წელს, პედაგოგებისთვის, პროფესიული დღესასწაული ერთი დღით ადრე დაიწყო „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამორჩეული დაჯილდოების ცერემონიალით. ტრადიციად ქცეული საზეიმო ღონისძიება, 5 ოქტომბრის ნაცვლად, 4 ოქტომბერს ჩატარდა. 2017 წლის 13 მაისს დაწყებული ინიციატივა, საქართველოში, უკვე მერვედ განხორციელდა და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილად იქცა. ამ ხნის განმავლობაში, კონკურსმა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში საკმაოდ საინტერესო ისტორია დაწერა და „ათეულთა კლუბში“ უკვე 80 გამორჩეული მასწავლებელი შეკრიბა, მათგან 8 საუკეთესო ჯილდოს მფლობელია. ეს მხოლოდ ციფრები არ არის, რადგან ამ პროექტით აღმოჩენილი ათეულობით საუკეთესო მასწავლებლის უკან არაერთი საინტერესო აქტივობა, ინიციატივა, ღონისძიება და, რაც მთავარია, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება დგას.
🔶 წლევანდელი ფინალისტები იყვნენ: გიორგი ლიპარიშვილი, ნათია ნარსავიძე, დიმიტრი პოპოვი, სოფიო ქუხილავა და ნათია უჩავა. ჟიურის გადაწყვეტილებით, 2024 წლის ჯილდო ნათია უჩავას ერგო. საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილი საზოგადოება გამარჯვებულის დასახელებას დაძაბული ელოდა, რადგან დაჯილდოებაზე მისული არც ერთი ადამიანი იქ შემთხვევით არ მოხვედრილა – საგულშემატკივროდ მისულ „მასწავლებლის პროფესიის ქომაგებს“ თავიანთი ფავორიტები ჰყავდათ.
პირველი ჯილდოს მფლობელი, ყველასთვის კარგად ცნობილი „მასწავლებელი ჩიბათიდან“ – ლადო აფხაზავა, ჯერჯერობით, შეუცვლელ პოზიციაზეა, რადგან ის გამარჯვებულ მასწავლებლებს შორის ერთადერთია, რომელმაც მსოფლიოს („The Global Teacher Prize“) ქართველი მასწავლებელი გააცნო, არამხოლოდ მსოფლიოს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასაც. ყველა ოჯახში შევიდა „ჩიბათელი მასწავლებლის ხმა“ და ქართველი მასწავლებლის გულშემატკივრად გახადა დიდი და პატარა. რეალურად, გლობალური ჯილდოს მთავარი დანიშნულება და მიზანიც სწორედ ეს არის – მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზება.
საზოგადეობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ იმ პედაგოგების ვინაობას, რომლებმაც მასწავლებლებისთვის გამორჩეულ კონკურსში პირველობა მოიპოვეს – ლადო აფხაზავა, მანანა კაპეტივაძე, გიორგი ჭაუჭიძე, სოფიო გოგოხია, ხათუნა რაზმაძე, როლანდ შავაძე, ნინო ფსუტური და ნათია უჩავა.
2024 წლის საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გენერალური დირექტორის, ზურაბ კერვალიშვილის განცხადებით, უკვე მერვე წელია, ფონდი აფინანსებს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს, რომლის ინვესტიციამ მხოლოდ ამ პროექტში 1 მილიონ ლარს მიაღწია. „გვიხარია და გვეამაყება, რომ წლიდან წლამდე იზრდება მონაწილეთა რაოდენობა და პროექტის პოპულარობამაც თავის მაქსიმუმს მიაღწია. ვფიქრობთ, კონკურსმა შეძლო და შეცვალა დამოკიდებულება პედაგოგის პროფესიისადმი. რაც მთავარია, პროექტის ფარგლებში აღმოჩენილი მასწავლებლები ძალიან საინტერესოები, მისაბაძები და თავისი საქმის ერთგულები არიან. ისინი უკეთესობისკენ ცვლიან არა მხოლოდ საკუთარ კლასსა და სკოლას, არამედ ცვლიან გარემოს და ამით ბიძგს აძლევენ ახალგაზრდებსაც, რომ აირჩიონ მართლაც ფასდაუდებელი პედაგოგის პროფესია. ჩვენთვისაც ყოველი ახალი გამარჯვებული და მისი სიხარული, ერთგვარად, ჩვენი გამარჯვება და სიხარულიცაა, რადგან ვხედავთ, რომ ის ინვესტიცია, რასაც ფონდის დამფუძნებელი და ფონდი დებს საგანმანათლებლო სფეროში, უკვალოდ არ იკარგება და მოაქვს შედეგი, რომელიც აუცილებლად ჩვენი შვილების მომავალზეც აისახება,“ – ამბობს ზურაბ კერვალიშვილი.
მთავარი პრიზის გარდა, ფინალისტები „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ოქროს სპონსორმა – ლიბერთიმ 5000 ლარით, ხოლო საუკეთესო ათეულის დანარჩენი წევრები 2500 ლარით დააჯილდოვა. ასევე, ღონისძიებაზე საუკეთესო ათეულის წევრებმა სხვადასხვა პრიზები მიიღეს, რომელსაც ყოველ წელს ჯილდოს მხარდამჭერები აწესებენ.
„ახალი განათლება“, ჯილდოს დაწყებიდან დღემდე, სისტემატურად აქვეყნებს სტატიებს კონკურსის მსვლელობის, საზეიმო დაჯილდოებისა და კონკურსის მიერ აღმოჩენილი მასწავლებლების შესახებ. წელსაც გთავაზობთ ინტერვიუს გამარჯვებულთან, თბილისის №126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთან, ნათია უჩავასთან.
🔸 ნათია, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან აღიარებას! პირველ რიგში, საუბარი მინდა დავიწყოთ კითხვით – რა რეალობაში უწევს მასწავლებელს დღეს საქართველოში ცხოვრება?
• საქართველოში მასწავლებლები დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. იქნება ეს პროფესიის დაფასება, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ხელფასზეა მიბმული, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, რაც ხშირია და ა.შ. მასწავლებლებს სჭირდებათ როგორც სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერა, ასევე პრესტიჟის ამაღლება, რათა მათ შეეძლოთ მოტივირებულად შეასრულონ თავიანთი საქმიანობა.
🔸 რა არის, თქვენი აზრით, ამ პროფესიის მთავარი ფუნქცია, დანიშნულება და რა ხელშეწყობა გაქვთ ამ ფუნქციის შესასრულებლად სახელმწიფოსგან?
• მასწავლებლის პროფესია საქართველოში ჯერ კიდევ არ ითვლება პრესტიჟულად, რაც ხელს უშლის ახალგაზრდების მოზიდვას. საჭიროა პროფესიის პოპულარიზება, მისი დაფასება და აღიარება. დღეს მასწავლებელთა უმრავლესობა ენთუზიაზმზე მუშაობს, თუმცა ეს ენთუზიაზმიც განლევადია და მისი გარემო ფაქტორებით შევსებაა საჭირო. მასწავლებელსაც სჭირდება მოტივაცია და აღიარება. უნდა იგრძნოს, რომ ის საკუთარ სფეროში დაფასებულია. მასწავლებლებს მუდმივად უწევთ სხვადასხვა გზით კომპეტენციის დადასტურება, რაც ერთგვარი წნეხია. ვთვლი, რომ ახლა მასწავლებლების შრომა სათანადოდ არ არის ანაზღაურებული. ბევრ მასწავლებელს დამატებითი რესურსები სჭირდება კლასთან სამუშაოდ, რის გამოც საკუთარი ფინანსების დახარჯვა უწევს.
🔸 დავუბრუნდეთ ჯილდოს, რას ნიშნავს თქვენთვის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში გამარჯვება?
• ყოველი გათენებული ღამის, გაწეული შრომის, აქამდე მიღწეული წარმატების, იმედგაცრუების, დაუფასებლობისა თუ დაფასების პასუხია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ აქამდე სწორი გზით ვიარე და ასევე უნდა გავაგრძელო სვლა.
🔸 ელოდით ამ აღიარებას?
• მასწავლებლისთვის აღიარება ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა, ზოგჯერ ეს მოულოდნელიცაა, რადგან ყოველდღიური შრომა ბუნებრივია ჩვენთვის. როდესაც გაწეული შრომა აღიარებას იმსახურებს, ეს უდიდესი მოტივაციაა, რაც უფრო მეტის კეთებისკენ გიბიძგებს. ვცდილობდი, ამ საკითხზე არ მეფიქრა, რადგან შემდეგ გულისწყვეტა არ მქონოდა თუ არ გავიმარჯვებდი. ათეულში და ხუთეულში ყველა ღირსეული და, თავის მხრივ, ძლიერი კანდიდატურა იყო. ვფიქრობ, თითოეული იმსახურებდა ამ ჯილდოს მიღებას.
🔸 როგორია კარგი მასწავლებლის თქვენეული განმარტება?
• კარგ მასწავლებელს რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისება უნდა ჰქონდეს: იყოს ინოვატორი, შრომისმოყვარე, გააჩნდეს ცოდნა, ემპათია; შეეძლოს მოსწავლეების გაგება, ინდივიდუალური მიდგომა. კარგი მასწავლებელი უნდა იყოს გულწრფელი, სამართლიანი და შეეძლოს მოსწავლეთა მოსმენა, რათა მათ კარგად იგრძნონ თავი სასკოლო გარემოში. არ უნდა კმაყოფილდებოდეს მიღწეული შედეგებით, უნდა ცდილობდეს უწყვეტ განვითარებას და ამაში გარშემომყოფებსაც რთავდეს; იყოს გამზიარებელი საკუთარი შემოქმედებითი ნაწილის, ეხმარებოდეს და დაუზარებლად უნაწილებდეს კოლეგებს საკუთარ მიგნებებსა თუ გამოცდილებას.
🔸 თქვენ რა თვისებას ან მიდგომას დაასახელებთ, რაც გამორჩეულ მასწავლებლად გაქცევთ?
• ბედნიერებას მანიჭებს სხვისი გახარება, დახმარება და გამოცდილების გაზიარება. არასდროს მენანება საკუთარი გამოცდილება გავუზიარო აუდიტორიას, რომელიც ათასობით ადამიანს მოიცავს. ვარ ინოვატორი და მუდმივად ვცდილობ განვვითარდე -ეს ყველაფერი კი მოსწავლეებთან მუშაობაზე აისახება.
🔸 მინდა, ჩვენმა მკითხველმა ნათია უჩავა გაიცნოს არა მხოლოდ როგორც გამორჩეული მასწავლებელი, არამედ როგორც მოქალაქე? და რა არის თქვენთვის ის სწორი მოქალაქეობრივი ღირებულებები, რომელსაც საგნებთან ერთად ასწავლით თქვენს მოსწავლეებს?
• ვცდილობ, მოსწავლეებს ვასწავლო ერთმანეთისადმი პატივისცემა, თანამშრომლობა, აქტიური მოქალაქეობა, განსხვავებული ადამიანისა თუ მოვლენის მიღება, გავუღვივო ემპათიის გრძნობა. თითოეული ეს თვისება პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს, რაც შემდგომ მოქალაქეობრივ ღირებულებებს აყალიბებს.
🔸 ბუნებრივია, ისე როგორც დანარჩენ სფეროებსა და მიმართულებებს, განათლების სფეროსაც აქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში გამოწვევები. თქვენი, როგორც მასწავლებლის, გადმოსახედიდან, რა არის ჩვენი განათლების სისტემის უპირველესი გამოწვევა?
• ხელმისაწვდომი და ინკლუზიური განათლება, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში ყველა სკოლა ვერ აკმაყოფილებს საჭიროებებს, რაც სწავლების პროცესს აფერხებს. მასწავლებლებისთვის არ არის ხელმისაწვდომი რესურსები, რომელიც მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ასევე ხშირია პროფესიული გადაწვა, მასწავლებელს ხშირად უწევს ბიუროკრატიული საქმიანობის წარმოება მაშინ, როდესაც შეუძლია პროფესიულ განვითარებას მოახმაროს დრო, აირჩიოს მისთვის სასურველი თემა და იმ კუთხით განვითარდეს. კლასებში მოსწავლეთა დიდი რაოდენობაა, რაც ხელს უშლის ხარისხიანი განათლების მიღებას. განსაკუთრებით დგას სკოლამდელი განათლების პრობლემა, რომელთან გამკლავებაც დაწყებითი კლასის მასწავლებლებს უწევს, რასაც, ხშირად, პროფესიულ გადაწვამდე მიჰყავს ისინი.
🔸 რომ შეგეძლოთ, პირველ რიგში, რას შეცვლიდით?
• ყველა მოსწავლისთვის შევქმნიდი ისეთ გარემოს, სადაც სწავლის მიღებისთვის თანაბარი პირობები ექნებოდათ.
🔸 დაბოლოს, რას ნიშნავს მასწავლებლისთვის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი? რა შეცვალა ან რას შეცვლის ეს აღიარება თქვენს პროფესიულ საქმიანობაში? როგორი იყო მოსწავლეებთან და სკოლასთან შეხვედრა გამარჯვებულის რანგში?
• მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ერთგვარი საზომია საკუთარი საქმიანობის. რეფლექსიას უკეთებ. უფრო თავდაჯერებული ხდები და აგრძელებ შენს საყვარელ საქმიანობას. იცი, რომ სწორ გზაზე დგახარ. ეს აღიარება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ხშირად არ ჩანს მასწავლებლის საქმიანობის მიღმა რამხელა შრომა და ძალისხმევა დევს, რამდენი გათენებული ღამე და ოჯახისთვის მოკლებული დროა ჩადებული. საკუთარი ფინანსები თუ ადამიანური რესურსები. ეს ყველაფერი მასწავლებლის შინაგან სამყაროშია დამალული და ერთ დღეს, როდესაც ამხელა აღიარებასა და დაფასებას მოიპოვებ, თითქოს ყველაფერი მსუბუქდება, გადახალისდები, ახალი შემართებითა და მოტივაციით ფრთიანდები. სკოლაში როდესაც დავბრუნდი, ჩემი მოსწავლეები, მათი მშობლები სკოლის ეზოში დამხვდნენ, იისფერი ბუშტებითა და ტაშით. იისფერი ჩვენი ფერია და ჩვენს ურთიერთობას გამოხატავს. ჯილდო ბავშვებს დავაკავებინე ხელში. მეხუტებოდნენ, მილოცავდნენ და გულწრფელად უხაროდათ. ყველაზე გულწრფელნი ხომ ბავშვები არიან და ჩემი ჯილდოც მათი დამსახურებაა.
🔸 სამომავლო გეგმებზეც გვითხარით რამდენიმე სიტყვით…
• სამომავლოდ, საქმიანობას გავაგრძელებ გაორმაგებული მოტივაციით, შემართებითა და ინტერესით, რადგან პასუხისმგებლობა გაზრდილი მაქვს. მინდა, საკუთარი რესურსები, მატერიალური სახით, უფრო გავამრავალფეროვნო და იმ სკოლებს დავეხმარო, რომლებსაც რესურსებზე ხელმისაწვდომობა არ აქვთ.
ლალი ჯელაძე
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მხარდამჭერები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc), ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.