24 ნოემბერი, კვირა, 2024

მაქსიმალური შეფასება (60 ქულა) 65-მა აბიტურიენტმა დაიმსახურა – ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფი აბიტურიენტების პირველად შედეგებს აფასებს

spot_img

⇒ უკვე გამოქვეყნდა აბიტურიენტების შედეგები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში. რა ტენდენციები გამოიკვეთა წლევანდელ ნაშრომებზე დაკვირვებით? ყველაზე მეტად რისი შესრულება გაუმარტივდათ ან პირიქით, გაუჭირდათ აბიტურიენტებს

წლევანდელი ნაშრომების გასწორების შედეგად გამოჩნდა, რომ ახალგაზრდები სულ უფრო თავისუფლად გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებს სხვადასხვა აქტუალურ პრობლემასთან დაკავშირებით. მათ აღელვებთ ეს პრობლემები, ჩანს, რომ უფიქრიათ მათზე და სათანადოდ ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებებს. სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში გვხვდება დაზეპირებული, ზოგადი ხასიათის ან ტრაფარეტული ფრაზები. ბუნებრივია, ამგვარი ნაშრომები უფრო დაბალ შეფასებას იმსახურებს. გამოჩნდა ასევე, რომ აბიტურიენტთა გარკვეულ ნაწილს წაკითხული არა აქვს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები. შესაბამისად, მათთვის უცნობია ის ლექსიკა, რომელიც ჩვენი კლასიკოსების თხზულებებში გვხვდება და ეს ხელს უშლის მათ ნაწარმოების ან ცალკეული ეპიზოდის შინაარსის გაგებაში, ტექსტის სწორად გააზრებაში.

პირველადი შედეგების სტატისტიკური კვლევის თანახმად, ტესტების საშუალო ქულა გასულ წლებთან შედარებით უფრო მაღალია და მაქსიმალური შეფასება (60 ქულა) 65-მა აბიტურიენტმა დაიმსახურა, რაც ძალიან კარგი შედეგია. არაერთ ნაშრომში იყო გამოთქმული საინტერესო და საგულისხმო მოსაზრებები და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს მოსაზრებები დამაჯერებლად იყო დასაბუთებული.

⇒ წელს ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატი შარშანდელისგან განსხვავებული იყო. რა მოგცათ ამ ცვლილებამ? 

უნდა აღინიშნოს, რომ ტესტის ფორმატი დროდადრო იცვლება, რათა დავალებები არ დაიშტამპოს, საინტერესო იყოს და აბიტურიენტებს ცოდნისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამჯერად ორი წერითი დავალების ნაცვლად (არგუმენტირებული ესე და მხატვრული ტექსტის ანალიზი) აბიტურიენტებს შესასრულებელი ჰქონდათ ერთი წერითი დავალება. მათ უნდა ემსჯელათ რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ: როგორ არის წარმოჩენილი იგი ტესტში მოცემულ  მხატვრულ ტექსტში და რამდენად აქტუალურია ეს საკითხი დღეს.

წერითი დავალების ამგვარმა ფორმატმა აბიტურიენტებს გაუიოლა საგამოცდო პროცესი და ორი სხვადასხვა წერითი დავალების შესრულების ნაცვლად მათ ერთზე მოუწიათ კონცენტრირება. სასიხარულოა, რომ აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას.

⇒ შეცვლილია თუ არა შარშანდელთან შედარებით აბიტურიენტების ცოდნის დონე? 

წლევანდელი აბიტურიენტების ცოდნის დონე წინა წლებთან შედარებით, როგორც სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, ცოტათი უფრო მაღალია. ბევრია ისეთი ნამუშევარი, რომლებშიც მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით წარმოდგენილია საინტერესო და საფუძვლიანი ანალიზი. საბედნიეროდ, არაერთ ნამუშევარში ჩანს აბიტურიენტების განათლება და ერუდიცია.

⇒ ყოველ წელს აბიტურიენტები ერთმანეთს ადარებენ სხვადასხვა სესიაზე გამოყენებულ ტესტებს და როგორც წესი, აინტერესებთ, რომელი ჩაითვლება რთულ ვარიანტად.  აბიტურიენტების გარკვეული ნაწილისთვის წელს ყველაზე რთულად ტესტის მეორე ვარიანტი მიიჩნევა. შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული აზრი? აგრეთვე, ყველას აინტერესებს, გამარტივდა თუ გართულდა შარშანდელთან შედარებით ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი

როცა გამოცდაზე ტესტის რამდენიმე ვარიანტია, ხდება მიღებული ქულების გათანაბრება და სკალირება. ამ მექანიზმის გამოყენება აუცილებელია ვარიანტებს შორის არსებული განსხვავებების საკომპენსაციოდ, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ტესტის სხვადასხვა ვარიანტის დავალებათა სირთულე აბსოლუტურად თანაბარი იყოს. ტესტის რომელი  ვარიანტი იყო წელს შედარებით რთული, ამას საბოლოო შედეგების სტატისტიკური ანალიზი გვიჩვენებს.

იმასთან დაკავშირებით, გამარტივდა თუ გართულდა შარშანდელთან შედარებით ტესტი, უნდა მოგახსენოთ, რომ დავალებები არ გამარტივებულა, მაგრამ საგამოცდო  პროცესი გააიოლა იმან, რომ ორი წერითი დავალების ნაცვლად აბიტურიენტებს ერთი ჰქონდათ შესასრულებელი. ორის ნაცვლად ერთი თემის შეთავაზება, შედეგების წინასწარი ანალიზის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამართლებული ჩანს.

⇒ წელს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები (მათ შორის, პოლიტიკურიც) მოჰყვა ტესტის ერთერთ დავალებას, რომლის მიხედვითაც უნდა დაეწერათ აბიტურიენტებს, აქვს თუ არა ბრძოლას აზრი, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირულირას იტყვით ამ საკითხზე და აგრეთვე, რამდენად კმაყოფილი ხართ აბიტურიენტების მიერ დაწერილი თემებით? – რამდენად იკვეთება თავისუფალი აზროვნება

ერთ-ერთი ტესტის დავალების მიხედვით, აბიტურიენტს უნდა განეხილა ნ. ლორთქიფანიძის მოთხრობის ნაწყვეტი და ემსჯელა საკითხზე – აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, როდესაც იგი იმთავითვე მარცხისთვისაა განწირული. აზრთა სხვადასხვაობა, ვფიქრობთ, გამოწვეული იყო იმით, რომ შენიშვნების ავტორები არც საგამოცდო ტესტის ახალ ფორმატს და არც დავალების პირობას არ იცნობდნენ და ნაჩქარევი დასკვნები გამოიტანეს.

აბიტურიენტებმა ძალიან საინტერესოდ იმსჯელეს ამ დავალებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით. როგორც მოსალოდნელი იყო, აბიტურიენტთა უმეტესობა პერსონაჟის პათოსს იზიარებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ნაშრომებში ეს მოსაზრება მხოლოდ ემოციურ ჭრილში კი არ იყო წარმოდგენილი, არამედ  – საფუძვლიანი მსჯელობით იყო დასაბუთებული.

⇒ ქართული ენისა და ლიტერატურის ერთერთ დავალებაში სიტყვის შეცოდება მნიშვნელობა აბიტურიენტების ნაწილმა გაიგო როგორც შეცდომა, შესაბამისად, მსჯელობაც ამ მიმართულებით განავითარეს. ხომ არ დააკლდათ მათ ამის გამო ქულა? 

ერთ-ერთი დავალების მიხედვით, აბიტურიენტს უნდა განეხილა ალ. ყაზბეგის მოთხრობა „ხევისბერი გოჩას“ ფინალი და ემსჯელა: უნდა ეპატიოს თუ არა ადამიანს შეცოდება მისი ყმაწვილკაცობის გამო. სიტყვა შეცოდება ზოგმა წაიკითხა როგორც შეცდომა. დასანანია, მაგრამ  სიჩქარისა თუ ღელვის გამო ასეთი რამ აბიტურიენტებს სხვა დროსაც მოსვლიათ. საბედნიეროდ, სიტყვები შეცოდება და შეცდომა მნიშვნელობით ერთმანეთისაგან დიდად დაშორებული არ არის (შეცოდება არის ცოდვა, დანაშაული, მძიმე შეცდომა); თუ აბიტურიენტმა შეცდომის პატიებაზე გააკეთა აქცენტი, მხოლოდ ამის გამო ქულა არ დააკლდებოდა, მთავარია, როგორ დაასაბუთა მან თავისი თვალსაზრისი.

⇒  რა შემთხვევაში ფასდება 0 ქულით გამოსაცდელის ნაშრომი

ნაშრომი ნულით ფასდება, როდესაც დავალების პირობა ადეკვატურად არა არის გაგებული, მთლიანად ტექსტის პერიფრაზია ან  მსჯელობა სულ ოთხი-ხუთი წინადადებაა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები