ანატოლ ფრანსის „ანგელოზთა აჯანყება“ და ბოჰუმილ ჰრაბალის „მეტისმეტად აუტანელი მარტოობა“
რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს წიგნი, ის ოდესმე (დაწერის დროს ან მრავალი წლის შემდეგ) აუცილებლად ხვდება მაკულატურის საწნეხში. პირველი განადგურების მიზეზი ცენზურაა, მეორეს წიგნის სიძველე და მისი სხვა წიგნად გარდასახვის მცდელობა განაპირობებს. პირველს მეორე ბევრად სჯობს.
დიდი ლიტერატურის მიმართ ადამიანი შეუწყნარებელი და უკომპრომისოა.
მრავალი წლის წინ, როცა ანატოლ ფრანსის რომანი, „ანგელოზთა აჯანყება“, პირველად წავიკითხე, გულში გავივლე, რომ ამგვარი რომანების უკან ცენზურაზე შურისძიების სურვილი დგას: რასაც ვერ იტყვი ხმამაღლა, იტყვი მხატვრული ლიტერატურის მეშვეობით და ეს იქნება ინტელექტისა და უმეცრების ომში გამარჯვება, რომელსაც მრავალთაგან მხოლოდ მცირედნი თუ მიგიხვდებიან, მაგრამ იდეას გადაარჩენ.
ბოლო ხანს მე-20 საუკუნის უდიდესი ჩეხი პოეტისა და რომანისტის, ბოჰუმილ ჰრაბალის, რომანს, „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“, გავეცანი და „ანგელოზთა აჯანყების“ კითხვისას გაჩენილი ემოცია კვლავ გამიცოცხლდა.
ანატოლ ფრანსის რომანის მეორე თავში აღწერილია, თუ როგორ უტოვებს მამა, ბარონი დ-ესპარვიე, შვილებს უმდიდრეს ბიბლიოთეკას და სთხოვს, მომავალშიც არ შეწყვიტონ მისი გამდიდრება, თუმცა წიგნთსაცავის მიმართ ყველა მემკვიდრე ერთნაირ ინტერესს არ იჩენს, ამიტომ მემკვიდრე დების წილს რენე და გაეტან დ-ესპარვიეები იძენენ და, როგორც ქვეთავის სათაურშია ნათქვამი, იწყება ბიბლიოთეკის ახალი ცხოვრება, სადაც მომავალში უცნაური ამბები დატრიალდება.
„ინტელექტუალური პროდუქციის ღირებულება საფრანგეთში საგრძნობლად დაეცა“ (გვ.,10), ამიტომ რენემ წიგნების შეძენა შეამცირა, მხოლოდ გაეტანი განაგრძობდა მის გამდიდრებას.
„საღვთო და უღვთო წიგნებით სავსე“ დ-ესპარვიეთა ბიბლიოთეკას ერთ დღეს კარდინალი ეწვია და წიგნების ხილვით აღფრთოვანებულმა წარმოსთქვა: „არ მეგულება ქვეყნად იმდენი ჭკვიანი კაცი, ამ თაროებზე ჩარიგებული წიგნის ათვისება რომ ძალუძდეს. საბედნიეროდ, ეს არც არავის სჭირდება“. (გვ.,1112).
პერსონაჟი სარიეტი „ანგელოზთა აჯანყების“ მოხუცი ბიბლიოთეკარია
დ-ესპარვიეთა ბიბლიოთეკაში ამოუცნობმა არსებებმა მიზანმიმართულად დაიწყეს რელიგიური ლიტერატურის განადგურება: თაროებიდან გადმოყრა, დანით დასერვა…
უცნაური ისაა, რომ ბიბლიოთეკის მეპატრონე, ბატონი დ-ესპარვიე, ნაცვლად იმისა, რომ წიგნების გაუჩინარება-განადგურების შესახებ სარიეტის (მოხუცი და ერთგული ბიბლიოთეკარის) შეტყობინებებს გულისხმიერებით მოკიდებოდა, გულგრილი ღიმილით ისტუმრებდა: სადმე გაგებნეოდათ, კარგად მოძებნეთ, უსათუოდ იპოვნითო (გვ.21).
მოხუც სარიეტს, რა თქმა უნდა, ათასგვარი ეჭვი ღრღნიდა: მაგალითად, ზოგჯერ ყველაფერი ადამიანის მიმბაძველი მაიმუნის ნახელავი ეგონა (ახლომახლო სახლებში მობინადრეებს ეკითხებოდა, მაიმუნი ხომ არ გყავთო), ხანაც ძვირადღირებული წიგნებით მოვაჭრეების, მაგრამ ერთ დღეს, გონებაში სახიფათო ფიქრი გაუკრთა – „ყველაფერს ფრანკმასონები სჩადიან!“ – გაიფიქრა მან და საკუთარ თავს რიტორიკული კითხვა დაუსვა: თუ ისინი არიან და რელიგიურ ლიტერატურას ანადგურებენ, ნეტავ, რის შეთავაზებას აპირებენ კაცობრიობისთვის?!
რა თქმა უნდა, სარიეტის შიშებს დ-ესპარვიეები სერიოზულად არ აღიქვამენ, უფრო მეტიც, ფიქრობენ, რომ ამაგდარი ბიბლიოთეკარი გაგიჟდა.
როდის იწყება წიგნებზე შურისძიება? არის თუ არა სარიეტის პოლიტიკური ფიქრები უსაფუძვლო? აი, ორი მთავარი კითხვა, რომელსაც თუ კარგად განსჯი, მარტივად მიხვდები, როგორ ხდება წიგნების საცავებიდან გატანა და მაკულატურის წნეხში მოქცევა.
კაცობრიობას ახსოვს ომები, რომლებიც ანადგურებდა არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლეს, არამედ – წიგნებს. ადამიანები ეწირებოდნენ ფიქრისა და განსჯის უნარის დაკარგვას, წიგნები კი ფიქრისა და განსჯის უნარის განვითარების იდეაში მოსპობის სურვილს, რასაც ესა თუ ის სისტემა ისახავდა მიზნად.
ანატოლ ფრანსის „ანგელოზთა აჯანყება“ კაცობრიობის მომავლის იმ მონაკვეთის წინასწარმეტყველებაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
მაშინ, როცა აღქმა ცოდნაზე მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი მხოლოდ პირადი გამოცდილების შთაბეჭდილებით ცხოვრობს, იხსენებ დიდებულ ლიტერატურაში აღწერილ პასაჟებს და ფიქრობ: რა კარგი იქნება, წიგნებს რომ ვკითხულობდეთ, მაგრამ ამ დროს გონებაში ამოგიტივტივდება რომანის მეშვიდე თავის სათაური: „ფიქრო, საით მიგყავარ? აკი ყველამ უწყის, რომ აზროვნებას ზიანი მოაქვს და ჭეშმარიტი სიბრძნე იმაში მდგომარეობს, არაფერზე იფიქრო“.
პერსონაჟი ჰანტა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მაკულატურის მწნეხავია
ჩეხი რომანისტის, ბოჰუმილ ჰრაბალის, რომანის მთავარი პერსონაჟიც, სარიეტის მსგავსად, მარტოსული კაცია. ისიც ცხოვრების 35 წელს წიგნებთან ერთად გალევს, მაგრამ არა ბიბლიოთეკაში, არამედ მაკულატურის საწნეხ საამქროში.
ამ საწნეხში უცნობ და უხილავ ადამიანებს ყოველ დღეს მოაქვთ წიგნები, ვერ იტყვი, რომ მაკულატურა, რადგან ამ, დასაწნეხად გამზადებულ ძველისძველ გროვაში, შეხვდებით: ერაზმუს როტერდამელის „სისულელის ქებას“, იმანუელ კანტის „ცის თეორიას“ და კიდევ მრავალ დიდებულ ნაშრომს.
წიგნების საცავიდან მაკულატურის საამქრომდე უმოკლესი გზაა. კაცობრიობას არასოდეს ენანებოდა (არც ახლა ენანება) დიდებული აზრების სასაკლაოზე განწესება.
ერთ-ერთ ეპიზოდში საინტერესო ამბავი ვითარდება: მაკულატურის საამქროში მასწავლებელს სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მოჰყავს და აღსაზრდელებს სიამოვნებით აჩვენებს, როგორ უნდა მოაგლიჯონ წიგნებს ყდები და წნეხში გაშიშვლებული ფურცლები ჩაყარონ, რასაც ბავშვები ჟრიამულითა და აღტაცებით იმეორებენ. ამ ამბავში კაცობრიობის მძიმე მომავლის დასაწყისს, საამქროში მყოფთაგან, მხოლოდ ჰანტა ხედავს.
თუ „ანგელოზთა აჯანყების“ პერსონაჟს, ბიბლიოთეკარ სარიეტს, ბიბლიოთეკიდან რელიგიური შინაარსის წიგნების გაუჩინარება აღუძრავს გაურკვეველ შიშს მომავლის მიმართ, ანალოგიური გრძნობა ჰანტას მაშინ უჩნდება, როცა ერთ დღეს, საწნეხში, ცნობილი ჩეხი საბავშვო მწერლის კაია მარჟიკის ლიტერატურას მოჰკრავს თვალს (გვ.75). ჰანტა სწუხს, რომ ადამიანი აქამდე მივიდა და ეჭვობს, რომ მარჟიკის ლიტერატურის განადგურების მიზეზი რელიგიური თემატიკაა, რომელიც ბავშვების მორალურ განვითარებას ისახავს მიზნად.
შურისძიება წიგნებზე კაცობრიობის მცადი გზაა, რადგან, როგორც ბოჰუმილ ჰრაბალი ამბობს: „თუ წიგნებში რამე ჭეშმარიტება წერია, მათი წვისას ჩუმი სიცილი ისმის“ და ეს სიცილი წიგნების შურისძიებაა, რომელიც მომავალში ჩვენს შთამომავლებს ძვირად უჯდებათ.
ჰანტა, მიუხედავად იმისა, რომ მარტოა, მომავლისთვის დიდებული ლიტერატურის გადასარჩენად ასეთ ხერხს მიმართავს: ყველა წიგნს კითხულობს, რათა გონებაში შეინახოს წარსულის გამოცდილება, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ, ერთ დღეს, მას საამქროდან აძევებენ, ახალი ტიპის მწნეხავებმა უნდა შეცვალონ წიგნების წნეხის არსებული ტრადიცია. მათ არასოდეს უჩნდებათ წნეხის კალათში ჩავარდნილი დიდებული ნაშრომის მიმართ ინტერესი და სინანული, მათ არასოდეს უჩნდებათ კითხვის სურვილი.
ქეთევან გარაყანიძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი