ჩეხური ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში, უკვე რამდენიმე თვეა ტარდება ვორკშოპი თემაზე: „მედიაწიგნიერება – ციფრული უნარები სასკოლო განათლებაში“. ვორკშოპი განკუთვნილია საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებისთვის.
ვორკშოპის ჩატარების და შეხვედრის მიზანია მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერების და ციფრული მოქალაქეობის თემაზე ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ გამოცდილების გაზიარება, OWIS-ის (One World in Schools – „ერთი მსოფლიო სკოლებში“) მეთოდოლოგიის გაცნობა, ასევე, მასწავლებლებისთვის დამხარე სახელმძღვანელოებისა და დოკუმენტური ფილმების ვებმისამართების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრის მონაწილეებისთვის იმართება ნიკოლას ვეულის დოკუმენტური ფილმის „გამომიწერე“ ჩვენება, რომელიც ინფლუენსერებსა და ინსტაგრამის პლატფორმაზე ყალბი გამომწერების შესახებ გვიამბობს. რეჟისორი ნიკოლას ვეული ფილმში იკვლევს ინსტაგრამის სამყაროს მომხმარებელთა დაბუსტულ (დიდი ოდენობით რეკლამის გაშვება ინტერნეტ სივრცეში) ანგარიშებს, ფასიან კომენტარებს და ა.შ. განიხილავს ინსტაგრამის მარკეტინგის სტრატეგიას და მისი მთავარი ინსტრუმენტის – ინფლუენსერების (გავლენიანი ადამიანების) შექმნის მოდელს, რომელიც ციფრული ეკონომიკის ნაკლებად გამჭვირვალე მხარეს წარმოაჩენს. ფილმის ჩვენების დასრულებისთანავე, დამსწრე აუდიტორიას საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს ფილმის განხილვაში, კოლეგებთან ერთად გამართოს დისკუსია, გამოხატოს ფილმიდან მიღებული შთაბეჭდილებები, იმსჯელოს იმ პრობლემებზე, რომლებიც ონლაინ სივრცეში უსაფრთხოების დაცვას უკავშირდება და რომლის წინაშეც შეიძლება ნებისმიერი ადამიანი, მით უმეტეს მოზარდი აღმოჩნდეს.
პროექტი „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, რადიო მარნეულთან პარტნიორობით, ხორციელდება და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიააქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას; ახალგაზრდების, პედაგოგებისა და განათლების სისტემაში მომუშავე სხვა აქტორების ცნობიერების ამაღლებას მედიაწიგნიერების მიმართულებით. პროექტის არეალი ფარავს ქვემო-ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს. ადგილობრივი სამიზნე ჯგუფი მოიცავს ახალგაზრდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საჯარო და კერძო სკოლებში მომუშავე პედაგოგებს და დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს.
ამჯერად, პედაგოგებთან მორიგი შეხვედრა-ვორქშოპი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და პედაგოგებთან გაიმართა.
თეონა ფურცხვანიძე, პროექტის მენეჯერი: „თანამედროვე განათლებაში მედიაწიგნიერებასა და ციფრულ მოქალაქეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, სადაც ყოველდღიურად ვითარდება ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, გვაქვს მუდმივი კავშირი და წვდომა სოციალურ მედიასთან, ინტერნეტ სივრცესთან. აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ცაგერის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში შევხვედროდით საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე, პედაგოგებს და გაგვეზიარებინა მათთვის ჩვენი გამოცდილება მედიაწიგნიერების მიმართულებით. ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ ადამიანის უფლებებისა და მედიაწიგნიერების თემაზე ფლობს უნიკალურ მასალებს, ჩვენ ვიყენებთ OWIS-ის (One World in Schools) მეთოდოლოგიას, რაც გულისხმობს სწავლებას დოკუმენტური ფილმებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების მეშვეობით. სწორედ, აღნიშნული ონლაინ რესურსების www.literacydoc.ge და მასალების გაცნობა/გაზიარება მოხდა ჩვენს ვორკშოპზე, რისი გამოყენებაც პედაგოგებს სასწავლო პროცესში შეუძლიათ“
მაია დვალაძე სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელია. ამბობს, რომ მედიაწიგნიერება საკმაოდ დიდი გამოწვევაა თანამედროვე საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია იმ ძირითადი წესებისა და ეთიკის ნორმების დაცვა, რაც ონლაინ სივრცეში უსაფრთხო არსებობისთვისაა საჭირო.
„ონლაინ სივრცე დღითი დღე იზრდება ჩვენს ცხოვრებაში, უფრო მჭიდროდ უკავშირდება საგანმანათლებლო პროცესს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების დაცვა. მედიაწიგნიერება მედიაშეტყობინებების კრიტიკულ ანალიზსა და სხვადასხვა პლატფორმაზე ნავიგაციის უნარს გულისხმობს.
მედია არ არის მხოლოდ გართობის წყარო. მედიაწიგნიერება ეხმარება მოსწავლეებს თანამედროვე სოციუმთან პოზიტიურ ინტერაქციაში, შესაბამისად, ჩვენ – პედაგოგებს მედიაწიგნიერება გვეხმარება, მოსწავლეებს ჩამოვუყალიბოთ კრიტიკული აზროვნება. შემთხვევითი არაა, რომ მედიაწიგნიერება გაეროს მდგრადი განვითარების 17 გლობალურ მიზანს შორისაა. სწორედ მედიაწიგნიერება გვასწავლის, ამოვიცნოთ ცრუ ინფორმაცია და გავფილტროთ სანდო წყაროები. შესაბამისად, ფრიად მნიშვნელოვანია ჩვენი, როგორც პედაგოგების მაქსიმალურად ინფორმირებულობა, რათა აღვიჭურვოთ სწორი ინფორმაციით და სათანადოდ დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს. გამომდინარე აქედან, ვორქშოპი, რომელიც ამბროლაურში ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ“ გამართა, უმნიშვნელოვანესი, ფრიად საჭირო, სასარგებლო, ინტერაქციული და ინფორმაციული იყო. დისკუსიაში გამოიკვეთა დამსწრეთა დამოკიდებულებები და გამოცდილებები სოციალური სივრცეების, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების მოხმარების კუთხით. გავეცანით ვებგვერდებს, რომელთა დახმარებითაც შევძლებთ ვამხილოთ დეზინფორმაცია, გარდა ამისა, გადმოგვეცა ვიდეორესურსების ბაზა, რასაც სამომავლოდ მიზნობრივად გამოვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში. პირად თუ სხვადასხვა მაგალითებზე მსჯელობამ ცხადყო, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია და სავალდებულოცაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საჯარო დისკუსიები, რათა უკეთ დავიცვათ თავი სიცრუისა და მანიპულაციებისაგან. მედიაწიგნიერება პრევენციაა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და ვთვლი, რომ მისი ფორმალური განათლების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირებით ხელს შევუწყობთ პასუხისმგებლიანი მედიამომხმარებლების აღზრდას,“ – აცხადებს მაია დვალაძე.
ნინო მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი: „მედიაწიგნიერების საკითხი, მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო წლებში, დღითი დღე აქტუალური ხდება. მედიაწიგნიერება ის უნარია, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში სწორად ორიენტირებაში გვეხმარება. ადამიანში ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. ახალგაზრდებს ასწავლის დასვან კითხვები, შეაფასონ, გამოიკვლიონ და გადააფასონ მათი მულტიმედიური კულტურა. მედიაწიგნიერება მოზარდებს რეალური სამყაროს საკითხებზე აფიქრებს, ეხმარება საკუთარი თავის აქტიურ მოქალაქეებად აღქმაში, იმის გაცნობიერებაში, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია მედიას კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. მოსწავლეების უმეტესობა ინტერნეტს ინფორმაციის მოპოვების მიზნით იყენებს. მედიაწიგნიერება კი საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მათ კრიტიკული აზროვნების უნარებისა და სტრატეგიების გამომუშავებაში ეხმარება.
მსგავსი ტიპის ვორკშოპები ახალგაზრდების ინფორმირებას უწყობს ხელს და ასწავლის დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან, ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და საშუალებებს, გვასწავლის ნამდვილის მოგონილისაგან განსხვავებას. მომავალ თაობას უნდა ჰქონდეს უნარი, დამოუკიდებლად იფიქრონ და არ მოექცნენ მხოლოდ იმ ჩარჩოში, რასაც ხედავენ და ესმით. რეალობიდან გამომდინარე, თანამედროვე თაობას აქტიური შეხება აქვს ტექნოლოგიებთან. ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ახალ ინფორმაციას. უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება, რისი აღქმა და რეალობისგან გარჩევა არათუ მოზარდებს, არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც უჭირთ. დღეისათვის, ყველა სასწავლო საგანს გასდევს მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების გამომუშავება. მედიაწიგნიერების საგაკვეთილო პროცესში დანერგვას თითოეული საგნის მიმართ განსხვავებული მიდგომა შემოაქვს. ჩეხური ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ მიერ ორგანიზებულ ვორკშოპზე მიღებულ ცოდნას აუცილებლად გავავრცელებთ სკოლებში და თითოეულ მოსწავლემდე მივიტანთ. მსგავს პროექტებში პედაგოგების აქტიური ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანია, პრევენციის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები და მსგავს აქტუალურ თემებზე მსჯელობა სასკოლო საზოგადოებისთვის ყოველთვის სარგებლის მომტანი იქნება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებში კრიტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარებას.“
საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ კვლავაც გრძელდება და სექტემბრის თვეში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებით – დოკუმენტური ფილმების ფესტივალით დასრულდება.