იზა ლომაია
სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ყველას უყვარს თავისი ოდა-ბადე, თავისი მამული, ამიტომ არც დავიჩემებ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ჩემი ქვეყნის მიმართ. ყველას თავის სამკვიდრებელში ეგულება საოცრება, უჩვეულობა და ეგზოტიკურობა.
XXI საუკუნემ გვაჩვენა, რომ კარჩაკეტილობა და საკუთარი ქვეყნის სიკეთით ტრაბახი შორს ნამდვილად ვერ წაგვიყვანს. უჩვეულო პანდემიამ, რომელსაც „კოვიდ-19“ დაერქვა, თითქმის მთელი სამყარო შეაზანზარა. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო, – ნათქვამია, და თითქოსდა კაცობრიობამ „ყურები შეიბერტყა“ და საოცარია, სწორედ მაშინ აღიქვა ის, რომ ჩვენ ერთი სამყაროს შვილები ვართ. კიდევ ერთხელ მძაფრად ვიგრძენით, რომ „ჰხედავცა, ჩემო სოფელი რათა საქმეთა მქმნელია“, დიდი დაბნეულობა, შიში, სიკვდილი და უიმედობა, რომელიც ამ პანდემიას თან სდევდა, მახსენებს რუსთაველის ცნობილ ფრაზას: „საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების, ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების“.
პანიკა, რომელიც თან სდევდა ამ ვერაგ დაავადებას, არავის გაჰკვირვებია, მაგრამ გასაკვირი იყო ის, რომ იტალიელსაც ისევე სტკიოდა სული, როგორც ამერიკელს, ინგლისელსა თუ ქართველს, ანუ მთელ კაცობრიობას საერთო ტკივილი აწუხებდა, თითქოსდა ყველანი ერთი „,თეფშიდან“ მივირთმევდით სადილს და ისევ ამოტივტივდა ცნობიერებაში ჯონ დონის საოცარი სიტყვები: „ადამიანი ცალკე გარიყული კუნძული როდია. იგი წყლის, დედამიწის ნაწილია, ოკეანემ ერთი ბელტიც რომ წალეკოს, ევროპას ისე დააკლდება, როგორც კონცხს, ან შენი მეგობრის კარ-მიდამოს. ყოველი ადამიანის სიკვდილი გვაკლდება ჩვენ, რადგან კაცობრიობის ნაწილი ვართ. ამიტომ, ნურასოდეს იკითხოთ, ვის უხმობს ზარი , ის გვიხმობს ჩვენ“. და ერთგვარ „გალაწუნებასავით“ გამოდგა ჩვენთვის „კოვიდ-19“, დიახ, ჩვენ გამოვფხიზლდით და დავინახეთ, რომ კაცობრიობის ნაწილი ვართ და საშიშროება, რომელიც ამ საუკუნემ ააფეთქა, არავის ინდობს – არც ქართველს, არც თურქსა და ბრაზილიელს… ამჯერად რობერტ კენედის სიტყვებს დავესესხები: „არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც აღიქვამენ რა რეალურად არსებულ საგნებს, სვამენ კითხვას – რატომ? მე ვოცნებობ ისეთ რამეებზე, რომელიც ჯერ არ არსებობს და თან ვამბობ – „რატომაც არა?!“ იმედი მრჩება, კენედის არ ჰქონდა ნაგულისხმევი ისეთი რეალობა, რომელიც სიკვდილთან, შიშთან და ავადმყოფობასთან იყო ასოცირებული. და მაინც, ჩვენც უნდა დავსვათ კითხვა – „რატომ“ მოხდა ეს ყველაფერი? რა არის ამის მიზეზი? ჩვენ ხომ ცივილიზებული სამყაროს შვილები ვართ, როგორ მოგვერია ისეთი „პატარა ვირუსი“, რომელსაც უბრალო ხელის საპონი ჰკლავს, რაშია საქმე, თუ საქმეც ამაშია? არ ვიცი პასუხი რომელი მიმართულებით მოვძებნო. ის, რაც მოხდა, კაცობრიობის კატასტროფა იყო და ამჯერად ვუსმენთ ჰერბერტ უელსს: „კაცობრიობის ისტორია სულ უფრო ემსგავსება შეჯიბრს კატასტროფასა და განათლებას შორის“. როგორ გავიგოთ ეს სიტყვები, ანუ რაც მეტი ვიცით, მით უფრო ვზარალდებით? უცებ გონებაში ბაბილონის გოდოლი ამოტივტივდა. რა იყო ეს? საითკენ მიისწრაფოდნენ ადამიანები? ფრიდრიხ შლეგენი ამბობს: „რაც მეტი ვიცით, მით მეტის ცოდნა გვჭირდება, რადგან ცოდნასთან ერთად იზრდება არცოდნაც“. კარგი ნათქვამია, მაგრამ სად გადის ზღვარი ცოდნასა და არცოდნას შორის, სად უნდა შევჩერდეთ?! ცოდნა რომ დიდი ძალა და ენერგიაა, ეს მრავალჯერ დაამტკიცა ადამიანმა, თუნდაც იმითაც, რომ შექმნა ატომი, რომლის შესაძლებლობა უსაზღვროა. ჩვენებურ კაცს, „დათა თუთაშხიას“ პერსონაჟს, ეკუთვნის სიტყვები: „უნიჭო კაცზე საშიში ნიჭიერია, თუ მას რწმენა არ ახლავს“.და აი, რწმენა, ჩემი აზრით, ეს არის ზღვარი, რომელმაც უნდა შეგაკავოს და ცოდნის მაქსიმუმი ღირსეულად გამოგაყენებინოს. ურწმუნო კაცი მართლაც საშიშია და ბოროტი, ის გულცივია და უდარდელი. მას აკლია სიყვარული, თანაგრძნობა, სიბრალული, მისთვის სულერთია სხვისი ტკივილი და გაჭირვება. მას მხოლოდ საკუთარი „მე“ ამოძრავებს. ის ქმნის ხელოვნურად. მას უჭირს ბუნების სიყვარული. შორდება მიწას, ვერ გრძნობს სამყაროს ბუნებრივ სილამაზეს და, ყველაფერთან ერთად, შორდება უფალს. დიახ! კარგავს ღმერთს. არ სჯერა მისი ყოვლისშემძლეობის. საკუთარი თავი წარმოუდგენია სამყაროს ცენტრად. ქმნის, იგონებს, აგროვებს და არ ახსოვს, რომ ისე მოვიდა ამ ქვეყნად, არაფერი მოუტანია და ისე მიდის ამ ქვეყნიდან, რომ იქითაც არაფერი მიაქვს.
ასე და ამრიგად, სამყარომ შეისრუტა უამრავი უარყოფითი ენერგია. ჩვენგან, 21-ე საუკუნის ადამიანებისგან, სამყარო „გაიბერა“ ნეგატივით, დაიღალა უადამიანობით, გაუფასურდა ღირებულებები და ფასეულობები. ცოდნამ მხოლოდ მატერიალური სახე მიიღო, სულიერება დაივიწყა კაცობრიობამ. უფალი მიუწვდომელი და ილუზორული აღმოჩნდა ჩვენთვის. სამყაროში აითქვიფა ურწმუნობა, ქაოსი, სიცივე და გულგრილობა. ჩვენი თავიდან დავიწყოთ, „ვეფხისტყაოსანი“ – ბიბლიას გატოლებული წიგნი ხომ ჩვეულებრივ საკითხავ წიგნად ვაქციეთ, არადა მას იმდენი „წონა“ ჰქონდა წარსულში, რომ ქართველ ქალებს მზითვად ატანდნენ. გაუფასურდა შოთას ფრაზები. სად გაქრა „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა მსგავსი მანერები, ხასიათი, ქცევები? ნუთუ ცოდნამ გადაყლაპა? არადა, დიდმა შოთამ მშვენივრად გვიქადაგა – „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა მზესთ მწყობრთა მწყობისა“. დიახ, ყველაფერი, რასაც ვსწავლობთ, უნდა ემსახურებდეს ჩვენს სულიერ სათნოებასა და სიწმინდეს.უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ღმერთია გამგებელი ამ სამყაროსი და არა ჩვენ. ეს სამყარო მან ადამიანებისთვის შექმნა, მაგრამ ისე, რომ ერთმანეთს არ ვავნოთ, არ ვუღალატოთ. ალბათ ამიტომაც, ასე ხსნის „ვეფხისტყაოსანში“ თავისი უიღბლობის ერთ-ერთ მიზეზს: „ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება, ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანაღვლება“. გენიოსი პოეტი ხომ მრავალჯერ აღიარებს იმ ფაქტს, რომ „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების“.
„ვეფხისტყაოსანმა“ ყველა საფიქრალს გზა გაუხსნა და ამომწურავად მიპასუხა: ჩვენც დავამარცხებთ „ქაჯეთის ციხესავით“ ყველა ხილულსა და უხილავ მტერს. მხოლოდ უნდა ვიცოდეთ და დავიმახსოვროთ, ამისათვის მე ავთანდილის სულიერება უნდა გავიზიარო, შენ თინათინის ფასეულობებს უნდა ჩაეჭიდო. მე ფრიდონივით გვერდში დგომა და სხვისი ჭირის გაზიარება უნდა ვისწავლო, ტარიელივით უნდა მიყვარდეს, შენ ასმათივით ერთგული და გამტანი უნდა იყო. ჩვენ უნდა გვიყვარდეს უფალი და მუდამჟამს გვახსოვდეს – უფლის ნებით დამარცხდა ქაჯეთი, უფლის ნებით აღდგება საქართველოც, უფლის ნებით დამშვიდდება სამყაროც.
„კოვიდ-19“ იყო ჩვენი სასჯელი და უფლის ნებაც, რომელმაც დაგვიტოვა დიდზე დიდი საფიქრალი: რა იყო ეს და რა მოხდება მომავალში.