მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა, რეფორმის ფარგლებში, დააანონსა ის უმთავრესი ცვლილება, რომელიც მასწავლებლთა პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას სრულიად ახალ ფორმატში — „მასწავლებლის რეგულირების წესში“ — მოაქცევს. ახალი წესის მიხედვით უქმდება კრედიტების დაგროვების სისტემა და სტატუსიდან სტატუსზე გადასვლის გზად გამოცდა რჩება, ხოლო პედაგოგის პროფესიულ განვითარებას სკოლა დააკვირდება (სქემის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა მიმდინარეობს).
როგორ გეგმავს ცენტრი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და რაზე აკეთებს მთავარ გათვლას, ამის შესახებ გვესაუბრება ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე.
თუმცა, ვიდრე ახალი სისტემა დაინერგება, არსებული მდგომარეობით, 2019 წლის ბოლომდე, მასწავლებლებს სქემით განსაზღვრული ყველა აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ. ზაფხულის გამოცდების შემდეგ კი, ვინც ვერ აიღებს საკმარის კრედიტქულას სტატუსის შესაცვლელად, მას წლის ბოლომდე შეეძლება, სხვა აქტივობების ხარჯზე გააგრძელოს კრედიტქულების შევსება. ზაფხულის გამოცდების გარდა, დეკემბრის ბოლომდე, ხომ არ იგეგმება კიდევ გამოცდის დანიშვნა? ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „როგორც ცნობილია, მხოლოდ ერთხელ ჩატარდება გამოცდა. დანამდვილებით კი შემიძლია გითხრათ, რომ წლის ბოლომდე მასწავლებლები შეძლებენ კრედიტქულების მოგროვებას არსებული სქემის აქტივობების მიხედვით. სტატუსების მინიჭება კი, შესაბამისად, ეტაპობრივად წლის ბოლომდე მოხდება.“
— თავისთავად, ცვლილება იწყება მაშინ, როცა არსებული მოცემულობა არ აკმაყოფილებს თანამედროვე განათლების სისტემის გამოწვევებს. რატომ ვერ მოხდა არსებული სქემით, მასწავლებლების უფრო მასშტაბური წინსვლა? რა არის ის მთავარი ხარვეზი, რაც სქემის ცვლილების საფუძველი გახდა?
— ბიუროკრატია. სქემის დადებითი მხარე ის იყო, რომ პროფესიული განვითარების საშუალებას იძლეოდა, ბევრმა არ გამოიყენა ისე, როგორც დაგეგმილი იყო და წმინდა წყლის ბუღალტერიად და ბიუროკრატიად იქცა. ყველზე ცუდი კი ის იყო, რომ მასწავლებელი დააცილა საკლასო ოთახს, რადგან, ძირითადად, სქემის აქტივობების შესრულებაზე იყო ფოკუსირებული.
— უმთავრესი ცვლილება, რომელსაც ცენტრი გეგმავს და უკვე დააანონსეთ, სქემის ცვლილებაა, როგორი სისტემა დაინერგება 2020 წლიდან?
— 2020 წლიდან აღარ იარსებებს აღარც კრედიტქულების დაგროვების სისტემა და აღარც გარე დაკვირვება. მას ჩაანაცვლებს მასწავლებლის რეგულირების წესი, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლობის მსურველებს და მათ, ვისაც სურვილი აქვთ გაიუმჯობესონ მდგომარეობა, გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, ხოლო პროფესიულ საჭიროებას სკოლა დაადგენს. მასწავლებელი პროფესიული საჭიროებისთვის გაივლის რამდენიმე ტრენინგს, ოღონდ ამაში კრედიტქულებს აღარ მიიღებს.
მასწავლებლის პროფესიულ საჭიროებას დაადგენს სკოლის ხარისხის განვითარებისა და თანამშრომლობის ჯგუფი — სკოლაზე იქნება დამოკიდებული იმის გარკვევა, თუ რა საჭიროება აქვს პედაგოგს პროფესიული განვითარებისთვის. ვფიქრობთ, პრაქტიკოსმა მასწავლებელმა მეტი საათი უნდა გაიაროს პროფესიული განვითარებისთვის, უფროსმა, წამყვანმა და მენტორმა, შესაბამისად, ნაკლები. თუმცა, რაღაც ფორმით პროფესიული განვითარება ყველამ უნდა გაიაროს. ძირითადი აქცენტი გაკეთდება სასკოლო პრაქტიკის კვლევაზე. რადგან ბევრი სიახლე იგეგმება ინკლუზიურ განათლებაში, ჩვენი პოზიციაა, მასწავლებლები გადაემზადონ ამ მიმართულებით, ასევე, სასკოლო უსაფრთხოებასა და პროფესიულ უნარებში. პროფესიული გადამზადება მუდმივად საჭიროა, მაგრამ მასწავლებლებლებზე აღარ იქნება ზეწოლა, რომ დააგროვონ კრედიტები. რაც შეეხება საფეხურებრივ წინსვლას, გამოცდით განხორციელდება. ვმუშაობთ გამოცდის ასეთ ტიპზე: მაგალითად, ვარ უფროსი მასწავლებელი და მინდა გავხდე წამყვანი ან მენტორი. ამისთვის მომიწევს პროფესიული უნარების რთული კატეგორიის ტესტის ჩაბარება. პროფესიულ უნარებში ტესტი რამდენიმე კატეგორიად დაიყოფა, საგნის გამოცდა კი ერთი ტიპის იქნება. საგანში საშუალო ბარიერად განისაზღვრება 50 პროცენტი, იგივე ბარიერი დაწესდება პროფესიულ უნარებშიც.
ახალი წესის მიხედვით, გვექნება ორი გამოცდა: საგნის კომპეტენციის დადასტურება და პროფესიული უნარები. პროფესიულ უნარებში სამი ტიპის გამოცდა იგეგმება — პირობითად, I -II -III კატეგორიის. რომელ კატეგორიასაც ჩააბარებს მასწავლებელი, იმ კატეგორიის შესაბამის სტატუსს მიიღებს. მაგალითად, თუ უფროსი მასწავლებელი გადაწყვეტს, რომ გახდეს პირდაპირ მენტორი და აღარ სურს წამყვანი მასწავლებლობა, ის აირჩევს მენტორისთვის განკუთვნილ ტესტს და აღარ მოუწევს ლოდინი, რომ ჯერ გახდეს წამყვანი და შემდეგ მენტორი.
— პრაქტიკოს მასწავლებლებს ექნებათ თუ არა უფლება ასეთი ფორმით გახდნენ პირდაპირ წამყვანი ან მენტორი მასწავლებლები?
— მათ აუცილებლად მოუწევთ ჯერ საგნის გამოცდის ჩაბარება, რადგან, პირველ რიგში, საგნის კომპეტენცია უნდა დაადასტურონ და გახდნენ უფროსი მასწავლებლები. რაც შეეხება წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებელ გამოცდას, ამაზე საბოლოოდ არ ვართ შეთანხმებული, თუმცა ვერსიად განიხილება.
საგნის კომპეტენციის დადასტურება მოუწევს მხოლოდ პრაქტიკოს მასწავლებელს, დანარჩენი საფეხურის მასწავლებლები კი, სტატუსის გასაუმჯობესებლად, პროფესიული უნარების გამოცდას ჩააბარებენ.
— როგორ მოხდება სტატუსის შენარჩუნება? მაგალითად, არსებული სქემის მიხედვით, მენტორის სტატუსი უვადოა, ახალი წესით მანაც უნდა იზრუნოს სტატუსის შენარჩუნებაზე?
— რასაკვირველია, უნდა იზრუნოს. ყველაფერი დამსახურებითაა ცხოვრებაში და რატომ იქნება მენტორობა გამონაკლისი? მე პირადად ძალიან მაინტერესებს, მენტორი მასწავლებელი ამართლებს თუ არა წოდებას საგაკვეთილო პროცესში, იქ თუ ადასტურებს თავის პროფესიონალიზმს, ატარებს თუ არა სკოლის საჭიროებაზე დაფუძნებულ კვლევას, იმ აქტივობებს, რასაც სკოლა დაუდგენს. ყოველ თანამდებობას ექნება თავისი სამსახურებრივი აღწერილობა, შესაბამისი იქნება მოთხოვნებიც.
როგორ შეიძლება ადამიანი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებდეს სათანადოდ და სამსახური ჰქონდეს მთელი ცხოვრება. თუკი გამოვლინდება, რომ მენტორი ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, მას სტატუსს ვერ ჩამოართმევ, მაგრამ შეიძლება სამსახური დაკარგოს. სტატუსი არ ნიშნავს მის ხელშეუხებლობას, რადგან შეიძლება მასწავლებელი გახდეს მენტორი, მაგრამ კლასში გაკვეთილს ვერ ატარებდეს, ბავშვებს ვერ აჩერებდეს ან აგრესიულად იქცეოდეს. მაშინ, რატომ უნდა ჰქონდეს ეს სტატუსი და ამხელა ხელფასი?
სტატუსის შესანარჩუნებლად ყველა მასწავლებელს შეაფასებს ხარისხისა და პროფესიული განვითარების ჯგუფი (ეს ჯგუფი ორიენტირებული იქნება თანამშრომლობაზე). მასწავლებლის საქმიანობა ყველაზე კარგად სად ჩანს? რა თქმა უნდა, საკლასო ოთახში. ამიტომ, მას შეფასების ჯგუფი სწორედ სასწავლო პროცესში შეაფასებს, თუმცა, ეს არ იქნება გარე დაკვირვების ტიპის დაკვირვება, არამედ მასწავლებლის საქამიანობის თანამშრომლობითი შეფასება, რათა მასწავლებელი უკეთესი გახდეს. მასწავლებელს შეაფასებენ კათედრის ხელმძღვანელები, ასევე, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები. ისინი დააკვირდებიან და რჩევებს მისცემენ.
— ხარისხის განვითარებისა და თანამშრომლობის ჯგუფს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და ფუნქცია ენიჭება. ვინ იქნებიან ეს ადამიანები, რომლებიც მასწავლებლებს შეაფასებენ და მათ საჭიროებებს დაადგენენ?
— ხარისხის მართვის ჯგუფში ადამიანები მხოლოდ დამსახურების მიხედვით შეირჩევიან, ეს იქნება თანამდებობა სკოლაში. მათი სახით გვინდა სკოლაში საშუალო რგოლის მენეჯმენტი გავაჩინოთ, რომ დირექტორს ჰქონდეს საშუალება, მათი დახმარებით, საგანმანათლებლო პროცესის ლიდერად ჩამოყალიბდეს. როგორც ვახსენე, ამ ჯგუფში მოიაზრებიან კათედრის გამგეები. ისინიც დამსახურებით უნდა შეირჩნენ და, რა მორიგეობით. მორიგეობითი თანამდებობა საერთოდ გაგიგიათ ბუნებაში? შეიძლება პრეზიდენტი ან დირექტორი იყოს მორიგეობით? კათედრის გამგის ადგილს დაიკავებს ის დამსახურებული მასწავლებელი, რომელმაც, წლების განმავლობაში, დაადასტურა როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. უპირობოდ, ასეთ ადამიანს ეკუთვნის ეს თანამდებობა.
დღეს სკოლაში მხოლოდ ორი თანამდებობა არსებობს — დირექტორი და მოადგილე, სხვა დანარჩენი მასწავლებელია. არც ერთი სტრუქტურული ორგანიზაცია არ არის, სადაც საშუალო ან დაბალი რგოლის მენეჯერები არ ჰყავთ. ამიტომ, ვფიქრობთ, სკოლაშიც შევქმნათ რგოლი, რომელიც კათედრის გამგეებით და მასწავლებლებით დაკომპლექტდება. ოღონდ მათი შერჩევა, კიდევ გავიმეორებ, აუცილებლად დამსახურების მიხედვით უნდა მოხდეს. ისინი სკოლამ უნდა შეარჩიოს, ჩვენ კი უნდა ვენდოთ მათ, რომ დაგვეხმარონ მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაში.
— ამბობთ, რომ უნდა ენდოთ, მაგრამ როგორ შეამოწმებთ ამართლებს თუ არა ეს რგოლი თქვენს ნდობას?
— ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელმაც წარმატებული განათლების სისტემა შექმნა სწორედ ეს გზა აირჩია — ვიდრე არ ენდო, არაფერი გამოუვიდა.
როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გავაკონტროლო 2083 სკოლაში 58774 პედაგოგი და დავადგინო მათი პროფესიული საჭიროება? ეს ხომ თავის მოტყუებაა. რა თქმა უნდა, სკოლამ ყველაზე კარგად იცის თავისი პედაგოგების საჭიროებებიც და მიღწევებიც. საბოლოო ჯამში კი, ნდობა შედეგებმა უნდა აჩვენოს — პროგრესს ნაეკი გაზომავს. მერწმუნეთ, ნდობით უფრო მივიღებთ შედეგს, ვიდრე კონტროლით.
ეს ჯგუფი არა მარტო მასწავლებლის პრფესიულ განვითარებაზე იზრუნებს, არამედ სასკოლო სასწავლო გეგმაზე იმუშავებს. სასწავლო პროცესის ფუნდამენტი სასკოლო სასწავლო გეგმაა, სადაც წერია, რა უნდა ვასწავლოთ, როგორ ვასწავლოთ და როგორ შევაფასოთ. როგორ ვასწავლოთ — ეს ნაწილი განსაზღვრავს თანამედროვე სასწავლო მეთოდებსა და მიდგომებს (სწავლება კეთებით, ძიებით, პროექტული სწავლებით და ა.შ.), ეს ყველაფერი კი ზუსტად კურიკულუმში უნდა ჩანდეს. ამიტომ გვჭირდება სკოლაში ისეთი ძლიერი გუნდი, რომელიც სასწავლო გეგმას ეფექტურს გახდის და ის არ იქნება პირდაპირ კოპირებული ეროვნული სასწავლო გეგმიდან.
— „მასწავლებლის რეგულირების წესის“ მიხედვით გამოცდები წელიწადში ერთხელ ჩატარდება? ექნება თუ არა კავშირი მის პროგრამებსა და ტესტებს ძველ საგამოცდო პროგრამებთან?
— დიახ, ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, გამოცდები წელიწადში ერთხელ ჩავატაროთ, ხოლო რაც შეეხება საგამოცდო პროგრამებს, მინისტრის ინიციატივაა და ჩვენც ვეთანხმებით ამ მოთხოვნას, რომ გამოცდა, განსაკუთრებით პროფესიულ უნარებში, იყოს პრაქტიკაზე ორიენტირებული — პრაქტიკული ელემენტების შემცველი. მაგალითად, STEM-ის საგნებში ვფიქრობთ, რომ ლაბორატორიული ცდებიც კი ჩავატარებინოთ პედაგოგებს, იქნება ეს ვირტუალური თუ რეალური. ორივე მიმართულებით გვინდა პრაქტიკული ელემენტების შეტანა, რომ სტატუსის მინიჭებისას, დარწმუნებულები ვიყოთ, მართლა იმსახურებს თუ არა ის ამ წოდებას. შეიძლება ტესტი კარგად ისეთმა ადამიანმაც ჩააბაროს, რომელიც საკლასო ოთახში არაეფექტურია. ამიტომ შევეცდებით, მისი პრაქტიკაც ვნახოთ. აქედან გამომდინარე, სრულიად ახალ საგამოცდო პროგრამას შევთავაზებთ მასწავლებლებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავზომოთ რამდენად ეფექტურია მასწავლებელი პრაქტიკაში.
— ისევ იზრუნებს თუ არა ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის მომზადებაზე? რა რესურსს შესთავაზებთ მათ?
— რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ იმის მიხედვით, რა ტიპის გამოცდებსაც შევთავაზებთ. პირველად ხდება, რომ ჩვენი ცენტრი და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთად ვმუშაობთ ამ საკითხებზე და არა ცალ-ცალკე. ჩვენი ექსპერტები ერთად მიიღებენ მონაწილეობას საგამოცდო საკითხების შედგენაშიც.
— „მასწავლებლის რეგულირების წესი“ ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის იქნება სავალდებულო და თუ იქნება ვადები დადგენილი, მაგალითად პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რა პერიოდში უნდა განახორციელონ საფეხურებრივი წინსვლა?
— „მასწავლებლის რეგულირების წესი“ სავალდებულოა ყველა მასწავლებლისთვის და შესაბამისად, ყველა მოქმედი მასწავლებელი უნდა ჩაერთოს ამ სქემაში. ჩემი პოზიციაა (ეს არ არის საბოლოოდ შეთანხმებული), რომ ყველა მასწავლებელს ჰქონდეს მოქმედი კონტრაქტი და თუ ის ამ კონტრაქტის პირობებს ვერ დააკმაყოფილებს (რა დამსახურებაც უნდა ჰქონდეს), სკოლამ არ უნდა „შეინახოს“. კონტრაქტის მიხედვით, მასწავლებელს ექნება გამოკვეთილი უფლება-მოვალეობები და მოთხოვნები. ყველა სამსახურში ასეა და მასწავლებლის პროფესია რატომ არის გამონაკლისი? მით უფრო, როცა ის მომავალ თაობას ზრდის. როგორ შეიძლება წლები ითმინო და სკოლიდან არ გაუშვა მასწავლებელი, რომელიც საგაკვეთილო პროცესს აგდებს.
— რამდენი წლით განისაზღვრება ეს ვადები?
— მართალია, მაქვს ჩემი მოსაზრება, მაგრამ ვადების შესახებ მოგვიანებით გამოვაცხადებთ. თუმცა, გეტყვით, რომ დღევანდელი შრომის კოდექსითაც არის განსაზღვრული, თუ კონტრაქტის პირობებს ვერ აკმაყოფილებს კადრი, მისი დათხოვნა შესაძლებელია, რადგან უვადო კონტრაქტი არ არსებობს. დირექტორს ახლაც შეუძლია დაითხოვოს მასწავლებელი სამსახურიდან, თუ ის ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ვადები ახლაც წერია შრომის კოდექსში, უბრალოდ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის შეასრულონ დირექტორებმა.
— ძველი აქტივობებიდან, გარდა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისა, კიდევ რა აქტივობები დარჩება მასწავლებლებისთვის სავალდებულოდ?
— პროფესიული განვითარება ერთ მასწავლებელს შეიძლება სჭირდება კლასის მართვაში, მეორეს — ბულინგის მიმართულებით, მესამეს კიდევ — სხვა მიმართულებით, ანუ აქტივობები საჭიროების მიხედვით დადგინდება, ყველა ადამიანს ერთნაირი საჭიროება ხომ ვერ ექნება.
რაც შეეხება კვლევას, ეს ყველა მასწავლებელმა უნდა ისწავლოს. ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ მასწავლებლის განვითარებისთვის ყველაზე საუკეთესო საშუალება პრაქტიკის კვლევაა. ეს არის იმ ტიპის კვლევა (არ არის ფუნდამენტური და არ გამოიყენება რთული სტატისტიკური მეთოდები), რომელიც ყველაზე კარგად ავლენს საკლასო ოთახში, მაგალითად, IXბ კლასში, ინგლისურის სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. რომლის შემდეგაც პედაგოგი შეიმუშავებს ახალ მოდელს, დანერგავს კლასში და შეაფასებს განსხვავებას ძველსა და ახალს შორის. პრაქტიკის კვლევა მსოფლიოში ყველაზე ეფექტური კვლევაა, შეიძლება ითქვას (არ მინდა ვიხმარო სუსტი), მსუბუქი ტიპის კვლევა, რომლის განზოგადებაც არ შეიძლება, რადგან მოდელმა, რომელმაც IXბ კლასში იმუშავა, შეიძლება IXა კლასში არ იმუშაოს. ამიტომაც ატარებს ყველა მასწავლებელი საკუთარი პრაქტიკის კვლევას და ამით თავადაც ვითარდება პროფესიულად და მოსწავლეებსაც ეხმარება.
— იქნება თუა არა კვლევა საფეხურებრივი წინსვლისთვის აუცილებელი პირობა?
— არა, მასზე არ იქნება დამოკიდებული სტატუსის მინიჭება, ამით ჩვენ მათ უფრო გადავამზადებთ, უნარებს შევძენთ. რატომ გვინდა ყველაფრის ზომვა. თუ სასკოლო საზოგადოება გადაწყვეტს, რომ მასწავლებელი ვერ უმკლავდება დამკვირვებლებს, რაღაც პრობლემები აქვს, მას ურჩევენ, რომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩაატაროს.
წინსვლისთვის რასაც მოვთხოვთ მასწავლებელს, ეს იქნება: გამოცდის ჩაბარება, საგაკვეთილო პროცესის შეფასება და სტატუსის შენარჩუნება. სტატუსის შესანარჩუნებლად კი, ვფიქრობთ, სემესტრში სამიდან ხუთ დაკვირვებამდე გაიაროს. ეს იქნება ყოველწლიური პროცესი. მასწავლებელი თვითონ მოიწვევს ჯგუფის წევრებს, რომ დააკვირდნენ და შეუფასონ ხუთი გაკვეთილი. მთავარია, მათ ქცევა გაუმყარდეთ, თორემ ინტენსიურ დაკვირვებას ისე რა აზრი აქვს. ეს იქნება თანამშრომლობა უფრო გამოცდილ პედაგოგებთან, რომ გაიუმჯობესოს პროფესიული მდგომარეობა, რჩევებს მისცემენ, რა გააკეთოს იმისთვის, რომ გახდეს უკეთესი მასწავლებელი. ჩვენი საბოლოო მიზანი ხომ ეს არის — ბავშვმა მიიღოს ხარისხიანი განათლება. იცით, რითი გახდება უკეთესი პედაგოგი? როცა ქცევას გაიმყარებს, მხოლოდ ტრენინგზე დასწრება არაფრის მომცემია. თუ იქ მიღებულ ცოდნას გაკვეთილზე არ გამოიყენებს, ფუჭად დახარჯული დრო და წყალში გადაყრილი ფული იქნება.
— იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფი გადაწყვეტს, რომ მასწავლებელი ვერ განვითარდა, ვერ აჩვენა პროგრესი, რა მოხდება? მის სტატუსს საფრთხე ემუქრება?
— სტატუსს ვერაფერს ვერ უზამ, ის ერთხელ მიიღო და აქვს, მაგრამ სკოლამ შეიძლება მასთან კონტრაქტი შეწყვიტოს. მთელ მსოფლიოში ასე ხდება. ამიტომ მასწავლებლების შეფასება ყოველწლიურად მოხდება, „დაკვირვება“ — ეს სიტყვა საერთოდ ამოვიღოთ, რადგან მასწავლებელს კი არ აკვირდებიან, მასთან თანამშრომლობენ გამოცდილი პედაგოგები, რომ უკეთესი გახადონ საგაკვეთილო პროცესი. შეიძლება ჯგუფის წევრმა, მის გაკვეთილზე ისეთი საინტერესო რამ აღმოაჩინოს, რომ შემდეგ თვითონ დანერგოს. ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ პროფესიული განვითარება დედაქალაქიდან ჩამოსული ექსპერტების მიერ გაზიარებული ცოდნა და გამოცდილებაა. მაშინ, როცა სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარება, მთელ მსოფლიოში, ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. შეიძლება, რომელიმე სოფლის სკოლაში ისეთი კარგი მასწავლებელი აღმოჩნდეს, რომ ცენტრიდან ჩასულ ყველა ტრენერს აჯობოს. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის?
— ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიაში შესვლის გზები. სისტემას სჭირდება ახალი ადამიანები, ახალგაზრდა მასწავლებლები. როგორ აპირებთ მასწავლებელთა კორპუსის გაახალგაზრდავებას? გაიოლდება თუ არა არსებული რეგულაციები, რომელიც ახალგაზრდების სისტემაში შესვლას უზრუნველყოფს?
— მასწავლებლის პროფესიას, სხვა პროფესიებთან მიმართებაში, ცვლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, ანუ მასწავლებელი იწყებს სამსახურს და 80 წლის ასაკამდე ასწავლის. რაღაც პერიოდის განმავლობაში გაჯერდა ეს პროფესია და ახალ ადამიანებს შესვლის საშუალება აღარ მიეცათ. ბუნებრივია, როცა პროფესიაზე მოთხოვნა აღარ არის, ახალგაზრდა მოწოდებითაც რომ იყოს პედაგოგი, იმის გამო, რომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში დასაქმების შანსი არ აქვს, სხვა პროფესიას ირჩევს. აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად ვკარგავთ პერსპექტიულ ახალგაზრდებს და ვეღარ ხდება ახალი სისხლის შედინება ამ პროფესიაში. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ასაკი ცუდ პედაგოგობას არ ნიშნავს. რატომღაც ხალხს ჰგონია, რადგან ასაკოვანია, ცუდი პედაგოგია. ბევრი 65 წლის მასწავლებელი აჯობებს 25 წლის ახალგაზრდას, რომელიც უკვე „მოხუცია პოფესიაში“ — არა აქვს ენერგია ან პროფესიული თუ საგნობრივი კომპეტენცია. უბრალოდ, 25 წლისაა. ამიტომ მისი ასაკი სულაც არ ნიშნავს, რომ კარგი პედაგოგი იქნება. დამეთანხმებით, კარგ მასწავლებელს არც ერთ ასაკში არ უჭირს კომპეტენციის დადასტურება. თუ ის 65 ან 67 წლის ასაკში გადაწყვეტს, რომ დაიღალა, მენტორად გამოვიყენოთ, შევიყვანოთ ხარისხის ჯგუფში, რომ 25 წლის მასწავლებელს მისცეს რჩევები და ნახევარსაათობრივი დატვირთვა მივცეთ, დანარჩენი დანამატი ამ საქმიანობით შევუვსოთ. ამით ახალგაზრდას მივცეთ შანსი, გახდეს კარგი მასწავლებელი. სისტემაც ამოისუნთქავს.
— ახალი წესით, ექნება თუ არა რაიმე პრივილეგია პედაგოგიკაში მაინორპროგრამაგავლილ კადრს?
— ჩვენ, დაახლოებით, ხუთ-ექვს გზას განვიხილავთ პროფესიაში შესასველელად. გვინდა, რაც შეიძლება მეტი საშუალება მივცეთ ახალგაზრდებს, გახდნენ მასწავლებლები. აუცილებელია, გავაიოლოთ პროფესიაში შესვლა, მაგრამ გამოცდილი პედაგოგების დახმარებით, მათ პროფესიაში დარჩენაც უნდა გავუადვილოთ. ეს სერიოზული პრობლემაა მთელ მსოფლიოში. თითქმის ყველა ქვეყანაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მასწავლებლის პროფესიას ერთი მესამედი ტოვებს პირველ წელს, მათთვის იმხელა შოკია თანამედროვე ბავშვთან ურთიერთობა. მას უნდა ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, კომპიუტერული თამაშებით სწავლება, სჭირდება სხვა მენტალიტეტის ადამიანებთან ურთიერთობა, მეტი თავისუფლება, პროექტებზე დაფუძნებული სწავლება, აღარ ინტერესდება ძველი მეთოდებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გაკეთებას ყველა ახალგაზრდა შეძლებს.
პროფესიაში შესვლისას, ნებისმიერ მსურველს მოუწევს საგნის კომპეტენციის დადასტურება, პროფესიულ განვითარებაზე კი, სკოლაში შესვლის შემდეგ, პარალელურად, იზრუნებს.
— მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, ცენტრმა კიდევ ერთი ინიციატივა წამოიწყო, ქვეყნის მასშტაბით, თქვენ ეძებთ საუკეთესო მასწავლებლებს? რას მოიტანს ეს?
— მასწავლებლის პროფესია სხვა ტრადიციულ „თეთრსაყელოიან“ (ადრე ინტელექტუალურ სამსახურებს ვეძახდით) სამსახურებს შორის, ყველაზე დაბალანაზღაურებადი და დაბალპრესტიჟულია. იმისთვის, რომ ავწიოთ მასწავლებლის პროფესიის სოციალური და ეკონომიკური სტატუსი, პროფესიაში უნდა მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი მაღალი უნარების მქონე ადამიანი კონკრეტული პოპულაციიდან. მაგალითად, ადრე სატელევიზიო ეთერში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: როცა გაიგებთ, რომ თქვენი კლასელი, რომელიც ძლივს გადაჰყავდათ კლასიდან კლასში და მერე მასწავლებელი გახდა, იმ სკოლის მიმართ, სადაც ის მუშაობს, ნდობა ეცემა. მაგრამ, თუ თქვენი კლასელი, რომელიც სკოლაში კარგად სწავლობდა და მაღალი სოციალური უნარებითაც გამოირჩეოდა, პედაგოგი გახდა, ბუნებრივია, თქვენს შვილს უფრო თამამად მიიყვანთ სკოლაში, სადაც ის ასწავლის. შესაბამისად, ამ ინსტიტუციასაც მეტად ენდობით. ამ კონკურსებით გვინდა ადამიანებს ვუთხრათ, რომ ამ პროფესიაში მუდმივად დაფასებული იქნებიან. როცა ამ პროფესიაში წარმატებულ ადამიანებზე ხშირად ვისაუბრებთ, საზოგადოებაც სხაგვარად შეხედავს მათ — გამოარჩევს და დააფასებს. ეს პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობის გარდა, მასწავლებლის მოტივაციასაც გაზრდის.
— რა როლი ექნება დირექტორს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში?
— დირექტორის სტანდარტზე ახლა ვმუშაობთ. დირექტორის პროფესიისადმი მიდგომა მთლიანად უნდა შეიცვალოს, ის უნდა გახდეს მაღალანაზღაურებადი და დამსახურებული სამსახური. ის უნდა წარმოჩინდეს როგორც საგანმანათლებლო პროცესის ლიდერი, რომელსაც ზოგადი მართვის საკითხებთან ერთად, კარგად შეუძლია სასწავლო სასკოლო გეგმის შედგენაც და მასწავლებლის შეფასებაც. მან კომბინაციაში უნდა შეძლოს პროცესების მართვა და სრულად გახდეს პასუხისმგებელი თავისი სკოლის განათლების ხარისხზე.
— ხომ არ იგეგემება სკოლების რეიტინგულად დალაგება?
— არა, რადგან ეს არასწორი მიდგომაა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ ხარისხიანი საგანმანათლებლო მომსახურების ხელმისაწვდომობას მთელი ქყვენის მასშტაბით. ამიტომ იორმუღანლოს სკოლა 51-ე სკოლას რომ შეადარო, ვფიქრობ, არ არის სწორი. იორმუღანლოს სკოლა უნდა შევაფასოთ მისი პროგრესის მიხედვით — სად იყვნენ წელს და სად იქნებიან გაისად. ასევე, უნდა შევაფასოთ 51-ე სკოლა — განიცადა თუ არა პროგრესი თავის თავთან მიმართებაში.
— როგორ შევაფასოთ თქვენ მიერ შემოთავაზებული სიახლეების სისწორე და ეფექტურობა, პირველ რიგში, რაზე უნდა აისახოს ან რამდენ ხანში უნდა ვიგრძნოთ ხელშესახები შედეგები?
— ბევრგან მითქვამს და თქვენთანაც გავიმეორებ — განათლება ჰგავს ხეჭეჭურ მსხალს, ეს არის სფერო, სადაც ეფექტს ვერ მიიღებ პირველ, მეორე ან მესამე წელს, ის ხანგრძლივ დროს მოითხოვს. ერთადერთი, რაც ახალი სკოლის პროექტში სწრაფად გახდა თვალსაჩინო, არის ის, რომ მასწავლებლების მოტივაცია გაიზარდა და ბავშვები გაკვეთილებზე ხალისიანები გახდნენ. მშობლები ხედავენ გაღიმებულ და ბედნიერ შვილებს, პროექტებზე მომუშავეთ და საგანმანათლებლო პროცესში დაკავებულებს და არა დაზეპირებაზე და ნიშნის მიღებაზე ორიენტირებულებს.
მაღალსააზროვნო უნარებზე სწორედ მაშინ გადის ბავშვი, როცა მეტი თავისუფლება აქვს. შეუძლებელია, დათრგუნულმა ბავშვმა ეს შეძლოს. როცა მოსწავლე მომღიმარ და მოტივირებულ მასწავლებელს ხედავს, როცა თანაკლასელებთან გუნდურად მუშაობს, მთელი დღის განმავლობაში თანაკლასელებთან სოციალურ ურთიერთობაშია, მისთვის სასწავლო პროცესი ისე სწრაფად და სასიამოვნოდ მიდის, რომ ვერც იგებს. 21-ე საუკუნის მოქალაქეც ხომ სწორედ ასეთია — კრეატიული და მოაზროვნე, რომელსაც შეუძლია კვლევით და კეთებით ისწავლოს, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრებაც კვლევა და კეთებაა. ჩვენ კი, არც კვლევას გვასწავლიდნენ სკოლაში და არც კეთებას. ორიენტირი ახლა ამაზეა — სწავლა კეთებით და სწავლა ძიებით.
— როგორ წარმოგიდგენიათ ის თანამედროვე მასწავლებელი, რომლისთვისაც თქვენ ამ ცვლილებებს ახორციელებთ?
— თანამედროვე მასწავლებელი არის ფასილიტატორი, რომელსაც შეუძლია მოსწავლეებთან საინტერესო გაკვეთილის ჩატარება სწავლების თანამედროვე მეთოდებით, რომელიც საინტერესო პროექტებით დააინტერესებს მოსწავლეებს და შეძლებს მათ მაქსიმალურად ჩართვას პროცესში. აი, ასეთია ჩემი თვალთახედვით თანამედროვე მასწავლებელი.
— მთავარი გზავნილი თქვენგან მასწავლებლებს
— პროფესიაში მყოფმა ადამიანებმა და ჩვენ, ვინც სისტემაში ვართ, ყველამ ერთად უნდა დავიბრუნოთ ღირსება და ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ მასწავლებლობა არ არის დაბალანაზღაურებადი პროფესია, რომ ჩვენ ვართ ქვეყანაში ყველაზე საჭირო პროფესიის წარმომადგენლები და რომ მასწავლებელზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავალი. პირველ რიგში, თავად უნდა დააფასო საკუთარი თავი, რომ სხვამაც დაგაფასოს.
ესაუბრა ლალი ჯელაძე