სოფიო კუბლაშვილი
„სადაც შენ თვითონ არ ხარ, იქ სინამდვილე არ არის! ანუ „სინამდვილე იქაა, სადაც თვითონ შენ ხარ!“ – მიხვდა მარცვალა… („მარცვალას ოინები“)
ნაწილი I
მე, როცა მარცვალას თანატოლი ვიყავი, ქუთაისში, პატარა ქარიან უბანში, ოროთახიან ბინაში, ვცხოვრობდი დედასთან, მამასთან, დებთან: უფროს ნათიასა და უმცროს ქეთევანთან ერთად. „მემორიალის უბანი“ ერქვა არაოფიციალურად ჩვენს ქუჩას. ამ სახელით იცნობდა ცადაქვეყანა.
„დიდების მემორიალი“ – მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი მონუმენტური ძეგლი ზარ-ზეიმით გაიხსნა 1981 წელს. ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო (მაშინ „სამამულოდ“ იხსენიებდნენ) ომში (1941-1945წწ.) გმირულად დაღუპულ ქართველთა ხსოვნის უკვდავსაყოფად.
ჩვენი მომცრო ბინის ფანჯრიდან ყოველდღე ვუმზერდი 46 მეტრი სიმაღლის ობელისკს და მხედარი მზეჭაბუკის ქანდაკებას, რომელსაც ზეაღმართულ მარჯვენაში ეჭირა მარადიული ცეცხლით მანათობელი ხმალი.
– რატომ ვიწყებ მოზარდების საკითხავ სტატიას „დიდების მემორიალის“ აღწერით?
– იმიტომ რომ, ჩემი ბავშვობის პერიოდის მოგონებების საწყისი ისაა. ძეგლი მდებარეობდა გაშლილ მინდორზე. მონუმენტი და ქანდაკება ხუთი საფეხურით ამაღლებულ, ქვაფენილით მოპირკეთებულ, არეზე წამოემართათ, შიგ მინდვრის ცენტრში. შემოგარენი წრიულად დაეკვალათ ბეტონის გზებით, ქუჩის მხარეს გაეშენებინათ ულამაზესი ვარდების კვლები. ქუთაისში ვერსად იპოვიდა კაცი უკეთეს დასასვენებელ ადგილს – ბანოჯის სიო, გაშლილი სივრცე, რაკრაკა ოღასყურა და სიმშვიდე. ყოველ თბილ საღამოს დედასთან ერთად მოვირბენდით მემორიალის გვირილებიან მინდვრებს და ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ შემოვუვლიდით მზეჭაბუკის ქანდაკებას. აუცილებლად თავდახრილნი და მობუტბუტენი. – რას ვბუტბუტებდით? – ქვაზე ამოტვიფრულ სტროფებს ვკითხულობდით. იმ სტრიქონებს, რომელნიც ქართული კულტურისა და მწერლობის საგალობლად გაისმის მსოფლიოში დღესაც. ქართველი კლასიკოსების მიერ თავისუფლებისთვის შექმნილ უკვდავ ქმნილებებს, როგორებიცაა: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!“, „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“, „ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება…“, „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს…“, „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო…“, „მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ…“, „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი…“, „სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილება…“, „საქართველოო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?..“, „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი…“ – ამ სტროფებიან ფილებზე ვისწავლე სირბილი და კითხვა. ერთ-ერთზე კი ამოეტვიფრათ თარიღი – 1941-1945.
მაშინ მეორე მსოფლიო ომსა და იმ სტრიქონების შორის შეუსაბამობა არ მესმოდა. მეტისმეტად გვიან, 1991 წლის შემდეგ, უკვე თინეიჯერმა გავაცნობიერე იგი.
– რისთვის დავიწყე ეს სტატია „დიდების მემორიალის“ აღწერით?
– ჰო, თითქოს უწყინარია (ვიღაც დასძენს, სასარგებლოცააო!) პატრიოტული სტროფების კითხვა – სამშობლოსა და პოეზიის სიყვარულით იზრდება ბავშვიო, ენას ავარჯიშებს და გონებას აწრთობსო; მაგრამ ხომ ნათელია, რამდენად მზაკვრული ჩანაფიქრი ჰქონდათ დიქტატორ კომუნისტებს, როგორ ნიღბავდნენ მთავარ მიზანს: ბავშვის ცნობიერებაში უნდა გაზრდილიყო ის პარაზიტი პატრიოტიზმი, რომელიც გაანადგურებდა სიმართლეს.
როცა ირგვლივ არაფერი ნამდვილი არ იყო, მეც ვერ გავხდებოდი ის, ვინც სინამდვილეში ვიყავი. ამიტომ ბავშვობა რამდენადაც უსაფრთხო შეიძლება იყოს, იმდენად სახიფათოა – ყალბი გარემო პიროვნებას ვერ აყალიბებს.
მოზარდობისას არ გამჩენია შემდეგი კითხვები: რა არის თავისუფლება? მე თავისუფალი ვარ? რა არის სიმართლე? ვისი მჯეროდეს? რა მინდა?
ვერ მომაფიქრდებოდა ეს კითხვები მაშინ, როცა პირველკლასელს დამაზეპირებინეს მასწავლებლებმა: ჩემი დიდი სამშობლო არის საბჭოთა კავშირი, ჩემი პატარა სამშობლო არის საქართველო (მკლავებსაც ვშლიდით. ჯერ ფართოდ განზე, შემდეგ – ვიწროდ, მკერდის წინ). ვერც უფროსკლასელობისას, როცა სკოლაში აზრს არავინ მკითხავდა და, თუ მაინც გამოვთქვამდი, არავინ მომისმენდა.
ჩემსავე უბანში, კორპუსის ფასადზე ეკიდა ფართო ბანერი ილიას სტროფით: „კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“. მომწონდა, ო, როგორ მხიბლავდა ეს შინაარსი და როგორ ვცდილობდი, სხვისთვის სარგებელი მომეტანა, სხვა გამეხარებინა. მაშინ არ ვიცოდი ილიასა და მე-19 საუკუნის გამოწვევების შესახებ. ილიას გათითოკაცებული საზოგადოების შეკვრა სურდა, კომუნისტურმა იდეოლოგიამ კი არაეროვნული მოხერხებულობით ხალხმრავალ ადგილას საპირისპირო განზრახვით გადმოკიდა – სწორედ გასათითოკაცებლად, იმის ჩასაგონებლად, რომ „მე“ მნიშვნელოვანი არ ვარ, არც – შენ, „სხვა“ არის პრიორიტეტი. ანუ არც საკუთარი თავისთვის და არც ერთმანეთისთვის არ ვცხოვრობთ, ჩვენი მიზანია საბჭოთა სამშობლოს კეთილდღეობა. საბჭოთა სამშობლო კი რაღაც წარმოსახვითი და უსაზღვროდ გაიდეალებული ცნება იყო, შესაბამისად, არამატერიალური, არამიწიერი.
რეალურად, ჩემი სამშობლო მაშინ სულაც არ ჩანდა. არსად!
◊ ◊ ◊
შაბათ-კვირებს და არდადეგებს ვატარებდი სოფლებში, მამულ-დედულში, ხრესილსა და სკანდეში (იმერეთია. ორივე სოფელი ისტორიული მნიშვნელობისაა). ეს იყო კითხვის დრო. არ მახსოვს, რატომ მერჩივნა კითხვა ყველა სხვა გასართობს. აქ ვარაუდებს არ დავწერ. გამიმართლა, რომ ბებიები დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები იყვნენ, ჩემი მოგვარე ბაბუა ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი, მეორე კი ეკონომისტი. მათ სახლებში საკმარისზე მეტი საყმაწვილო წიგნი იყო, სხვა უამრავს შორის. ჩამოვთვლი, რა წამიკითხავს ბავშვობასა და მოზარდობის პერიოდში:
„დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“, ანე კატერინე ვესტლი (ნორვეგია);
„ვინი პუჰი“, ალან ალექსანდრ მილნი (ინგლისი);
„პატარა მაწანწალა“, ჯეიმს გრინვუდი (დიდი ბრიტანეთი);
„80 000 კილომეტრი წყალქვეშ“, ჟიულ ვერნი (საფრანგეთი);
„პეპი გრძელიწინდა“, ასტრიდ ლინდგრენი (შვედეთი);
„სახურავის ბინადარი კარლსონი“, ასტრიდ ლინდგრენი (შვედეთი);
„ტომ სოიერის თავგადასავალი“, მარკ ტვენი (ამერიკა);
„ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, მარკ ტვენი (ამერიკა);
„პიტერ პენი“, ჯეიმს მეთიუ ბარი (შოტლანდია);
„ეს დაუდეგარი არდადეგები“, მოთხრობების კრებული. ალექსანდრე ლორია (საქართველო);
„სალამურას თავგადასავალი“, არჩილ სულაკაური (საქართველო);
„ვარსკვლავთცვენა“, ოტია იოსელიანი (საქართველო);
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ნოდარ დუმბაძე (საქართველო);
„ტრფობა წამებული“, „მიმქრალი შარავანდედი“, ვასილ ბარნოვი (საქართველო);
„ლაშარელა“, გრიგოლ აბაშიძე (საქართველო);
„გაბზარული გული“, შიო არაგვისპირელი (საქართველო);
„ბიძია თომას ქოხი“ (ახალი თარგმანით „ბიძია ტომის ქოხი“), ჰარიეტ ბიჩერ სტოუ (ამერიკა);
„მოხუცი და ზღვა“, ერნესტ ჰემინგუეი (ამერიკა);
„ალხანა და ჩალხანა“, ოთარ ჭელიძე (საქართველო);
„მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი“;
„თეთრი საყელო“ და სხვა მოთხრობები, მიხეილ ჯავახიშვილი (საქართველო);
„თამაში ჭვავის ყანაში“ (ახალი თარგმანით „ტყის პირას ჭვავის ყანაში“), ჯერომ სელინჯერი (ამერიკა);
„როგორ იწრთობოდა ფოლადი“, ნიკოლოზ ოსტროვსკი (რუსეთი);
„კრაზანა“, ეტელ ლილიან ვოინიში (ირლანდია);
პიესები, უილიამ შექსპირი (ინგლისი). „რომეო და ჯულიეტამ“ ჩამახედა ამ წიგნში;
მოთხრობათა კრებულები: „ფრანგული მოთხრობები“, „გერმანული მოთხრობები“, „ინგლისური მოთხრობები“;
ზღაპრების კრებულები: „ქართული ზღაპრები“, „გერმანული ზღაპრები“, „ესტონური ზღაპრები“, „ფრანგული ზღაპრები“, „ნორვეგიული ზღაპრები“, „ამერიკული ზღაპრები“;
„ბუნების კარი“, იაკობ გოგებაშვილი (საქართველო);
„სრული სამზარეულო“, ბარბარე ჯორჯაძე (საქართველო) საინტერესოდ მეჩვენებოდა არქაული ლექსიკით შექმნილი რეცეპტები;
სახალისო მათემატიკა, სახალისო ფიზიკა, სახალისო ქიმია, ასტრონომია, დედამიწის ცხოველები და სხვა სამეცნიერო პოპულარული წიგნები (არასასკოლო);
პოეტური კრებულები სერიით „ქართული პოეზია“ და ანთოლოგიები (ლექსების ხმამაღლა მანერულად კითხვა მიზიდავდა. დიდად ვერ ვწვდებოდი სიღრმეს);
„ვეფხისტყაოსანი“ (რომლის მნიშვნელობას მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ, მკაფიოდ მახსოვს, ვკითხულობდი, რადგან რთულად ამოსაკითხებით მიწვევდა და მომწონდა პროცესი);
განსაკუთრებით გამოვყოფ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებულს. ეს არის (დღემდე მაქვს) ძველი გამოცემა, ალბომის ფორმატი აქვს. ჩემთვის ძვირფასი წარწერით. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ნოე კუბლაშვილის (ბაბუას უმცროსი ძმა) ხელით შესრულებული. ნოესთვის, როგორც სამაგალითო მოსწავლისთვის, უჩუქებია ქართულის მასწავლებელს, გვარად ზარქუას. ნოე არის ამაყი და ცოცხალი ამ წიგნის პირველ გვერდზე. მეც ამაყი ვიყავი ამ ფაქტით, ცოტა ამპარტავანიც.
შენიშვნა: რა თქმა უნდა, რიგითობას მნიშვნელობა არა აქვს. ვერც იმ თანმიმდევრობას დავიცავ, რომელი უფრო ადრე წავიკითხე. შეიძლება უფრო მეტიც იყოს…
◊ ◊ ◊
ვწერ ამ ჩამონათვალს და ვფიქრობ, ბედნიერებაა, რომ ბავშვს აქვს სახლში ბიბლიოთეკა და შეუძლია წიგნების კარადის კარი გამოაღოს, თვალი გადაავლოს და თქვას: – ახლა რა წავიკითხო? მადლობა ჩემს მშობლებსა და ბებია-ბაბუებს.
ამ სტატიაში რომ ფრაზები, გამონათქვამები და ეპიზოდები დავასახელო ჩამოთვლილი წიგნებიდან, არ ვიქნები გულწრფელი, რადგან ბავშვობისას წაკითხული ამბები, ისე გადამუშავდება და შეითვისება გამოუცდელი გონების მიერ, რომ მისგან აღარაფერი რჩება. ესაა სარწყავი ჩვენი ზრდისთვის, როგორც წყალია მცენარისთვის.
ბებიები და ბაბუები მასწავლებლები მყავდნენ. მათგან მახსოვს პატარა ისტორიები, გასართობი გამოცანები, ენის გასატეხები და ლექსები. ორი მათგანი უნდა დავასახელო: ვაჟა-ფშაველას „ქორი და წიწილა“ და ავთანდილ გურგენიძის „მაინც დანაშაულია“. ერთისგან სევდა დამრჩა, მეორისგან – პასუხისმგებლობა…
მერე, როცა სიყვარულისგან ალმური ამივიდა, სატრფიალო თემამ წამლეკა. ფილმები, სიმღერები, რომანები, ლექსები, ისტორიები…
არ ვიცი, როდის, ვისთან სიახლოვით, რომელი მოქმედებებით უფრო გავიზარდე. შრომამ შემაკოწიწა თუ წიგნიერებამ გამომძერწა? შეიძლება, ბავშვობაა თვითონ ის, რაც დიდებად გვაყალიბებს… არავინ იცის.
◊ ◊ ◊
ვაგრძელებ სტატიის წერას და ფიქრებს ვერ ვუსხლტები: – მაინც რისგან შედგება მწერალი სოფიო კუბლაშვილი? – ბავშვობამ რომელი საძირკველიც ჩამიყარა, დღემდე არსებობს თუ დაიშალა? რა ღირებულებები ჩამომიყალიბა ჩემი მოზარდობის ხანის ეპოქამ? როდის და როგორ გავაცნობიერე, რომ ჩემი ფესვების ნიადაგის საზრდო გამოსაცვლელია? გარდაიქმნა „კომუნისტი ბავშვი“ თავისუფალი ქვეყნის შესაფერის მოქალაქედ? ბავშვობისა და მოზარდობის დროს მიღებული განათლება თუ გამოტანილი დასკვნები ახლაც გამოსადეგი და აქტუალურია? დღემდე მუშაობს ბავშვობისას ვერდაძლეული მავნე გავლენები? ხომ არ დავკარგულვარ?..
ამ კითხვებზე პასუხებისთვის დავიწყე მხატვრულად წერა. ნამდვილად ასეა: ჩემსავე ტექსტებში გადავნაწილდი, რათა თვითონვე ამომეკითხა საკუთარი თავი. გარწმუნებთ, არ „დავკარგულვარ“ და ვგრძნობ, რომ მარცვალაც, ჩემი წიგნის „მარცვალას ოინები“ პერსონაჟი გოგონა, ჩემი და თქვენი სანდო მეგობარია.
ნაწილი II
ჰო, მარცვალა შენი მეგობარია
„მარცვალას ოინების“ დასაწყისში მარცვალა ჩვილია, ბოლოს იგი 8 წლისაა. სკოლის მოსწავლეა და უკვე სჯერა სამყაროს ყველაზე დიდი ჭეშმარიტების, რომ „სადაც შენ თვითონ არ ხარ, იქ სინამდვილე არ არის! ანუ „სინამდვილე იქაა, სადაც თვითონ შენ ხარ!“
მარცვალას თავს ცოტა გადახდა თუ ბევრი, იგი გადაიქცა ნამდვილად და გაანამდვილა გარემოც: თანაკლასელები, სწავლა, მშობლები, თავგადასავლები. ამიტომ არის „მარცვალას ოინები“ გზამკვლევი 8, 9, 10, 11, 12 წლის ბავშვებისთვის. მარცვალა გოგოს სახალისო დაუჯერებელი ისტორიები მზადებაა თინეიჯერობის პერიოდისთვის. რატომ? – იმიტომ, რომ მოზარდობის ხანას აუცილებლად თან ახლავს საკუთარ თავთან კონფლიქტი, რომელსაც შედეგად მოჰყვება საკუთარ თავთან გაუცხოება. გაუცხოება ასე წარმოიდგინეთ: თქვენ გარედან, თანაც შორიდან უმზერთ თქვენსავე სახეს, ტანს, ჩაცმულობას, ქცევას, მეტყველების მანერას, მიმიკებს — ყველაფერს და ფიქრობთ: ნუთუ ეს ვარ მე? ეს რა არის, როგორი ვარ?! ასეთი უნდა მივიღო ჩემი თავი?! ვერ გავიგე ვისთან ყოფნა მომწონს, რა მინდა და სად მინდა ყოფნა. ან რა მაცვია, ან ვისთან ვმეგობრობ, მშობლები ჩემგან რას ითხოვენ?! რა უნდა შევცვალო?! ესაა ჩემი ნამდვილი სახე? როგორი მინდა ვიყო? ვინაა ჩემი მეგობარი? ვინ ვიქნები? როგორი?..
– რა აადვილებს თვითგამორკვევის, თვითიდენტიფიკაციის პროცესს?
– საკუთარი თავის გაცნობა, მეტი და მეტი ინფორმაცია. სხვადასხვა ბევრნაირ სიტუაციაში დაკვირვება, თავის ამოცნობა. თავისუფლების არსის გააზრება და მისკენ სვლა — გათავისუფლება!
გათავისუფლება როგორი პროცესია: მოზარდი იწყებს იმის კეთებას, რაც აბედნიერებს, ალაღებს; თანდათან მოიცავს განსხვავებული შეგრძნებები და ეს იქნება სწორედ თავისუფლების ენერგია; ამ ენერგიით გააცნობიერებს, როგორ გამხდარა ბუნების თანაზიარი, მისი ორგანული ნაწილი; საბოლოოდ, მარტივად იჯერებს საკუთარ არსებობას.
– როგორ?
– პირველი, რის ნამდვილობასაც მოზარდი აღიარებს, არის ხილული მატერიალური ბუნება. ამას მოჰყვება საკუთარი თავის შემჩნევა და დაჯერება, რომ ბუნების ნაწილია. ხოლო, რადგან ბუნება რეალურია, რეალურია თვითონაც. ამგვარად ხდება პიროვნებისა და სინამდვილის შერწყმა. მოზარდი ხედავს და შეიგრძნობს სინამდვილეს, უძლიერდება სიყვარული სამყაროს მიმართ. მან უკვე იცის, სად იმყოფება, მას უკვე შეუძლია დანახვა სინამდვილის და ცნობა ნამდვილი საკუთარი თავის.
„არავითარი ჯადოსნობა, მარტივი ოინია: შემიძლია, სიმართლე და ტყუილი ერთმანეთისგან გავარჩიო მხოლოდ იქ, სადაც ვიმყოფები მე, ნამდვილი მე!“
„მარცვალას ოინების“, როგორც მოზარდების საკითხავის მიზანი არის ერთგვარი „მიბრუნება“, საკუთარ თავთან პირისპირ დგომა და დაკვირვება – ვინ ვარ მე? რა შემიძლია?
ამ წიგნში უცხო და უცნაური არაფერია, არც ერთი ამბავი თუ ფიქრი, სწორედ ესაა ამ წიგნის ჯადოსნობა. ბუნებრივი და ორგანულია მისი შინაარსი და ამით არის განსხვავებულად საინტერესო. ბავშვი აღფრთოვანებულია და ამბობს: – ეს ჩემი ცხოვრებაა!
წიგნის, სინამდვილისა და მოზარდი მკითხველის სამეული – სამკუთხედი. ის ჰარმონია, რომელიც ავითარებს.
– როდის არის მოზარდი ნამდვილი?
– როცა მას ქცევის, სათქმელის, ემოციის, გრძნობის გამოგონება კი არ სჭირდება, არამედ შესაბამისობაშია საკუთარ თავთან. თუ ასეა ტყუილის გარჩევა სიმართლისგან იოლი ხდება. იწყება შედარება და გაანალიზება, დამახსოვრება და გამოყენება… იქ, სადაც სიმართლეა, ყველა ბედნიერია!
მარცვალა შენი მეგობარია! – გეუბნებით მე, ავტორი.
