იამზე მსხვილიძე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. დილისკის №1 საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი
პედაგოგობა ჩემთვის ნიშნავს მუდმივად განვითარებას, წინსვლას და მოსწავლეების გულებამდე მისასვლელი გზების ძიებას. არაქართულ თემში მუშაობა კი – ორმაგ პასუხისმგებლობასა და ძალისხმევას მოითხოვს, სახელმწიფო ენის შესწავლის გარდა, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ის უნარ-ჩვევები გამოვუმუშაო, რომლებიც მათ რეალურ ცხოვრებაში დაეხმარება. მინდა, ისწავლონ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებულად დასაბუთება, იყვნენ ემპათიურები, დააფასონ ერთმანეთის შესაძლებლობები და არ შეწყვიტონ განვითარება. ვცდილობ, ჩემი მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლა ნიშნავდეს მრავალფეროვან, მათთვის საინტერესო და უცხო სამყაროში შესვლას, ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების აღმოჩენას, განსხვავებული ღირებულებების, მენტალობების გაგებას.
არაქართულენოვან სკოლებში ენობრივი გარემოს შეცვლის და სახელმწიფო ენის ფუნქციის გაზრდის საუკეთესო საშუალებად სასწავლო პროცესში ინტერკულტურული მიდგომების გამოყენებაა, კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობის აღიარება და მისი შენარჩუნების აუცილებლობა თანამედროვე სამყაროსთვის გამოწვევაა. დღეს, ტექნიკის სწრაფი განვითარებისა და გლობალიზაციის გამო, აუცილებელია კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე ზრუნვა.
ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პროექტი, რომელსაც იანვრიდან აქტიურად ვახორციელებთ. ამ პროექტის სახელწოდებაა „კულტურათა მრავალფეროვნება – მეგობრობის ხიდები“ – „Diversity of cultures – Bridges of friendship“, რომლის ორგანიზატორიც მე ვარ.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: სკოლების პარტნიორობის ფარგლებში, ჩემ მიერ განხორციელებული რამდენიმე წარმატებული პროექტის შემდეგ („ემეგობრე“ — სომხური და ქართული სკოლა, „მეგობრობა გზად და ხიდად“ – აქაც სომხური და ქართული სკოლა), გადავწყვიტე, დავმეგობრებოდი ევროპის რომელიმე ქვეყნის სკოლას, მოვიძიე პარტნიორი ქვეყნის (ლიეტუვა) სკოლა, რომელთანაც შეხვედრები დავიწყე 2023 წლის თებერვლიდან, თიმსის საშუალებით. ამ შეხვედრებში ჩართული იყო ჩემი კოლეგა, კონსულტანტ-მასწავლებელი, ლელა ჯინჭარაძე, შემდეგ ერთად წარვადგინეთ თემა საერთაშორისო კონფერენციაზე. ჩვენი მიზანი იყო ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა გამოცდილება. შეხვედრების შემდეგ გადავწყვიტე, სხვა ეტაპზე გადასულიყო ჩვენი საქმიანობა. 2024 წლის დეკემბერში ვიმყოფებოდი ლიეტუვაში, ვსტუმრობდი კაუნასის პალემონასის გიმნაზიას, ლიეტუვური ენის მასწავლებელს, ასტა ვალენტაიტეს, რომელიც ჩემი პროექტის თანადამფუძნებლად ავირჩიე. მოვიძიე პარტნიორი ქვეყნები: ლიეტუვა, ესპანეთი, საბერძნეთი, თურქეთი, ესტონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მაკედონია და, რა თქმა უნდა, საქართველო, ჩავრთე ქუთაისის №32 ქართული სკოლა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლა (აზერბაიჯანული). დავიწყეთ პროექტის განხორცილება eTwinning-ში.
როგორც მოგეხსენებათ, eTwinning წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებს ევროპის 44 ქვეყნიდან, საერთო პროექტები დაგეგმონ და განახორციელონ, საუკეთესო გამოცდილება გააზიარონ და მოსწავლეებთან ერთად ითანამშრომლონ.
ასეთი ტიპის პროექტის განხორციელება არაქართულენოვანი სკოლებში დიდ ძალისხმევას, მონდომებას, პასუხისმგებლობას, სტიმულს და მხარდაჭერას საჭიროებს.
ეს პროექტი ეხმარება მოსწავლეებს, მეტი რამ გაიგონ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, ცხოვრების წესის, ტრადიციის, კულტურის შესახებ. ჩვენი მიზანიც ხომ ეს არის: სხვადასხვა კულტურის შესწავლა, მათი უნიკალური მახასიათებლების, წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების გაგება, ენისა და საგნის სწავლების ჭრილში ინტერკულტურული ცნობიერების ამაღლება, მულტიეთნიკური კავშირების გაღრმავება, პიროვნებათაშორისი, კულტურათაშორისი დიალოგი. ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ სკოლების არაფორმალური დამეგობრებაა.
პროექტში ჩართულია 9 ქვეყანა, მაგრამ ზოგი ქვეყნიდან 2 სკოლა მონაწილეობს და რამდენიმე მასწავლებლითაა წარმოდგენილი, ჯამში — 21 მასწავლებელი და, დაახლოებით, 15 სკოლა. ეს რაოდენობრივად ძალიან ბევრია, სირთულეს მხოლოდ მოსწავლეთა (ჯამში, დაახლოებით, 176) ერთ სივრცეში შეკრება ქმნის, მაგრამ დიდი ძალისხმევითა და მიზანმიმართული მუშაობით, ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი გამოგვივიდა. პროექტის ფარგლებში ვახორციელებ სისტემატურ შეხვედრებს ევროპელ მასწავლებლებთან, ასევე ცალკე ჯგუფი მაქვს პროექტში მონაწილე ქართული სკოლებისთვის, რომლებთანაც რიგგარეშე შეხვედრებს ვგეგმავ. გარდა იმისა, რომ როგორც ორგანიზატორს მიწევს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, ასევე როგორც ერთ-ერთ რიგით მონაწილეს – ყველა იმ აქტივობის განხორციელება, რასაც პროექტში მონაწილე სკოლები ასრულებენ ითვინინგზე.
პროექტი აქტუალურია, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია განსხვავებული კულტურის გაგება და დაფასება, ახალი ცოდნისა და ღირებულებების გაცვლა, ურთიერთპატივისცემა, ტოლერანტობა, ერთმანეთის გაგება და მშვიდობიანი თანაცხოვრება სხვადასხვა ეთნოსის, მრწამსის ადამიანებს შორის, რომლებიც თანაცხოვრობენ ერთ სივრცეში და აუცილებელია ჰარმონიული და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.
ჩართული მყავს ქართულის, როგორც მეორე ენის, სამოქალაქო განათლების, ინგლისური ენის, მუსიკის, ისტ-ის მასწავლებლები. მოვახდენთ პროექტის ინტეგრირებას ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
ეს არის ძალიან საინტერესო, შრომატევადი და მრავალფეროვანი საქმიანობა.
მე, როგორც ამ პროექტის ორგანიზატორს, ორგანიზაციული საკითხების მოგვარება მიწევს: 1. ითვინინგში გვერდების გამართვა, აქტივობებისთვის შესაბამისი ველების გამოყოფა; 2. მოსწავლეთა და მასწავლებელთა „პადლეტის“ დამზადება და შეთავაზება, სადაც ყველა მონაწილე ათავსებს თავის სურათს და მონაცემებს; 3. მოსწავლეთა დარეგისტრირება საიტზე (აქ ყველა თავის მოსწავლეს არეგისტრირებს); 4. გუგლ ფორმსში მასწავლებელთა შესახებ სხვა ინფორმაციის მოპოვება, დახარისხება; 5. პერიოდულად სიახლეებისა და დამატებითი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; 6. ყველა თვის აქტივობების განთავსება ითვინინგში, TwinSpace-ზე „ინსტრუქციების მიცემისთვის“. ზოგადად, ეფექტური თანამშრომლობისთვის, ვიყენებთ სხვადასხვა პლატფორმას: ითვინინგის ჩათრუმს, ფეისბუკს, ელფოსტას, თიმსს, ზუმს, ვაიბერს; გამოყენებული ინსტრუმენტები: padlet.com; canva.com; menti.com; Google Forms; postermywall.com; PowerPoint, TwinSpace, poller.com; და ა.შ.
პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის, ჩემს მოსწავლეებს, რომლებიც პროექტში არიან ჩართული, საჭიროებიდან გამომდინარე, ვხვდები გაკვეთილების შემდეგ, როგორც სკოლაში, ასევე თიმსში, პროექტში ჩართული მყავს მე-9, მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეები.
ვფიქრობ, დასახული მიზნის მიღწევა არ გვიჭირს. ზოგი აქტივობა გეგმის შესაბამისად ხორციელდება,ზოგი აქტივობის დამატება მიწევს. ერთი აქტივობა მინდა გამოვყო, რომელიც მაისში გვქონდა შესასრულებელი. დავაწყვილეთ ქვეყნები, შემთხვევითობის პრინციპით, ჩვენ ესპანეთი შეგვხვდა, გავეცანით ესპანეთის კულტურას, ვისწავლეთ ესპანური ცეკვა და სიმღერა. ეს იყო ძალიან შრომატევადი, მაგრამ იმავდროულად ძალიან საინტერესო და სახალისო. მინდა გითხრათ, მთელი სკოლაა ჩართული, როგორც შეუძლიათ, ისე გვეხმარებიან, სიტყვით თუ საქმით.
ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ თქვენც დაგაინტერესებთ, რა სარგებელს იღებენ და მიიღებენ ჩემი მოსწავლეები ამ პროექტიდან ენის შესწავლის კუთხით, მე ხომ მათ სახელმწიფო ენას ვასწავლი?! პროექტი საერთაშორისოა და მართალია, აქტივობებს ინგლისურად ვტვირთავთ, პარტნიორ სკოლებთან კომუნიკაციაც ინგლისურ ენაზე გვიწევს, მაგრამ ჩვენი მოსწავლეები ყველა აქტივობას, პრეზენტაციას ამზადებენ ქართულად, მერე ვთარგმნით ინგლისურად, ინსტრუქციებს ვაწვდით ქართულად, საიტზე ნავიგაციისთვის და სხვა საჭირო ინსტრუმენტების გამოყენებისთვის სჭირდებათ არა მხოლოდ ინსტრუქციები, არამედ სწავლა, ამიტომ ჩვენც ვსწავლობთ და ვასწავლით. ვფიქრობ, მათთვის ძალიან საინტერესო, ბევრის მომცემი პროექტია, გაიზარდა მათი მოტივაცია და ჩართულობა. განხვავებით ქართველი ბავშვებისგან, მათ ორმაგი ძალისხმევა დასჭირდათ, მაგრამ ორი ენის – ქართულის და ინგლისურის ფლობის დონე ნამდვილად გაუუმჯობესდათ.
აქვე მინდა აღვნიშნო, როცა დავიწყე ამ პროექტის განხორციელება, მომივიდა შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყნის სკოლებიდან და კიდევ ჩავერთე ორ პროექტში. ერთი პროექტის ორგანიზატორია თურქეთი, ჩართული ვართ ხუთი ქვეყანა, პროექტის სახელწოდებაა „ზღაპრების სამყაროში“. ჩემი სკოლიდან ჩავრთე მე-5 და მე-7 კლასელები. მეორე პროექტის ინიციატორია საბერძნეთი – „ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“, აქაც 5 ქვეყანა მონაწილეობს და ჩემი სკოლიდან – მე-9 კლასელები. მთელი სკოლა აქტიური მუშაობის პროცესში ვართ. ჩვენი პროექტით ბევრი რამ ისწავლეს ჩვენმა მოსწავლეებმა, ვფიქრობ, ჩამოუყალიბდებათ განსხვავებული მსოფლხედვა და ქცევა, რომელიც დაეყრდნობა ჰუმანურობის, პასუხისმგებლობის, სოლიდარობის, ურთიერთგაგების, დემოკრატიისა და ტოლერანტობის პრინციპებს.
ინტერკულტურული განათლების მიზანს ხომ სწორედ ეს წარმოადგენს – როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობების მოზარდთა წარმატებული ინტეგრაცია თანამედროვე პოლიეთნიკურ საზოგადოებაში. კულტურა ხომ ადამიანისთვის ერთგვარი სათვალეა, რომლის საშუალებითაც უყურებს და აფასებს სხვებს. ძირითადად, ადამიანი საკუთარ კულტურას აღიქვამს, როგორც ნორმას, წესს, შესაბამისად, სხვას – „არანორმალურად“ და „უწესოდ“ მიიჩნევს. ჩვენი მოსწავლეები კი სხვა თვალით უყურებენ ურთიერთობებს, მათთვის მნიშვნელოვანია კულტურათა მრავალფეროვნების აღიარება, განსხვავებულის პატივისცემა, მისი დაფასება და მხარდაჭერა.