მაგიდის ჩოგბურთში მოასპარეზე სპორტსმენები, მორიგი წარმატების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდნენ. საერთაშორისო ახალგაზრდულ თასზე „Riga City council’s cup“, რიგაში, მაგიდის ჩოგბურთში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებიდან: ანასტასია ჩხარტიშვილმა, 19 წლამდე გოგონათა შორის, ოქროს მედალი მოიპოვა, 14 წლამდე ვაჟთა შორის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანდრია ჩხარტიშვილი გახდა, ხოლო 12 წლამდე გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალი ელენე ქობალიამ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ სამივე ახალგაზრდა ჩოგბურთელი მაგიდის ჩოგბურთის კლუბის „ცხუმის“ წევრია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი დახვდა, ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეული შედეგები მიულოცა და სამომავლო წარმატება უსურვა.
საერთაშორისო ახალგაზრდული თასი „Riga City council’s cup“, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 23-26 ოქტომბერს გაიმართა. მონაწილეობდნენ 9 ქვეყანის (ინგლისი, ნორვეგია, შვედეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო) ახალგაზრდა ჩოგბურთელები. ტურნირზე, საქართველოს სახელით, 13-მა ახალგაზრდა ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 6 მაგიდის ჩოგბურთის კლუბის „ცხუმის“ წევრია.
ბექა ღვაჩლიანი: „ჩვენმა ახალგაზრდებმა რიგის საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე მიიღეს მონაწილეობა და გახდნენ ჩემპიონები და პრიზიორები. ეს მართლაც უდიდესი და ისტორიული შედეგია.“
ნინო ნინოშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაგიდის ჩოგბურთში: „9 ქვეყნის 200-მდე მონაწილე იყო. ძალიან რთული თამაშები ჰქონდათ ბავშვებს და საკმაოდ დაძაბულ შეხვედრებში მათ მოახერხეს ფსიქოლოგიურად, ტექნიკურად და ტაქტიკურადაც თამაშის სწორად წარმართვა და შედეგიც სახეზეა.“
ანასტასია ჩხარტიშვილი, ოქროსმედალოსანი: „ძალიან გამიხარდა, რომ რიგის საერთაშორისო ტურნირზე, უკვე მეორედ, შევძელი პირველი ადგილის დაკავება და ასევე, შევძელი, საქართველო მესახელებინა და ღირსეულად წარმედგინა.“
ელენე ქობალია, ბრინჯაოსმედალოსანი: “რიგის საერთაშორისო ტურნირზე პირველად ვიყავი და ჩამოვიტანე მედალი – მესამე ადგილის. ძალიან დიდი შრომა მქონდა ჩადებული და ამ შრომამ გაამართლა, რაც ძალიან გამიხარდა.”
ანდრია ჩხარტიშვილი, ბრინჯაოსმედალოსანი: „ძალიან ძნელი ტურნირი იყო, რთული მოწინააღმდეგეები შეგვხვდნენ. მე შევძელი მესამე ადგილის დაკავება, გავედი ნახევარფინალში და საბოლოო ანგარიშით 3:2 დავასრულე შეხვედრა. ეს ტურნირი მაძლევს ძალიან დიდ მოტივაციას, რომ გავაგრძელო ვარჯიში და უფრო დიდ შედეგს მივაღწიო.“

ახალგაზრდა მაგიდის ჩოგბურთელები საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.





