7 მარტს, თბილისის სსიპ 141-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა, საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია თემაზე: ქართულ-იაპონური კულტურის სინთეზი. „სტუმარ-მასპინძელში“. XI კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს, ქართველი პოეტის, მწერლის, პუბლიცისტისა და მოაზროვნის, ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელი“. სკოლაში მოწვეული გვყავდა: იაპონელი ქართველოლოგი, ენათმეცნიერი და მთარგმნელი, ბატონი იასუჰირო კოჯიმა.
პოემა „სტუმარ-მასპინძლის“ შესწავლის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ქართველი ხელოვანის, ივანე მახარობლიშვილის ნახატისა და იაპონელი ენათმეცნიერის, იასუჰირო კოჯიმას მიერ ნათარგმნი „სტუმარ-მასპინძლის“ საფუძველზე დაგვეგეგმა პროექტი და ასე დაგვეკავშირებინა ორი უძველესი კულტურა „იაპონური მანგის“ სახით.
პროექტული სწავლება თანამედროვე სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ის მოსწავლეს კოგნიტური უნარების განვითარების ფართო შესაძლებლობას აძლევს, ეხმარება სწავლა-სწავლებისთვის საჭირო ძირითადი კომპეტენციების დაუფლებაში, კვლევითი ხასიათის დავალებების შესრულებაში, საგნობრივი ცოდნის გაღრმავებასა და ცოდნის ინტეგრაციაში, ხელს უწყობს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებასა და მისი შინაარსის გაანალიზებას.
მხოლოდ მოსწავლეთა სრული ჩართულობით დაგეგმილი პროექტი აღძრავს მათში მოტივაციასა და პასუხისმგებლობის გრძნობას პროექტის განხორციელებაზე. ეს ჩართულობა ყველა საფეხურზე აქტუალურია. როგორც წესი, პროექტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მიზნის მისაღწევად მოსწავლეებს სამუშაო პროცესის დეტალურად დაგეგმვა, საჭირო ინფორმაციის მოძიება-დახარისხება, პრაქტიკული სამუშაოს განხორციელება და მიღწეული შედეგების პრეზენტირება უწევთ. სასკოლო პროექტი კეთებით სწავლების შესანიშნავი საშუალებაა. პროექტული სწავლების მეთოდის პრიორიტეტად, დაგეგმვის პროცესში პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და მრავალმხრივი უნარების განვითარება მიიჩნევა.
პროექტზე მუშაობისას კლასი ორ ჯგუფად გაიყო. მოგეხსენებათ, პოემა „სტუმარ-მასპინძელი“, 15 თავისგან შედგება. I ჯგუფმა დაამუშავა I- VII თავი, ხოლო მეორემ, მომდევნო VIII -XV თავი. ტექსტის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ, მოსწავლეებმა საკვანძო ეპიზოდები ექსპრესიულად გააშუქეს „იაპონური მანგის“ სახით.
ბავშვებმა იაპონური საკურას შესახებ გამართეს პრეზენტაცია. დეკორატიული ალუბლის გვარის მერქნიანი მცენარე იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება. საკურა ყვავილობას მარტის ბოლოს იწყებს და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ყვავის. ამ ხნის განმავლობაში, იაპონელები ძირითად დროს ხეების ქვეშ ატარებენ. მოსწავლეებმა საკურას ხე დაუკავშირეს ვაჟა-ფშაველას. ვაჟა და ბუნება ხომ განუყოფელია. თავად მწერლის პორტრეტი ხეში ჩახატეს, პოემის პერსონაჟები კი, ტოტებზე გადაანაწილეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი, სხვადასხვა სკოლის ორმა მოსწავლემ გამოთქვა: თბილისის 22-ე საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლემ, ანდრია გაბუნიამ და თბილისის კერძო სკოლა „სადუნის“ XI კლასის მოსწავლემ, ლუკა ხუციშვილმა.
ანდრია გაბუნიამ საინტერესოდ ისაუბრა ქართველი ხელოვანის, ივანე მახარობლიშვილის დაუსრულებელი ნახატის შესახებ. აღნიშნა რომ, ნახატი დატვირთულია სახე-სიმბოლოებით. იგეგმება ნაშრომის შესწავლა სპეციალისტების მიერ.
ლუკა ხუციშვილმა შთამბეჭდავად წარმოადგინა სლაიდშოუ:
„ბალადა ვეფხვისა და მოყმისა“ დაუკავშირა ვაჟას „სტუმარ-მასპინძელს“. თავისი ინტერპრეტაციით დაასრულა , ივანე მახარობლიშვილის მიერ წამოწყებული სლაიდი. ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ პოემებს შორის არსებულ პარალელებზე. კერძოდ:
♦ ორივე პოემაში მთავარი პერსონაჟი სახელგანთქმული მონადირეა
♦ ორივეგან აღწერილია კლდე-მთა
♦ ორივე მონადირე მოინადირებს ჯიხვს
♦ ორივე პოემა ტრაგიკულად სრულდება.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაერთნენ სხვა მოსწავლეები. იმსჯელეს აღაზასა და ზვიადაურის მხატვრული სახეების შესახებ. აღინიშნა, რომ ვაჟა-ფშაველას ლიტერატურულ პერსონაჟთა შორის, ხასიათის შინაგანი სირთულითა და დრამატიზმით, გამორჩეულია აღაზას მხატვრული სახე. სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია, რომ „…აღაზას მაგალითზე გვიჩვენა ვაჟამ სინდისის ტრაგედია“. თავდაპირველად, აღაზა პოემის მესამე თავში ჩნდება. ზვიადაურთან ერთად სახლში დაბრუნებული ჯოყოლა სტუმრის გასამასპინძლებლად მოუხმობს ცოლს. აღაზას შემოსვლას წინ უძღვის ერთგვარი მხატვრული პაუზა, რითაც პოეტი თითქოს საგანგებოდ ამზადებს მკითხველს ახალ, გამორჩეულ პერსონაჟთან შესახვედრად. მწერალი, ტრადიციული პოეტური ლექსიკის დახმარებით, აღწერს ქალის ნათელმოსილ გარეგნობას: „გამოჩნდა ქალი ლამაზი, შავის ტანსაცმლით მოსილი, როგორაც ალყა ტანადა, ვარსკვლავი ციდამ მოცლილი“ [ვაჟა-ფშაველა, 2009:276].
დისკუსია წარიმართა აგრეთვე პარალელებზე – „ანტიგონე და აღაზა, როგორც სულიერი დები“:
ანტიგონე და აღაზა მსოფლიო ლიტერატურის ორი გამორჩეული პერსონაჟია. ისინი განსხვავებულ დრო-სივრცეში არსებობენ, მაგრამ ხვდებიან იმ განზომილებაში, რომელშიც ყოველგვარი პირობითი საზღვარი და ჩარჩო უქმდება. ორივემ თავისი სიკვდილით დაამოწმა ადამიანობის გადამრჩენი, მხსნელი ღირებულებების, და-ძმობის, სიყვარულის უკვდავება. ორივე იქცა წმინდა მსხვერპლად, რომელიც დღემდე აფორიაქებს, აღელვებს მკითხველს და თვალს უხელს, აღვიძებს, ჭეშმარიტების ძიებისკენ უბიძგებს.
ვრცლად ისაუბრეს პიროვნული ღირსების დაცვასა და სტუმარ-მასპინძლობის ადათზე:
პიროვნული ღირსებების დაცვა და საზოგადოებრივი ურთიერთობები ყველა დროის პრობლემური საკითხებია, ვაჟასი არ იყოს, „ამის თქმით ვწარამარაობთ“, თუმცა პრობლემა დღესაც, ჯერ კიდევ გადაუჭრელია. ვინ უნდა მოაგვაროს ეს და როგორ? – სწორედ ამას იძიებს ვაჟა თავისი შემოქმედებით.
ადამიანური ღირსება ადამიანის ფარია! ღირსებაშელახული, ღირსებაწართმეული, ღირსების შეგრძნების უნარს მოკლებული პიროვნება აღარ არის სრული სახე ადამიანისა – ის ან მონაა ან პირიქით, დამმონებელი. თუ საკუთარი ღირსების შეგრძნება არ გაგაჩნია, ვერც სხვისას შეიგრძნობ.
ადამიანური ღირსების წარმოჩენის ასპარეზად ვაჟამ სისხლის აღებისა და სტუმარ-მასპინძლობის ადათ-წესი გამოიყენა, რამაც ერთმანეთს დაუპირისპირა პიროვნება და თემი. სწორედ ესაა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში პიროვნებასა და საზოგადოებას და თვით პიროვნებებს შორის დაპირისპირების მიზეზი. ამ ჭიდილის ბრძოლის ფონად „სტუმარ-მასპინძელში“ ორი ადათ-წესის ურთიერთდაპირისპირებაა გამოყენებული, რომლის აქეთ და იქით მდგარნი, უპირველესად, პირადი ღირსების დაცვას ფარად აღმართვიან, რამეთუ სხვაგვარად მათ სიცოცხლე არ ძალუძთ.
მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს „სტუმარ-მასპინძლის“ ფინალში ხილვას, ისაუბრეს სიმბოლოებზე:
სიმბოლურად, ფერისცვალება მთაზე, კლდის თავზე ხდება. მთა ზნეობრივი სრულყოფის მეტაფორაა. ყველაზე მკაფიოდ ეს ფსალმუნებშია გამოთქმული: „ვინ ავა უფლის მთაზე, ან ვინ დადგება მის წმინდა ადგილზე? ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი“ (ფსალმ. 23.3,4) მთის სიმბოლიკით მდიდარია სახარება: თაბორის მთა უფლის ფერისცვალების, მისი ჭეშმარიტი სახის გამოვლინების სიმბოლოა, გოლგოთა კი მაცხოვრის ჯვარცმის ადგილი, სიკვდილის ძლევის სიმბოლო. ვაჟასთვის მთა წმინდა ადგილია:
„მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდექ,
თვალწინ მეფინა ქვეყანა,
გულზე მესვენა მზე-მთვარე,
ვლაპარაკობდი ღმერთთანა“.
ამ მთაზე მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ ასვლა. ამ სიმაღლიდან ხდება ხშირად ვაჟას თხზულებათა მთავარი იდეის გამოცხადებაც. „სტუმარ-მასპინძლის“ ფინალში ამგვარი სიმაღლიდან ცხადდება რჩეულების მიერ ჭეშმარიტი ქველმოქმედების არსი.
კლდე სიმტკიცის, გამძლეობის, მარადიულობის, პატიოსნების სიმბოლოა. კლდე – ბიბლიური მეტაფორა, სიმტკიცეს გამოხატავს. ის გათანაბრებულია ღვთის მაცოცხლებელ ძალასთან, რომელიც წყაროს სახით მოდის კლდიდან მოსეს კვერთხის დარტყმისას. ქრისტე იწოდება „საუკუნო კლდედ“, ხოლო თავის უსაყვარლეს მოციქულს – პეტრეს, ქრისტემ უწოდა ეს სახელი (პეტრე) იმ თვისების გამო, რომელსაც იგი შემდგომ გამოავლენდა — სიმტკიცის (ბერძნულად „ეტროს“ – კლდე) (16:330): „ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს, მათ ვამსგავსებ კეთილგონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთთნენ იმ სახლს; ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული“ (მათე. 7. 24-25).
სტუმარ-მასპინძლობის აქტი ამ პოემაში სწორედ ასეთი მტკიცე პიროვნებებითაა წარმოჩენილი – ჯოყოლა, აღაზა, ზვიადაური. ამიტომ მათი, ასე ვთქვათ, ჟესტი, მხოლოდ ჟესტად კი არ რჩება, არამედ მტკიცე, შთამბეჭდავ მეტაფორად იქცევა და ასე წარმოდგება ქისტების თვალწინ.
დასასრულ, ბავშვებმა შეკითხვები დაუსვეს სტუმარს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონ იასუჰირო კოჯიმას, სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, ბავშვებს, მშობლებს მხარდაჭერისათვის.
ნინო ჯალაღონია
ფილოლოგი, 141-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ლიდერ-მასწავლებელი, ინოვაციური მეთოდების ავტორი, პროექტის ხელმძღვანელი