ქეთევან შანიძე
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ქობულეთის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
განათლებამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს, სოციალური ერთობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშესაწყობად, მდგრადი და ტოლერანტული საზოგადოების განვითარებაში; სხვადასხვა აქტივობით წაახალისოს განსხვავებული კულტურის რწმენისა და რელიგიის ადამიანები.
ტერმინი – „ინტერკულტურული“ აღნიშნავს არა მხოლოდ ეთნიკურ და ეროვნულ კულტურულ ელემენტებს, არამედ ლინგვისტურ, რელიგიურ და სოციოეკონომიკურ მრავალფეროვნებასაც მოიცავს.
არსებობს ორი მიდგომა: მულტიკულტურული განათლება – კულტურათა აღიარება და მათდამი ტოლერანტობა; ინტერკულტურული განათლება – მულტიკულტურულ საზოგადოებაში განვითარებადი და მდგრადი თანაცხოვრება სხვადასხვა კულტურულ ჯგუფებს შორის.
ინტერკულტურული განათლება ემსახურება მულტიკულტურული გარემოს საგანმანათლებლო მიზნებს, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, რომლებიც სხვადასხვა კულტურულ, ენობრივ და ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, ჰქონდეთ სწავლაში წარმატების თანაბარი შანსი.
ინტერკულტურალიზმი საქართველოს კანონმდებლობასა და განათლების სისტემაში რეგულირდება სხვადასხვა კანონმდებლობით:
•1995 წლის საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
• საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;
• საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“;
• შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია;
• საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
• ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ 2004 წელს);
• საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ;
• ეროვნული სასწავლო გეგმა (დამტკიცებულია 2011 წელს);
• ეროვნული სასწავლო გეგმა (დამტკიცებულია 2016 წელს);
• მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი;
• სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი;
• მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი.
ინტერკულტურალიზმის საერთაშორისო დღის წესრიგი
• „საკვანძო კომპეტენციები უწყვეტი განათლებისთვის, ევროპული ჩარჩო“;
• „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“;
• იუნესკოს 2005 წლის კონვენცია „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა“;
• ოსლოს რეკომენდაციები ეროვნულ უმცირესობათა ენობრივ უფლებებთან დაკავშირებით.
როგორ რეგულირდება ინტერკულტურული განათლება სკოლაში?
რას ეფუძნება ინტერკულტურული განათლება სკოლაში? ინტერკულტურული სწავლების 4 ინტერაქტიურ განზომილებას/ბენტის მიხედვით/:
- თანასწორობის პედაგოგიკა;
- კურიკულუმის რეფორმა;
- ინტერკულტურული კომპეტენცია;
- სოციალური სამართლიანობა.
ინტერკულტურული განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია კურიკულუმის გარდაქმნა ისე, რომ მოსწავლეებმა გაიგონ როგორ იქმნება ცოდნა და რა გავლენას ახდენს ამ პროცესზე მისი შემქმნელების პიროვნული, სოციალური, კულტურული, გენდერული და სხვა სახის გამოცდილება.
ინტერკულტურული განათლების ზოგადი პრინციპები ჩამოყალიბებულია იუნესკოს მიერ, მათ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და განათლების სისტემა.
√ მულტიკულტურული განათლება – კულტურათა აღიარება და მათდამი ტოლერანტობა;
√ ინტერკულტურული განათლება – მულტიკულტურულ საზოგადოებაში განვითარებადი და მდგრადი თანაცხოვრება სხვადასხვა კულტურულ ჯგუფებს შორის. ესაა სკოლის ფორმალური და არაფორმალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი.
მოსწავლეებთან, მასწავლებლებსა და მშობლებთან ჩატარებული საუბრებისა და ინტერვიუების შედეგად, გამოიკვეთა ურთიერთობების დეფიციტი, ერთმანეთის პრობლემებიდან შორს დგომა, გულგრილობა, ინტერკულტურული განათლების დაბალი დონე, რადგან მოსწავლეები მხოლოდ სასკოლო საგნებზე არიან მიჯაჭვული და ნაკლებად ერთვებიან არაფორმალურ განათლებაში. მათთვის მთავარია აკადემიური მოსწება (ჩვენი სკოლა გამოირჩევა გრანტის მფლობელ მოსწავლეთა დიდი რაოდენობით). ვიმედოვნებთ, რომ ამ პროექტის განხორციელებით ისინი თავიანთ შესაძლებლობებს მრავალმხრივ განავითარებენ.
თანამედროვე სამყარომ, ტექნოლოგიების ეპოქამ, სიკეთესთან ერთად, ბევრი ზიანი მოუტანა ბავშვებს. წინა საუკუნისგან განსხვავებით, ნებისმიერი ინფორმაცია, ლიტერატურა, ფილმები, იოლად ხელმისაწვდომი გახდა, თუმცა შევეჯახეთ კომპლექსურ პრობლემებს: მოსწავლეთა დიდი ნაწილი საკუთარ თავში ჩაიკეტა, ინტერნეტდამოკიდებული, ინდიფერენტული გახდა გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენების მიმართ; დაკარგა ემპათიის, თანადგომისა და სიყვარულის უნარი. არსებული პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფრა ე.წ. პანდემიამ, რამაც ონლაინ სწავლება მოგვიტანა.
დღევანდელმა რთულმა საერთაშორისო ვითარებამ, რუსეთ-უკრაინის ომმა, ჩვენს სკოლაზეც მოახდინა გავლენა, ლტოლვილი მოსწავლეების შემოდინება დაიწყო არა მარტო უკრაინიდან, არამედ მოდიან ბელორუსი, ყაზახი, რუსი ეროვნების მოზარდები. შეიქმნა გაუცხოების პრობლემა, დგას აგრესიის საშიშროება რუსული სექტორის მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიმართ. თუ ეს პრობლემა არ გადაიჭრება, ზიანი მიადგება არა მარტო სასკოლო ცხოვრებას, არამედ ბავშვთა სულიერ სამყაროს, ურთიერთობებს მოსწავლეთა მშობლებს შორის, პრობლემა ექმნებათ სხვა ეროვნების მასწავლებლებსაც, რადგანაც თავს იჩენს დაპირისპირება ეროვნულ ნიადაგზე.
პროექტი საუკეთესო საშუალება იქნება ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის.
გთავაზობთ ინტერკულტურული განათლების ზოგად პრინციპებს, რომელიც იუნესკოს მიერ არის ჩამოყალიბებული:
I პრინციპი. ინტერკულტურული განათლება პატივს სცემს მოსწავლის კულტურულ იდენტობას, ყოველი მათგანისთვის კულტურის თვალსაზრისით შესატყვისი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფით. ეს პრინციპი შეიძლება მიღწეულ იქნეს:
ა) ისეთი კურიკულუმისა და სასწავლო მასალების გამოყენებით, რომელიც:
• ეფუძნება მოსწავლეთა ცოდნისა და გამოცდილების მრავალმხრივ სისტემას;
• აერთიანებს მათ ისტორიას, ცოდნას და ტექნოლოგიებს, ღირებულებათა სისტემებს და შემდგომ – სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ მისწრაფებებს;
• აზიარებს მოსწავლეებს მათივე კულტურული მემკვიდრეობის ცოდნასა და დაფასებას;
• მიზნად ისახავს მოსწავლეთა კულტურული იდენტობის, ენისა და ღირებულებების პატივისცემის განვითარებას;
• იყენებს ადგილობრივ რესურსებს.
ბ) სწავლების ისეთი მეთოდების შემუშავებით, რომელიც:
•კულტურის თვალსაზრისით შესატყვისია, მაგალითად, ტრადიციული პედაგოგიკის ინტეგრირებითა და მედიის ტრადიციული ფორმების გამოყენებით, როგორიცაა მოთხრობების წერა, დრამა, პოეზია და სიმღერა;
• ეფუძნება სწავლის პრაქტიკულ, მონაწილეობით და კონტექსტურ მეთოდებს, რომლებიც მოიცავს: კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით აქტივობებს, ექსკურსიებს ისტორიული ძეგლების მონახულების მიზნით და პროდუქტიულ აქტივობებს, რომელიც უკავშირდება საზოგადოების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მოთხოვნილებებს.
გ) კულტურის თვალსაზრისით შესატყვისი შეფასების მეთოდების შემუშავებით.
დ) სწავლების ენის შერჩევით, რომელიც, შესაძლებლობისამებრ, მოიცავს მოსწავლეთა მშობლიურ ენას.
ე) მასწავლებელთა შესაბამისი ტრენინგით, რომელიც გამიზნულია:
• გააცნოს მასწავლებელს მისი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა;
• გააცნოს მასწავლებელს სწავლების პრაქტიკული, ინტერაქტიული და კონტექსტური მეთოდები;
• აამაღლოს ცნობიერება უმცირესობათა ჯგუფების საგანმანათლებლო და კულტურული საჭიროებების შესახებ;
• განუვითაროს სასწავლო შინაარსის, მეთოდებისა და მასალის ადაპტირების უნარი, უმრავლესობის კულტურისაგან განსხვავებული უმცირესობათა ჯგუფების კულტურის მოთხოვნების შესაბამისად;
• დაარწმუნოს, გამოიყენოს მრავალფეროვნება, როგორც საკლასო ოთახში მოსწავლეთათვის სარგებლის მომტანი ინსტრუმენტი. ისეთი სასწავლო გარემოს ხელშეწყობა, რომელიც პატივს სცემს კულტურულ მრავალფეროვნებას, მაგალითად, კვების რაციონის გათვალისწინებით; ჩაცმის სტილის პატივისცემით და ადგილების გამოყოფით რელიგიური რიტუალებისთვის. სკოლასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა და მოსწავლეთა და/ან მათი საზოგადოების ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესებში შემდეგი გზებით:
• სკოლის, როგორც სოციალური და კულტურული აქტივობების ცენტრის გამოყენება, როგორც საგანმანათლებლო, ისე საზოგადოებრივი მიზნებით;
• ტრადიციული რეწვის წარმომადგენელთა მონაწილეობა სასწავლო პროცესში;
• მოსწავლის, როგორც კულტურის განვითარების ხელშემწყობის, როლის აღიარება;
• სასწავლო შინაარსისა და მეთოდების დეცენტრალიზებული შემუშავება, რეგიონების კულტურული და ინსტიტუციური განსხვავებების გათვალისწინებით;
• სკოლის მართვაში, მეთვალყურეობასა და კონტროლში, გადაწყვეტილებათა მიღებაში, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვასა და რეალიზებაში და კურიკულუმისა და სასწავლო მასალების შემუშავებაში სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის მქონე მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა და საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა (მათ შორის, ხელისუფლების წევრთა) მონაწილეობა.
II პრინციპი. ინტერკულტურული განათლება თითოეულ მოსწავლეს უზრუნველყოფს კულტურის შესახებ იმ ცოდნით, უნარებითა და დამოკიდებულებით, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებაში აქტიური და სრულყოფილი მონაწილეობისათვის. ეს პრინციპი შეიძლება მიღწეულ იქნეს: განათლების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფით, შესაბამისად:
• მოსახლეობის ყველა კულტურული ჯგუფისთვის განათლების ყველა ფორმისადმი თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით;
• განათლების სისტემაში დისკრიმინაციის ყველა ფორმის გამორიცხვით;
• საშუალო განათლების და საშუალო განათლების შემდგომი სწავლებისა და ასევე პროფესიული სწავლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით;
• ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც გაამარტივებს სპეციალური კულტურული ინტეგრაციის საჭიროებების მქონე ჯგუფების (როგორიცაა მიგრანტი მუშების ბავშვები) ინტეგრაციას საგანმანათლებლო სისტემაში;
• სწავლის პროცესში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფით;
•არადისკრიმინაციული, უსაფრთხო და მშვიდობიანი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით;
• სპეციალური ღონისძიებებით ისეთი შემთხვევებისთვის, როცა ისტორიული გამოცდილება ზღუდავს მოსწავლეთა და მასწავლებელთა შესაძლებლობას, თანაბრად მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში; კურიკულუმისა და სასწავლო მასალების გამოყენებით, რომელიც:
• აწვდის უმრავლესობათა ჯგუფებს ცოდნას არსებული უმცირესობების ისტორიის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესახებ;
• აწვდის უმცირესობებს ცოდნას საზოგადოების, როგორც ერთი მთლიანის შესახებ;
• მიზნად ისახავს, ქვეყნის ფარგლებში, კულტურულად განსხვავებული ჯგუფების შესახებ ცრურწმენების დამარცხებას;
• რთავს სასწავლო პროცესში სხვადასხვა კულტურულ სისტემას, განსხვავებული კულტურული პერსპექტივიდან ცოდნის პრეზენტაციით;
• ქმნის გარემოს კითხვის, წერის და ზეპირი სიტყვის მრავალფეროვანი აღქმისთვის, რაც მოქალაქეს ინფორმაციაზე წვდომის, საცხოვრებელ გარემოში არსებული სიტუაციის გააზრების, საკუთარი მოთხოვნილებების გამოხატვის და სოციალური გარემოს აქტივობებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. სწავლების შესაფერისი მეთოდებით, რომლებიც:
• ხელს უწყობს მოსწავლის აქტიურ მონაწილეობას საგანმანთლებლო პროცესში;
• აერთიანებს ფორმალურ და არაფორმალურ, ტრადიციულ და თანამედროვე სწავლების მეთოდებს;
• ხელს უწყობს აქტიურ სასწავლო გარემოს, მაგალითად, კონკრეტული პროექტების განხორციელებით, რათა დაიძლიოს მხოლოდ წიგნისმიერი ცოდნა, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეს თავდაჯერებულობის განცდა და შეიძინონ ისეთი კულტურული უნარები, როგორიცაა სხვებთან კომუნიკაციის და კოოპერაციის უნარი. სწავლების შედეგების, მათ შორის ცოდნის, უნარების, დამოკიდებულების და ღირებულებების მკაფიო განსაზღვრა და ზუსტი შეფასება.
III პრინციპი. ინტერკულტურული განათლება უზრუნველყოფს ყველა მოსწავლეს კულტურის შესახებ ცოდნით, უნარებითა და დამოკიდებულებით, რაც მათ საშუალებას აძლევს ინდივიდებს, ეთნიკურ, სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ ჯგუფებსა და ერებს შორის პატივისცემის, ურთიერთგაგებასა და სოლიდარობაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ეს პრინციპი შეიძლება მიღწეულ იქნეს ისეთი კურიკულუმების მეშვეობით, რომელიც ხელს უწყობს:
• კულტურული მრავალფეროვნების აღმოჩენას, მისი დადებითი მნიშვნელობის გააზრებას და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემას;
• რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის გააზრებას;
• კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნას სხვადასხვა (ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, ენები, ხელოვნება და და სხვა) საგნების სწავლებით;
• ყველა ადამიანის, მათი კულტურის, ცივილიზაციის, ღირებულებებისა და ცხოვრების სტილის, მათ შორის, ქვეყნის შიდა ეთნიკური კულტურებისა და სხვა ერების კულტურების გააზრებასა და პატივისცემას;
• ადამიანებსა და ერებს შორის მზარდი გლობალური ურთიერთდამოკიდებულების გაცნობიერებას;
• არა მარტო უფლებების, არამედ ინდივიდებზე, სოციალურ ჯგუფებსა და ერებზე ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების გაცნობიერებას;
• საერთაშორისო სოლიდარობისა და თანამშრომლობის აუცილებლობის გაგებას;
• საკუთარი კულტურული ღირებულებების გაცნობიერებას, რომელიც საფუძვლად უდევს არა მხოლოდ სხვადასხვა სიტუაციისა და პრობლემის ინტერპრეტირებას, არამედ სხვადასხვა კულტურული პერსპექტივის ცოდნით გამდიდრებული ინფორმაციის გააზრებისა და გადახედვის უნარს;
• აზროვნების სხვადასხვა მოდელის პატივისცემას. სწავლებისა და სწავლის ადეკვატური მეთოდები, რომლებიც:
• სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მემკვიდრეობას, გამოცდილებასა და წვლილს შესაბამისი ღირსებით, გულწრფელობითა და მნიშვნელობით წარმოაჩენს;
• უზრუნველყოფს ეგალიტარულ (თანასწორობაზე დაფუძნებულ) კონტექსტს სწავლებისთვის;
• შეესაბამება ნასწავლ ღირებულებებს;
• უზრუნველყოფს ინტერდისციპლინურ პროექტებს;
• კულტურული ბარიერების მიღმა კომუნიკაციისა და თანამშრომლობის და სხვებთან გაზიარებისა და ურთიერთქმედების უნარების შეძენა:
• სხვადასხვა ქვეყნისა ან კულტურული გარემოს მოსწავლეთა, სტუდენტთა, მასწავლებელთა და განათლების სფეროს სხვა მუშაკთა შორის უშუალო კონტაქტითა და რეგულარული გაცვლით;
• საერთო პრობლემების გადაჭრის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნის უწყებებისა და დაწესებულებების მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელებით;
• ერთი და იმავე მიზნების მისაღწევად მომუშავე მოსწავლეთა, სტუდენტთა და მკვლევართა საერთაშორისო კავშირების შექმნით;
• კონფლიქტების მოგვარებისა და მედიაციის უნარების შეძენით.