მარიამ რთველაძე
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N1 საჯარო სკოლის Xა კლასის მოსწავლე
ხელმძღვანელი პედაგოგი: ირმა წიკლაური
საუკუნეების განმავლობაში არაერთი კატაკლიზმა, რევოლუცია, მოვლენათა ბუნებრივი თუ ხელოვნური ცვლილება მომხდარა და ეს პროცესი XXI საუკუნეშიც გრძელდება. დაწყებული პალეოლითური, მეზოლითური, ნეოლითური, ანტიკური, რენესანსული თუ დიდი გამოწვევების პერიოდებიდან, ადამიანები ნელ-ნელა ვზღუდავთ, ვანადგურებთ და საშიშ კოლბირებულ, დახუთულ, სუსტ გარემოს ვქმნით, რომელშიც ცხოვრება უნდა შევძლოთ. დედამიწა უფრო მდიდარ, ღირებულ და მრავალფეროვნებით დატვირთულ საგამოფენო სივრცეს ჰგავდა გაცილებით ადრე, ვიდრე ადამიანთა მხრიდან ვანდალური ძალადობის მსხვერპლად იქცეოდა.
ცვლილება განიცადა ჰავის, ანუ კლიმატის ტიპმა, ატმოსფერომ, წყლებმა, ტექტონიკურმა ფილებმა, გარეთა და შიგნითა ფენებმა და ლანდშაფტმა. ამიტომაც, კლიმატის პრობლემა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი საკვლევი საკითხია.
კლიმატის გამოკვეთილი და არაპროგნოზირებადი პრობლემა სულაც არ მომდინარეობს მხოლოდ ერთი ქვეყნიდან და საფრთხესაც მხოლოდ ერთ ქვეყანას არ უქმნის. ის გლობალური მნიშვნელობის პრობლემაა და საქართველოსაც ეხება. მაგალითად, ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე, საქართველოს ტერიტორიაზე, მიწისპირა ჰაერის საშუალო ტემპერატურა თითქმის ყველგანაა მომატებული, განსაკუთრებით ინტენსიურად ეს დედოფლისწყაროს რაიონში, ფოთსა და ზუგდიდში იგრძნობა. წლის განმავლობაში ცხელი დღეების რაოდენობის მატების ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია საქართველოს დიდ ქალაქებში. ამ მაჩვენებლით თელავი, ბათუმი და ზუგდიდი ლიდერობენ. ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე თბილისია, თუმცა სითბური ტალღები ადამიანების ჯანმრთელობისთვის ყველგან თანაბრად საშიშია. მეორე გამოწვევა ყინულის დნობას ეხება, ზოგადად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, იქნება ეს მაღალმთიან მყინვარებზე არსებული თოვლისა თუ ყინულის საფარველი თუ უზარმაზარი აისბერგის დნობის საკითხი. დედამიწაზე ყინულის საფარის დნობის სიჩქარის ზრდა საშუალო ტემპერატურის მატების პირდაპირპროპორციულია. შესაბამისად, იზრდება წყლის დონე ოკეანეში.
შედეგად, ვიღებთ ეკოსისტემის სახეცვლილებასა და სხვადასხვა ტერიტორიების გახშირებულ დატბორვას. მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, 400 მილიონი ადამიანი ზღვის დონეზე დაბლა მცხოვრებია და თუკი გაგრძელდება ყინულის დნობა, გარდაუვალია მდინარეთა კალაპოტის ცვლილება, რამაც შესაძლებელია მსხვერპლიც გამოიწვიოს.
აღმოსავლეთ საქართველოში მასშტაბურად მცირდება მყინვართა ფართობები, ასევე, პატარა მყინვარები დნება. დასავლეთ საქართველოში ეს პრობლემა, ჯერჯერობით, ასე მწვავედ არ დგას.
მესამე აქტიური გამოწვევა მეტეოროლოგიური პრობლემატიკაა. ნალექების რაოდენობა 5-დან 15%-მდეა გაზრდილი. რაც უფრო ცხელი ამინდებია დედამიწაზე, მით უფრო ტენიანი ხდება ჰაერი, რაც წყალმოვარდნისა და წყალდიდობის რისკებს ახშირებს. ამ ყველაფერს ემატება გვალვა, ქარი და ზვავი. განსაკუთრებული ზარალი მიადგა, ამ მხრივ, იმერეთის რეგიონს – სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 35%-ში ეროზიული პროცესები მიმდინარეობს. სტიქიური მოვლენების გამო დეგრადირებულ ნიადაგებზე აღარ მოდის ისეთი მოსავალი (და არც იმ დროში), როგორც ადრე.
ჰაერის ტემპერატურის მატება ტყეებში ზრდის ისეთი დაავადებების გავრცელების რისკს, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ რელიქტურ და ენდემურ სახეობებს და გააუარესონ ტყეების საერთო მდგომარეობა.
ყველაზე ეფექტური ღონისძიებების ფარგლებში, აუცილებელია, განხორციელდეს შემდეგი ტიპის აქტივობები: განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვა და განვითარება (მზის ენერგია, ქარის ენერგია, ჰიდროენერგია, გეოთერმული ენერგია და ბიომასის ენერგია. ეს წყაროები ბუნებრივია და მათი შევსება შესაძლებელია ბუნებრივად); ნახშირბადის ემისიების შემცირება და კონსერვაციის მეთოდის გამოყენება.
აგრეთვე, ვფიქრობთ, რომ მდგრადი განვითარების მიზნებიდან მე-12, 13, 14, 15, 17 მიზნების დანერგვაზე ეფექტურ გავლენას მოახდენს ასეთი გლობალური პრობლემის მოგვარებისთვის მცდელობა.