როცა თავად მასწავლებელი ხარ, გარეთ 21-ე საუკუნეა და საკუთარ მისიაზე, დანიშნულებაზე, საქმიანობაზე ფიქრობ, სათქმელს რა გამოგილევს, ვერც ბანალურობას ასცდე იქნებ, იმდენი უთქვამთ და დაუწერიათ ამ საკითხზე, ვერც მე ვიქნები გამონაკლისი და შეიძლება, დიდი ადამიანების სულებიც შევაწუხო, მასწავლებლის როლზე რომ ვისაუბრო. უპირველესად, ჩერჩილის ნათქვამი მახსენდება, სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზეც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენო. ჰოდა, კარგ მასწავლებელს ამ ძალაუფლების გამოყენება სწორედ იმით შეუძლია, რომ იქცეს ხიდად უკეთესი მომავლისათვის.
ადვილია? – სულაც არა.
ყველას შეუძლია? – ნამდვილად არა!
სწორედ ამაზე ფიქრისას წამოფუთფუთდება ხოლმე ეჭვის ჭია, რომელიც ხანდახან ნაირა გელაშვილის სიტყვებზე დაგაფიქრებს: „ჯერ თვითონ უნდა ყოფილიყო, რომ სხვა აღეზარდა!“ ჰოდა, თუ მასწავლებელი ხარ, ფიქრობ: ხარ კი, რომ შეძლო სხვების აღზრდა?
ამიტომაც მუდმივად უნდა ვცდილობდეთ მასწავლებლები, ჯერ ჩვენ „ვიყოთ“ და მერე სხვებს ვექცეთ „გზად და ხიდად“ უკეთესი მომავლისაკენ!
როგორ? – არც ამ კითხვაზე პასუხია ადვილი. როცა შენი და არამხოლოდ შენი ყოფა ძალიან ნაცრისფერი და გაუსაძლისად უღიმღამოა, როცა თავით ფეხებამდე მძიმე ყოფაში ჩაფლული კისერწაგრძელებული იყურები სადღაც უკეთესი სამყაროსაკენ, სხვაგან რომ გეგულება, ძნელია იმაზე ფიქრი, როგორ უნდა იქცე სხვისთვის უკეთეს მომავლამდე მიმყვან ხიდად.
როგორ? – ჩემი აზრით (თუ ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამეთვლება), უპირველესად იმით, რომ ადამიანების აღზრდა ვაქციოთ უმთავრეს მიზნად. ერთი ამბავი მახსენდება, 15-16 წლისა ყოფილა შალვა დადიანი, მამამისს რომ რუსი სტუმარი სწვევია, რომელიც განათლებას კურირებდა თურმე იმხანად საქართველოში. ამოდენა ყმაწვილი შინ რომ უნახავს, გაჰკვირვებია, შალვას მამისთვის უკითხავს, რად არის თქვენი ყმაწვილი სახლში, სკოლაში არ დადისო? – არაო, – უპასუხია ნიკო დადიანს. – ალბათ, შინ დაგიდით მასწავლებელიო. – არაო, არც შინ დაგვიდიან მასწავლებლებიო. სტუმარს დაცინვა განუზრახავს, აბა, რა გინდათ, რომ გამოვიდეს თქვენი შვილიო? – რაც მთავარია, ადამიანიო, – უთქვამს ნიკო დადიანს.
დიახაც, მომავლის ხიდად ნამდვილად იმით იქცევა მასწავლებელი, თუ უპირველესად ადამიანებს აღზრდის, ინდივიდებად ქცევას შეაძლებინებს, იმას გაასიგრძეგანებინებს, როგორ არ უნდა იქცნენ ბრბოს მორჩილ, სახედაკარგულ წევრებად, როგორ გაარჩიონ ავი და კარგი, როგორ უყვარდეთ სამშობლო, როგორ სცენ პატივი წინაპრებს, როგორ დაიცვან მშობლიური ენა, როგორ სცენ პატივი განსხვავებულ აზრს, როგორ იყვნენ შემწყნარებლები… ბანალურია? ალბათ, ასეც ჩანს, მაგრამ ინდივიდებად აღზრდილი ჩვენი მოსწავლეები, როგორც ერთი მწერალი ამბობდა, შეძლებენ, რომ ამოიყვანონ საკუთარ თმაში ხელჩაკიდებულებმა საკუთარი თავი (და არამხოლოდ!) ყოფიერების ჭაობიდან, ამაში კი მასწავლებელი დაეხმარებათ – ხიდი მომავლისაკენ!
სწორედ ასე წარმომიდგენია ჩემი, როგორც მასწავლებლის, როლი მომავლის შენებაში, იმ მომავლისა, რომლის მშენებელიცაა „აწმყო – შობილი წარსულისაგან“, მე კი – მასწავლებელი-ხიდი უნდა ვიყო უკეთესი მომავლისათვის და შევაძლებინო მოსწავლეს, „სრბაი აღასრულოს“ და უკეთესობისკენ შეცვალოს მერმისი.
ლეილა ხონელიძე
ილ. ჭავჭავაძის სახელობის ფოთის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი