რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუმარია ბრისტოლის უნივერსიტეტის სტუდენტი გრიგოლ გეგელია
? გრიგოლ, მიამბე, როგორ ჩაირიცხე ბრისტოლის უნივერსიტეტში?
პირველ რიგში, გმადლობთ ინტერესისათვის. დიახ, ბრიტანეთში გამომგზავრებამდე, ათი წლის განმავლობაში ვსწავლობდი თბილისის მეორე გიმნაზიაში (ამჟამინდელი 195-ე საშუალო სკოლა). როდის დაიწყო ყველაფერი? ზუსტად არ მახსოვს.
ინგლისში სწავლა ჩემი უდიდესი ოცნება იყო — ინგლისი ბავშვობიდან უზომოდ მიყვარდა. უფრო კონკრეტულად, ყველაფერი ალბათ მაშინ დაიწყო, როდესაც კერძო გარემოებებმა საშუალება მომცეს, უფრო რეალურად მეფიქრა ინგლისში სწავლის შესახებ.
ამის შემდეგ, თითქმის მთელი წელი გავატარე კოლეჯების პროფილების შესწავლაში: ვსტუმრობდი ათასგვარ ვებგვერდს, რეიტინგებს და ა.შ. საბოლოოდ, 2006 წელს, ლონდონის ათამდე კოლეჯში გავიარე ინტერვიუ. ათივემ მიმიღო, თუმცა აქედან ათივე უფასო კოლეჯი იყო, ბრიტანეთის საელჩომ კი მკაფიოდ განმიმარტა, რომ არაევროკავშირელ სტუდენტზე სტუდენტურ ვიზას მხოლოდ მაშინ გასცემდა, თუ სტუდენტი სწავლის გარკვეულ საფასურს იხდის. საბოლოოდ, შედარებით იაფიან კოლეჯზე შევაჩერე ყურადღება და იქ მოვეწყვე. აღსანიშნავია, რომ კოლეჯში ქართული სკოლის შეფასების საფუძველზე, გასაუბრებისა და ტესტირების შედეგად მოვხვდი. გასახარია, რომ ქართული საშუალო სკოლის შეფასებას ბრიტანული კოლეჯები აღიარებენ.
უნივერსიტეტს რაც შეეხება, ბრიტანეთში საუნივერსიტეტო აპლიკაციის სისტემა საკმაოდ სწორხაზოვანი და მოქნილია. აპლიკაცია ხდება UCAS-ის მეშვეობით (უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მისაღები სისტემა). საუნივერსიტეტო აპლიკანტის მიღება პერსონალური განცხადების, რამდენიმე დახასიათებისა და კოლეჯის ნიშნების შეფასების შედეგად ხდება. რიგ შემთხვევაში, შესაძლოა უნივერსიტეტმა კანდიდატს გასაუბრებაც დაუნიშნოს, თუმცა, ჩემ შემთხვევაში, ეს ასე არ ყოფილა. ჩვეულებრივ, ტოპოცეულში შემავალი უნივერსიტეტები სტუდენტისაგან, მინიმუმ, ორ A და ერთ B ქულას (AAB) ელიან, თუმცა, ამის შესახებ არანაირი სტატიკური „კანონი“ არ არსებობს — გააჩნია ინდივიდუალურ აპლიკაციას, უნივერსიტეტს და კურსს, ანუ ქულა შეფასების არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი ფაქტორია.
? მიამბე ბრისტოლის უნივერსიტეტის ისტორია.
ბრისტოლის უნივერსიტეტი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტია, თითო ადგილზე აპლიკანტების რაოდენობის მიხედვით კი — ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტიც. ზოგადად, ბრიტანეთში არსებობს ე.წ. „რასელის ჯგუფი“, რომელიც, შეიძლება ითქვას, ამერიკის აივი ლიგის ბრიტანული ეკვივალენტია და ოც წამყვან (და შესაბამისად ყველაზე პოპულარულ) კვლევით უნივერსიტეტს აერთიანებს. ბრისტოლი ამ ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი გახლავთ.
ბრისტოლი საერთაშორისოდ აღიარებული კვლევითი ცენტრია, თითქმის ყოველ წელს შედის ბრიტანული უნივერსიტეტების ტოპათეულში, მსოფლიოში კი თითქმის ყოველთვის მიეკუთვენება ტოპორმოცდაათეულს. თუმცა, პირადად მე რეიტინგებს, რიგი მიზეზების გამო, ყურადღებას არ ვაქცევ. პირველ რიგში იმიტომ, რომ რეიტინგები ხელოვნურია და ამა თუ იმ ნიშნით ყოველთვის მიკერძოებული. ამასთანავე, ჩემი აზრით, ნებისმიერ რეიტინგზე უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აკმაყოფილებს მოცემული ფაკულტეტი ადამიანის ინტელექტუალურ მოთხოვნილებებსა და მოლოდინს. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში, ბრისტოლის ისტორიული დეპარტამენტი (ოქსფორდთან და კემბრიჯთან ერთად) ყველაზე კარგი ისტორიული დეპარტამენტი იყო, სადაც კი შეიძლებოდა მოვხვედრილიყავი იმიტომ, რომ ჩვენს დეპარტამენტს საკმაოდ ძლიერი ინტელექტუალური ისტორიის სკოლა აქვს, მე კი სწორედ ამ მიმართულებით ვიკვლევ და ვინტერესდები.
ბრისტოლის ისტორიას რომ დავუბრუნდეთ, უნივერსიტეტმა სამეფო სიგელი 1909 წელს მიიღო. 2009 წელს 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა რიგი ღონისძიებებით, მათ შორის გამოჩენილი ექს-ბრისტოლელების ლექციათა ციკლით. ასეთი კი, საბედნიეროდ, ბევრია. ბრისტოლი, საერთო ჯამში, 11 ნობელის პრემიის ლაურეატთან ასოცირდება, რომელთაგან ზოგი აქ თავად სწავლობდა, ზოგი კი — ასწავლიდა. ბრისტოლში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ თანამედროვე ბრიტანული დრამის უმნიშვნელოვანესი ფიგურები: ჰაროლდ პინტერი, სარა კეინი, მარკ რავენჰილი, დეივიდ გრეგი, ისევე როგორც ფრანგი რომანისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში — ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო, რომანისტი დეივიდ მიჩელი და სხვანი. პოლ დირაკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში, ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად კვანტური მექანიკის დასაბამი განაპირობა, ფიზიკას ბრისტოლში ეუფლებოდა, მსგავსად სერ უილიამ რამზისა, რომელმაც 1904 წელს მიიღო ნობელის პრემია ქიმიაში. ექს-ბრისტოლელები საკმაო წარმატებით სარგებლობენ ჟურნალისტიკაშიც; ამ სფეროში განსაკუთრებულად ორს გამოვყოფდი: ბიბისის რიგით მეორე პოლიტიკურ რედაქტორს — ჯეიმზ ლანდეილს და The Daily Telegraph-ის რედაქტორს — უილიამ ლუისს. ბრისტოლში სწავლობდა მონაკოს პრინცი, ალბერ მეორე. ბრისტოლში, ასევე, სწავლობდა ბრიტანეთის უშიშროების სამსახურის — MI5-ის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, ბატონი ჯონათან ევანსი. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, რამდენიმე თაობით ადრე, ასევე ბრისტოლში სწავლობდა ცნობილი ფიზიკოსი კლაუს ფუქსი, რომელიც რუსეთისათვის ჯაშუშობდა.
? უნივერსიტეტში რა პროფესიას ეუფლები?
მე გახლავართ ხელოვნებათა ფაკულტეტის ისტორიული დეპარტამენტის სტუდენტი. ისტორიის კურსის ფარგლებში, ვსწავლობ სხვადასხვა პერიოდისა და ქვეყნის ისტორიას, თუმცა, ჩემი ინტერესის უმთავრეს სფეროს წარმოადგენს შუა საუკუნეებისა და ადრინდელი მოდერნის (მეთოთხმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეები) ინტელექტუალური ისტორია, ანუ — იდეების ისტორია, ისევე როგორც ადრინდელი მოდერნის კულტურული და თეოლოგიური ისტორიის რიგი ასპექტები.
ისტორია დროში ხეტიალია — უბრალოდ საოცარია, რას არ წააწყდები ქრონოსის ხაზზე: ბებერ ბერს, იდუმალ მკვლელობას, მოხეტიალე ებრაელს, ერეტიკოსს, ეროტიკას, „მფრინავ ჰოლანდიელს“, მითსა და სინამდვილეს, სიზმარსა და რეალობას, დრამას, დროს… რაც მთავარია, დროს. დიახ, ისტორიკოსები მოხეტიალეები ვართ. აი, ფარაჯანოვის „აშიქ ქერიბში“ ან ფამუქის რომელიმე რომანში რომ პოეტ-მუსიკოს-მოხეტიალეა, დაახლოებით ასე ვართ. სამწუხაროდ, ოდნავ უფრო მეცნიერულები და სისტემატურნი. ისტორიოგრაფია დროსთან თამაშია და მე ეს ძალიან მომწონს.
? ზოგადად, რა შეგიძლია მიამბო ბრისტოლის განათლების სისტემაზე, სასწავლო პროგრამისა და ლექციების შესახებ. რამდენადაც ვიცი, უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად ცნობილ ადამიანებს იწვევენ, ვინ არიან ისინი?
მსგავსად სხვა ბრიტანული უნივერსიტეტებისა, ბრისტოლში ჰუმანიტარული კურსების უმრავლესობა სამწლიანია, ტექნიკური ხასიათის კურსებისა კი — ოთხწლიანი. სასწავლო პროგრამა და ლექციების კურსი დეპარტამენტზეა დამოკიდებული, თუმცა, შემიძლია გითხრათ ისტორიის პროგრამის სტრუქტურის შესახებ. ლექციების კურსთან ერთად, სტუდენტს ყოველთვის უტარდება 50-წუთიანი სემინარების ციკლი (კვირაში ორი ან სამი), რომელიც წარმოადგენს დეტალურ დისკუსიას 10-15-კაციან ჯგუფში, წინასწარ მოცემულ თემაზე, რომლის შესახებაც სტუდენტმა საკმაოდ ფართო რანგის ლიტერატურა — პირველადი და მეორადი წყაროები — უნდა წაიკითხოს.
სტუმრებს რაც შეეხება, ბრისტოლს ხშირად სტუმრობენ მეცნიერები და მოაზროვნეები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ისევე როგორც ბრიტანული უნივერსიტეტებიდან. მაგალითად, ისტორიის დეპარტამენტის წინა წლის სტუმრებს შორის იყვნენ: თეოლოგიის ოქსფორდელი პროფესორი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი ავტორიტეტი ქრისტიანობის შესახებ — დიარმედ მაკკალოხი და პროფესორი მირი რუბინი, საკმაოდ ცნობილი კულტურის ისტორიკოსი.
გასულ წელს, ბრისტოლში, ახალი და ძალიან მისასალმებელი ტრადიცია დამკვიდრდა — „ბრისტოლის საუკეთესონი“ — ლექციათა კურსი, რომელსაც სრულიად უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დასახელებული საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ. ამ კურსის ერთ-ერთი დამფუძნებელი მე გახლავართ. ჩვენი მიზანი ინტერდისციპლინარული ინტერესის გაღვიძება იყო, რაც საკმაოდ წარმატებით მოვახერხეთ. ამგვარად, ახლა ბრისტოლელ ფიზიკოსს აქვს შესაძლებლობა, ბრისტოლის თეოლოგიის ან ვეტერინარული მედიცინის პროფესორს უსმინოს, ისტორიკოსს კი შეუძლია, სურვილისამებრ, ინჟინერიის დოქტორის ან სულაც დრამატურგის მიერ წაკითხულ ლექციას დაესწროს, რაც სხვა მხრივ შეუძლებელი იქნებოდა, ლექციაზე დაშვების საკმაოდ მკაცრი სისტემის გამო.
? გრიგოლ, როგორი ქალაქია ბრისტოლი, როგორია იქ სტუდენტური ცხოვრება?
ბრისტოლი დიდი ქალაქია (ერთ-ერთი ბრიტანული City), რომელიც დახუნძლულია კლუბებით, პაბებით და კაფე-ბარებით, რაც მშვენიერია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბებში სიარული ჩემი სისუსტე არ გახლავთ. აი, კაფე-ბარებსა და პაბებში კი ხშირად მომკრავს ადამიანი თვალს.
? სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
დიახ, ვცდილობ, დავკავდე სპორტით, ხან გამომდის, ხან — არა. როცა საკმარისი დრო და განწყობა მაქვს, ვცურავ. თავისუფალ დროს, უმეტესწილად, ან მეგობრებთან ვატარებ, ან ინტერნეტში „თარეშს“ ვუთმობ.
? ეწყობა თუ არა უნივერსიტეტში სამოგზაურო ტურები, რომელ ქვეყნებში გიწევთ წასვლა და რა მიზნით?
ეს კონკრეტულ დეპარტამენტზე და დარგზეა დამოკიდებული. მაგალითად, გეოგრაფები ან თუნდაც არქეოლოგები გაცილებით უფრო აქტიურად მოგზაურობენ, ვიდრე ქიმიკოსები (რომელნიც არასდროს მოგზაურობენ). ისტორიის დეპარტამენტი ყოველწლიურად აწყობს ტურნეებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში, მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში მოეწყო ტურნეები პარიზსა და ამსტერდამში. მე, სამწუხაროდ, არცერთში არ მიმიღია მონაწილეობა, იმდენად რამდენადაც, მოგეხსენებათ, ქართული პასპორტის, ფაქტობრივად, ერთადერთი ფუნქცია წინაღობების შექმნაა. თუმცა, იმედს ვიტოვებ, წელს მაინც შევძლებ რომელიმე ტურში მონაწილეობას.
? მომავალი როგორ გესახება, სად აპირებ დამკვიდრებას? ხომ არ აპირებ საქართველოში ჩამოსვლას?
სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, სად ვაპირებ დამკვიდრებას. ჩემთვის მთავარია, ვაკეთებდე საყვარელ, საინტერესო საქმეს. ამის გაკეთება კი, იმედი მაქვს, მეტნაკლებად ყველგან შეიძლება.
? სწავლის პარალელურად, გაქვს თუ არა მუშაობის შესაძლებლობა?
სტუდენტური ვიზით მყოფ პიროვნებას კვირაში მხოლოდ ოცი საათი მუშაობის უფლება აქვს. თუმცა, ეს საკმარისზე მეტია, იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთის საგანმანათლებლო უწყებების მიერ, სწავლის პარალელურად, მხოლოდ 14 საათი მუშაობაა რეკომენდებული.
? გრიგოლ, facebook-ში შენს კედელზე ასეთი ფრაზა ამოვიკითხე: „ავად ვარ. რა ბედნიერებაა, შემიძლია მთელი დღე ვიკითხო“ ვიცი, რომ ბევრს კითხულობ, რომელია შენი საყვარელი ლიტერატურული ჟანრი და საყვარელი მწერალი?
რთული შეკითხვაა. თუ დრო მყოფნის, ვკითხულობ ყველაფერს, რაც ოდნავ მაინც მაინტერესებს. ადრე რატომღაც მიმაჩნდა, რომ „უნდა“ მეკითხა ესა და ეს და მხოლოდ ამის შემდეგ — ისა და ის. ახლა მგონია, ვცდებოდი. ყველაზე კარგი თავისუფალი კითხვა: ბევრი ავტორი, ბევრი ჟანრი, ისტორიები ავტორებისა და ტექსტების შესახებ (რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება თავად ადამიანებსა და ტექსტებს), თეორია… ყველაზე დიდ სიამოვნებას კი, მაინც პარალელებში ვიჭერ, პარალელებში ტექსტებს, იდეებს და ავტორებს შორის, რომლებიც გარკვეულ ეტაპზე ჩემს გონებაში პერიოდებად, ჟანრებად, ოჯახებად იყოფა. ეს „პარალელობანა“ ნარკოტიკულად მძლავრი სურვილია
ძალიან რთულია თავის დანებება. საყვარელი მწერლის დასახელება შეუძლებელი მგონია. ყველა მწერალთან სხვადასხვა დამოკიდებულება მაქვს. ყველა სხვადასხვანაირად მიყვარს.
