ხათუნა ბერაძე
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვნი მასწავლებელი
არაფორმალური განათლება, სასკოლო ცხოვრებაში, ხელს უწყობს მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გამოვლენას. აგრეთვე, ქმნის პრაქტიკულ-ანალიტიკური და სისტემური აზროვნების პირობებს, სოციალურ-თანამშრომლობითი უნარების განვითარებისათვის.
განათლების ეს ფორმა ორიენტირებულია მოსწავლის მოთხოვნებზე, აძლევს მას საკუთარი შესაძლებლობებისა და შინაგანი ძალების გააქტიურება-გამოვლენის საშუალებას; ხელს უწყობს საერთო ინტერესების მქონე მოსწავლეთა გაერთიანებას, ბავშვებს უყალიბდებათ ცოდნის გაცვლის კულტურა, დამოუკიდებელი მუშაობის, სიახლეების ძიების, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი. არაფორმალური განათლება ამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას სწავლა-სწავლების პროცესში.
სწორედ ამიტომ შევქმენით, სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ბაზაზე, მკითხველთა კლუბი „ჩირაღდანი“, რომლის მიზანია:
♦ მოსწავლეებში შემოქმედებითი, კვლევითი და კრიტიკული უნარების აღმოჩენა და განვითარება;
♦ მნიშვნელოვანი ინიციატივების პროექტების სახით განხორციელება;
♦ გააზრებული კითხვის უნარების განვითარება და თვალსაწიერის გაფართოება;
♦ მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების განვითარება;
♦ ინფორმაციის დახარისხების, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარების განვითარება;
♦ თანატოლებთან და უფროსებთან დადებითი, კონსტრუქციული ურთიერთობისა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა;
♦ მოწავლეების კარგ ამომრჩევლებად აღზრდა (კარგსა და ცუდს შორის სწორი არჩევნის გაკეთების უნარი);
♦ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება;
♦ ლიტერატურული გემოვნების დახვეწა.
მიზნებისა და მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით, კლუბის წევრებმა განახორციელეს აქტივობა – „ჩემი სოფლის მეტყველება“. აქტივობის ფარგლებში: შეარჩიეს მათთვის სასურველი ჯგუფები, შეაგროვეს მათ მეტყველებაში გავრცელებული სიტყვები და შექმნეს რამდენიმე ლექსიკონი: „ბებიებისა და ბაბუების ლექსიკა“, „ჩემი ქუჩისა და უბნის ლექსიკა“, „ჩემი თანატოლების მეტყველება“, „კლასის სახუმარო ლექსიკა“.
მუშაობის პროცესში, ბავშვებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარი, რაც მომავალში მათ სწორად განვითარებას უზრუნველყოფს. ასევე, თანამშრომლობითი უნარები, რომელთა ჩამოყალიბებაც მათ ჰუმანურ პიროვნებებად და კარგ მოქალაქეებად აღზრდას შეუწყობს ხელს.
მიმაჩნია, რომ არაფორმალური განათლების ეს მეთოდი – კლუბური მუშაობა, საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა ჩემი მოსწავლეებისათვის. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მოთხოვნას – გავზარდოთ ბავშვი კარგ მოქალაქედ, ყველაზე უფრო არაფორმალური განათლება უწყობს ხელს, მთავარია, პროცესი სწორად და მოსწავლეთა ინტერესების დაცვით წარიმართოს.