ნინი მამულაძე
თიკა ხოზრევანიძე
სსიპ დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები
ხელმძღვანელი: სოსლან სურმანიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
საზოგადოებას, თავისი არსებობის ყველა ეტაპზე, ჰქონდა განსხვავებულისა და განსხვავებულობის, სტერეოტიპების შიში, არა აქვს მნიშვნელობა ეს განსხვავებულობა რა ფორმით იქნებოდა გამოხატული. ჩვეული, თუნდაც მავნე, მაგრამ ტრადიციის სახელით მონათლული, გზიდან გადახვევა შიშს იწვევს. ეს საკითხი მეტად აქტუალური და ღრმაა ჩვენს დროშიც. ამ სიღრმეებში შესვლა გონივრული მსჯელობითაა შესაძლებელი, თუმცა, ამ ეტაპზე, ჩვენი ინტერესის სფეროს ორი დიდი ნაწარმოების – „იგისა“ და „ალუდა ქეთელაურის“ – პარალელები წარმოადგენს.
„მე, როგორც ზედმიწევნით არათავისთავად ადამიანს, მუდმივად გამაჩნია უსაზღვრო მოთხოვნილება, ყოველმხრივ თავისუფალი და დამოუკიდებელი ვიყო“ – ფრანც კაფკას აღნიშნული ფრაზა შეიძლება პარაგრაფად წავუმძღვაროთ აღნიშნული ნაწარმოებების იდეას.
იგი და ალუდა ქეთელაური – ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის იდეისთვის მებრძოლი პერსონაჟები არიან. ორივე თავისუფლებისთვის იბრძვის, სხვების აგებული კედლების მსხვრევისა და საკუთარი „სხვაზე დამოკიდებული სხეულის“ მტვრევისათვის.
აზროვნების განვითარების გარკვეულ ეტაპზე იგი და ალუდა ქეთელაური აღმოაჩენენ სხვა სამყაროს – მორჩილებისგან თავისუფალსა და ბედნიერი მომავლის მომასწავებელს.
როდის დაიწყო აზროვნების ევოლუციის პროცესი იგიში? ამ კითხვაზე თავად ავტორი ასე გვპასუხობს: „იგი ყველაფერშია და ყველაფერი იგიშია“. გამოდის რომ სამყაროს შეცნობის პროცესი ჩანასახშივე იგულისხმებოდა იგიში. იგი იწყებს თუ არა სამყაროს შეცნობას ხელოვნებისა და სიყვარულის სახით, მაშინვე იწყება სულისა და ხორცის, ტკივილისა და წუხილის ბრძოლა.
რა იწვევს ალუდას ფერისცვალებას? მძაფრსიუჟეტიანი ბრძოლის ბოლოს მუცალი ალუდას იარაღს გადასცემს, იმის შიშით, რომ სხვა უღირსის მკლავს აარიდოს. ამით მუცალი ალუდას ვაჟკაცობას უსვამს ხაზს, შემწყნარებლობას იჩენს მის მიმართ. აქვე მნიშვნელოვანია, არც ალუდას დავლათიანობა დაგვავიწყდეს, რადგან როგორც კარგ მთქმელს სჭირდება კარგი გამგონე, სწორედ ისე სჭირდება კარგ ნამოქმედარს სწორი აღქმისა და შეფასების უნარი, რომელიც ასე უხვად მოუმადლებია უფალს ალუდასათვის.
მართალია, აზროვნების განვითარება დაწყებულია, თუმცა როგორც ერთის (იგი გამოქვაბულში ცხოვრობს), ისე მეორის ადგილსამყოფელს ქვა, კლდე აკრავს, რომელიც შეძლებისდაგვარად ეღობება ყოველგვარი სიახლის შეღწევას:
„შატილს ჯერ არ ჩასწდომია
შუქი შუადღის მზისაო,
არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა,
ცა ახურია კლდისაო“.
ამიტომ აქ არაფრით არ შეიძლება არ დაემორჩილო საზოგადოებრივ წესრიგს, არ შეიძლება გაიშალო წელში, იფიქრო და იმოქმედო განსხვავებულად, ვინაიდან განსხვავებული ქმედების ბოლო ყველასთვის ერთნაირია: გარიყვა, განრიდება თემიდან, ტომიდან ან, უარეს შემთხვევაში, ბოლო „დიდი დაძინების ქარაფია“. ეს ორი ნაწარმოები იმ მხრივაც ავსებს ერთმანეთს, რომ ტომიდან, თემიდან გარიცხვის წესი იგიში დასაწყისშივეა ნაჩვენები, ხოლო ალუდა ქეთელაურში ბოლოს, თუმცა, ორივე შემთხვევაში, მისი რომელიმე წევრის გარკვეული ქმედების შედეგია.
იგიში შედარებით დეტალურადაა აღწერილი შინაგანი წინააღმდეგობის პროცესი, რომელიც შესაძლოა და ალბათ გაიარა ალუდა ქეთელაურმაც. ბუნებრივია, ის „მკლავის არ მოჭრის პროცესშივე გაისიგრძეგანებდა მოსალოდნელ შედეგებს, თუმცა ამაზე პოემა არაფერს გვეუბნება. სამაგიეროდ იგი ჯიუტად ებრძვის ტკივილს და ბოლოს ამარცხებს კიდეც:
ტკივილი დაამარცხა და ისეთი გახდა, როგორიც არიან სხვები. დადგა დღე, როცა სანადიროდ მიმავალი იგი სხვებისაგან აღარაფრით გამოირჩეოდა. მოხრილი იყო, ხელები კოჭებამდე დასთრევდა, შუბლი მიწისთვის მიეშვირა. მართალია, ზურგში ჯერ კიდევ კბენდა ტკივილი, მაგრამ ეს პატარა ტკივილი იყო, ტკივილის შვილი, რომელსაც არც სიავე ჰქონდა, არც ძალა და არც ბასრი კბილები“. გარკვეულ ხანს იგიმ თითქოს შვებაც იგრძნო და საფრთხეც აიცილა თავიდან.
რა ხდება მაშინ, თუკი „აქა დგახარ და სხვაგვარად არ ძალგიძს?“ პირველი და მთავარი ბარიერი შეჯახებაა ბელადთან, ხევისბერთან. ორივე ნაწარმოებში საინტერესოდაა წარმოჩენილი პერსონაჟი-ბელადის სახე.
ბელადი იგის შიშის თვალით უყურებს, რადგან იგი მისთვის წყევლასავითაა: თუ იგი წავა სანადიროდ, მაშინ მონადირეები შიმშილს მოინადირებენ, ამიტომ პირველი ჩარევა, რასაც ბელადი მოიმოქმედებს, არის ის, რომ იგის არ წაიყვანს სანადიროდ:
„ბელადმა ქვემოდან ამოხედა იგის, მერე ისევ მიწას დააშტერდა. ყველანი დუმდნენ. ბელადი იდგა, მიწას მისჩერებოდა და ისეთი სახე ჰქონდა, კაცი რომ დიდ ქვას დაეჭიდოს და ვერ ასწიოს… ბელადს ხორცი, ნადავლიცა და თავისი წილიც, ისევ ისე გულში ჰქონდა ჩაკრული, პირი გაეღო და ქვემოდან ამოსცქეროდა იგის. გაფართოებულ თვალებში გაკვირვება ედგა და იგის მოეჩვენა, რომ ამ გაკვირვებაში თეთრი შიშიც ერია“.
ასეთივე დიდი და მყარი ქვა იყო ბერდიასთვის ალუდა ქეთელაურიც:
„ფერი ედება ბერდიას,
ფერი სხვა-რიგის შიშისა“.
იგისა და ალუდა ქეთელაურს არჩევანის გაკეთება უწევთ: ან უნდა შეებან ან უნდა გაეცალონ, დაუთმონ და დაემორჩილონ ბელადს. ორივე ბრძოლის გზას ირჩევს.
ქვეტექსტური პარალელის გავლება შეიძლება მინდიასა და ზუს შორისაც. ზუ ჩუმად აკვირდება იგის ქმედებებს, მართალია, ზუს სათქმელს გაცხადებულად ამბობს ნი: იგი ისეთი არ არის, როგორიც სხვები არიან, მაგრამ ნაწარმოების ბოლოს ის გვევლინება, როგორც ,,იგიში დარჩენილი იგი. ზუსგან განსხვავებით, მინდია პირდაპირ მიუთითებს მთავარი პერსონაჟის განსაკუთრებულობაზე:
„ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა
მის ვაჟკაცურის რჯულითა!
ერთურთს ნუ დააჩაგვრინებთ,
გული-დ გონება ძმანია.
მართალი არი ალუდა,
თავს არ დამექცნენ ცანია!“
ალუდას სახლ-კარის დასარბევად გამართული ხევსურების დანახვაზე მინდიას „მაუწყლიანდის თვალები“. ცრემლი ლიტერატურაში გაიგება როგორც მონანიების, წარსულში ჩადენილი ცოდვის გააზრების სიმბოლო. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი მინდიას კათარზისის მანიშნებელია, რომ მომავალში ის დაადგება ალუდას გზას.
ნაწარმოებებში არანაკლებ ეხმიანება ერთმანეთს კულმინაციური ეპიზოდები. მას შემდეგ, რაც იგის თავისი წილი ხორცის მიღებაზე უარს ეტყვიან, იგი იწყებს უფლებებისთვის ბრძოლას, მას აქვს თავის მართლების საშუალებაც: ის იმიტომ არ წავიდა სანადიროდ, რომ ბელადმა არ წაიყვანა. ალუდა ქეთელაურიც მას შემდეგ დააგორებს შესაწირის თავს, რაც ხევისბერი ეტყვის დამწყალობებაზე უარს.
როგორც თავიდანვე იყო მოსალოდნელი, ორივე შემთხვევაში, სასჯელი თემიდან, ტომიდან მოკვეთაა: ბელადმა კეტი მაღლა შემართა და, სიჩუმე რომ ჩამოვარდა, თქვა:
„- როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება“.
ხევსურეთში მიმღებლობის დეფიციტი გამოავლინა თემმაც, როცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო:
„დაჯარდით, ხევსურთ შვილებო,
ყველანი – დიდნი, მცირენი, –
სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ
ალუდას სახლის დირენი;
ნუ დაინანებთ, ექმნენით
ცოლ-შვილის ამატირენი.
მოკვეთილ იყოს, სხვა ქვეყნის
ცა-ღრუბლის შანამზირები.“
საინტერესოა, როგორაა დახატული უკვე მოკვეთილი ალუდასა და იგის სახეები: ალუდა ბოლომდე ინახავს ვაჟკაცის სახეს, არ ავლენს წყენისა და ჯავრის მისხლისოდენა მარცვალს. პირიქით, მასთან ერთად მიმავალ დედასა და ცოლს საყვედურობს წუწუნსა და ჩივილს:
„- დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა,
მოდით, მამყევით, ვიდინოთ,
ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა,
ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ,
ნუ გადიქცევით ცეტადა!“
ნელა და თავაწეული მიაბიჯებს იგიც. ქარაფის წვერზე დიდი სინათლე იყო. მხოლოდ ერთხელ, რაღაც ძალამ უცბად მოაბრუნა იგი. სანამ თვალები მიხვდებოდნენ, რა დაინახეს, სიტყვებმა უხმოდ თქვეს: „იგიმ იცის რა დარჩება მისგან!“
ეს რაღაც იყო ზუ. მომავალში იგი ზუსთვის ხიდი იქნებოდა და გზის სიძნელეს გაუადვილებდა. იგი ხვდება იმასაც, რომ ყველა, ვინც დიდი დაძინების ქარაფს გადააბიჯებს, ერთნაირი დაძინებით არ იძინებს, რომ ვიღაც წვიმაში დატოვებული კვალივით ტოვებს ნაკვალევს გადაშვებამდე.
მხოლოდ ერთხელ მოუნდა მოტრიალება ალუდასაც:
„მშვიდობით, საჯიხვეებო,
გამახარელნო თვალისა!
მშვიდობით, ჩემო სახ-კარო,
გულში ამშლელო ბრალისა!
მშვიდობით, ჩვენო ბატონო,
ყმათად მიმცემო ძალისა!“
ალუდა უკუნის განმანათლებელი სხივია.
გზავნილები, რომლებიც ტექსტიდან მომდინარეობს რელიგიურ-ჰუმანურ-ფილოსოფიურია:
♦ არა კაც კლა;
♦ ურთიერთდაუნდობლობა უნდა მოისპოს;
♦ ყველა ადამიანი განსაკუთრებულია;
♦ სტერეოტიპები უნდა დავამსხვრიოთ;
♦ ინდივიდუალიზმი არ უნდა დავთრგუნოთ, პირიქით, უნდა განვავითაროთ;
♦ განსხვავებულისადმი მიმღებლები უნდა ვიყოთ;
♦ და რაც მთავარია: ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, რადგან მხოლოდ სიყვარულს შეუძლია სულში არსებული ყინულის გალღვობა.