(ეძღვნება ლელას ხსოვნას)
მისუსტდა…
სასომიხდილი გოგონა ცრემლიანი თვალებით იყურება…
– ნუ გეშინია, შვილო, სასწრაფო მალე მოვა. ექიმი დაგეხმარება, თავის ტკივილიც გაგივლის.
დედას შვილის ხელი ხელში უჭირავს.
თეთრი ბალიში გიშრისფერ თმას დაუფარავს. მარაოსავით გაშლილ წამწამებს ცხელი ცრემლი მოადგა, თეთრ სახეს ნელ-ნელა ლურჯი ფერი დაჰკრავს.
– სად არის ამდენ ხანს? ასე როგორ ჩავუგდო სიკვდილს ხელში? თვითონ, თვითონ რამდენი ტკივილი გადაიტანა. სიკვდილს რომ ვებრძოდი, მისმა სიყვარულმა გადამარჩინა. არა, არ დავნებდებით, შვილო!
დედა დაცვარულ შუბლზე ხელს უსვამს, ოფლს წმენდს.
– სიკვდილის სარეცელზე მყოფი შენზე ვფიქრობდი, რომ ძალიან გჭირდებოდა დედის სითბო, ალერსი, დარიგება. ვინ მოგივლიდა? ვინ შეგიმსუბუქებდა დედის სიკვდილით გამოწვეულ დარდს? უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება, დაუბრუნა ჩემს გოგონას დედა. გთხოვ, უფალო, ნუ დაგვაშორებ ერთმანეთს, ცოდვილი ვარ, უფალო, ჩემი გოგონა უმანკოა, სპეტაკი.
წამით შეჩერდა სამყარო…
დედა ფიქრიდან ვერ გამოერკვა…
გოგონამ შავი ბრიალა თვალები მოავლო ირგვლივ, ნაძალადევმა ღიმილმა ბაგე გაუპო და გაიფიქრა: მაპატიე, დედა!
მარიამ ჩაჩანიძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე