ხატია მეკოკიშვილი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის „ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისათვის“ კონსულტანტი მასწავლებელი, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის მონაწილე, სტატუსი – წამყვანი
გავიზარდე კახეთის ულამაზეს სოფელში, გურჯაანის რაიონ სოფელ ვაზისუბანში. საბავშვო ბაღი, სკოლა, მეგობრები, ყველა და ყველაფერი ირმების გადმოსახედ, მზიან კუთხეს უკავშირდება, მაგრამ დგება ცხოვრებაში გადამწყვეტი დრო, როცა გიწევს ამ ყველაფერთან განშორება. სწავლის გასაგრძელებლად გადავედი თბილისში და შემდეგი ეტაპი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ულამაზესი და საინტერესო ოთხი წელი. სტუდენტობისას ყოველთვის დაკავებული ვიყავი სხვადასხვა აქტივობითა და აქტიური სტუდენტური ცხოვრებით. აქტიური ცხოვრება იქცა ჩემი ცხოვრების თანამგზავრად. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ყურებისას, დედამ მოისმინა პროექტის შესახებ, სადაც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის დამხმარე მასწავლებლებად იმუშავებდნენ ერთი წლის განმავლობაში (ადგილობრივ სომეხ/აზერბაიჯანელ ქართულის მასწავლებელს დაეხმარებოდნენ საგაკვეთილო პროცესში). ერთწლიანი სამუშაოს შემდეგ, ხელშეკრულების თანახმად, ახალგაზრდებს მაგისტრატურაზე სწავლა უფინანსდებოდათ. დავინტერესდი და ყურადღებით ვიყავი, როდის გამოცხადდებოდა კონკურსი. მალე მართლაც გამოცხადდა და მივიღე მონაწილეობა.
კონკურისის ყველა საფეხური წარმატებით გავიარე, მაგრამ არ ვიცოდი, რომელ მხარესა და რეგიონში მოვხვდებოდი განაწილებით. სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზკის საჯარო სკოლაში მოვხვდი. ავიღე რუკა და აღნიშნულ ლოკაციაზე ინფორმაციის შეგროვებას შევუდექი. საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული მასალა მქონდა ხელთ. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი 2012 წლის 13 თებერვალს.
ჩავჯექი ჩემოდნებით, სხვა შერჩეულ მონაწილეებთან ერთად, სამარშრუტო ტაქსში და რამდენიმესაათიან გზას დავადექით. ყველანი ერთმანეთისთვის უცხო ვიყავით, თუმცა ძალიან ახლობლები გავხდით. მივდიოდით, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს ისტორიებს, ვსაუბრობდით მოსალოდნელ შედეგებზე და ასე მხიარულად მივუყვებოდით გზას, რომელიც გაოცებას იწვევდა თავისი განსხვავებული ბუნებრივი გარემოთი. გზადაგზა თოვლიანი მთები და ვიწრო, სიმაღლეზე მიმავალი მიხვეულ-მოხვეული გზები, გაოცებასთან ერთად, შიშსაც იწვევდა და აი, შევედით ქალაქ ახალქალაქში. მძღოლმა დანიშნულების ადგილზე მიგვიყვანა, ყველას ჩვენი მასპინძელი სკოლის დირექტორი გველოდებოდა. გარშემო სიცივე და სითეთრე იდგა. აბუზული ჩიტებივით ვიდექით და ველოდებოდით ჩვენი სახელისა და გვარის გამოძახებას. მეც მომაკითხა მასპინძელმა და გავუყევით რუკაზე მონიშნულ სოფლის გზას. ვერაფერს ვხედავდი, თოვლისა და მთების გარდა. გაოცებული ვერაფერსა და არაფერზე ვფიქრობდი. სადღაც შორს აღმოჩნდა სოკოებივით ამოზრდილი დასახლებული პუნქტები და როცა ვიკითხე, თუ რა იყო? მიპასუხეს, ეგაა ხატი ჯან სოფლები, სადაც ვცხოვრობთო. პირველი შთაბეჭდილება გაურკვეველი იყო, ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი, არ მესმოდა ქართული საუბარი. გამიმართლა და ჩემმა სკოლის დირექტორმა ქართული იცოდა, თბილისში ჰქონდა დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი, შვილებიც სკოლის მოსწავლეები ჰყავდა და ქართულად კომუნიკაცია შეეძლოთ ბავშვებს.
მეორე დილა, სკოლის გზა და გაცნობა, ეს იყო ყველაზე დაუვიწყარი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. სკოლა და სახლი ერთმანეთისგან საკმაოდ შორს იყო, ერთი — სოფლის თავში, მეორე – ბოლოში და -30-გრადუსიან ყინვაში არ იყო მარტივად გასავლელი გზა. სკოლის კარის შეღება და პირველი ემოციები, ბევრი ინტერესით სავსე თვალი და სახე მელოდებოდა. პირველი დიდი სიხარული იმ დროს ვიგრძენი, როცა სუფთა, უაქცენტო ქართული საუბარი მოვისმინე. ადგილზე დამხვდა მეორე პროგრამის ქართული ენის ქართველი მასწავლებელი. მას შემდეგ შევუდექი ჩემს საქმიანობას. ჩემი მოვალეობა ადგილობრივ სომეხ მასწავლებელთან ერთად ქართული ენის გაკვეთილების ჩატარება (ადგილობრივი მასწავლებელი მეხმარებოდა თარგმნაში, რადგან სომხური ენა საერთოდ არ მესმოდა) და მისი დახმარება იყო, ასევე არაფორმალურ აქტივობებში ჩართვა.
სამუშაო საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა, თუმცა არ შევშინებულვარ. მალევე აღმოვჩნდი კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე, როცა ადგილობრივმა ქართული ენის მასწავლებელმა სკოლა დატოვა და გაკვეთილების ჩატარება მარტოს მიწევდა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რათა მოსწავლეებისთვის სრულყოფილად მიმეწოდებინა სასწავლო მასალა, რომ ქართული შეესწავლათ. ყველანაირ მეთოდს ვიყენებდი, რაც შეიძლებოდა დაგვხმარებოდა სახელმწიფო ენის შესწავლისას.
თავდაპირველად ოჯახთან, ახლობლებთან და მეგობრებთან განშორება მარტივი არ იყო, უცხო გარემოსა და რთულ კლიმატურ პირობებში ყოფნა, სადაც 12 თვიდან 9 თვე ზამთარია. ყველა გაოცებული გაკვირდება და გიჩნდება შეკითხვა, მიმიღებს უცხო გარემო ისე, რომ თავი სრულფასოვან წევრად ვიგრძნო? ყინვასა და ქარბუქში ფეხით მიწევდა სიარული, რაც საკმაოდ რთული იყო, მძიმე ჩანთები მეხმარებოდა, თოვლში რომ არ წავქცეულიყავი. დღითი დღე იზრდებოდა კეთილგანწყობილი ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც შემიმსუბუქეს ტერიტორიული სიშორე და ახლობლებისგან განშორება. ეს რთული გარემოც თანდათან ახლობელი აღმოჩნდა და ჩემიანი გახდა. ერთი წლით ჩამოსულმა, ხელშეკრულების გაგრძელება გადავწყვიტე, ათასი ფიქრი მიტრიალებდა, როგორ დავხმარებოდი ჩემს მოსწავლეებს და შემეცვალა მათი მომავალი, რა ღონისძიებები დამეგეგმა და განგვეხორციელებინა ერთობლივად. ამისათვის საკუთარი პროფესიული განვითარებაც იყო აუცილებელი. გადავწყვიტე მასწავლებლის გამოცდაზე გავსულიყავი, რადგან უკვე ამის შესაძლებლობა მეძლეოდა. არც დავფიქრებულვარ და პირველივე მცდელობა წარმატებით დასრულდა, რამაც სხვა პროგრამაში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მომცა. კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ სკოლისა და სოფლის შეცვლა მომიწია, თუმცა რეგიონის დატოვება არა.
2015 წლის სექტემბერში, ახალ სოფელში (სოფელი გომანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი), ახალ სკოლასა და რაც ყველაზე მთავარია, ახალ ოჯახში შევაბიჯე. ისევ ყელაფერი თავიდან დაიწყო, გაცნობა თემისა და სასკოლო საზოგადოების, დაკვირვება პროცესებზე და იქაური ცხოვრების სტილის მორგება. საკმაოდ რთული პროცესი იყო, რომელიც არ დასრულებულა და დღემდე გრძელდება, რადგან მას შემდეგ ამ სკოლაში დავრჩი.
ბევრი რამ შეიცვალა როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სასკოლოში, მაგრამ ისევ მყარად ვდგავარ. ახალი ვალდებულებები და გამოწვევები იქცა იქ დარჩენის მოტივატორად. დღეს თავს ადგილობრივად ვთვლი და პატარა წვლილი მაინც მაქვს შეტანილი ჩემი მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინსვლაში. ოჯახი, რომელმაც მიმიღო, იქცა მონატრებისა და განშორების შემამსუბუქებელი, არ მაძლევდა საშუალებას მეგრძნო ტერიტორიული სიშორე. მიმიღეს ისე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრი, მათი მიზანი იყო, ქართული შეესწავლათ. საბოლოოდ, ეს მიზანი მიღწეული აღმოჩნდა. არაჩვეულებრივი და ტკბილი მოგონებებით მომიწია ოჯახის დატოვება, პირადი ცხოვრების შეცვლის გამო, მაგრამ მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მომიწია, სამუშაო პროცესი ჩვეულ რიტმში გაგრძელდა. პარალელურად, უარი ვთქვი მაგისტრატურის სახელმწიფო დაფინანსებაზე, რადგან ხელშეკრულების პირობების თანახმად, პროექტის დატოვება მომიწევდა. ამიტომ სწავლა მე თვითონ დავიფინანსე და ხელშეკრულება არ დავარღვიე, რომ შემძლებოდა, პარალელურად, ჩემი საქმიანობის შესრულება. მოვძებნე ისეთი უნივერსიტეტი, სადაც ლექციები საღამოს ტარდებოდა და სამუშაო პროცესში ხელი არ შემეშლებოდა. გაკვეთილების შემდეგ გავრბოდი და რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ ლექციებს ვუსწრებდი, ხოლო ღამე სამ საათზე მიწევდა უკან დაბრუნება, რათა მეორე დილით სასწავლო პროცესისთვის მიმესწრო. ასე გაიარა სრულმა ორმა წელმა და ეს მიზანიც მიღწეული და დაძლეული აღმოჩნდა.



ამ წლების განმავლობაში, მოსწავლეებთან და სასკოლო საზოგადოებაში შეიცვალა სახელმწიფო ენის მიმართ დამოკიდებულება და ცოდნის ხარისხი. რამდენიმე წლის წინ თუ მცირე რაოდენობა მოიძებნებოდა, რომელიც სახელმწიფო ენაზე ისაუბრებდა და შეძლებდა კომუნიკაციას, დღეს ეს მდომარეობა საგრძნობლად შეცვლილია. სკოლის ყველა მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ კარიერულ წინსვლაზე და ნებისმიერ საკითხში მათ გვერდით ვდგავარ, რომ შეძლონ სირთულეების დაძლევა. ყოველ წელს იზრდება საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის გამგრძელებელთა რაოდენობა, ასევე გვყავს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებიც, რამდენიმე წლის წინ ამ ყველაფერზე საუბარიც კი ჭირდა. ასევე გვყავს საუკეთესო უნივერსიტეტდამთავრებულები, რომლებიც სამედიცინო სფეროში აგრძელებენ მუშაობას და სხვადასხვა სპეციალობის კურსდამთავრებულები და სტუდენტები. ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, რომლებიც სწავლის გასაგრძელებლად ემზადებიან, ეს ბავშვები უკვე საუბრობენ ქართულ ენაზე, მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში, კონფერენციასა და ღონისძიებაში. თუ სადმე რამე გამოცხადდა და ყურს მოვკრავ, მზად ვარ, მოსწავლეები დავაინტერესო და ისინიც აქტიურად არიან ჩართულები. მთელი ზაფხულის განმავლობაში, სკოლაში, ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის აქტივობას ქართული ენის უკეთ შესწავლის მიზნით.

ჩემი მეორე ოჯახი სკოლა და ბავშვები არიან. მე მოვიპოვე ნდობა, რომელსაც არასოდეს გავუცრუებ.
საზაფხულო ბანაკები ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა გაიცნეს სხვადასხვა საინტერესო ადგილი საქართველოში, შეიძინეს უამრავი ახალი მეგობარი და მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც დაგვეხმარა სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. ხშირად ვგეგმავთ და გვაქვს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ექსკურსიები, მოვინახულეთ მუზეუმები, ვესტუმრეთ უნივერსიტეტსა და ბევრ საინტერესო ადგილს. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის აქტივობები, ძირითადად, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობით გახდა შესაძლებელი. ასევე დიდი გამოცდილება შესძინა ჩვენს მოსწავლეებს კონფერენციებში მონაწილეობამ, რომლებიც, ძირითადად, ქართულ ენაზე იმართება და რომლის საპრეზენტაციო ნაწილს კარგად უმკლავდებიან.


ამ დროს, მე მყავს საკუთარი ორი შვილი, რომლებიც აქ იზრდებიან. აქ არსებულმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა და ოჯახის შექმნის შემდეგაც აქ დავრჩით, მიუხედავად იმისა, რომ არც მეუღლეა ადგილობრივი. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია აქ მარტო ცხოვრება, მაგრამ ჩვენ გავხდით აქაურები, ჩემს შვილებს შევაყვარე აქაურობა და მივიღეთ ისე, როგორც ჩვენ მიგვიღეს ადგილობრივებმა. ხშირად მოსწავლეები მეკითხებიან, მასწავლებელო, ნათესავები და ახლობლები გყავთ აქ? მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ არავინ არ გვყავს აქ, თუმცა ვგრძნობ, როგორ პასუხს ელოდებიან ჩემგან. დიახ, მყავს და მათ გაოცებულ სახეს ვაკვირდები. ვინ, მასწავლებელო ჯან? ყველა, აი, თქვენ და თითოეული ის ადამიანი, ვისაც ვიცნობ, ყველა ჩვენი ახლობელია. ამ პასუხის შემდეგ მათ სახეზე სიამოვნებას ვხედავ, რაც გულზე მალამოსავით მედება. სწორედ ამ დამოკიდებულებამ, თითოეულ მათგანთან ამ ურთიერთობამ დამტოვა აქ და ალბათ სამუდამოდ, რადგან ოფიციალურ მისამართადაც აქ ვარ რეგისტრირებული. ჩემი ტელეფონი მოსწავლეებთან, კოლეგებთან, ადგილობრივებთან მიმოწერითა და სატელეფონო ზარებითაა გადავსებული. სახლში მოსული არ ვარ, მოსწავლეების შეტყობინება რომ მომეწევა უკან. გულს ათბობს პასუხის მოსმენა, როდესაც ეკითხებიან, თუ რატომაა საჭირო მათთვის ქართული ენის ცოდნა და ამ სიტყვებით იწყებენ, პირველ რიგში, ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და ამიტომ…
დაბოლოს, უკან რომ მოვიხედავ და შვილებს მოვუყვები ჩემი განვლილი ცხოვრების შესახებ, ამაყად ვეტყვი, რომ ჩემი წილი აგური მეც მაქვს დადებული საკუთარი ქვეყნის შენებისას.





