ინა იმედაშვილი
იყო და არა იყო რა, ერთი პატარა ქალაქის, ერთ დიდ სახლში ცხოვრობდა ერთი გოგონა, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი საქმე და გასართობი ჰქონდა – ეს იყო წიგნების კითხვა, წიგნების თვალიერება, წიგნების დალაგება, ძველი წიგნების ფურცლებისგან ჩანთების დამზადება, წიგნების თაროებზე დაწყობა, ქალაქის ბიბლიოთეკაში წიგნების შერჩევა, მეზობლებთან წიგნების გაცვლა, დაბადების დღეებზე წიგნების ჩუქება და ასე უსასრულოდ… წიგნები, წიგნები და წიგნები.
საკუთარ ცხოვრებაზე ზღაპარს რომ ვწერდე, ასე დავიწყებდი, იმიტომ რომ ოთხმოცდაათიანი წლების მოზარდის შავ-თეთრ, უშუქო ცხოვრებას მხოლოდ წიგნები აფერადებდა და ალამაზებდა. წიგნები კი მაშინ მრავლად იყო ყოველ საბჭოთა ოჯახში, თითქმის ყველა სახლში შეხვდებოდით ერთნაირ ასაწყობ, მძიმე თაროებს, გაჭედილი სქელი შუშებითა და ასეთივე გაჭედილი უამრავი ტომებით: ქართული პროზა, საბავშვო მწერლობა, ლექსები, მსოფლიო კლასიკა, მხატვრების ალბომები.
ვკითხულობდით ყველაფერს, რაც კი ხელთ მოგხვდებოდა და ხელში ჩაგვივარდებოდა; ვკითხულობდით რაღაცნაირად ვნებითა და გრძნობებით, ლამფისა და სანთლის შუქებზე, გაყინულ ლოგინებში, ჩუმად, ფარნების შუქზე, გაკვეთილებზე – მერხების ქვემოთ, ზაფხულის ცხელ დღეებში – ხალიჩებზე წამოგორებულები.
რომ მკითხონ, რამ გადაგვარჩინა და რამ გაგვზარდა, წიგნებმა და ტექსტებმა-მეთქი, ვუპასუხებ და მართალიც იქნება, რადგან მაშინ ჩვენთვის არავის ეცალა, უფრო სწორად, მაშინ ასე ვცხოვრობდით: მივუყვებოდით ყოველდღიურ სევდებსა და გამოწვევებს.
წიგნებს იშვიათად მირჩევდნენ, უფრო სწორად, ძალიან მალე ამოვწურავდი ხოლმე შერჩეულ ლიტერატურას და მივადგებოდი ჩვენს უზარმაზარ, ჭერამდე აკოკოლავებულ თაროებს. რატომღაც ზედა თარო მიზიდავდა, რომელსაც ვერ ვწვდებოდი, და ეს, რა თქმა უნდა, მიუწვდომლის ხელში ჩაგდების ვნება იყო; მივადგამდი სკამს და ჩამომქონდა მსოფლიო ლიტერატურის შედევრები. სადღაც მერვე კლასში წავიკითხე შექსპირისა და ესქილეს ტრაგედიები, იბსენის პიესები, აგათა კრისტის დეტექტივები, „უქარქაშო ხმლები“, და არც ისე სასახელო და სატრაბახო – შოლოხოვის „წყნარი დონი“, არკადი გაიდარის „თემური და მისი რაზმი“ და კიდევ უამრავი სხვა საბჭოთა ბიბლიოთეკის მაშინდელი „სამკაულები“.
წიგნები მზრდიდნენ და მიყალიბებდნენ მსოფლხედვას, ღირებულებებს. მალე ყველაფერი თავისით გადახარისხდა, ნამდვილი დარჩა, ხელოვნური კი გაიფანტა.
მე მინდა, ამ ნამდვილებზე მოვყვე.
რომელმა წიგნებმა შემქმნა და ჩამომაყალიბა? რომელი წიგნების მეტაფორებსა და სიმბოლოებზე დგას ჩემი ცნობიერება? გაჭირვებისა და დაცემის დროს რა ამოტივტივდება ხოლმე ჩემს ცნობიერში ქვეცნობიერიდან? და აი, მისი უდიდებულესობა, ყველაზე აღმატებული და ყველაზე საკრალური – ქართული ხალხური ზღაპრები!
პაპაჩემს უზარმაზარი წიგნი ჰქონდა, კრებული, „იყო და არა იყო რა“, რომელიც ჩემთვის ნამდვილი პორტალი იყო, არა მხოლოდ ჯადოსნური ამბებისა და პერსონაჟების, არამედ ათასი წლებისა და საუკუნეების მიღმა სამყაროსი, რაღაცნაირად საკუთარი გენის ფესვებთან თუ იდენტობის სათავეებთან მიბრუნების. თითოეული ზღაპარი თუ მითი წარმართული სამყაროს ქარიშხლებით ქროდა და იქაურ სურნელს ატარებდა. ეს საოცარი მისტიციზმი, ჯადოსნური ნივთების მაგია და გმირის მოგზაურობა — ისე ჩაიბეჭდება ჩემს არსებაში, როდესაც ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკივილიანი დღეები დადგება, როდესაც გავიაზრებ, რომ შვილი მიკვდება და ვკარგავ, სწორედ მაშინ ამოტივტივდება: ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადავლახავ, მზის პირის ნაბანი წყალი უნდა ვიშოვო ან უკვდავების წყალს მივაგნო, იქნებ ნატვრის თვალი? ჩავიცვამ რკინის ქალამნებსა და ვივლი ცხრა დღე და ცხრა ღამე. მეტაფორები არ მანებებდა თავს, ჩემი სასოწარკვეთილი გონება და ცნობიერი იმედსა თუ საშველს ბავშვობისდროინდელ ზღაპრულ მისტიციზმში ეძებდა. იქნება და, ამან მიშველა… რომ არა ზღაპრული სამყარო, რეალური იმდენად მტკივნეული იყო, ვერ გადავრჩებოდი, და კი, ზღაპრები ჩემს თავშესაფრად იქცა. ეს ძალიან გვიან გავაცნობიერე, ძალიან გვიან მივხვდი, რომ ხალხური ზღაპრები არ არის მხოლოდ რაღაც სასიამოვნო და გასართობი საკითხავი, ისინი ძალიან ძლიერი ენერგიის მატარებლები არიან. ეს ენერგია ძალიან შორეული წარსულიდან მოდის და ამ ენერგიის წყალობით ვინარჩუნებთ ჩვენს იდენტობას და არსს. ამ ზღაპრებში შემორჩენილი უძველესი რწმენა-წარმოდგენები, ინიციაციების რიტუალები და ქვესკნელში მოგზაურობები, გმირის სიკვდილი და გაცოცხლება, დაცემა და აღდგენა – ეს ჩვენი სასიცოცხლო ენერგიაა; სიკეთის მუდმივი გამარჯვება – ეს ჩვენი რწმენა და იმედია. ჰოდა, დღეს როდესაც, ზღაპრებს ადაპტირებულს ან გაფილტრულს ვთავაზობთ ბავშვებს, ან საერთოდ ვარიდებთ მათ, იმ მოტივით, რომ ზღაპრების სისასტიკემ არ გვინდა მათი ფაქიზი სულები დააზიანოს, ძალიან მეცოდებიან. ჩვენ მათ თითქოს ძალით ვწყვეტთ ეროვნულ და ამავე დროს ზოგადსაკაცობრიო მითოსს, რამაც ცხოვრება უნდა ასწავლოთ და სირთულეების გადალახვა შეაძლებინოთ, რომელთა მეტაფორებით, სიმბოლოებითა და სახე-ხატებით უნდა ჩამოყალიბდნენ ძლიერ, სრულყოფილ, კეთილ ადამიანებად.
მაშ ასე! ჩემი ცხოვრების პირველი წიგნი ქართული ხალხური ზღაპრებია.
არ დაგვავიწყდეს, რომ 90-იანი წლები ქარტეხილებისა და ცვლილებების წლებია, 9 აპრილის წლებია და შავი წიგნი „9 აპრილიც“ – ჩემი ცხოვრების მეორე წიგნია, რომელმაც სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი მასწავლა. როგორ მახსოვს, მთელი დღე ვათვალიერებდი და ვკითხულობდი 9 აპრილის გმირების სულისშემძვრელ ისტორიებს, საათობით დავჩერებოდი მათ პორტრეტებს, ვფიქრობდი, რას გრძნობდნენ, როგორ ცხოვრობდნენ, რას განიცდიდნენ მათი ახლობლები. თითქოს ჰარი პოტერისეული ცოცხალი სურათები იყვნენ, საიდანაც რუსის ნიჩბით თავგაჩეხილი ქალებისა და ბავშვების კივილი ისმოდა, ხოლო მიტინგებზე მონაწილე უამრავი ადამიანის მოძრაობა ზღვის ტალღებს ჰგავდა. ამ წიგნმა გამომზარდა და მასწავლა, როგორ უნდა მიყვარდეს სამშობლო, როგორ უნდა გავწირო თავი და როგორ არ უნდა ვენდო რუსს.
ჩემი ცხოვრების მესამე წიგნი ალექსანდრე ყაზბეგის ტექსტებია: „ელგუჯა“, „მამის მკვლელი“; ეგნატე ნინოშვილის „ჯანყი გურიაში“, მიხეილ ჯავახიშვილის „მოთხრობები“, ფუცუ დგებუაძის „ფულარია“; ანასტასია ხოშტარია, ეკატერინე გაბაშვილი, ნოდარ დუმბაძე და ქართული პროზის სხვა საოცარი ავტორები, რომლებიც ქართული პროზის ოცტომეულში შედიოდა. ჩვენი წიგნების ერთ-ერთი თარო ამ ტომეულებს ეკავა და, რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი საკითხავი იყო. ძალიან მიკვირს, რატომ არ არის სასკოლო პროგრამაში შესული ალ. ყაზბეგის „ელგუჯა“ ან „მამის მკვლელი“. ამ საოცარი მოთხრობების წყალობით ზუსტად გავიგე, ჩვენი დაუძინებელი და ვერაგი მტრის, რუსის, ბუნება, მათი საზიზღარი და ბოროტი საქმიანობის შესახებ ჩვენს ქვეყანაში, როგორ გვექცეოდნენ, რას გვეუბნებოდნენ, რად გვთვლიდნენ და რა უნდოდათ. დღეს, აუცილებელია ვიცოდეთ ჩვენი მტრის ჭეშმარიტი სახე, როცა ის ახლაც ასე ახლოსაა. გარდა ამისა, ყაზბეგის საოცარი ენა და ხატოვანი სახეები – ქართული ენის სამკაულია. რატომ არ უნდა კითხულობდნენ ჩვენი ბავშვები ნინოშვილის „ქრისტინეს“? – როდესაც დღეს მწვავე პრობლემად რჩება ქალებზე ნადირობა და ფემიციდი, სწორედ ასეთი ტექსტებით სწავლება და მსჯელობა, გააზრებაა ერთ-ერთი გამოსავალი. რომ ამბობენ, განათლება გვაკლიაო, აი, ეს გვაკლია სწორედ: შესაბამისი ლიტერატურის სწორად კითხვა, სწორი კითხვების დასმა და სწორი ანალიზი.
თუ ქრონოლოგიურად მივყვებით, ჩემი ცხოვრების სულ პირველ წიგნზე უნდა გესაუბროთ, მაგრამ მნიშვნელობით, ალბათ, მეოთხე იქნება: ეს წიგნი არა მხოლოდ ტექსტითა და ამბებით დამამახსოვრდა, არამედ ყდით. ამ ყდის დანახვა მაშინვე ბავშვობაში მაბრუნებს და მოგონებებს მიღვიძებს, საშინელი ნოსტალგია შემომაწვება ხოლმე, ბავშვობის ადამიანებისა და ადგილების. წიგნებს ალბათ ეს მაგიაც აქვს, დროის მანქანასავით გადაგისროლოს წლების წინ და კიდევ ერთხელ გაქციოს ბავშვად. გუგული ტოგონიძის „ბრეცი-კუკნეს და ფოთლაკაბას ზღაპრები“ ასეთი წიგნია; ასეთი წიგნია: გიორგი შატბერაშვილის „სათაფლია“ და ლადო მრელაშვილის „იყალთოელი ბიჭები“.
შემდეგ გალაკტიონი შემოიჭრა ნამდვილი ჯადოქარივით და თავისი პოეზიის საბურველში საუკუნოდ გამხვია. გალაკტიონის ტომები ჩვენი წიგნების თაროების პოეზიის თაროზე გვეწყო, ყველაზე მეტად მისი უცნობი და არაპოპულარული ლექსები მიყვარდა, ავიღებდი უზარმაზარ ტომს, ჩავიფიქრებდი, ნეტავ, დღეს რა მელის? როგორი დღე მექნება? რა მოხდება? გადავშლიდი და ამოვიკითხავდი ლექსს, რომლის თითოეული სიტყვა ჩემი დღის მეტაფორად იქცეოდა ხოლმე. სხვათა შორის, ეს ჩვევა დღემდე გამომყვა, ლია ელიავას კრებულია ჩემი დღეების წინასწარმეტყველი, სცადეთ თქვენც, ძალიან გაერთობით, თან მართლაც აღმოაჩენთ რაღაც ჯადოსნურს, და სწორედ ამ დროს მიხვდებით პოეზიის მისტიკურობას და პოეტის დემიურგობას.
სამწუხაროდ, საბავშვო ლიტერატურა, რაც შესაბამის ასაკში უნდა წამეკითხა, რატომღაც არ წამიკითხავს, ან არ ჩამივარდა ხელთ, ან არ დამაინტერესა; ასე გამომრჩა ასტრიდ ლინდგრენი და სხვა საბავშვო მწერლები, რომლებსაც წლების შემდეგ მივუბრუნდი, ზოგს ჩემს მოსწავლეებთან ერთად – ამაზე ცოტა ქვემოთ.
როდესაც ბავშვობის წიგნებზე ვსაუბრობ, ერთი ამბავი უნდა მოვყვე: მე და ჩემი მეზობელი თამუნა, ბავშვობის მეგობრები და კლასელები ვიყავით, ერთად დავდიოდით სკოლაში, ერთად ვთამაშობდით უბანში, ერთად დავძვრებოდით მეზობლის ალუჩაზე და შესაბამისად, ერთად ვკითხულობდით წიგნებს, ის ჩემზე ბევრს კითხულობდა – უზარმაზარ, სქელტანიან წიგნებს ერთ ღამეში უღებდა ბოლოს, ისე მიკვირდა ხოლმე, მაგრამ მესმოდა მისი, რადგან ამოუწურავი იყო თამუნას ცნობისმოყვარეობა და ინტერესი, სანამ არ გაიგებდა როგორ სრულდებოდა ამბავი, რა დააძინებდა? აი, ასეთები ვიყავით უინტერნეტო და უფეისბუკო თაობა, წიგნების „ხამები“ და „გიჟები“. ჩვენი სახლები და ოთახების ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა, ჰოდა, ერთხელ გავჭიმეთ თოკი ფანჯრებს შორის, მოვაბით კალათა და ვუგზავნიდით ერთმანეთს წიგნებსა და წერილებს, თითქოს ერთ ნაბიჯზე არ ვცხოვრობდით და წუთში არ გავჩნდებოდით ერთმანეთის სახლებში, მაგრამ ესეც თამაში იყო, ესეც თავგადასავალი იყო, ჩვენთვის კი წიგნების შემდეგ თამაში იყო მთავარი გატაცება და ინტერესი.
