების გადალახვით და სიახლეების ძებნით ვზრუნავ თითოეული მოსწავლის სწავლა-განვითარებაზე. უდიდესი სურვილი მაქვს, სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემამ მომცეს განვითარების საშუალება. გულდასაწყვეტია, რომ ჩემი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის გათანაბრებული სპეციალური განათლების მაგისტრთან. სასურველია, სპეციალური მასწავლებელი მოიაზრებოდეს მასწავლებლის ცნების ქვეშ და ჰქონდეს ანალოგიური პრივილეგიები როგორც კარიერული წინსვლის შესაძლებლობით, ასევე ანაზღაურების მხრივ“.
ანა ბერიძე: „ჩვენ, სპეციალურ მასწავლებლებს, როგორც ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ პირებს, საგნობრივ მასწავლებლებთან შედარებით, წლებია გვიწევს არათანაბარ პირობებში მუშაობა; ჩვენთვის, წლების განმავლობაში, არ არსებობდა კარიერული წინსვლის სქემა; დროულად არ ჩაგვრთო განათლების სამინისტრომ კარიერული წინსვლის სქემაში, რის გამოც დავზარალდით როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად; საგნის მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ კრედიტების საშუალებით აემაღლებინათ სტატუსი; დღემდე დიდი მოლოდინით ველოდით კარიერული წინსვლისთვის გამოცდის ჩატარებას, თუმცა ეს გამოცდები არ დაინიშნა, რადგან ამის მიზეზად სახელდება „ქვეყანაში არსებული პანდემია“…
და აქვე გკითხავთ, ბატონებო: ნუთუ პანდემია მაშინ არ ვრცელდება ჩვენზე, როდესაც, საგნის მასწავლებლებისგან განსხვავებით, კანონი მხოლოდ სპეცმასწავლებლებს გვავალდებულებს სკოლაში სიარულს?!“ (ამონარიდი მის მიერ შედგენილი პეტიციიდან).
ნატალი ორველაშვილი: „პროფესიით სურდო-პედაგოგი და ლოგოპედი ვარ, დამთავრებული მაქვს ასპირანტურაც, ძირითადი მოტივატორი ამ ბავშვების სიყვარული იყო. ყველას არ შეუძლია მათთან მუშაობა, მე კი, რადგან ეს საქმე კარგად გამომდიოდა და მიყვარდა ეს სფერო, არასდროს მიფიქრია პროფესიის შეცვლაზე.
სკოლაში, სადაც ვმუშაობ, არსებობენ ბავშვები, რომლებსაც დიდი სირთულეები აქვთ — არ იციან კითხვა, ვერ ანგარიშობენ, ვერ ასახელებენ კვირის დღეებს, თუმცა მათთან ინდივიდუალური გეგმით მუშაობას არავინ მიიჩნევს საჭიროდ, რადგან ეს ზედმეტ თავის ტკივილად მიაჩნიათ. ზედმეტ თავის ტკივილად მიაჩნია 10-იდან 9 მასწავლებელს, ბოლოს ის მეათეც სხვებს ბაძავს და სსსმ მოსწავლეები ისევ მხოლოდ ჩვენს ანაბარა რჩებიან.
თუ მიზანი ინკლუზიური განათლების დანერგვა-განხორციელება-განვითარებაა, ნებისმიერი მიზნისკენ მიმავალი გზები და საშუალებებიც უპირობოდ ადეკვატური უნდა იყოს; თუ ამაზეც ვთანხმდებით, მაშინ სსსმ მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნვაც ისევე, როგორც ნებისმიერ სფეროში, პროფესიონალებს უნდა მივანდოთ, რათა შეგვეძლოს მათი არსებული რესურსის მაქსიმალური გამოყენება დარგის განვითარებისათვის! ჩვენს სფეროში კი ყველაფერი პირიქით ხდება! ანუ ის, რაც დღეს ხდება, პროფესიონალების და ამ დარგში შემოსული, უკვე გამოცდილებამიღებული და განვითარებული კადრის მიმართ, ეს მიზანმიმართული ხელის შეშლა და დისკრედიტაციაა“.
ჟანა ნოდია: „ეჰ,სიძნელეები იმდენი იყო… მე მსოფლიო ისტორიის მაგისტრი და სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ. 2017-2018 წლებში გავიარე მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა (60-კრედიტიანი), ასევე გავლილი მაქვს სპეციალური მასწავლებლის 120-საათიანი ტრენინგი, წარმატებით. ვარ პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილე მასწავლებელი. პროგრამის ფარგლებში, მარნეულის მესამე საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებლად ვიმუშავე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გავდიოდით ათდღიან ტრენინგებს, იქ მოხდა ჩემი პირველი ნათლობა ინკლუზიური განათლების მიმართულებით. პროგრამის დასრულების შემდეგ, მყარად მქონდა გადაწყვეტილი, მემუშავა ამ მიმართულებით. იმავე წელს, გამჭვირვალე კონკურსის წყალობით, აფხაზეთის მეხუთე საჯარო სკოლაში სპეცპედაგოგად დავიწყე მუშაობა. დამენიშნა ხელფასი 210 ლარი. მუშაობა იმ იმედით დავიწყე, რომ წინ უამრავი წარმატება მელოდა და განვითარების საშუალება მექნებოდა. წარმოიდგინეთ, 210 ლარი, თან ნაქირავები ბინა, ფინანსური სიდუხჭირე. ამ წლების აღწერა სიტყვებით შეუძლებელია. თუმცა, ჯიუტად არ დავტოვე ჩემი ბავშვები და სამსახური. სკოლის შენობის ერთ კუთხეში გადატიხრულ დერეფანში შევუდექი მუშაობას. სკოლაშიც სიცივე, სახლშიც სიცივე. ამასობაში ჯანმრთელობაც შემელახა. რეგიონულ ტურში მონაწილეობის მისაღებად, ნასესხები თანხით და გახეული ფეხსაცმლით ჩავედი თბილისში. შემთხვევით გავიგე ინფორმაცია პრეტესტის შესახებ და ბოლო წამს მივედი, ყოველგვარი რეგისტრაციის გავლის გარეშე და ვითხოვე ნებართვა. აქოშინებულ-ანერვიულებულმა ავიღე 37 ქულა. არაერთხელ დავწერე ჯგუფში, რომ გამოცდა აუცილებლად უნდა გაევლო თითოეულ ჩვენგანს, კოვიდის ფონზეც კი, ონლაინ მაინც. მაგრამ ისევ უარი, თან დაგვიანებული!
და ახლა ვეკითხები სამინისტროს: რატომ? რა დავაშავეთ?! მერამდენედ გადადებული გამოცდა და მიზერული ხელფასი, რომელიც პედაგოგს შიმშილის ზღვარზე ამყოფებს. ეს სირცხვილია, ვითხოვ ხელფასის მომატებას და უფროსი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსს.“
იაკო უნდილაშვილი: „უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, საკმარისად უნდა ჩაითვალოს 120-საათიანი სპეციალური მასწავლებლის ტრენინგი, ვინაიდან იყო ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი. ასევე, ტრენინგში შემავალი ყველა მოდულის ბოლოს, ვაბარებდით გამოცდას. ვითხოვთ, ამ ტრენინგთან ერთად, განხორციელდეს გარე დაკვირვების ფორმატით დასწრება და, შედეგად, მოგვემატოს სტატუსიცა და, შესაბამისად, ხელფასიც.“
♦♦♦
ბატონო მინისტრო, ჩვენს დარგში მთქმელი და სათქმელი კიდევ ბევრია, მთავარი კი ისაა, ქვეყნის შიგნით გულიანი მსმენელი გვყავდეს და ქვეყნის სასიკეთოდ შეცვალოს დარგი.
ახალი კვირა დაიწყო და ჩვენც თქვენგან ძირეულ ცვლილებებს ველით. თუ არა, სულ ცოტა ხანში, ამ დარგში დარჩენას ან მოსვლას, არ ვიცი, ვინ მოისურვებს და ქვეყანაში არსებული ინკლუზიის ის ძვირადღირებული ფასადიც ჩამოიშლება, რომლითაც დღეს ასე იწონებს თავს სახელმწიფო, მის მიღმა მდგარი დასაფასებელი საზოგადოება კი, ჯერ კიდევ, ღია ცას შეჰყურებს უკეთესობის დიდი იმედებით.
მარიამ გოდუაძე, სპეციალური მასწავლებელი, მკვლევარი, ავტორი, ყრუ-უსინათლო პირთა თარჯიმან-მეგზური და ტრენერ-ინსტრუქტორი