სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლა
„პანკისის ხეობა შიგნით კახეთში, ჩრდილო მხარეს, მაღალსა და ტყიანს მთებსა შუაა მოთავსებული. იქ, სადაც მდინარე ალაზანი კავკასიონის ვიწრო და ფრიალო ღრე-კლდეებს გამოსცილდება და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ცოტად თუ ბევრად, დაიმშვიდებს მჩქეფარე, აქაფებულ დინებას, ხეობა ვიწრო, თოფის ზუმბივით სწორი, უაღმართ-დაღმართოდ გრძელდება.
კახეთში ჩამოსული მდინარე ალაზანი აღმოსავლეთისაკენ დააღმაცერდება და ქმნის ხეობას, რომელსაც პანკისი ჰქვია“ – წერდა ქისტების ერთ-ერთი პირველი მემატიანე მათე ალბუთაშვილი წიგნში „პანკისის ხეობა“.
ახმეტიდან წამოსული სოფელ მატანს როცა გასცდები, შენ თვალწინ გაიშლება ქედებს შუა მოქცეული ხეობა, სიგრძეზე გაშლილი, დაახლოებით, 20-25კმ-ის სიგრძის, სიგანე კი, ზოგიერთ ადგილებში, 1კმ-ზეც მეტია. ხეობის თავში უაღრესად შთამბეჭდავ, ეგზოტიკურ სილამაზეს ქმნის კავკასიონის ქედი და ამ ქედის თვალწარმტაცი მწვერვალი სპეროზა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სპეროზა მემატიანეა პანკისის ხეობაში მრავალი საუკუნის განმავლობაში მიმდინარე მშფოთვარე მოვლენებისა.
დაახლოებით, ორ საუკუნეს მოითვლის პანკისის ხეობაში ქისტების დასახლების ისტორია. ამის მთავარი მიზეზი იყო ქისტებისა და იმჟამინდელი ქართული ხელისუფლების ინტერესთა თანხვედრა, რადგანაც მაისტელ ქისტებს გაუსაძლისი ცხოვრებისეული პირობები ჰქონდათ, ხოლო ქართულ ხელისუფლებას, ლეკების თარეშის სატრანზიტო გზად ქცეული, პანკისის ხეობის გამაგრება აინტერესებდა და ამასთანავე, მომაბეზრებელი თავდასხმებითა და თარეშით განთქმული ჯოყოლა დარქიზანაშვილის გადმობირება. ამ ორ ამოცანას თიანეთის მაზრის (რომლის შემადგენლობაშიც პანკისის ხეობაც შედიოდა) ხელმძღვანელმა, ლევან ჩოლოყაშვილმა კარგად გაართვა თავი. იმისთვის, რომ ქისტების პანკისის ხეობაში დაფუძნებისათვის მაქსიმალურად შეეწყო ხელი, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, ერთი წლის განმავლობაში, თავის თავზე აიღო ჩამოსახლებული ქისტების გამოკვების საქმე და ეს პირობა შეასრულა კიდეც. აღნიშნულიდანაც საკმაოდ ნათლად ჩანს, თუ რამდენად დაინტერესებული იყო მაშინდელი ხელისუფლება ამ მხარეში ქისტების დასახლებით.
გადმოცემის თანახმად, ქისტების ჩამოსახლების საქმეში თვალსაჩინო როლი ითამაშა დუი ციცხაშაშვილმა, რომელიც ქართულ ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობაში იყო, საუკეთესოდ ფლობდა ქართულ ენას და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა თავის სათვისტომოსა და ქართველებში. იგი, პირველად, 1826 წელს გამოჩნდა პანკისის ხეობაში. შემდგომში ჩამოაყალიბა, ამჟამად პანკისის ხეობაში ყველაზე დიდი, სოფელი დუისი, რომელსაც ეს სახელი ამ ისტორიული პიროვნების პატივსაცემად უწოდეს.
პანკისის ხეობის მცხოვრებთა სწავლა-განათლების საქმეზე ყურადღების გამახვილება XIX საუკუნის მესამე მეოთხედში დაიწყო. 1866 წელს ქისტებში სწავლის საკითხი წინა პლანზე წამოსწიეს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მესვეურებმა. მათივე ინიციატივით, 1888 წელს, სოფელ ჯოყოლოში, აშენდა ქრისტიანული ეკლესია, ხოლო 1891 წელს დაწყებითი სკოლა გაიხსნა, სადაც, ძირითადად, სოფელ ჯოყოლოს ბავშვები სწავლობდნენ.
სოფელ დუისში კარგა ხანს იდგა დღის წესრიგში სკოლის გახსნის საკითხი. სოფლის მოსახლეობა მოკლებული იყო წერა-კითხვის ცოდნას. პროფესორი ლეილა მარგოშვილი აღნიშნავს, რომ „მეოცე საუკუნის დასაწყისში სოფელ დუისში წერა-კითხვა მხოლოდ ორმა ადამიანმა იცოდა. ხელწერილებისა და სხვა საქმიანი საბუთების შესადგენად სოფელი მათთან მიდიოდა“ (ლ. მარგოშვილი – „პანკისის ხეობა“, გვ.160, 2002წ).
საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან სამი თვის შემდეგ, საქართველოს რევკომმა მიიღო დეკრეტი რესპუბლიკის მოსახლეობაში წერა-კითხვის უცოდინრობის ლიკვიდაციის შესახებ. ამ მხრივ ყურადღება გამახვილდა არაქართული მოსახლეობით დასახლებულ რაიონებზე, სადაც წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი ნაკლები იყო. 1921 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან ჩამოვიდა ხეობის ამაგდარი პიროვნება უსუფ მარგოშვილი, რომელმაც აქტიურად დაიწყო სოფელ დუისში დაწყებითი სკოლის გახსნასთან დაკავშირებული საქმიანობა.
1922 წელს დუისის დაწყებითმა სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო დაქირავებულ ბინაში. 1932 წელს, უსუფ მარგოშვილის ინიციატივით, დაიწყო სკოლის მშენებლობა, რომელიც 1934 წელს დასრულდა. მისი მშენებლობის დასრულებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დუისის სასოფლო საბჭოს ახლად დანიშნულმა თავმჯდომარემ, ე. გუმაშვილმა. 1935 წელს დუისის დაწყებითი სკოლა არასრულ საშუალო სკოლად გადაკეთდა. სწორედ აღნიშნული პერიოდისთვის გახდა აუცილებელი სკოლის შენობის გაფართოება. სოფლის იმჟამინდელი ხელისუფლების ინიციატივით, დაიწყო საკლასო ოთახების მიშენებითი სამუშაოები. 12 უღელი ხარ-კამეჩი ეზიდებოდა ალაზნის ველიდან ქვიშასა და ქვას. ერთსულოვნებამ და საქმის კეთების წყურვილმა შედეგი გამოიღო და სასკოლო შენობაც გაფართოვდა, რის შედეგადაც დუისის არასრული საშუალო სკოლა, 1940 წელს, საშუალოდ გადაკეთდა. ამის შემდეგ პანკისის ხეობის სოფლების ახალგაზრდები — ქართველები, ქისტები, ოსები სოფელ დუისის საშუალო სკოლაში მოემართებოდნენ საშუალო განათლების მისაღებად.
პანკისის ხეობის მოსახლეობა მადლიერებით იხსენებს იმ ქართველ მასწავლებლებს, რომლებმაც ქისტ ბავშვებს ქართული ენა შეასწავლეს და საფუძველი ჩაუყარეს მათთვის ქართული ენის მეორე მშობლიურ ენად ქცევას. ესენი იყვნენ: გ.ქადაგიძე, ე. ქადაგიძე, ა. ქააძე, ი. მაჩაბლიშვილი, მ. მესხიშვილი, დ. წველებაშვილი, ს. აბულაძე, დ. ჯაშიაშვილი, ს. გოგალიშვილი, გ. ხარიტონაშვილი, ნ. ომანაშვილი, ბ. მჭედლიშვილი და სხვები.
1947 წლიდან პანკისის ხეობას სკოლის კურსდამთავრებულები დაუბრუნდნენ უმაღლესი განათლებით და დაიწყეს სკოლაში საგანმანათლებლო საქმიანობა. ესენი იყვნენ: ბისან მარგოშვილი, მაჟიით ხანგოშვილი, ძარეი და ბისოლთა მარგოშვილები, მახმადა ბაღაკაშვილი, ლაბაზ ქავთარაშვილი და სხვები. სკოლაში ფუნქციონირებდა ე.წ. ღამის სკოლა, ასაკგადაცილებული ახალგაზრდებისთვის, რათა მიეღოთ საშუალო განათლება.
ამ სკოლის კედლებში აღიზარდა ბევრი ცნობილი ადამიანი — მწერლები, პოეტები, მეცნიერებათა კანდიდატები, ექიმები, მასწავლებლები, ინჟინრები, სპორტსმენები და სხვა.
2022 წელს სკოლას დაარსებიდან 100 წლის იუბილე უნდა აღენიშნა, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ დუისში სკოლის ახალი შენობა უნდა აშენდეს (2022-2023 სასწავლო წელს სკოლა სასწავლო პროცესს ალტერნატიულ ფართში ახორციელებს), იუბილე მოგვიანებით აღინიშნება.
დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლა ერთ-ერთი წარმატებულია მუნიციპალიტეტში. ამჟამად სკოლაში საგანმანათლებლო საქმიანობას ემსახურება 51 უფროსი და წამყვანი მასწავლებელი, რომლებიც ინაწილებენ პასუხისმგებლობას სწავლის ხარისხზე და თითოეულ მოსწავლეს უქმნიან ყველა პირობას საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლად. სკოლას მკაფიოდ ჩამოყალიბებული მისია აქვს, სადაც განსაკუთრებული ადგილი უკავია სახელმწიფო ენის სრულფასოვნად შესწავლის საკითხს, რასაც ჩვენი სკოლის მასწავლებლები შესანიშნავად ახერხებენ.
დუისის საჯარო სკოლა მოხვდა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტში, სადაც უნდა განხორციელდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, სასკოლო განათლებასთან ერთად, მიიღონ პროფესიული განათლება. სკოლას ყოველ წელს ჰყავს წარჩინებული მოსწავლეები საბაზო საფეხურზე, ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები საშუალო საფეხურზე, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებენ 50, 70 და 100 %-იან გრანტებს, ისინი აქტიურად მონაწილეობენ ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებში. ჩართული ვართ „ახალი სკოლის მოდელში“ და აქტიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, მოსწავლეები ხალისით მუშაობენ კომპლექსურ დავალებებზე და სასკოლო პროექტებზე.
ჩვენი სკოლა მოსწავლეებს, სასკოლო განათლების გარდა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ისინი მონაწილეობენ როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ისე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ პროექტებში. სკოლაში ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების, ლიტერატურული და ეკოკლუბები.
2020 წელს სოფელ დუისის საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსის გამარჯვებული გახდა და, გრანტის სახით, 8000 ლარის დაფინანსება მიიღო, რომლის ფარგლებში, სკოლაში ეკოჰაბი მოეწყო. აქტიურად ვთანამშრომლობთ გაეროს ბავშვთა ფონდთან და მისი წარმომადგენლის, ბატონ ღასან ხალილის ინიციატივით, სკოლა კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა. საქართველოს ბანკის და ქართული წიგნის ინსტიტუტის მიერ კი, სკოლაში მოეწყო „იდეათეკა“, რომლის ფარგლებშიც 1640 დასახელების მხატვრული ლიტერატურა და კომპიუტერული ტექნიკა გადმოგვეცა. 2022 წელს ვმონაწილეობდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სასკოლო პროექტებში, 3800 ლარით დაგვიფინანსდა პროექტი „თექის ტრადიციული დამუშავება“, ხოლო ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტი 10 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა და, ჯილდოს სახით, სკოლას 1000 ლარი ჩაერიცხა.
საუკუნე გავიდა სკოლის დაარსებიდან. იცვლებოდნენ თაობები, იწერებოდა ისტორია, რომელიც ახალი სკოლის აშენების შემდეგ, კიდევ ბევრი საინტერესო ფურცლით გამდიდრდება, აღიზრდებიან ახალი თაობები, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.
ნათელა მარგოშვილი
სსიპ სოფელ დუისის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
ლილი სვიაკაური
სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი