კლასგარეშე აქტივობების ინტენსიური დაგეგმვა და განხორციელება მოსწავლეებს აძლევს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ უვითარებს ისეთ უნარებს, რომელთა შეძენა მრავალმხრივ მნიშვნელოვანია მათი მომავალი ცხოვრებისთვის, მაგალითად, კომუნიკაციის, გუნდურობის, შემოქმედებითად აზროვნების და სხვ., ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების განვითარებასა და თვითაქტუალიზაციას. მოსწავლეს ეძლევა საშუალება გამოავლინოს საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები.
ჩვენ მიერ განხორციელებულმა პროექტებმა დაგვარწმუნა, რომ მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კლასგარეშე აქტივობებში, მაღალი აკადემიური მოსწრებითაც გამოირჩევიან, ნაკლებად აცდენენ სკოლას, იშვიათად აქვთ დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები, მეტად თავდაჯერებულები არიან და თვითეფექტურობის განცდა აქვთ. ამასთან მოსწავლეთა ჩართულობა კლასგარეშე აქტივობებში აფასებს არასავალდებულო სასწავლო კურიკულუმის ცოდნას და, შინაგან მოტივაციაზე დაფუძნებით, მოსწავლეებში ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და უნარებს ავითარებს.
ამჯერად ყურადღებას სამოქალაქო კლუბის მუშაობაზე შევაჩერებ, რომლის საქმიანობაში ერთნაირად არიან ჩართული მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, ადგილობრივი თემი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა უწყებები. სამოქალაქო კლუბის მიერ დაგეგმილი პროექტების ერთობლივად განხორციელება ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების აქტიურ თანამშრომლობას, შექმნან ხელსაყრელი გარემო თემში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. შესაბამისად, მოსახლეობასაც უჩნდება სურვილი გამოიჩინოს ინიციატივა და, სამოქალაქო კლუბთან ერთად, ჩაერთოს პროექტების განხორციელებაში. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული არაერთი პროექტი და აქტივობა. მაგალითად, პროექტი „გააკეთე სწორი არჩევანი საქმიანი ხვალინდელი დღისთვის“. პროექტის მიზანი იყო „მოსწავლეებში და ადგილობრივ თემში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია“. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი აქტივობები: ჩვენი სოფლის კლუბში მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მცირე მეწარმეები, მშობლები, სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთაც გავაცანით პროექტის მიზნები. შემდეგ ჩამოყალიბდა მშობელთა და კურსდამთავრებულთა კლუბი, რომელშიც გაერთიანდნენ სხვადასხვა პროფესიისა და სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადმიანები.
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მუშაობს, ჩაატარა სემინარი თემაზე: „ადამიანის შრომითი უფლებები და პასუხისმგებლობა“, თავისი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა სასკოლო საზოგადოებას; სოფლის ამბულატორიის ექიმი-პედიატრი მოსწავლეებს ექიმის პროფესიაზე ესაუბრა. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ეწვივნენ ჩვენი სოფლის საკონდიტროს, გაეცნენ მის საქმიანობას და მონაწილეობა მიიღეს ერთ-ერთი პროდუქციის შექმნაში; ასევე სტუმრობდნენ ადგილობრივ მეღვინეს მარანში, გაეცნენ ღვინის დამზადების ტექნოლოგიას და დარგის წარმატების საიდუმლოს; მოსწავლეთა გარკვეულმა ნაწილმა, სამი კვირის განმავლობაში, სტაჟირება გაიარა ადგილობრივ საბავშვო ბაღში, სუპერმარკეტში, არასამთავრობო ორგანიზაციაში.
დასკვნით ეტაპზე, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად, ესტუმრნენ ზესტაფონის პროფესიულ კოლეჯს „კონსტრუქტ2“. კოლეჯის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს პროფესიული პროგრამები გააცნო. დაათვალიერეს კაბინეტ-ლაბორატორიები, შეხვდნენ და ესაუბრნენ კოლეჯის სტუდენტებს, ნახეს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების სივრცე, თვითონაც ჩაერთვნენ სამუშაო პროცესში. იმდენად მოეწონათ პროფესიული კოლეჯი, რომ რამდენიმემ გადაწყვიტა, პროფესიას აქ დაეუფლოს.
განხორციელებული პროექტის შედეგად ამაღლდა მოსახლეობის ცნობიერება პროფესიული განათლების კუთხით, პროექტის მიმდინარეობისას, განხორციელებული აქტივობების შედეგად, გაიზარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესება პროფესიული პროგრამებით. მათ ჩაატარეს კვლევა, რომლის საფუძველზე დაადგინეს მოთხოვნადი პროფესიები და რომელი პროფესიების ათვისებით შეძლებენ დასაქმებას საკუთარ ქალაქში თუ სოფელში.
ნონა ყაველაშვილი
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი