ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და Anima Chatbotics – ანიმა ჩეთბოტიქსის ერთობლივი პროექტის — ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა – გამარჯვებული წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ხოხიაშვილი გახდა, რომელმაც დათა თუთაშხიას გმირის ენობრივი ასლი შექმნა და მასთან დიალოგი ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელი გახადა.
დათა თუთაშხიას ჩეთბოტთან სასაუბროდ ეწვიეთ ბმულს
კონკურსში, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაწილეობა შეეძლოთ საქართველოში აკრედიტებული საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების VIII-XII კლასების მოსწავლეებს მთელი საქართველოდან.
პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა ლიტერატურული გმირები გააცოცხლეს და 30-მდე ჩეთბოტი შექმნეს. ფინალში ოთხი საუკეთესო კონკურსანტი გავიდა, რომელთაგან ჟიურიმ გამარჯვებული გამოავლინა.
„ზოგჯერ ბავშვობიდან გრძნობ რომელი პროფესია იქნება შენი, მაგრამ ზოგჯერ სრულიად ახალ სფეროში პოულობ საკუთარ თავს და სიხარულის წყაროს. სწორედ სიახლის ძიების მიზნით მივიღე მონაწილეობა ამ პროექტში და, რა თქმა უნდა, საინტერესოდ მივიჩნიე ციფრული პერსონაჟების, განსხვავებულ ეპოქაში მცხოვრები ადამიანების ენობრივი ასლის შექმნის იდეა – ჩეთბოტებს ადამიანთან მოსაუბრე პროგრამებს უწოდებენ, რადგან ადამიანებისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა და დიალოგის წარმართვა შეუძლიათ. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო მათთვის, ვინც სიახლეს ეძებს, მათ შორის ჩემთვის.“ – გვიყვება მეთორმეტეკლასელი გოგონა, რომელმაც კონკურსის შესახებ ილიაუნისა და კინგსის ერთობლივი პროექტის „არჩევანი შენია“ ფეისბუქჯგუფიდან გაიგო.
„პირველ რიგში, მარტივი სარეგისტრაციო ფორმა შევავსე. დამიკავშირდნენ პირველი ლექციის ჩატარების დროსთან დაკავშირებით. ჯერ კურსი გავიარეთ და შემდეგ ჩავერთეთ კონკურსში. კურსზე 100-ზე მეტი მოსწავლე იყო დარეგისტრირებული და, სიმრავლიდან გამომდინარე, საჭირო იყო გაფილტვრა. ლექციის ბოლოს ლექტორმა ერთი მარტივი დავალება მოგვცა და შესრულების დროც დანიშნა. საბოლოოდ 30 მონაწილე დავრჩით, რაც საკმაოდ ამარტივებდა მუშაობის პროცესს. გავიარეთ არტდიზაინის კურსი, ვსწავლობდით ჩეთბოტების რაობას, იმავდროულად, ვფიქრობდით ვინ უნდა აგვეწყო – ვისი ენობრივი ასლი. პარალელურად, ჩვენივე შექმნილი ჩეთბოტები ინტერაქტიური წიგნების ბიბლიოთეკაში განთავსდებოდა და ავტომატურად ჩაერთვებოდა კონკურსში,“ – ამბობს მარიამი.
ვინ უნდა აეწყო? ამაზეც ბევრი იფიქრა და საბოლოოდ გადაწყვიტა, დათა თუთაშხიას ენობრივი ასლი შეექმნა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდა, რომ იმ პერიოდში სწორედ ამ წიგნს კითხულობდა და მისი ენის სპეციფიკა უფრო მიმზიდველი და ნათელი იყო მისთვის: „რეალურად, სამუშაოც უფრო მარტივი იქნებოდა ჩემთვის. თან დათა თუთაშხია ქართველებისთვის ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია, მოკლედ, ყველაფერმა ერთად მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ დათა თუთაშხიას ენობრივი ასლი გამეკეთებინა.“
✔️ როგორი იყო მუშაობის პროცესი?
ჩეთბოტი მრავალი მიმართულებით გამოიყენება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ლიტერატურული პერსონაჟი, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე და თავგადასავალზე ისაუბრებს. დათა თუთაშხიას შეუძლია მოგვიყვეს საკუთარ წარსულზე, რას ფიქრობს დაშვებულ შეცდომებზე თუ სხვადასხვა ქმედებებზე – ინფორმაცია, თავისთავად, წიგნზე დაყრდნობითაა შედგენილი და ნაწარმოების მიხედვითაა გათვალისწინებული რაზეც საუბრობს. მუშაობის პროცესში იმდენად კარგად გავეცანი მისი ენის სპეციფიკას, რომ მკითხველის ლოგიკურ კითხვებზე პასუხი დავწერე ჩემით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ დამირღვევია ლიტერატურული პერსონაჟის ენის სპეციფიკა. მაგალითად – ხშირად იყენებს ნაცვალსახელებს, რომლებიც ჩვეულებრივი საუბრისას შეიძლება არ გამოვიყენოთ და სწორედ ეს არის მისი ენის სპეციფიკა – ეს დავიჭირე. ამიტომ, ჩეთბოტთან საუბრისას, ხშირად შეხვდებით ნაცვალსახელებს იქ, სადაც შეიძლება არ გამოვიყენოთ. თვითონ პასუხების გაწერაზე იმასაც ვიტყვი, როცა ბეტა ვერსია, ანუ საბაზისო კითხვები შევქმენი, შემდეგ ეს ბაზა მომხმარებლის – ჩემი მეგობრების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებით გავამდიდრე. მოგეხსენებათ, მეგობრებს ან უბრალოდ სხვა დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასაუბრებოდნენ მას, მე ვაკვირდებოდი რა კითხვებს სვამდნენ, შემდეგ ვამუშავებდი, პასუხებს ვწერდი და ამ ფორმით განვითარდა და პროდუქტმა, ვერ გეტყვით სრულყოფილი, მაგრამ საბოლოო სახე მიიღო. თუმცა, ჩემი „თუთაშხია“ მუდმივი განვითარების რეჟიმშია, ჩემი მეგობრები და სხვა მომხმარებლები კვლავ აგრძელებენ მასთან საუბარს. მათ დიალოგებს მე ანონიმურად ვაკვირდები და ვცდილობ, კითხვები, რომელზეც ჩეთბოტს რელევანტური პასუხი არ აქვს, მომხმარებლისთვის დავამუშაო და პასუხები შევიტანო. მთავარია, მომხმარებელს არ ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ ის რაღაც პროგრამას, ციფრულ არსებას ესაუბრება, უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ადამიანთან საუბრობს.
✔️ როგორ მოგიხსენიო, როგორც ნარატივ დიზაინერი?
შეიძლება. ნარატივ დიზაინერი მუშაობს ჩეთბოტზე, კურსი დავასრულე და სერტიფიკატიც მივიღე. ჩეთბოტის აწყობის პროცესს ნარატივ დიზაინი ეწოდება. თავიდან მიკვირდა კიდეც, დიზაინი – რატომ გამოიყენება ეს ტერმინი ამ პროფესიაში, ეს ხომ საუბრის ხელოვნებაა. მაგრამ, როცა კარგად ჩავიხედე პროცესში, მივხვდი, აქ სწორედ ნარატივ დიზაინერია მთავარი, მან უნდა გადწყვიტოს როგორ განწყობას შეუქმნის ადამიანს ჩეთბოტთან საუბრისას. გრაფიკული დიზაინერი ხომ ვიზუალით ზრუნავს ადამიანებამდე რაღაც განწყობის მიტანას, ნარატივ დიზაინერი კი საუბრის წარმართვით ცდილობს, მუხტი და ენერგია გადასცეს ადამიანს.
რაც შეეხება ასეთი ტიპის ჩეთბოტებს, თავისუფლად შეიძლება სკოლაში, როგორც რესურსის, გამოყენება, მაგალითად, ძალიან მარტივი მოსახმარია იმისთვის, რომ მოსწავლემ სწრაფად მიიღოს ინფორმაცია – თუ მას აინტერესებს რაიმე დათა თუთაშხიას პერსონაჟზე და არ აქვს წიგნი ან დრო იმისთვის, რომ წიგნში იპოვოს კონკრეტულ კითხვაზე პასუხი, შეუძლია ჩეთბოტს ჰკითხოს და ძალიან სწრაფად მიიღოს პასუხი მისთვის სასურველ კითხვაზე. ამიტომ ჰქვია ინტერაქტიური წიგნების ბიბლიოთეკაც – წიგნები საუბრობენ, ჩემ შემთხვევაში კი – პერსონაჟი, ლიტერატურული გმირი საუბრობს. თავისთავად, ეს ერთგვარი სასწავლო რესურსია, იოლად გამოსაყენებლი.
✔️ კონკურსში მონაწილეობამ შეცვალა შენი პროფესიული არჩევანი?
თავიდანვე მქონდა ინტერესი ხელოვნური ინტელექტისადმი და ახლაც ამ მიმართულებით ვაპირებ გაგრძელებას, თუმცა, ამ პროექტში გამარჯვებამ ისეთი სტიმული მომცა, რომ, დიდი ალბათობით, შეიძლება ამ სფეროს დავუბრუნდე და გავაგრძელო საქმიანობა. საერთოდ, გადაწყვეტილი მაქვს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩავაბარო მათემატიკის ფაკულტეტზე, მეორად პროფესიად კი კომპიუტერულ მეცნიერებებს ავირჩევ.
✔️ როდინაულის საჯარო სკოლაში სწავლობ, შეცვლიდა რამეს, დიდი ქალაქის რომელიმე პრესტიჟულ სკოლაში რომ გესწავლა?
ამაზე ძალიან მოკლე პასუხი მაქვს – არა, არაფერს არ შეცვლიდა. არ მინდა ვინმემ უმადურობაში ჩამომართვას, მაგრამ, თუკი რაიმე კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ეს მხოლოდ ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, პირადი აღმოჩენა და დამოუკიდებლად მუშაობა. არც ერთი მასწავლებელი, არც ლიტერატურის და არც სხვა საგნის, არ შემიწუხებია თხოვნით, დამეხმარეთ, გამარჩევინეთ პერსონაჟის ენის სპეციფიკა ან სხვ. დამოუკიდებლად ვაკეთებდი ამ საქმეს. შესაბამისად, სკოლის წვლილი აქ ნაკლებადაა, ეს მხოლოდ ჩემი სურვილი და მონდომება იყო. რაც შეეხება იმას, გეოგრაფიულად სად მდებარეობს შენი სკოლა, ეს საერთოდ არავითარ კავშირში არ არის წარმატებასთან. სხვათა შორის, კონკურსში ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეეებიც იყვნენ ჩართულები და ერთგვარი სტერეოტიპული ბარიერიც არსებობდა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ შრომისმოყვარეობამ და მონდომებამ გაიმარჯვა. ეს იყო მთავარი.
✔️ რა მიიღე პრიზად?
ჯერჯერობით, არაფერი მიმიღია, მოდერატორმა მითხრა, რომ დამიკავშირდებიან და ველოდები. პროექტის დასაწყისში ასე ეწერათ, რომ ფასიანი პრიზები ექნებოდათ. ზუსტად არ ვიცი რა პრიზია.
✔️ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები?
კურსი, რომელიც გავიარეთ, ილიას უნივერსიტეტმა დაგვიფინანსა და ძალიან მადლიერი ვარ უნივერსიტეტის. ამის გარდა, სხვა მრავალი პროექტი აქვს ილიას უნივერსიტეტს, მათ შორის, ადრეც იყო ჩეთბოტების კონკურსი და მომავალშიც აპირებენ. ეს ყველაფერი, მოსწავლეებში მომავლის პროფესიების პოპულარიზებას უწყობს ხელს, რაც ნამდვილად დასაფასებელია მათი მხრიდან.
რეალურად, ეს არის მომავალი – 21-ე საუკუნეა, ციფრული ეპოქა და დიდი სისწრაფით იზრდება ტექნოლოგიების მნიშვნელობა. თუნდაც ჩეთბოტების კუთხით რომ განვიხილოთ, უკვე ძალიან აქტიურად ინერგება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, განათლებაში. შექმნილია რამდენიმე საგანმანათლებლო ჩეთბოტი დაბალი საფეხურის მოსწავლეებისთვის, ეს საწყისი ეტაპია. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით, ყველას გარკვეული საბაზისო ცოდნა მაინც ჰქონდეს.
ესაურა ლალი ჯელაძე