ნინო დოლენჯაშვილი
გოგიტა კიკნაძის სახელობის
თბილისის №182 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული სასულიერო მწერლობა, თავისი ჟანრობრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მოიცავს იდეალის განმტკიცების ორ გზას: მარტვილობასა და „ხორციელ იწროებას“. ცხადია ,უმნიშვნელოვანესია, მოსწავლეებისათვის აქცენტი გაკეთდეს იდეალის განმტკიცების ორივე გზის თავისებურებებზე. მათ სიღრმისეულად უნდა გაიაზრონ განსხვავება „სისხლის დათხევასა“ და „უსისხლო მსხვერპლს“ შორის.
„აბოს წამება“, გარდა პოლიჟანრულობისა, სხვა მხრივაც დასაფიქრებელი და სადავოა, რადგან სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეიძლება მივცეთ მის გადაწყვეტილებას. პირველ რიგში, მინდა შევეხო ჰომილეტიკურ-დიდაქტიკურ ნაწილს, რომელიც ყველაზე კარგად წარმოაჩენს ქართველი ერის ფსიქოლოგიურ პორტრეტს როგორც წარსულში, ასევე მწერლის თანამედროვეობაში. არაბული აგრესიის შედეგი საკმაოდ მძიმეა „ოიკუმენას“ დასალიერში. გახლეჩილი ერი – ნაწილი ხარკის ვალდებულებისგან გათავისუფლებული „შიშისგან რომ განილევა და ირყევა, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“, ნაწილი კი „მამულის სლვის“ ერთგული გუემული, ქენჯნილი და ძვირ-ძვირად ზღვეულია. ეს პარადოქსი უჩვეულო არ უნდა იყოს მოსწავლეებისათვის, რადგან ერთიანობის რღვევის პრობლემა უკვე აღქმულია საზოგადო მოვლენად არაერთ ეპოქაში. რელიგია, როგორც მძლავრი იარაღი, არაბული ძალის მიგნებული ხერხია იმ ერის გასატეხად, რომლისთვისაც „უეჭველი სარწმუნოება საუნჯე დიდ არს მორწმუნეთათვის“. დასაფიქრებელია მრავალსაუკუნოვანი სარწმუნოებრივი ტრადიცია ერისა, რომელიც რელიგიასთან ერთად ქმნიდა კულტურას, ტრადიციულ ხაზს, რომელსაც საუკუნეთა განმავლობაში მიჰყვებოდა ქართველი კაცი იმ ტენდენციით, რომ ბერძნებზე არანაკლებ დაეცვა ქრისტიანობა, 500 წელზე „უწინარეისღა შჯულდებულს“ განაპირა გოდლის როლი რომ შეუსრულებია, „წმინდანების დედად“ წოდებული ქართლის მიწაზე კი არაერთი მორწმუნე რომ აღსრულებულა როგორც ადგილობრივი, ასევე „შორიელი მკვიდრი“.
ისმაეტელი ჭაბუკის ისტორია „ქრისტეს მგზავრობაა“, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენაა. მაცხოვარი ამბობს: „მე ვარ გზაი და ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი“ – ამ პრინციპით იწყებს მოძრაობას აბო შორეული ბაღდადიდან „მძლავრებისა ქვეშე დამონებულ ქვეყნამდე“. ჭაბუკმა იცის, რომ ეს რთულად სავალი გზაა, მაგრამ მიდის რწმენით, „მგზავრ ქრისტეს სიყვარულისთვის“. მისთვის, ქართლში შემოსვლით, სინათლის კარი იღება. როგორც იოანეს სახარება გვეუბნება: „მე ვარ კარი“. თვითშემეცნება ყველაზე დიდი მოთხოვნა უნდა იყოს ადამიანისთვის. ეს აუცილებლობა იქცა მთავარ პრინციპად „შორიელი მკვიდრისთვის“, თანმიმდევრულად მიჰყვეს თვითგამორკვევის პრინციპს, ზედაპირულად და გაუაზრებლად არ მიიღოს ახალი რელიგია. ადამიანის უმთავრესი ღირებულება საკუთარი თავის ფლობაა, ნების აბსოლუტურობის დამტკიცება ნებისმიერ გარემოებაში. აბო ამას ბრწყინვალედ ახერხებს სულიერი თავისუფლების მოპოვების გზით. მთავარი კი მაინც პრინციპებში გარკვევაა. მან თვითონ მიანიჭა საკუთარ თავს აბსოლუტური თავისუფლება, რომელიც არ არსებობს გონისა და შეძენილი ცოდნის გარეშე. ახალი ჭეშმარიტება მას გზას უხსნის „განუქარვებელი სურნელების მქონე რელიგიისკენ“. აბოს აღმოჩენად იქცა არა მხოლოდ „უეჭველი სარწმუნოება“, არამედ ის რეალობა, როგორ შეიძლება იქცეს რელიგია მასების სამართავ იარაღად, თავისუფალი ხალხის ჩაგვრის მექანიზმად. თვითჩაღრმავებამ შეაძლებინა აბოს, საკუთარი წარსული განეჩხრიკა და უმეცრად მოენათლა საკუთარი თავი, როდესაც „მაჰმადის სჯულის მჭირავი“ იყო, ხელოვნურად შექმნილ-შეკოწიწებულ, მაგრამ მშობლიურ რელიგიას ბრმად რომ მიჰყვებოდა. ასე რომ, ყველა მიგნებული ჭეშმარიტების სათავე დიდი ცოდნა და გამოცდილებაა. აბო, შემეცნების ყველა ეტაპზე, უდიდეს პასუხისმგებლობას ავლენს, პირნათლად გაიაროს კათაკმევლობის პერიოდი, სულიერად ნათელღებულმა განსაზღვროს პრინციპები და ღირებულებები. მოემზადოს „მწყემსობის“ ურთულესი მისიისთვის, როცა მაცხოვრის გზის გამეორებით „მე ვარ ნათელი ქვეყნისაი“ ნამდვილად იქნება „სანთელი სასანთლესა ზედა დანთებული“ ქრისტეს სახარების შემცოდე ერისთვის. საუკუნო ნიჭი და კაცთაგან მისაღები პატივი, განქარვებადი და განუქარვებელი სურნელება, ისლამი და ქრისტიანობა, ღია თუ ფარული მოქმედება, სანთელი ხვიმირქვეშ თუ სასანთლესა ზედა – ეს ის დილემაა, რომლის წინაშეც აღმოჩნდება არაბი ჭაბუკი. ამ არჩევნის სასიკეთო გადაწყვეტა კი რწმენის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლებამ განაპირობა. „ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან რჯულსა უფლისასა“. რწმენად ექცა აბოს ის სიბრძნე, რომელიც მაღალსულიერებად მიიჩნია. რუსთაველი ამბობს: „მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“, შესაბამისად, ყველა ჭეშმარიტება, მიგნება და ცოდნა მაშინ მართლდება, თუ მისი წარმომავლობა საკრალურია. სწორედ ამ საღვთო შემეცნებით აღასრულა ახალმა მოწამემ სრბაი და მისი გზა ახლებურ დამოწმებად იქცა ქრისტიანული იდეალისა. იდეალი კი წარმოუდგენელია მსხვერპლშეწირვის გარეშე, ქრისტიანული სწავლება, შემეცნება, მწყემსობის ურთულესი გზა კი დიდ სიმტკიცეს მოითხოვს, ამიტომაც არის აბო „საკიდური ლოდი“, რომელმაც მძლავრებისა ქვეშეც დაამტკიცა რწმენის, ნებისა და სინდისის თავისუფლება. იგი შიშზე გამარჯვებული ინდივიდია, რომელიც გათავისუფლდა იმ მომაკვდინებელი სენისგან, რომელიც ასე ჩაგრავს კაცობრიობას და „სამოსელია სულისა“.