აუცილებლად უნდა ვახსენო მაინ რიდის რვატომეულიც, რომელთა წაკითხვაში მე და თამუნა ვეჯიბრებოდით. ყველაზე მეტად „თეთრი თათმანი“ მომწონდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, იმ ფურცლებს, სადაც ბუნების აღწერები იყო, დაუფიქრებლად ვტოვებდი.
კიდევ ერთი წიგნია „ჩემი ცხოვრების წიგნი“ – „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, პოტერიადას პირველი წიგნი როდესაც ქართულად გამოიცა, იმ წელს უნივერსიტეტში ვაბარებდი, ისტორიის გამოცდა მქონდა, ისტორიაში არ ვემზადებოდი და არც ისე კარგად ვიცოდი პროგრამა, მთელ იმედებს გამოცდის წინა დღეებზე ვამყარებდი, უნდა გადამეკითხა საკითხები, ჰოდა, სწორედ გამოცდის წინა ღამეს, თბილისში, მამიდაჩემის სახლში, აღმოვაჩინე „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“. ვიღას ახსოვდა ან გამოცდა, ან უნივერსიტეტი, პირველივე გვერდიდან რომ ჩამითრია, ხელიდან ვეღარ გავაგდე, ჰოდა, ერთ ღამეში დავასრულე, მეორე დღეს კი ისტორიის გამოცდა მშვენივრად ჩავაბარე! როგორც ჩანს, ჰარი პოტერის მაგია გამომყვა!
და უნდა ვახსენო მამიდაჩემი ფისო, რომლის წყალობითაც ავიღე თავიდან წიგნი ხელში, რომელიც მამარაგებდა წიგნებით და, რომელიც ძალიან მიყვარს, ძალიან მენატრება, აი, ასე ადგა და წავიდა იმქვეყნიურ სამყაროში; ალბათ ახლა ზის, ღრუბლის სავარძელში, ხელთ თავისი საყვარელი ნოდარ დუმბაძე ან „ლამაზი მეგობარი“ უკავია და კითხულობს ნება-ნება, თან ყავას წრუპავს და წვრილ სიგარეტსაც აბოლებს. აბა რაა, მარადისობაში წიგნის კითხვა ყველაზე სასიამოვნო და საჭირო რამეაო, ამბობენ.
წიგნებისა და ამბების მაგიამ ჩემს მოსწავლეებთანაც გამიბა ჯადოსნური ძაფები, დიახ, წიგნები გვაკავშირებს, გვაახლოებს, რაღაცნაირ ინტიმურ ატმოსფეროს ქმნის, ამიტომ იყო ხოლმე, რომ ძველად, კოცონის გარშემო შემომსხდარი ადამიანები ამბებით ერთიანდებოდნენ და საერთო იდენტობას იძენდნენ.
მიხაელ ენდეს „დაუსრულებელი ამბავი“ – საოცარზე საოცარი, ჯადოსნურზე ჯადოსნური წიგნი. ეს არის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ქრესტომათია. როდესაც ჩემს მოსწავლეებს ამ წიგნს ვუკითხავდი, ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ თითოეული სიტყვა წვიმის წვეთი იყო, რომელიც დაცემისას ცოცხლდებოდა. რეალობა და ილუზია, სინამდვილეში შეიძლება სულაც აირიოს და მკითხველი წიგნის ტექსტის თავგადასავალში გადაეშვას. სად არის ზღვარი სინამდვილესა და მოგონილს შორის? რა ვიცით, რა არის და რა არა? მოკლედ, ვფიქრობ, რომ ბავშვებმა ამ წიგნის კითხვის ბედნიერება აუცილებლად უნდა შეიგრძნონ, ბოლო-ბოლო, საოცარ პერსონაჟს, თეთრ დრაკონს აღმოაჩენენ.
ზაზა თვარაძის, ამ უკარგესი და დიდებული, დავიწყებული ავტორის საბავშვო წიგნზეც უნდა დავწერო: „მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“. მანათობელი ბავშვები, მოლაპარაკე კიტრი, ოქროსუბნელი ჭრელთვალა, იადონი ინო და კატა სამსონი – საოცარი პერსონაჟთა გალერეა მკითხველის გულს აუღელვებელს არ დატოვებს. ელის ჰარმონიულ სამყაროში ომი იწყება და ყველაფერი თავდაყირა დგება. მამის ნაჩუქარი გულსაკიდი – ზურმუხტისთვლებიანი სპილენძის ბუ – ელის თილისმა ხდება და ომში წასული მამის ძიებაც იწყება. ამ წიგნის მოსწავლეებთან ერთად წაკითხვა მართლაც დიდი ბედნიერებაა. თან თილისმებსაც დაამზადებთ და ძალიან გაერთობით.
თეა ლომაძე შესანიშნავი საბავშვო ავტორია, თუკი ერთხელ წაიკითხავთ მის წიგნს – „პალომა უცნაური მეფის ასული“ – არასდროს დაგავიწყდებათ. სიკეთისა და კეთილშობილების ჰიმნია ეს ტექსტი, რაღაცნაირად ნარნარა და ჰაეროვანი, მთავარ პერსონაჟ პალომასავით, რომლის ღირებულებებიც ნაკადულივით ანკარაა. თეა ლომაძის საბავშვო წიგნები, მე მგონია, აუცილებლად წასაკითხ ლიტერატურად უნდა იქცეს ჩვენი ბავშვებისთვის, რადგან ყველაზე მთავარს ეხება. აუცილებლად უნდა ვახსენო, სულ ახლახან „დიოგენეს“ მიერ გამოცემული თეა ლომაძის ახალი წიგნი: „მე, ქეთო და კოტე“, რომელიც ასევე უანგარო სიკეთის ქრესტომათიაა.
მოზარდი გოგონას დედა ემიგრაციაში მიდის. გოგონა ბებიასთან რჩება, ბებია კი საავადმყოფოში ხვდება. სწორედ აქედან იწყება საოცრად ემოციური თავგადასავალი. თურმე კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან სრულიად უცხო გოგონას ოჯახი და სითბო აჩუქონ. ეს წიგნი ჩვენი მოზარდების საყვარელ წიგნად იქცევა და მასზე ბევრს ისაუბრებენ, საკუთარ ცხოვრებასაც დაუკავშირებენ, რადგან წიგნში წარმოდგენილი თემა ძალიან, ძალიან აქტუალურია.
უნდა ვახსენო ჩვენი შესანიშნავი ნატო დავითაშვილი და მისი ფენტეზი, ქართული მითოლოგიის გარდასახვა შესანიშნავ ტექსტებად. „იროელთა ქრონიკებიც“ ჩვენს მითოლოგიურ წარსულთან გვაბრუნებს და საკრალურ სახე-ხატებს გვიცოცხლებს. ლილე იროელისა და სხვა საინტერესო, არაჩვეულებრივი პერსონაჟების ამბები არც ერთ მკითხველს არ დატოვებს გულგრილს; ის ისევე დაატყვევებს 13 წლის მოზარდს, როგორც, მაგალითად, 60 წლის ადამიანს.
განსხვავებულის მიმღებლობა დიდი გამოწვევაა. ამ საკითხზე მნიშვნელოვანია ბავშვებსა და მოზარდებს ბევრი ვესაუბროთ, ბავშვები კი ყველაზე კარგად ამბებით, ისტორიებით სწავლობენ. მთელი გულით გირჩევთ ორ შესანიშნავ წიგნს, რომლებიც ტოლერანტობას და მეგობრობას ეხება: მარიამ ჯამდელიანის „კუდამელა ბოგის თავგადასავალი“ და დავით ალთუნაშვილის „უფარფლებო თევზი, სახელად რიტო“. ორივე წიგნი მშვენიერი რესურსია კლასში ერთად წასაკითხად და ძალიან საინტერესო აქტივობების დასაგეგმად.
თამარ გეგეშიძის ძალიან აქტუალური და ძალიან საინტერესო წიგნები: „ჩუმად უნდა იჯდე“, „საშლელები“ და „სული ჩიტი“ – მოზარდებისა და თინეიჯერებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა – ეს ის წიგნებია, რომლებშიც საკუთარ თავს აღმოაჩენ და შენც ამბის პერსონაჟად იგრძნობ თავს. ასეთი წიგნები წყალივით სჭირდებათ ჩვენს ბავშვებსა და ახალგაზრდებს.
ნინო ლომიძის „უშბა და მეგობრები“ დიდებული წიგნია, ყველაზე პრეტენზიული მკითხველის გულს რომ დაიპყრობს და შესანიშნავ თავგადასავალში გაიყოლებს თან. როდესაც ჩემმა მოსწავლეებმა ეს წიგნი წაიკითხეს, ავტორი გვესტუმრა სკოლაში, თან, წარმოიდგინეთ, ნამდვილ უშბასთან ერთად, რომელიც ნინოს უსაყვარლესი ძაღლი აღმოჩნდა! ბავშვებისთვის პერსონაჟთან ურთიერთობა შესანიშნავი გამოცდილება აღმოჩნდა.
რაკელ ჯ. პალაციოს „საოცრება“ ნამდვილი საოცრებაა. ეს წიგნი ყველა ბავშვმა უნდა წაიკითხოს; მესამე კლასში წავიკითხეთ ერთად, მთელი კლასი ვტიროდით და ყველას მთელი გულით შეგვიყვარდა ავგუსტი, ეს არაჩვეულებრივი ბავშვი.
დაბოლოს, ჩემს პირად წიგნზე მინდა მოგიყვეთ. „გზა ვარსკვლავებამდე არც ისე შორია“, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ დროს დაიწერა, აი, იმ დროს, ზღაპრების ყველა მეტაფორა და სიმბოლო რომ ამოტივტივდა. არც ერთი სიტყვა არ დამიწერია ცრემლის გარეშე, თუმცა, ამავე დროს, ეს ტექსტი ჩემი ცხოვრების ტექსტია. ამბავი ერთ პატარა ბიჭზეა, რომელიც არაჩვეულებრივია; ის ბახალასთან მეგობრობს და ჩიტებს ელაპარაკება. ბიჭს სესე ჰქვია და ოქროსფერი კულულები აქვს. სესე ტოვებს ჩვენს სამყაროს და საოცარ თავგადასავალში მიემგზავრება, სადაც ფერადი კრისტალებითა და კუბებით ჯადოსნურ კოშკს აგებს. დედამიწაზე დედა რჩება, ბავშვობისდროინდელ მოგონებებთან და უზარმაზარ დარდთან ერთად. თუმცა სასწაული დედამისის ცხოვრებაშიც დგება: ის მიკროსამყაროს აღმოაჩენს. შვილის გამგზავრება ერთი დიდი ფაზლის ნაწილია, სინამდვილეში რაღაც არაჩვეულებრივი რამ ხდება. მართალი გითხრათ წიგნი იმ დედებისთვის დავწერე, რომლებიც ცდილობდნენ ყველაზე საშინელ და აუტანელ ტკივილთან გამკლავებას, თუმცა ჩემდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ წიგნს მოზარდები და ბავშვებიც კითხულობენ და აღიქვამენ როგორც ფენტეზის ჟანრის ტექსტს, სადაც განსაკუთრებული მოვლენები ხდება. ცხოვრება მართლაც ასეთი მოულოდნელობებით არის სავსე, ხოლო, თუ გვინდა რომ იქ, სადაც ვდგავართ – მყარად ვიდგეთ, თუ გვინდა, რომ ცხოვრებისეულმა სირთულეებმა ფეხქვეშ მიწა არ გამოგვაცალოს და რაღაც ჩასაჭიდი დაგვიტოვოს, თუ გვინდა რომ ჩვენი იდენტობის ფესვებს მოვეჭიდოთ და კავშირები არ დავკარგოთ ღმერთებთან და წინაპრებთან, მაშინ აუცილებლად, აუცილებლად უნდა ვიკითხოთ კარგი წიგნები.