#მადლობამასწავლებელო – ამ სახელწოდების კამპანია სულაკაურის გამომცემლობამ სამი წლის წინ წამოიწყო და საზოგადოების, განსაკუთრებით პედაგოგიური საზოგადოების, დიდი სიყვარული დაიმსახურა. არ მახსენდება მსგავსი აქტივობა, სადაც მასწავლებლებს, მკაცრად გაწერილი საკონკურსო პირობების შესრულებისა თუ მოთხოვნების გარეშე, მადლობას უხდიდნენ და თან, წახალისების მიზნით, აჯილდოებდნენ. სწორედ ამიტომ მიიქცია ჩვენი ყურადღება ამ ძალიან გამორჩეულმა კამპანიამ. გარდა იმისა, რომ მათი აქტივობა მასწავლებლის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ყოველწლიურად გვაცნობს მასწავლებლებს, რომლებსაც გამომცემლობა ეძებს მათი აქტივობების, პროფესიული გაზიარებებისა თუ წარმატებებზე დაყრდნობით. ვფიქრობ, ეს ყველაზე გულწრფელი მადლობაა, რომელსაც მასწავლებლებს ჩვენს ქვეყანაში უხდიან.
4 მაისს, „სულაკაურის გამომცემლობამ“ კამპანიის #მადლობამასწავლებელო დასკვნით ღონისძიებაზე, მის მიერ შერჩეული, წლევანდელი 10 მასწავლებელი დააჯილდოვა და საზოგადოებასაც გააცნო.
„სულაკაურის გამომცემლობის“ 2023 წლის რჩეული მასწავლებლები:
✅ თათია მოსიაშვილი, სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლის მასწავლებელი – მოსწავლეებისთვის სიახლეების დაუღალავი ძიებისთვის, ყოველდღიური პროფესიული განვითარებისა და დიდი ოცნებებისთვის;
✅ ნინო მახარაშვილი, სოფელ ხცისის საჯარო სკოლის მასწავლებელი – პროფესიული სიახლეების ყოველდღიური ათვისებისა და კოლეგებთან გაზიარებისთვის, მოსწავლეების დიდი სიყვარულისთვის;
✅ ინა იმედაშვილი, UG სკოლის მასწავლებელი – მოსწავლეებისა და კოლეგებისთვის ფასდაუდებელი რესურსების შექმნისა და ბავშვების ჯადოსნურ სამყაროში ყოველდღიური მოგზაურობისთვის;
✅ დავით წამალაშვილი, თბილისის №21 საჯარო სკოლის მასწავლებელი – მათემატიკის სიყვარულისა და ამ სიყვარულის გავრცელებისთვის, პროფესიული სიახლეების ყოველდღიური ძიებისთვის;
✅ ინგა მოსიაშვილი, საჩხერის №2 საჯარო სკოლის მასწავლებელი – მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი სასკოლო თავგადასავლების მოწყობისთვის და სხვადასხვა ფორმით კოლეგების ინფორმირებაზე ყოველდღიური ზრუნვისთვის;
✅ ინა მეცხვარიშვილი, თბილისის №106 საჯარო სკოლის მასწავლებელი – მოსწავლეებისთვის ყოველდღიურობის ჯადოსნურ დღეებად ქცევისთვის, ღიმილისა და ცოდნის დაუღალავი გაზიარებისთვის;
✅ როსტომ კაჭახიძე, თბილისის №161 საჯაროს სკოლის მასწავლებელი – კოლეგიალობის დაუვიწყარი მაგალითების, იდეების ზეიმისა და მოსწავლეებისთვის ყოველი დღის დღესასწაულად ქცევისთვის;
✅ ხატია რაზმაძე, წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მასწავლებელი – გამოწვევების პროფესიულ წარმატებად ქცევისა და სკოლასა და მის გარეთ სამყაროში ბავშვების ხმის ელჩობისთვის;
✅ ნინო ინაიშვილი, ბათუმის №3 საჯარო სკოლის მასწავლებელი – მოსწავლეებისა და მასწავლებლებისადმი განუზომელი ემპათიისთვის, ბავშვების თვალების ასაციმციმებლად დაუვიწყარი გაკვეთილებისა და პროექტების დაგეგმვისთვის;
✅ გიორგი ლიპარიშვილი, თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, „ათასწლეულის სკოლისა“ და „ლიპარტის“ სახელოსნოს მასწავლებელი – სამყაროში ყველაზე კარგი სიტყვის — „მოსწავლებელის“ გამოგონებისა და მოსწავლეებისთვის ფიქრისა და აზროვნების სულ ღიმილ-ღიმილით შემოსწავლებისთვის.
♦♦♦
უკვე ტრადიციად ქცეული კამპანიის ფარგლებში, გამომცემლობა, მთელი თვის განმავლობაში, მასწავლებლებს სპეციალურ შეთავაზებებსა და სიურპრიზებს უმზადებს. მეორე წელია, რაც ეს კამპანია რჩეული მასწავლებლების დაჯილდოებით სრულდება.
#მადლობამასწავლებელო იმითაც გამორჩეულია, რომ მასში ჩართვა, თვის განმავლობაში, შეუძლია ყველას, ვისაც უნდა რაიმე ფორმით მადლობა გადაუხადოს თავის მასწავლებელს.
მასწავლებლებისადმი სხვადასხვა წელს მიძღვნილ სხვადასხვა აქტივობას – კონკურსები, გამოწვევები, ვიდეოები და აქციები, შეგიძლიათ გაეცნოთ მასწავლებლების ჯგუფში „სამასწავლებლო“ ჰეშთეგით #მადლობამასწავლებელო.
კამპანიის #მადლობამასწავლებელო იდეის ავტორი „სულაკაურის გამომცემლობის“ საგანმანათლებლო მიმართულების მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ჩუბინიძეა. მარიამი გვიყვება, რომ კამპანიას საფუძველი სამი წლის წინ ჩაეყარა, როდესაც პანდემიის გამო ჩვენი სახლები იქცა საკლასო ოთახებად. „მაშინ ყველამ უკეთ დავინახეთ, რა დიდი შრომა დგას იმის უკან, რომ მასწავლებლებს ჩვენი შვილების საყვარელი მასწავლებელი ერქვათ. მეც და ყველას, გამომცემლობაში, გაგვიჩნდა გულწრფელი სურვილი, რომ ამ ადამიანებისთვის რაღაც ფორმით გადაგვეხადა მადლობა და რაც უფრო მეტად გვინდოდა, ეს იყო ის, რომ ისინი უფრო მეტ ადამიანს გაეცნო და ამაში, რაღაცნაირად, ჩვენი წვლილი შეგვეტანა.
ასე დაიგეგმა ეს კამპანია. მომდევნო წელს ვიფიქრე, მასწავლებლები წაგვეხალისებინა სიმბოლური ჯილდოთი და გადაწყდა, რომ მოგვეწყო დაჯილდოების ცერემონია, რომელიც პირველად შარშან ჩავატარეთ.
ერთი წლის განმავლობაში კამპანიამ უფრო მეტი გულშემატკივარი შეიძინა, გახდა უფრო პოპულარულა და, ბუნებრივია, გაჩნდა კითხვებიც, თუ რა კრიტერიუმით ვირჩევთ ჩვენს რჩეულ მასწავლებლებს.
პასუხი მარტივია: ეს არაა ოფიციალური პროფესიული ჯილდო, კონკრეტული და მკაცრად გაწერილი კრიტერიუმებით. ჩვენს სიგელებს თუ ნახავთ, იქ დატანილი შეფასებები და დამსახურებებიც მოწმობს ამაზე.
ჩვენ უბრალოდ მადლობას ვუხდით მასწავლებლებს, რომლებიც ყოველდღიური დაკვირვებისა და სხვადასხვა სახის თანამშრომლობის შედეგად აღმოვაჩინეთ. მათ რიგებში ნაკლებად ნახავთ იმ მასწავლებლებს, რომელთაც უკვე აქვთ სხვა მრავალი ჯილდო და ისედაც იცნობს საზოგადოება. ესეც ჩვენი ერთგვარი პრინციპია – ვფიქრობთ, ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელი ჰყავს და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი დაჯილდოებები თუ კონკურსები, რომ უფრო მეტი ღირსეული მასწავლებელი გამოვლინდეს.“
იდეის ავტორი ამბობს, რომ კამპანიაზე მუშაობისას პირადად უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებს აკეთებს და შემდეგ მუდმივად ფიქრობს და ცდილობს, საუკეთესო აღმოჩენები სხვებსაც გაუზიაროს. მასწავლებლებისგან ბევრ კომენტარსა თუ პირად გზავნილს იღებს, სადაც მადლობას უხდიან, რომ ბევრი ძალიან კარგი კოლეგა, სკოლა, მოსწავლე გააცნო კამპანიამ. „ვფიქრობ, ეს კამპანია, სულ ცოტა, ამად ღირდა. მასწავლებლები, რომლებსაც ვაჯილდოვებთ, ჩვენი ჯილდოს გარეშეც, უკვე რჩეულები არიან, რადგან მათ ბიოგრაფიაში ამ პროფესიაში გატარებული მრავალი წელი და, წლების სიმრავლეზე მეტად, პროფესიონალიზმის ხარისხია მნიშვნელოვანი. ჩვენ, უბრალოდ, სიამაყით ვარქმევთ მათ „სულაკაურის გამომცემლობის“ რჩეულებს და შემდეგ მათ იდეებს სხვადასხვა ფორმით ვუდგავართ გვერდში,“ – ამბობს მარიამ ჩუბინიძე.
კამპანიის რჩეული მასწავლებლების შთაბეჭდილებები
გიორგი ლიპარიშვილი
ვფიქრობ, ყველასთვის მნიშვნელოვანია, ვიღაცას რომ ახსოვხარ, მით უმეტეს, როცა გამოგარჩევს. შეიძლება არც არავისგან ვარ გამორჩეული, მაგრამ ყურადღება და მადლობის გადახდა ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები და, მათ შორის მასწავლებლები, მხოლოდ ხელფასისთვის ხომ არ ვმუშაობთ, ჩვენი მოტივაცია კიდევ სხვა რამეც არის, ენერგიის შესავსებად მხოლოდ ფულის ხარჯვა არ არის ხოლმე საკმარისი. ეს კამპანია – #მადლობამასწავლებელო – რაღაცნაირად თბილი კამპანიაა, თითქოს ძალის მომმატებელი და ენერგიის შემავსებელი – რასაც ვაკეთებთ, თურმე, სწორ გზაზე ვდგავართ, თურმე ბავშვების გარდა, ვიღაცას ვახსოვართ. ბავშვები ყველაზე გულწრფელები და ნამდვილები არიან და როდესაც დიდსაც გაახსენდები, ესეც დიდი და კარგი ამბავია. ბავშვებსაც სჭირდებათ მაგალითები ჩვენგან და როცა ხედავენ, რომ ზრდასრულებისთვისაც მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესია, შეიძლება შემდეგ უფრო მეტად მოუნდეთ მასწავლებლობა. ხშირად მსმენია ადამიანებისგან, რომ ბავშვებს ძალიან სჭირდებათ კარგი მასწავლებლები, მაგრამ „მე არ შემიძლია და ბავშვებთან არ ვიმუშავებ“. თუ არავინ იმუშავა, თუნდაც იმიტომ, რომ დაუფასებელი პროფესიაა პირდაპირი მნიშვნელობით (ძალიან დიდ ენერგიას ითხოვს და, ხშირ შემთხვევაში, უფრო ცოტა ჩანს, ვიდრე კეთდება), როგორ გვეყოლება ახალგაზრდა მასწავლებლები? ამიტომ ასეთი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი თავის რწმენა და დაჯერება გვჭირდება, რომ კიდევ უფრო გავიზარდოთ პროფესიულად და მეტი ენერგიით შევუდგეთ საქმეს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გამომცემლობას, რომელსაც მასწავლებლები ახსოვს, არამარტო ამ ჯილდოთი, არამედ, სხვადასხვა წახალისებებით. ეს არის კეთილი ნების გამოხატვა მათი მხრიდან, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვიღებ და მეც მადლობას ვუხდი მათ და ჩემს ღირსეულ მასწავლებლებს, ვინც მასწავლებლობის სურვილი აღმიძრა, სწავლის სურვილი გამიღვივა და ვინც მე გამახარა. სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, ვინც მადლობას არ იმსახურებენ, მაგრამ შეიძლება მეც არ ვიმსახურებ ყველასგან მადლობას.
თანამედროვე სამყაროში, მასწავლებელს ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, ბევრი რამის ნაცვლად უწევს, ბავშვი ინტერესში ჩააგდოს და შემოაბრუნოს კონკრეტული საგნისკენ. ალბათ, ყოველთვის ასე იყო, მაგრამ დღეს, როცა ვიზუალურ სამყაროში ვცხოვრობთ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ ინტერესი და კავშირი არ გავწყვიტოთ ბავშვებთან. მასწავლებლის ერთ-ერთი გამოწვევაც, ალბათ, საერთო ენის გამონახვა და კლასის მართვაა. ვფიქრობ, თვითგანვითარებით მიაღწევს ამას მასწავლებელი. ყველაზე რთულ და სწრაფად გადასაწყვეტ პრობლემად მეჩვენება კლასებში მოსწავლეთა დიდი რაოდენობა. მე კერძო სკოლაში ვასწავლი და ჩემს კლასებში არ არის ბევრი ბავშვი, მაგრამ საჯარო სკოლებში საკმაოდ მრავალრიცხოვანი კლასებია. ვფიქრობ, ამდენი ბავშვი არ უნდა იყოს ერთ კლასში და არც ამდენი საათის ჩატარება უნდა უწევდეს მასწავლებელს. გადაღლილი მასწავლებელი, თავისთავად, ვერ შეძლებს სრულფასოვნად და ხარისხიანად, დღეში, 7 გაკვეთილის ჩატარებას, ჩემი აზრით, სამი-ოთხი გაკვეთილი იდეალურია. მხოლოდ გაკვეთლის ჩატარებით არ უნდა განვსაზღვროთ მასწავლებლის სამუშაო საათები. კვირაში 7 დღე 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობ ხოლმე, ზოგჯერ სიზმრებშიც კი ვმუშაობ. დროის სწორად განაწილება, რა თქმა უნდა, უნდა შევძლოთ, მაგრამ თვითონ პროცესები უნდა შეიცვალოს გარშემო. ძალიან ბევრი კოლეგა მყავს და ვიცი რა დღეში არიან, სადამრიგებლო საათებთან ერთად, რამდენი გაკვეთილი აქვთ ყოველდღიურად ჩასატარებელი. ეს იწვევს გადაღლას, გადაწვას და პროფესიიდან გაქცევას. კი არ უნდა გავაქციოთ პროფესიიდან ადამიანები, უნდა შევინარჩუნოთ, მოვიზიდოთ და გავამრავლოთ. მასწავლებლობა პრესტიჟულ პროფესიად ვაქციოთ, ისევე როგორც მაგალითად, მეხანძრის პროფესიაა დასაფასებელი და მნიშვნელოვანი და კიდევ სხვა პროფესიები. სასურველი უნდა გახდეს მასწავლებლობა, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი ენერგია ჩადონ იმაში, რომ თავიანთი ცოდნა თუ სწავლების უნარი სხვას გაუნაწილონ.
ირმა გორდელაძე
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყველამ ვიცით და ვსარგებლობთ მათი გამოცემებით, თუმცა, ამ კონკურსის შესახებ არაფერი ვიცოდი. შარშან აღმოვაჩინე, თურმე, 2022 წლის ათ პედაგოგს შორის შემარჩია გამომცემლობამ, მაგრამ დაემთხვა, რომ, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 23 პედაგოგთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმყოფებოდი. სწორედ იქ დამიკავშირდა მარიამ ჩუბინიძე და მითხრა, რომ კამპანიის #მადლობამასწავლებლო ფარგლებში შერჩეული ვიყავი ათ პედაგოგს შორის და დაჯილდოების ცერემონიალზე მიმიწვია. რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა, თუმცა, ბუნებრივია, საზეიმო ცერემონიალს ვერ დავესწარი, ამიტომ, ჩემი დირექტორი დაესწრო და ჩემი გამოცხადებისას, მე ონლაინ ჩავერთე. ძალიან მიხარია, რომ კამპანია ისევ გრძელდება და წელსაც ჰყავს ათი საუკეთესო პედაგოგი. რაც შეეხება თვითონ ამ კამპანიის სახელწოდებას #მადლობამასწავლებლო, ძალიან დიდი სითბო მოდის გამომცემლობიდან და, რაც მთავარია, ამას აკეთებენ სულითა და გულით და არა რაიმე მოვალეობის მოხდის მიზნით. როცა ქვეყანაში დავბრუნდი, დამხვდა გამომცემლობისგან ფოსტით გამოგზავნილი წიგნები და სტიკერები, ბავშვებსაც ვაჩვენე და ძალიან გაუხარდათ. რა თქმა უნდა, წიგნები სკოლას ვაჩუქე. მართლა ძალიან გვჭირდება ასეთი სითბო, მით უმეტეს, ბოლო პერიოდში, როცა მასწავლებლების მიმართულებით წამოსულია არასასურველი პიარი, სხვადასხვა ნიშნით და მიმართულებით. ამის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ფაქიზი აქტივობა, რომელსაც გამომცემლობა მასწავლებლებისთვის აკეთებს. თან, ისიც ყურადსაღებია, რომ ეს არ არის კონკურსი, თვითონ არჩევენ გულწრფელად მასწავლებელს, რა თქმა უნდა, მათაც დიდი სიყვარული და სითბო უბრუნდებათ უკან. თითქოს ჩრდილი, რომელიც ამ პროფესიას ადგება, გაფანტეს, ძალიან ნათელ და მართალ საქმეს აკეთბენ.
მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები მცირე ხელფასზე ვმუშაობთ, ამას ხელი არ შეუშლია, გავიზარდოთ პროფესიულად და ჩვენი საქმე სიყვარულით ვაკეთოთ. მაგრამ მაინც მგონია, რომ მასწავლებლები თავს გრძნობენ ჩარჩოში მოქცეულად, გარკვეული საზღვრები გვაქვს დაწესებული და ამ საზღვრების ფარგლებში მუდმივად გვიწევს ბარიერების გადალახვა. ნებისმიერი ინსტრუქცია მოდის ზემოდან ისე, რომ მასწავლებელს არც რჩევას ეკითხებიან და არც უთანხმდებიან. ბუნებრივია, მასწავლებელი უკმაყოფილოა, რომ მას გარეაქტივობას – არასაჭირო წვრილმან აქტივობებს ავალდებულებენ, რამაც, ფაქტობრივად, დაატყო კვალი სასწავლო პროცესს. მესმის ტრენინგების აუცილებლობაც, კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებაც, რა თქმა უნდა, ისიც კარგად მესმის, რომ ჩვენ გვჭირდება 21-ე საუკუნის თანამედროვე მასწავლებელი ინოვაციური აქტივობებით, მეთოდებით, ხერხებითა და სტრატეგიებით, მაგრამ ჩნდება კითხვა, რატომ მიდის ხოლმე მასწავლებელი მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ამა თუ იმ ტრენინგზე? პასუხი ერთადერთია – ან შემოთავაზებული თემა არ მოსწონს, ან ფორმატი. მეც უამრავი ტრენინგი გავიარე წლების მანძილზე და, რა თქმა უნდა, მათ შორის იყო ბევრი არასასურველიც და უინტერესოც. ახლა უკვე მაქვს ფუფუნება, უარი ვთქვა იმ ტრენინგზე, რომელიც არ მომწონს ან მიმაჩნია, რომ არ არის ჩემთვის საჭირო. თემა, რომელიც მილიონჯერ გადავღეჭე, აღარ მჭირდება, რატომ მავალდებულებ ასეთ ტრენინგზე დასწრებას? ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ, რა არის მასწავლებლის საჭიროება, ამას თავად მასწავლებელს არ ეკითხებიან. ამიტომ სულ ვამბობ და აქაც გავიმეორებ – მკითხე მე რა მჭირდება, ეგებ სხვა მიმართულებით მჭირდება გაძლიერება. ჩვენ ყველაფერს მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ და ჩვენი საჭიროებების მიხედვით ვინ მოქმედებს? ინსტრუქციების მიცემა ზემოდან ქვემოთ კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ ერთობლივად. მერწმუნეთ, პრაქტიკოს მასწავლებელზე უკეთესად, რომელმაც წლების განმავლობაში დააგროვა გამოცდილება, არავინ იცის მისი საჭიროება – რა მიმართულებით სჭირდება განვითარება მასაც და სასწავლო პროცესსაც. ამიტომ უნდა მოხდეს აზრების შეჯერება და ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს მასწავლებლებსაც გადავუხდი მადლობას. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა დროინდელი მოსწავლე ვარ, სკოლამ მომცა ძალიან მყარი ზოგადი განათლება და ეს უდავოდ ჩემი მასწავლებლების დამსახურებაა. რაც მთავარია, ძალიან დიდი გავლენა იქონიეს ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ამიტომ მადლობა მათ. „სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გადახდილი მადლობა კი, ყველაზე თბილი მადლობაა ჩემს მრავალწლიან პედაგოგიურ გზაზე და ამიტომ დიდი მადლობა გამომცემლობას. ეს იყო საოცარი სიურპრიზი, აღიარება, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
ნათია უჩავა
პირველ რიგში, მადლობას გადავუხდიდი ამ კამპანიის ყველა სულისჩამდგმელ ადამიანს და „სულაკაურის გამომცემლობას“, ის ჩემთვის უპირობო ლიდერია ყველა გამომცემლობას შორის, რომელიც მასწავლებლებზე ზრუნავს. ამ კამპანიის ფარგლებში, პირველ წელს, მერგო პატივი, ვყოფილიყავი ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც მათ რჩეულებში დასახელდა. ძალიან დიდი მოტივაცია და რწმენა იყო ჩემთვის, მოტივაცია – უფრო შემართებით გამეგრძელებინა ჩემი საქმიანობა და რწმენა – რომ შესაძლებელია ერთ დღეს შენი შრომა დაინახონ და აღიარონ. ეს კამპანია იმითაც არის გამორჩეული, რომ ცდილობს საზოგადოებისთვის აანთოს და ცნობადი გახადოს ის მასწავლებლები, რომლებიც თავისთვის ჩუმად, ხან ხმაურიანად, შრომობენ და ცდილობენ უკეთესი მომავლის შექმნას.
მასწავლებლის არც ერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს. ყოველთვის განსხვავებული და რაღაცით გამორჩეულია. მგონია, რომ ყველას სახლშიც მოგვყვება ჩვენი პროფესია და არ გვტოვებს. ის ბევრი დასამახსოვრებელი მოგონებებისგან და ეპიზოდებისგან შედგება. მოსწავლეების თითოეული გამოხატული სიყვარული ჩვენთვის გამორჩეულია. არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი სადამრიგებლო კლასის მოსწავლის მოლოცვა. მისალოც ტექსტში აღნიშნავდა, თუ როგორ შევცვალე მისი ცხოვრება უკეთესობისკენ და როგორ გაუმართლა, რომ მისი მასწავლებელი ვიყავი. რთულია ამ დროს ცრემლების შეკავება.
პროფესიებიდან ერთ-ერთი სპეციფიკური, ვფიქრობ, რომ მასწავლებლის პროფესიაა. ის აერთიანებს უამრავ პროფესიას. თუ გინდა კარგი მასწავლებელი იყო, უნდა შეგეძლოს, ერთდროულად, იყო ექიმი, ფსიქოლოგი, მსახიობი, რეჟისორი და კიდევ ბევრი სხვა. შესაბამისად, ბევრ შრომას მოითხოვს. მასწავლებლის პროფესია მუდმივად განვითარებადი და განახლებადია. მოდუნების საშუალებას არ გაძლევს და შენც ფეხი უნდა აუწყო ამ ტემპს. იმის მიუხედავად, რომ ხშირად აღვნიშნავთ მასწავლებლის ღვაწლს, შრომას, საჭიროებას, ვთვლი, მაინც სათანადოდ არაა დაფასებული. ძალიან ბევრ პრობლემასთან უწევს მასწავლებელს გამკლავება და ამ პროცესში, საკუთარი პროფესიის ერთგულების შენარჩუნება, ვფიქრობ რთული გამოწვევაა. რამდენიმე ხნის წინ, ჩემმა კოლეგამ ჩემს ჯგუფში იკითხა, როგორ გადაეხადა არამატერიალური სახით საკუთარი შვილის მასწავლებლისთვის მადლობა. კომენტარების უმრავლესობაში მხოლოდ ერთი რამ იკითხებოდა, „მადლობა უთხარით“. მაშინ დავფიქრდი,თუ როგორ აკლიათ და სჭირდებათ მასწავლებლებს უბრალოდ ერთი ჯადოსნური სიტყვა – „მადლობა“, რომელიც თითქოს ძალიან მარტივი სათქმელია, თუმცა არც ისე ხშირად გვესმის. ამიტომაც გამორჩეულია კამპანია #მადლობამასწავლებელო, რომელიც „სულაკაურის გამომცემლობამ“ წამოიწყო. გამორჩეული და ვიტყოდი, საჭიროც.
უპირობოდ ყველა ჩემს მასწავლებელს, ლექტორს გადავუხდიდი მადლობას, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ჩემს განვითარებაში. ვიტყოდი, რომ ჩემი მოსწავლეები ხშირად ჩემი მასწავლებლებიც არიან, რადგან მათგან ბევრს ვსწავლობ. ამიტომ მადლობა მათაც. ამის პარალელურად, არსებობენ ჩვენს, ყველას, ცხოვრებაში მასწავლებლები, რომელთა სახელი და გვარები არ გვავიწყდება. მადლობა ინგა ჯალიაშვილს, ჩემს დაწყებითების მასწავლებელს, რომლის ხმა ახლაც მახსოვს და არასდროს მავიწყდება. მადლობა ჩემს საბაზო საფეხურის მასწავლებლებს — ელზა რუხაძეს და მანანა ლაფერაშვილს. ელზა მასწავლებელო, მადლობა ყველა ღიმილიანი და ლამაზი დღისთვის, რომელიც თქვენსავით მშვენიერი იყო ჩემი სასკოლო ცხოვრების დღეებში. მადლობა მანანა მასწავლებლო, ყველა თანადგომისთვის და სიყვარულისთვის.
ვნატრობ, წლების შემდეგ, ჩემმა მოსწავლეებმაც სიყვარულით გამიხსენონ.
ნინო ინაიშვილი
ვიჯექი და ვფიქრობდი რა მარტივია ერთმანეთის ცხოვრების გალამაზება. აჩქარებულ ყოფაში საკმარისია გავჩერდეთ, ერთმანეთი დავინახოთ, ერთმანეთი შევიმეცნოთ და ერთმანეთს ეს მაგიური სიტყვა „მადლობა“ ვუთხრათ. მაგრამ, სამწუხაროდ, პიროვნულ თუ სახელმწიფოებრივ დონეზე, ამას მაინცდამაინც ვერ ვახერხებთ. ეს საღამო იშვიათი გამონაკლისია, ამიტომ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ გამონაკლისის შემოქმედებს.
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ დღეს ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება შემჩნევა, მხარდაჭერა, ეს ქართველი მასწავლებელია. სამწუხაროდ, ქართველი მასწავლებელი უკიდეგანოდ მარტოსულია, რადგან მას არავინ ეკითხება – როგორ გრძნობს თავს, რას განიცდის, რა სჭირდება, არადა, მოსწავლეს ახალ ემოციად, თავგადასავლად რომ გადაენთო, თავად უნდა იყო განახლებული და ანთებული. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას“. დამერწმუნეთ, ბათუმში დაბრუნებული მეტად „ცინცხალი“ ვიქნები. მართლაც საამაყოები და სამაგალითოები ხართ.
ქართველი მასწავლებელი ხშირად, კონფორმიზმის გამო, არ საუბრობს პრობლემებზე. მიფიქრია იმაზეც, რომ მასწავლებლები უბრალოდ ძალიან დაიღალნენ იმ გაუვალი ჩიხებით, რომელშიც სისტემის გზააბნეული პოლიტიკის, ემოციური მხარდაჭერის არარსებობის, გაუმართავი სასკოლო ინფრასტუქტურის, კლასში მოსწავლეების გადაჭარბებული რაოდენობის, დაკისრებული პასუხისმგებლობებისა და ადამიანური რესურსის შეუსაბამობის, გადაწყვეტილებების მიღებისას მისი დაკვირვებებისა და პოზიციების არგათვალისწინების და, რაც ყველაზე მთავარია, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო აღმოჩნდნენ. დაიღალნენ და აზრსაც ვეღარ ხედავენ დუმილზე უარის თქმის, რადგან გრძელვადიანი შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.
ხუთი წლის წინ, ქალაქის ცვლილების გამო, ჩემი უსაყვარლესი „წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლის“ დატოვება მომიხდა. ვისაც ახსოვს ფილმი „მკვდარი პოეტების საზოგადოება“, მიხვდება რა ვიგრძენი, როცა მერვეკლასელები მაგიდებზე შემოდგომითა და უოლტ უიტმენის „ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო“-თი დამემშვიდობნენ. ერთხელაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა – „მას, მინდა ჩემი და იყოთ“ და ესეც ჩემი მასწავლებლობის უმთავრესი ეპიზოდია, ალბათ.
ჩემთვის ეს ტიტული, და მადლობის გადახდა, პირველ რიგში, ნიშნავს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას, რომ არასდროს „ჩავქრე“, ვიყო „ცინცხალი“, რადგან მოსწავლეებს არა სრულყოფილი, არამედ ბედნიერი მასწავლებლები სჭირდებათ.
ლალი ჯელაძე