1. მარცვალა გოგოს ზოგჯერ შენსავით ჰგონია, რომ მშობლები ვერ ამჩნევენ, რადგან ჰყავს უფროსი ძმა, რომელიც მათ ურჩევნიათ. „ისევ არ მომაქციეს ყურადღება, თითქოს არც ვარსებობ, – ჩამომარცვლა მარცვალამ. – ძალიანაც კარგი…“. იცის, მაგრამ ეს ხასიათს როდი უფუჭებს, ზოგჯერ ვერშემჩნევა სასარგებლოცაა. რა აღარ შეიძლება მოახერხოს ადამიანმა. მარცვალა გოგო შენსავით აკვირდება დედას, მამას. „მამა კეთილია, მაგრამ მაინც მამაა, ამიტომ ვერასდროს მიხვდება, რატომ მოვიქეცი ასე!“ – ამბობს ის. როცა ვერ თანხმდებიან, მარცვალა დაუთმობს ხოლმე, რადგან მათი სიყვარულის სჯერა. „დანამდვილებით ვიცი, რომ მოშივებული შვილები დედებს განსაკუთრებით უყვარდებათო“. ოღონდ ესაა, უფროს ძმასთან ვერ ამყარებს ჰარმონიას. დაცინვას უფრო ელოდება მისგან, ვიდრე თანაგრძნობას;
2. მარცვალა გოგოს არ უსმენენ ხოლმე, მისი მონაყოლი არ სჯერათ და ტყუილის თქმაში ადანაშაულებენ. ბოლომდე არ მომისმინაო, გულნატკენია დედას ქცევის გამო, როცა სათქმელი გააწყვეტინა. მუდმივად აქვს მოლოდინი, რომ არ დაუჯერებენ. არადა, არასდროს იტყუება, ოღონდ ესაა, რომ მისი სიმართლის შინაარსი სრულიად წარმოუდგენელია სხვებისთვის;
3. მარცვალა გოგო შენსავით სულ იმის ცდაშია, რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავი წარმოაჩინოს. ყველას აჩვენოს შესაძლებლობები, გაამხილოს, გააზიაროს ინტერესები, სურვილები, მიზნები. სურს თანატოლებიც ჩართოს თავისი მოფიქრებული გეგმის აღსრულებაში; სურს მოაწონოს სხვასაც არჩეული საგნები, გააცნოს დამეგობრებული ცხოველები, მღრღნელები, მწერები;
4. მარცვალა გოგოს შენსავით უხარია გადაწყვეტილების მიღება. თუ ამ მომენტში ბედნიერია, ესე იგი მართებულად გადაუწყვეტია. მისთვის მთავარი მონდომებაა, არ აღიარებს ვალდებულებებს და არაფერი გაეგება სირცხვილის, იმიტომ კი არა, რომ თავს არიდებს, უბრალოდ, არაფერში სჭირდება. სამაგიეროდ, აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ჩაფიქრებული და დაგეგმილი საქმეებისადმი. მისთვის მთავარი მოტივაციაა! მარცვალა გოგო ზუსტად ისე, როგორც შენ, ვერ ითმენს, როცა რამეს დაუშავებენ და შეუპოვრად აგებინებს პასუხს ყველას;
5. მარცვალა გოგოს შენსავით უყვარს სხვა გასართობი წიგნების კითხვა და ვერაფრით შეიყვარა მეცადინეობა. მასაც არა აქვს ყველა კითხვაზე პასუხი და ძალიანაც უნდა, რომ ჰქონდეს, მაგრამ მაინც, როცა უჩიჩინებენ, მეტი ისწავლოს, უპასუხებს: „სრულიად მაკმაყოფილებს, რაც გავიგე!“ – სამაგიეროდ იცის ცოდნის მნიშვნელობა: გამოიყენოს იქ და მაშინ, როცა თან სასარგებლოა, თან გარდაუვალი. იცის, რომ დამოუკიდებლად საქმის კეთება უფრო სასიამოვნოა და არ თმობს თავის სურვილს, დაჟინებით მოითხოვს, ვინმემ ხელი არ შეუშალოს. დარწმუნებულია, თვითონ შეძლებს;
6. მარცვალა გოგო შენსავით კი გაჯიუტდება ხოლმე, როცა დახმარების თხოვნა აუცილებლად სჭირდება, რადგან ჰგონია, რომ ყველაფერი იცის და თან სათანადოდ ვერ დაეხმარებიან. თუმცა, ამავე დროს, ჰყავს სანდო და კომპეტენტური მეგობრები, რომელთა რჩევას ითვალისწინებს. „ყველას შეუძლია დახმარების გაწევა, ყვეეეელას! დაიმახსოვრე!“ – არწმუნებს მუხლუხო ხვეულა. მარცვალა მალე დაიჯერებს, რომ ერთმანეთს ვჭირდებით;
7. მარცვალა გოგოს შენსავით სულ წარმატებისკენ, გამარჯვებისკენ უჭირავს თვალი; შენსავით ისწრაფვის, რომ საუკეთესო იყოს. იყოს ის, ვისაც ვერავინ ამარცხებს. ამიტომ მოსწონს შეჯიბრებაში გამოწვევა თანატოლების. იდეა, ყველა დასაფასებელია და, თუ სწორად დაგეგმავ, გაიმარჯვებო, ფიქრობს. გაჯიბრება ურჩევნია დახმარების თხოვნას. ასე ორ საქმეს ერთად ვაკეთებო, ფიქრობს. ხოლო მუხლუხო ხვეულა შეახსენებს: „დახმარების თხოვნა შეჯიბრებაზე იოლია, თუმცა როგორც გენებოს!“ – საბოლოოდ, თუ გამარჯვებისთვის ძალა არ შეგწევს, შეჯიბრების წამოწყება დიდი უაზრობააო, ზუსტად შენსავით ასკვნის მარცვალა გოგო;
8. მარცვალა გოგოს შენსავით უამრავი მეგობარი ჰყავს. მხოლოდ გოგო-ბიჭები კი არა, კატა, ძაღლი, თაგვი, ჭიანჭველა, კუ, ზღარბი, თხუნელები, ფუტკარიც კი. თითოეულს აქვს სახელი და ხასიათი. მარცვალა გოგოს ბუნებაში მცხოვრებ ყველა არსებასთან საერთო ენის გამონახვა შეუძლია. რაო? განა, შენ არ გასაუბრებიხარ ცხოველებსა და მწერებს, ჩუმად მაინც. როგორ არა! თანაც გაიხსენე, რამდენი თანატოლია შენ გარშემო, თანაც ერთმანეთისგან განსხვავებულნი. მათ შორისაა სმენადაქვეითებული, ეტლით მოსარგებლე, უსინათლო, განმარტოების მოყვარული, ბეჯითი, მშრომელი თუ ზარმაცი და ნებიერა. ამიერიდან მარცვალას მეგობრებიც არიან შენი მეგობრები და უკეთ დარწმუნდები, რომ ყველას შეუძლია ერთგულება. მარცვალა გოგო მზრუნველია ზუსტად შენსავით, ზოგჯერ კი ავიწყდება დაპირების შესრულება, მაგრამ ბოდიშის მოხდაც შეუძლია მეგობრის შესანარჩუნებლად;
9. მარცვალა გოგოს შენსავით ყველაფერი აინტერესებს. მაგალითად, სად იმყოფება ბაბუა, რომელიც გარდაიცვალა და მათთან ერთად აღარ ცხოვრობს? აინტერესებს, ცაში რა ხდება? როგორ ნათდება ღამით მთვარე? რატომ ცოცხლდებიან მოჩვენებები ღამით? ნამდვილად შეუძლია ის, რაც უნდა რომ შეეძლოს, თუ არა?;
10. მარცვალა გოგოს შენსავით ეგონა, რომ მარტოც თავს გაართმევდა, მაგრამ, როცა დაინახა ერთიანი მონდომების შედეგი, აღიარა, რომ ერთად შრომა ბევრად უკეთესია, რომ ბედნიერი ბავშვები არ იღლებიან. ოღონდ იმასაც მიხვდა, რომ შედეგი მაშინ ექნება, როცა მიზანი გონივრულია, თან საკუთარი ძალისა და ცოდნის შესაბამის საქმეს წამოიწყებ. კი, ასეა ნამდვილად. „კარგი ყოფილა ერთად შრომა! ბაბუას უკვე აქვს სახლი.“ – ბედნიერია მარცვალა გოგო;
11. მარცვალა გოგომ გამოცდილებით იცის, რომელ ქცევას როგორი შედეგი მოჰყვება. ისიც იცის, ახალი უნარის შეძენას გავარჯიშება და ხანგრძლივად გამეორება რომ უნდა. იცის, როცა ჩქარობს, მზად არაა, არ გამოუვა, მაგრამ იტყვის, „რთულია, მაგრამ შეძლებო“ და არ ნებდება. ზუსტად შენსავით სულსწრაფია. დალოდება თითქმის არ შეუძლია. ამისთვის ნატრობს წუთი დღეს გადაიქცეს, ყველაფერი მალე, ახლავე უნდა მიიღოს. მარცვალა გოგო ამავე დროს თვითკრიტიკულიცაა, საკუთარ თავს დაამუნათებს ხოლმე დაუფიქრებელი მოქმედებისთვის, ან რამეს წამოროშვისთვის;
12. მარცვალა გოგოს სჯერა, როცა რაღაც ძალიან, ძალიან, ძალიან სურს და მცდელობასაც არ აკლებს, შეცდომების გამოსწორებაც შესაძლებელი ხდება. მაგალითად, ზუსტად იმ წუთამდე დააბრუნებს უკან დროს, როცა რაღაც გეგმის მიხედვით არ მოხდა და ნანობს ჩადენილს. შენც ხომ გინატრია?! მარცვალა გოგომ უკვე იცის, რომ შეცდომის აღიარებით ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება;
13. მარცვალა გოგო შეყვარებულია ზუსტად ისე, როგორც შენ. ისიც ვერ ამხელს ამ ამბავს. რთულია შეყვარებულზე საუბარი, მით უმეტეს, შეყვარებულთან. ამის გამო მოიწყენს ხოლმე, მაგრამ იცის, როცა თავს ცუდად გრძნობს, ტკბილი ამბები უნდა გაიხსენოს;
14. მარცვალა გოგოს სასაცილო მანერები აქვს: ლოყების მოსრესა ხელისგულით, ფეხაქნევით ხტუნვა, ცალ ტერფზე მობზრიალება, მალაყი, მკერდზე დაწვეთებული ცრემლების წკიპურტით მოშორება. შენც ასეთი ხარ – უცნაური და გამორჩეული. ამიტომაცაა მარცვალა შენი მეგობარი;
15. მარცვალა გოგომ იცის, როგორ გაარჩიოს სიმართლე ტყუილისგან. მერე რა, თუ აქამდე ჯადოქრობის სჯეროდა?! უკვე ხომ ჩასწვდა იმ ჯადოქრობის ნამდვილობას. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გაარკვია, ვინ დაეხმარა და რა გზით. მთავარია, ისწავლა, რომ ყურადღებით დაათვალიეროს გარემო, ყველაფერი: რასაც ხედავს, ესმის და გრძნობს ბუნებისგან – აღწეროს გონებაში, გააანალიზოს მოვლენები, ადამიანების ქცევასა და სიტყვებს მოუძებნოს მიზეზი; შეამჩნიოს ყველა წვრილმან-მსხვილმანი და ამ მრავალფეროვნებაში მიმალული საკუთარი თავი აღმოაჩინოს. კარგად დააკვირდეს თავის თავს, არ გამორჩეს არც ემოციები და არც განზრახვები. მარცვალა გოგოს ვეღარავინ მოატყუებს და თვითონაც არასდროს იცრუებს;
16. მარცვალა გოგო თავისუფალია ისევე, როგორც შენ. იმიტომ რომ, მხოლოდ საკუთარ თავს ჰგავს, ანუ იმას, ვინც ნამდვილია. მან იცის, ვინაა, რა მოსწონს, რა არ მოსწონს; რა უყვარს, რა არ უყვარს; რა შეუძლია, რა არ შეუძლია; რა უნდა, რა არ უნდა; ის ირჩევს, იღებს გადაწყვეტილებას; ის უმკლავდება სირთულეებს, შეუპოვარია და თამამი, ის ლაღია და აქვს სასარგებლო ცოდნა, რათა აკეთოს ის, რაც ძალიან უნდა, გამოსდის კიდეც და არავისთვისაა საზიანო. მარცვალა გოგოს სიყვარული შეუძლია ისევე, როგორც შენ!
მარცვალა გოგო ბედნიერია, მას ჰყავს ნამდვილი საკუთარი თავი და უამრავი ნამდვილი მეგობარი.
ჰოდა, შენც იყავი ნამდვილი და ამასთანავე მარცვალას მეგობარი!