? ცოტა ფილმზეც ვისაუბროთ, რატომ გადაწყვიტე, ფილმის — „ჩვენ გვყავს პაპი“ რევიუ დაგეწერა? ფილმი ძალიან მომეწონა, მელვილი ჩემთვის ღირსეული ადამიანია. ყველას როდი შეუძლია აღიაროს თავისი სისუსტე და უარი თქვას დიდ პასუხისმგებლობაზე, საქართველოში ეს განსაკუთრებით იგრძნობა, გეთანხმები: „განკაცებული პაპი უპრეცედენტოა — გაპაპებული კაცი მრავალი ყოფილა“. მართლაც კარგი იქნებოდა, „გაპაპებული ადამიანები“ „ფეხით რომ დადიოდნენ ქუჩაში…”
მორეტის „ჩვენ გვყავს პაპი“ უზომოდ მნიშვნელოვანი ფილმია. არც მეტი და არც ნაკლები, ფილმი თავად რომის პაპის პერსონის დეკონსტრუქციას ახდენს. პაპს ეშინია, გარბის. ნუთუ ესეც შესაძლებელია? — გვიჩნდება კითხვა. დიახ, როგორც ჩანს, ასეა. მარტივი საქმე როდია, კარგად ცნობილის და აზროვნებაში გამჯდარის დეკონსტრუქცია — მორეტი კი ამას საკმაოდ წარმატებულად ახერხებს.
სწორედ ამგვარი დეკონსტრუქციების საჭიროებას ვხედავ თანამედროვე საქართველოში. ქართულ რეალობაში ძალიან ბევრი მითია, რეალური კი — ძალიან ცოტა. საქართველოს მორეტისნაირი ინტელექტუალები აკლია — ხალხი, ვინც სტერეოტიპების, მითებისა და წარსულის მოდელირებული და იდეალიზირებული ხედვის წინააღმდეგ გაილაშქრებს. ეს დეფიციტი არა მხოლოდ კინოსა და ხელოვნებაში, არამედ ლიტერატურაში და სრულიად საჯარო ინტელექტუალიზმშიც იგრძნობა.
ვფიქრობ, ჩვენი აწმყო მოდელირებულ ფუნდამენტზე დგას, რაც ძალიან საშიშია, ისევე როგორც წარსულის (და არა მარტო წარსულის) მოდელირების სხვადასხვა მცდელობა. მაგალითად, უმჯობესი იქნებოდა, საბჭოთა სიმბოლოებთან ბრძოლის ნაცვლად, მეტი ყურადღება დაგვეთმო ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებისათვის, წარსულის შელამაზების ნაცვლად კი, დროულად გაგვეაზრებინა მისი კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობა.
სწორედ მოდელირებული ფუნდამენტია წარსულის ჩვენში გავრცელებული ხედვა. ისტორიოგრაფია დღემდე უგემოვნოდაა გაძეძგილი წმინდანებით და უწმინდურებით, ანტაგონისტებითა და პროტაგონისტებით, რაც ყოველგვარ მეცნიერულ ანალიზს მოკლებული და პრიმიტიულია.
ვფიქრობ, ეს სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. ამაში კი, დიდი როლი ქართულმა განათლების სისტემამ უნდა ითამაშოს, რომელიც, ჩემი აზრით, დღემდე ვერ ახერხებს მოსწავლეში საკმარისად კრიტიკული აზროვნების განვითარებას. მაგალითად, კარგი იქნება, თუ საშუალო განათლების მიღებისას მოსწავლე გაიაზრებს, რომ დავით აღმაშენებელი ჯერ მეფე იყო და შემდეგ — წმინდანი, რომ „ვეფხისტყაოსანი“ არა საკრალური, არამედ ლიტერატურული ტექსტია, რომ „ყურანის“ წაკითხვა ისევე საინტერესო შეიძლება იყოს, როგორც „ბიბლიის“. კარგი იქნება, თუ რელიგიის ისტორია საბოლოოდ გაამართლებს განგების მიერ მისთვის მინიჭებულ სათაურს და მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიიდან რელიგიების ისტორიად იქცევა.
დრო არ იცდის. საქართველოში ზედმეტად ბევრი მითი თანაარსებობს. აუცილებლად მიმაჩნია მათი სწავლისა და კრიტიკისათვის შეფარდება, თუ, რაღა თქმა უნდა, არ გვსურს, რომ ის მოდელირებული და ხავსმოდებული ფუნდამენტი, რომელზეც ყველანი ერთად ვდგავართ, ჩაინგრეს და ჩვენც თან ჩაგვიყოლოს.
? სამომავლოდ, რას უნდა ველოდოთ შენი „შემოქმედებიდან”?
არაფერს. და ყველაფერს.
ესაუბრა მაკა ყიფიანი