ლევან თედიაშვილი
ცოტა ხნის წინ ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა – საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი და ტიტულოვანი ფალავანი, ორგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, თუმცა აქედან ერთი ოქრო სამბოში მოიპოვა. ლეგენდარული ფალავანი 1 თვეში 76 წლისა გახდებოდა…
მისი გარდაცვალებით არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო სპორტის, მსოფლიო ჭიდაობის ერთი დიდი ეპოქა დასრულდა. ვინ იცის, კიდევ როდის განმეორდება ასეთი ეპოქა… შესაძლოა, ტიტულები კი განმეორდეს, მაგრამ
⇑⇓ ლეგენდობას მხოლოდ მედლები და ტიტულები არ განსაზღვრავს, პიროვნული ქარიზმაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კი ლევან თედიაშვილს მოჭარბებულად ჰქონდა. იგი ლიდერობისთვის იყო დაბადებული – სპორტშიც და ცხოვრებაშიც; ის იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, თუნდაც მცირე წაგებას, მეორე ნომრად ყოფნას რომ ვერ ეგუებიან, მუდმივად გამარჯვებისკენ ისწრაფვიან და მიზნის მიღწევამდე ვერ ისვენებენ.
ამ ყველაფერს მისი იუმორიც ემატებოდა, ამ თვისებათა ერთობლიობამ აქცია ის ავტორიტეტად და ლეგენდად: ქართულ საჭიდაო სამყაროში მის სიტყვას აფასებდნენ, ითვალისწინებდნენ, აზრს ეკითხებოდნენ და უმისოდ არც ერთ საჭირბოროტო საკითხზე დასკვნას არ გამოიტანდნენ. მას ელოდებოდნენ კიდეც და თავყრილობას არ იწყებდნენ, ხშირად კი ბოლო სიტყვას სწორედ მას ანდობდნენ.
ლევან თედიაშვილის ფენომენზე ისიც მიუთითებს, რომ დაუვიწყარი სახეები შექმნა კინოხელოვნებაში და ჭიდაობის მოყვარულთა გარდა, კინომოყვარულთა კერპადაც იქცა. მან 3 ფილმში ითამაშა საკვანძო როლები და სხვადასხვა პრესტიჟულ უცხოურ კონკურსებზე სამჯერ დაჯილდოვდა მთავარი პრიზით მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის! უბადლო მაესტროს – გიორგი შენგელაიას რეჟისორობით მან გოგია კენკებაშვილის დაუვიწყარი სახე შექმნა „ხარება და გოგიაში“ – ამ ფილმის ფრაზები სახალხო ფრაზებად მოედო ქვეყანას. დიდწილად, საკუთარი „მეც“ ითამაშა, იქნებ ამიტომაც გამოუვიდა ასე უშუალო და ხალასი, რითაც ადვილად მოინადირა კინომოყვარულთა გულები.
არაპროფესიონალი ამ სფეროსაც ძალიან ადვილად შეეგუა. მან ასევე ითამაშა ფილმ „მეოთხე ბრაიტონში“, რომელიც ოსკარზეც იყო წარდგენილი, მისი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი კი მოგვიანებით იხსენებდა, თურმე თედიაშვილი თავიდანვე შეუთანხმდა, ბევრი დუბლი არ გვინდაო – ეტყობა, ბოლომდე სჯეროდა საკუთარი თავის. სხვათა შორის, „ხარება და გოგიაში“ მთავარ როლში ქართული სპორტის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია – ველომრბოლელი ომარ ფხაკაძე.
ერთ დროს უბრალო საგარეჯოელი ბიჭის ჭიდაობაში მოხვედრა გასაკვირი არაა – კახეთში, ისევე როგორც ქართლში და ქვეყნის უმეტეს რაიონებში, ადრე, ყველა ჭიდაობდა და ყველგან იმართებოდა შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში. ასეთმა ნახერხმოყრილმა არენამ ბევრ ბიჭს გაუკვალა და დაულოცა გზა დიდი სპორტის და ოლიმპიური მწვერვალებისკენ. გამონაკლისი არც თედიაშვილი იყო, თუმცა თვითონ ხუმრობდა, ქათმის ხორცის სიყვარულმა მაქცია მოჭიდავედო. როგორც ამბობდა, ბავშვობაში სახლში, თურმე, როცა ქათამს კლავდნენ, საუკეთესო ნაჭრები სტუმრებს ეკუთვნოდათ, პატარა ბავშვს კი ფრთებს და ამგვარ ნაჭრებს გადაუდებდნენ ხოლმე. ერთხელაც, როცა ჯერ კიდევ პატარა ბიჭი შეკრებაზე წაუყვანიათ, ლანგრით მორთმეულ მრგვალად მოხარშულ დედალს ისე გაუოცებია, ვერ იჯერებდა, რომ მთელი ქათამი მისი იყო. ჰოდა, თუ ჩემია, მაშინ აქედან ვერ გამაგდებთო, გაუფიქრებია პატარა ბიჭს და თამამად მიუჩოჩებია თეფში…
საჭიდაო მონაცემები გენეტიკურად დაჰყვა, რასაც კოლოსალური, მართლაც ტიტანური შრომა დაამატა და საჭიდაო მწვერვალებზე თამამად ავიდა: მოიგო 1972 წელს მიუნხენის და 4 წლის შემდეგ მონრეალის ოლიმპიადები; მსოფლიოს ჩემპიონატებზე კი ოთხჯერ გაიმარჯვა თავისუფალ ჭიდაობაში, ერთხელ – სამბოში.
ეს ერთი გამარჯვება გამორჩეული იმითაა, რომ რამდენიმედღიან ინტერვალში მსოფლიოს ჩემპიონი სამბოშიც გახდა და – თავისუფალ ჭიდაობაშიც. ეს 1973 წელს თეირანში მოხდა, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებთან ერთად იყო ჩასული მსოფლიოს ჩემპიონატზე. თედიაშვილმა იქ უპრობლემოდ გაიმარჯვა, რაც მისთვის ამ რანგის მეორე ტიტული იყო. მისი დასრულების შემდეგ, იქვე, სამბოში იწყებოდა მსოფლიოს პირველობა, სადაც საკავშირო ნაკრებიც გამოდიოდა. მათ ერთ-ერთი მონაწილე დაუშავდათ და მწვრთნელებმა თედიაშვილს სთხოვეს ჭიდაობა. ისიც დათანხმდა, როგორც არაორდინარული პიროვნება და იქაც გაიმარჯვა. ასე გახდა, ზედიზედ ორჯერ, მსოფლიოს ჩემპიონი და სავსებით ლოგიკურია, რომ 1973 წელს თედიაშვილი ყოფილი საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. იმ ქვეყანაში არარუსის ასეთი აღიარება ლამის წარმოუდგენელი იყო.
⇑⇓ არსებობს საყოველთაო მოსაზრება, რომ მას მესამე ოლიმპიური ოქრო წაართვეს, როცა 1982 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე, მის ნაცვლად, ილია მატე წაიყვანეს. ჩემპიონიც გახდა, თუმცა ჩვენში ითვლება, რომ თედიაშვილიც გაიმარჯვებდა, რაც თამაშების მესამე ოქრო იქნებოდა.
ლეგენდარულ ფალავანს არ უყვარდა ამ თემაზე საუბარი და არ ამბობდა, რომ დაჩაგრეს. ზემოთ მისი მედლები ჩამოვთვალეთ, თუმცა მხოლოდ ნაწილი, არაფერი გვითქვამს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებულ სხვა სინჯის მედლებზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა პრესტიჟულ ტურნირებზე. არადა, ორჯერ იყო ყოფილი სსრკ-ს ჩემპიონი, რაც ცოტა ნამდვილად არ იყო იმ ქვეყანაში და მით უფრო – იმ მეტოქეთა გარემოცვაში.
საინტერესოა ოლიმპიადებზე მისი და ამერიკელი ძმების – ჯონ და ბენჯამინ პეტერსონების პაექრობების ისტორია. 1972 წელს, მიუნხენში, 82 კილოგრამის ფინალში, თედიაშვილმა ჯონი დაამარცხა, ბენჯამინი კი 90 კილოგრამში გახდა ჩემპიონი. 4 წლის შემდეგ, მონრეალში, თედიაშვილი უკვე 90-ში გამოვიდა და ფინალში ბენჯამინს მოუგო, ჯონიმ კი დრო იხელთა და 82-ში გაიმარჯვა. მათი მეტოქეობა მთელი ათწლეული გაგრძელდა, თუმცა ბოლომდე დიდ მეგობრებად დარჩნენ.
თედიაშვილი უნიკალური მოჭიდავეა იმითაც, რომ კარიერის განმავლობაში 3 წონა გამოიცვალა და სამივეგან ლიდერი იყო, ყველგან იგებდა ტიტულებს. მასზე არ მოქმედებდა არც წონის ცვლა, არც ახალ წონასთან თუ ახალ მეტოქეებთან ადაპტაცია უჭირდა, რაც ბევრისთვის სერიოზული პრობლემაა და შეგუებას გარკვეული დრო სჭირდება. ის ერთადერთი ფალავანია, 3 წონაში რომ მოუგია ტიტულები.
მისი ცხოვრება მართლაც რომ ია-ვარდით იქნებოდა მოფენილი, მაგრამ ცხოვრებამ მასაც ასვა მწარე ფიალა: აფხაზეთის ომში უმცროსი შვილი – ვახტანგი მოუკლეს. უფრო სწორად, შვილი ხელში ჩააკვდა, როცა 1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებული თვითმფრინავის ნამსხვრევი მოხვდა… როცა ვახტანგმა ომში წასვლა მოისურვა, მაშინ თედიაშვილი მოსკოვში ყოფილა. შვილს განზრახვა არ დაუშალა, მაგრამ სთხოვა, დამელოდე, ჩემს ჩამოსვლამდე არ წახვიდე და ერთად წავიდეთო. მართლაც ასე მოიქცა, უკან კი შვილის ცხედართან ერთად დაბრუნდა. თურმე სახლში ხელში ატატებული შეიტანა შვილის ცხედარი… გარეგნულად ამ დიდ სატკივარს არ იმჩნევდა, მაგრამ მის გულში რა ხდებოდა, ღმერთმა უწყის…
ლევან თედიაშვილის კიდევ ერთ სავიზიტო ბარათად მისი იუმორი იქცა, რაც კარგად ჩანს მის მიერ ნათამაშებ როლებში. თუნდაც გოგიას როლში. ერთხელ გიორგი შენგელაია ამ ფილმის გადაღების პროცესზე საუბრობდა და ლევანის შესახებაც ილაპარაკა. თურმე ერთ დღეს, შუა გადაღებისას, თედიაშვილს აუჩემებია, თელავში უნდა წავიდე, მედიკო მეზვრიშვილთან საქმე მაქვსო (მეზვრიშვილი ამ დროს თელავის პირველ პირად მუშაობდა, ლევანი კი კარგად იცნობდა საგარეჯოდან). ვეხვეწე და ვემუდარეო, შენგელაიამ – დავამთავროთ გადაღება და მერე წადიო, მაგრამ რომ იტყოდა, ვერ გადაათქმევინებდიო. ჰოდა, ვერც დიდმა რეჟისორმა გადაათქმევინა და წამოვიდა ისე ჩაცმული – ჩოხა-ახალუხით, ქამარ-ხანჯლით და დამბაჩით. ჩამოვიდა თელავში და მიადგა მეზვრიშვილის კაბინეტს. ვერ გაჭრა მისი მდივნის თხოვნამ, სტუმრები ჰყავს და ვერ შეგიშვებთო – ამხელა მთაკაცმა იძრო თურმე ის დამბაჩა, კარს წიხლი ჰკრა და იმ ფილმიდან მოარულ ფრაზად ქცეული „არ მელოდით, თქვენი“ ღრიალით შეიჭრა კაბინეტში… ამ დროს თურმე მეზვრიშვილს მოსკოვიდან ჩამოსული 2 შეიარაღებული გენერალი ჰყავს სტუმრად, რომლებმაც ცის გახსნად მიიჩნიეს კაბინეტში ღრიალით შეჭრილი, უცნაურად ჩაცმული ეს მთა-კაცი და მაშინვე მაგიდის ქვეშ დურთეს თავი. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ მაგიდის გარშემო დარბოდა ლევანი, უკან კი წყევლა-კრულვით დასდევდა მეზვრიშვილი – შენ მამიკვდი, ლევან, ეს რა მიყავ, როგორ შემარცხვინე სტუმრებთანო…. მერე, გადამღებ ჯგუფთან დაბრუნებულ თედიაშვილს უთქვამს, ის სტუმრებიც ხომ შეირაღებულები იქნებოდნენ, რომ ამოეღოთ ის იარაღი და ესროლათო…
სპორტიდან წასვლის შემდეგ თედიაშვილი საგარეჯოში, მშობლიურ კაკაბეთში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდა (ისე კი უამრავი თანამდებობა გამოსცადა და პარლამენტარიც იყო), ამ დროს მედიკო მეზვრიშვილი საგარეჯოს რაიკომის პირველი მდივანი გახლდათ. ერთ შემოდგომაზე, თურმე, კაკაბეთი რთველის გეგმას ძალიან ჩამორჩა და ყოველ თათბირზე მედიკო ცეცხლს უნთებს ლევანს და ზედ ნავთს ასხამს. ამასაც ბევრი არ უფიქრია და თელავის „ინტურისტს“ 2 „იკარუსი“ მიაყენა იქ ჩამოსული რუსი ტურისტების რთველში წამოსაყვანად. იმათაც, მწვადისა და ხაჭაპურის გაგონებაზე, ბევრი არ უფიქრიათ და მყისვე გაუვსიათ ავტობუსები, შესევია სლავ ქალთა მოდგმა კაკაბეთის ვენახებს. ეს ამბავი მეზობელ სოფლებსაც მყისვე მოსდებია და სლავების გამო იქაურებიც შესევიან კაკაბეთის ზვრებს, რომელიც თურმე ლამის ფოთლებიანად გაკრიფეს. ბუნებრივია, გეგმაც შესრულდა და თედიაშვილიც კმაყოფილებით ხვდება ბიუროს უახლოეს სხდომას, სადაც შექებას ელოდა, მაგრამ ვაი, რომ „ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა“: თურმე მეზვრიშვილი ცეცხლს ჰყრის პირიდან, გამოსვლა კი დაასრულა მოთხოვნით, რომ თედიაშვილი პირად საქმეში საყვედურის შეტანით დაესაჯათ. „გამაგებინეთ რატომ – გეგმის შესრულებითვინა?“ – თავისი უზარმაზარი სხეულით წამოიმართა თურმე დარბაზიდან თედიაშვილი. „არა – სოფლი გარყვნითვინა“ – დაუქნია თურმე ტრიბუნიდან თითი მეზვრიშვილმა.
აი, ასეთი იყო ლევან თედიაშვილი – დიდი სპორტსმენი და დიდი პიროვნება, იუმორით სავსე, რომელიც ყველა ვითარებიდან იპოვიდა გამოსავალს. სიცოცხლის ბოლო წლებიც ისე გაატარა, როგორც მას სურდა – თავის დიდ ტკივილთან და დიდების შარავანდედით გარემოცულმა.
ვინ იცის, კიდევ როდის გვეღირსება მსგავსი ლეგენდა!
ირაკლი თავაძე