გვესაუბრება ალექსანდრე წულაძე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
➖ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წარადგინა ზოგადი განათლების ხედვა. ჩვენი მიზანი იყო, ფართო საზოგადოებასთან, მათ შორის, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად გვესაუბრა იმ სიახლეებზე, რომელთა შემოთავაზებასაც ვგეგმავთ. სიახლეების ძირითადი არსი, შეიძლება ითქვას, რომ არის ჩვენი ზოგადი განათლების და სკოლების თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებზე მორგება. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს დაგეგმილი.
ალბათ საზოგადოებას დააინტერესებს, რომ აქცენტს ჩვენი მომავალი თაობისთვის საჭირო უნარებზე, კომპეტენციებსა და ცოდნაზე ვაკეთებთ. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია ფიზიკა-მათემატიკის სკოლები და მათემატიკის, როგორც საგნის, გაძლიერებული სწავლება.
საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ძალიან ძლიერი ფიზიკა-მათემატიკის სკოლები თავისი მდიდარი ტრადიციებით და სწორედ ამ სკოლების მაგალითით გვსურს, ყველა საჯარო სკოლაში შეიქმნას გაძლიერებული სასწავლო პროგრამა. მთავარია, რომ მსურველებისთვის შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკის, ისე მათემატიკის ჩაღრმავებული სწავლება. ეს არ იქნება ყველასთვის სავალდებულო. პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, შევიტანოთ საშუალო საფეხურზე, ანუ XI-XII კლასებში. XI-XII კლასების ზოგადი პრინციპი ამგვარია, რომ გარდა რამდენიმე სავალდებულო საგნისა, სხვა საგნების სწავლება უკვე სკოლის მოსწავლის ინტერესებზე იყოს მორგებული და თავისი სურვილით და არჩევანით ხდებოდეს, იყოს ნებაყოფლობითი.
მათემატიკის მიმართულებით, ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ არსებული რესურსსკოლები (როგორც აღვნიშნე, ამ მხრივ ძლიერი ტრადიცია და კარგი სკოლები გვაქვს). ვგეგმავთ, განვაახლოთ ინფრასტრუქტურა და გავაფართოოთ მათემატიკისა და ფიზიკის სკოლების ქსელი.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით. აქამდე კომპიუტერული ტექნოლოგიები (ე.წ. ისტ-ის გაკვეთილები) მხოლოდ დაწყებით საფეხურზე ისწავლებოდა. წელს დავამტკიცეთ კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების ახალი სტანდარტი და როგორც დაწყებით, ისე საბაზო საფეხურზე (სრული 10 კლასის ჩათვლით) ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლა.
თუმცა, ამით არ შემოვიფარგლებით. ჩვენი სურვილია, რომ უკვე მე-10 კლასიდან მოსწავლეს მიეცეს არჩევანის შესაძლებლობა – თუ მას სურს გაძლიერებულად ისწავლოს აკადემიური მიმართულებით, აირჩიოს ერთ-ერთი ასეთი მიმართულება. ხოლო თუ პროფესიული მიმართულებით სურს სწავლის გაძლიერება, ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2025 წლის სექტემბრისთვის 100-მდე საჯარო სკოლაში იყოს შესაძლებელი ინტეგრირებული პროფესიული პროგრამის არჩევა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ჩაღრმავებული სწავლება.
☑️ რა თქმა უნდა, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების გაძლიერება კარგია. გასაგებია, რომ ცდილობთ თანამედროვეობაზე მორგებას, მაგრამ თუ არსებობს საქართველოში შესაბამისი კადრები (მოგვიანებით ჩინური ენის სპეციალისტებზეც გკითხავთ), აღჭურვილობა და თუ აქვთ სათანადო პირობები სკოლებს?
➖ ჩვენ თანმიმდევრულად და ეტაპობრივად ვავითარებთ მთელ სასკოლო ინფრასტრუქტურას. მიმდინარე, 2024-25 სასწავლო წელს, 100-მდე ახალი სკოლა გაიხსნა საქართველოში. ვგულისხმობ, რომ მოხდა მათი სრული რეაბილიტაცია ან აშენდა ახალი. 2025-2026 სასწავლო წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას ზუსტად იმავე ტემპით ვგეგმავთ.
ახალ სკოლებში გათვალისწინებულია როგორც ციფრული, ისე საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები. ამასთანავე, ყველა სკოლისთვის შემუშავებული გვაქვს სპეციალური პროგრამა ლაბორატორიების, მათ შორის, ციფრული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების აღჭურვის მიზნით. წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სწორედ ამ ლაბორატორიების აღჭურვას.
დავუბრუნდები იმ საკითხს, თუ ზოგადად, რა ნაბიჯები იდგმება იმ მიმართულებით, რომ უკვე საბაზო განათლების საფეხურზე სკოლის მოსწავლეებს რაც შეიძლება მეტი კვალიფიკაცია და უნარი ჰქონდეთ გამომუშავებული, ვგულისხმობ თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროსთვის საჭირო უნარებს. ჩვენი ინიციატივაა სკოლებში შევიტანოთ STEAM კლუბები (STEAM საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების დისციპლინარული სწავლების მეთოდი) და მოვაწყოთ ლაბორატორიები. ესეც იქნება ნებაყოფლობითი. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, როგორც სპორტული, ისე სახელოვნებო კლუბების პარალელურად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ STEAM კლუბი. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. მოვინახულე რამდენიმე სკოლა, სადაც გავხსენით STEAM კლუბები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პილოტირების პროცესში ვართ, აღფრთოვანებული ვარ იქ ნანახით.
☑️ ბატონო ალექსანდრე, ამისთვის ფინანსები გამოყოფილია? გათვალისწინებულია ბიუჯეტში?
➖ დიახ, წლევანდელ ბიუჯეტში ეს თანხები გათვალისწინებულია. გასული წლის ბოლოს, პროგრამის წარდგენისას, როდესაც ამ სიახლეს ვგეგმავდით, მართალია ზუსტად არა, მაგრამ დაახლოებით მოაზრებული გვქონდა ხარჯების მოცულობა. შესაბამისად ხარჯები შეტანილია ბიუჯეტში. გასული თვეები, მნიშვნელოვანი სასკოლო სიახლეების დანერგვამდე და წარდგენამდე, დავუთმეთ სასკოლო ინფრასტრუქტურის (ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა და ა.შ.) კვლევას, რათა ზუსტად გაგვეგო, კონკრეტულად რა ეტაპზეა დღეს სასკოლო ინფრასტრუქტურა საქართველოში. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა საკითხზე – ციფრული განათლება, მათემატიკისა და ფიზიკის სწავლება, ჰუმანიტარული განათლება და სხვ. ყველა მიმართულებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით შევიმუშავეთ ზუსტად ის ხედვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავაცანით საზოგადოებას.
ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს არა მხოლოდ ტექნოლოგიების, არამედ ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებითაც. პირველი, რაც მინდა საგანგებოდ აღვნიშნო, არის ის, რომ რა განვითარებული ტექნოლოგიების ეპოქაშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ჰუმანიტარული სწავლება ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მშობლიური ენის, ჩვენს შემთხვევაში კი ქართული ენისა და ლიტერატურის. პირველად, ქართული ენა და ლიტერატურა შეისწავლება ცალ-ცალკე – შემუშავდა ორი სტანდარტი, ქართული ენის და ქართული ლიტერატურის სწავლების. ეს მოხდა იქედან გამომდინარე, რომ თანამედროვე კვლევებით, ჰუმანიტარულ განათლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის. მშობლიური ენის გრამატიკის ცოდნა, როგორც ნეირო-ლინგვისტური პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, შემოქმედებითი აზროვნებისთვის. თანამედროვე სამყაროში სკოლის მოსწავლეებში ადაპტაციის, ლიდერობის თუ სხვა უნარების განვითარებასთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემოქმედებითი აზროვნება. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰუმანიტარულ საგნებს და ამ მიმართულებით გვექნება სხვადასხვა კლუბი და ინიციატივა როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით…
არ დამვიწყებია თქვენი კითხვა ჩინურ ენასთან დაკავშირებით…
☑️ დიახ, თუ არსებობენ ჩინური ენის სპეციალისტები?
➖ ჩვენი მთავარი მიზანი ამ პროცესში იყო სასკოლო საზოგადოების და სკოლის მოსწავლეების თანამედროვე სამყაროს მოთხოვნების შესაბამისი უნარებით აღჭურვა. ერთ-ერთი, შეიძლება ითქვას უდავო, არის ჩინური ენის ცოდნა. ჩემთვის ცოტა გასაოცარიც იყო ის გამოხმაურება, რაც მივიღეთ. დღეს საქართველოში 7 მეორე უცხო ენა ისწავლება სკოლებში, მათ შორის არის როგორც ევროპული, ისე აღმოსავლური ენები და ამ შვიდს ასარჩევად დაემატება მერვე, ჩინური ენა.
☑️ ანუ როცა მეორე უცხო ენას ვირჩევ, შემიძლია ავირჩიო ჩინურიც?
➖ დიახ, მეორე უცხო ენის არჩევა, მეხუთე კლასის შემდეგ, ნებაყოფლობითია. აქამდეც, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს რომ აერჩიათ ეს ენა (და უნდა აღვნიშნო, რომ არჩეულიც იყო რამდენიმე სკოლაში), ჩვენ ვალდებულნი ვიყავით, შეგვეთავაზებინა. თუმცა, არ არსებობდა სტანდარტი. შესაბამისად, ვიქნებოდით დამოკიდებული მასწავლებელზე – თუ ვინ, როგორ, რა სახელმძღვანელოთი და რა შინაარსით წაიყვანდა საგაკვეთილო პროცესს. მომავალი წლიდან ჩვენ გვექნება სტანდარტი და ყველა მასწავლებელი ამ სტანდარტის შესაბამისად იმოქმედებს. რაც შეეხება უშუალოდ მასწავლებლების რაოდენობას, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ იმ სკოლებს, სადაც სურვილი ექნებათ მოსწავლეებს, შეისწავლონ ჩინური ენა, დისტანციურადაც შევთავაზებთ სწავლებას. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ენის დისტანციურად სწავლება ძალიან კარგ შედეგს იძლევა. რა თქმა უნდა, მასწავლებლების რესურსი ყველგან ხელმისაწვდომი არ იქნება. საქართველოში 2100-მდე სკოლაა, დისტანციური სწავლება ამ პროცესში ძალიან დაგვეხმარება.
☑️ მასწავლებლებზე მინდა გკითხოთ, იმიტომ, რომ ამ ცვლილებების ნაწილში მათი უწყვეტი პროფესიული განვითარებაც შედის და ბუნებრივია, ამგვარ სიახლეებს მასწავლებლებიც უნდა აჰყვნენ – უნდა აღიჭურვონ შესაბამისი უნარებითა და ცოდნით. რას ნიშნავს მათი უწყვეტი პროფესიული განვითარება, რომელიც დაგეგმილია და რამდენადაა შესაძლებელო, რომ ეს ყველაფერი ხელფასებზეც აისახოს. ერთია, რას გეგმავთ მოსწავლეებისთვის, მაგრამ საინტერესოა, რა ელით მასწავლებლებს ამ ცვლილებების შემდეგ?
➖ უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ სკოლის მასწავლებელი ჩვენი სისტემის მთავარი ხერხემალია. ის არის რეალურად მთავარი საზომი იმისა, თუ რა დონის განათლება გვექნება ჩვენს საჯარო სკოლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი, როგორც სამინისტროს, ისე მთელი სისტემის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თითოეულ მასწავლებელს. ჩვენი პოლიტიკაა, რომ არც ერთი მასწავლებელი არ დარჩეს ყურადღების მიღმა. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ახალი კადრების მოზიდვა და ზოგადად პროფესიის პოპულარიზაცია და მიმზიდველობის გაზრდა, მეორე მხრივ კი, უკვე არსებული მასწავლებლებისთვისთვის როგორც კარიერული წინსვლის სქემის შემუშავება, ისე მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
☑️ მახსოვს განათლების წინა მინისტრთან 2024 წელს საუბარი სქემაზე, რომლითაც გაიზარდა ხელფასები. სქემაში გარკვეული განტოლებები იყო შემუშავებული და ეს სქემა მოქმედებს დღესაც. მაშინ ითქვა, რომ ეს 2-წლიანი საპილოტე პროგრამა იყო და თუ გაამართლებდა, დარჩებოდა. ჯერ 2 წელი არ გასულა, მაგრამ ასეთივე სქემით გაგრძელდება ეს ყველაფერი, თუ შეიცვლება, როგორ ფიქრობთ?
➖ ჩვენი მიზანია, თითოეულ მასწავლებელს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სკოლაში, ანუ მის სამუშაო სივრცეშივე ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა. პირობითად, მასწავლებელს, რომელიც დაინტერესებულია სწავლა-სწავლების პროცესით, ჰქონდეს ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების და შემდგომ, უკვე სასკოლო საზოგადოებაში, საკუთარი რესურსის რეალიზების საშუალება; ხოლო მასწავლებელს, რომელიც დაინტერესებულია ადმინისტრირებით, ამ მიმართულებით მიეცეს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. ვგულისხმობ მათ, ვისაც სურვილი აქვთ, გახდნენ სასწავლო ნაწილის უფროსი, დირექტორის მოადგილე, დირექტორი ან რესურსცენტრის ხელმძღვანელი. იმ მასწავლებლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კონკრეტული საგნით, ანუ საგნობრივი სპეციალიზაციით, ჰქონდეთ საკუთარი ინტერესის რეალიზების საშუალება. ჩვენი სურვილია, მოხდეს დივერსიფიკაცია და რაც შეიძლება მეტი გზა არსებობდეს კარიერული წინსვლისთვის თითოეული მიმართულებით. პირობითად, თუ მე ვარ ფიზიკოსი და მაქვს სურვილი, გავხდე არა სასწავლო ნაწილის უფროსი, სკოლის დირექტორი ან რესურსცენტრის ხელმძღვანელი, არამედ ფიზიკის განსაკუთრებული მასწავლებელი – უფროსი, წამყვანი, ან მენტორი, საბოლოოდ, საფეხურები იქნება სამივე მიმართულებით. ჩვენ ეს განვიხილეთ სასკოლო საზოგადოებასთან ერთად. ასევე დაგეგმილი გვაქვს, რომ შევხვდეთ მასწავლებლებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც და მათაც გავაცნოთ ეს სქემა.
ჩვენი სურვილია, ყველა გადაწყვეტილება მივიღოთ მასწავლებლებისა და სასკოლო საზოგადოების, ასევე, სკოლის მოსწავლეების მშობლების ჩართულობით. შემდეგ საპილოტე რეჟიმში შევიტანოთ სკოლებში და საბოლოოდ დავნერგოთ როგორც მოდელი.
☑️ პრობლემად რჩება უფასო კვება საჯარო სკოლებში. ამაზე არაერთი განცხადება მოგვისმენია თქვენი ოპონენტების მხრიდან. როგორ გეგმავთ ამ პრობლემის მოგვარებას?
➖ აღნიშნული პრობლემა მართლაც მნიშვნელოვანია. თუმცა, ზუსტად მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, კვებასთან, მალფუჭებად პროდუქტთან გვაქვს შეხება, მეორე მხრივ კი – სკოლის მოსწავლეებთან, არასრულწლოვან და მცირეწლოვან ბავშვებთან. ამიტომ ეს ძალიან სენსიტიური საკითხია. ჩვენ, სხვადასხვა უწყებასთან ერთად, აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად ვმსჯელობდით და დღესაც ვმსჯელობთ, განვიხილავთ სხვადასხვა მოდელს. უნდა აღვნიშნო, რომ ინფრასტრუქტურის, მათ შორის, სასკოლო სასადილოების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნიუანსის მოწესრიგება სკოლებში ამ პრობლემის ერთ-ერთი გასაღები იქნება.
☑️ თქვენ ახსენეთ რეაბილიტირებული სკოლები, რა ტემპით და როდის დასრულდება ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება?
➖ 2025 წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს, გავხსნათ 50-მდე სკოლას. აქედან დაახლოებით 30 სრულად რეაბილიტირებული იქნება, ხოლო დანარჩენი – ახლად აშენებული. ვგეგმავთ, რომ ეს პროცესი იყოს მუდმივი და განგრძობადი. შემუშავებული გვაქვს 2026-2027 სასწავლო წლის გეგმაც, თუ რამდენი სკოლა უნდა გავხსნათ ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენი სურვილია, საქართველოში ყოველწლიურად მოხდეს დაახლოებით 100-იდან 125-მდე სკოლის სრული რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ან აშენდეს ახალი. მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ რეაბილიტაციას ათეულობით სკოლაში, რომლებიც ასევე აღიჭურვება იმ ლაბორატორიებით, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე. ერთობლივად, ეს მოგვცემს საშუალებას, დაახლოებით 2030 წლისთვის საქართველოში ყველა საჯარო სკოლა იყოს ავტორიზებული, ანუ აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რომლებიც განათლების სამინისტროს მიერაა შემუშავებული და დადგენილი.
ძალიან ბევრი საკითხია საყურადღებო. თუმცა, მე მინდა შევეხო ტექნოლოგიების გამოყენებას უშუალოდ სკოლების მართვაში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ არა მხოლოდ ტექნოლოგიების სწავლა გვინდა, არამედ ვგეგმავთ მართვაში მათ დანერგვასაც.
☑️ IT ტექნოლოგიებს გულისხმობთ თუ ხელოვნურ ინტელექტს?
➖ პრინციპში, ორივეს. უკვე დანერგილი გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. პირველია ელექტრონული ჟურნალი, რომლის მობილური აპლიკაცია დაემატა წელს. მისი დახმარებითაც ყველა მშობელს აქვს საშუალება, ნახოს, ესწრება თუ არა მისი შვილი გაკვეთილებს, ხომ არ გააცდინა რომელიმე, რა აკადემიური მოსწრება აქვს, რა შეფასებები და ა.შ…
☑️ ე.წ. “შატალო” გახდა პრობლემა… :)))
➖ შემოთავაზებული ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უსაფრთხო სკოლის კონცეფციაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვზრუნავთ, რომ სასკოლო გარემო იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო და ყველა მშობელი დარწმუნებული იყოს, როცა მისი შვილი სკოლაში და ნამდვილად უსაფრთხო პირობებშია.
მეორე მხრივ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და მსურს, ხაზი გავუსვა „ელემეს“ (LMS) პროგრამას. ეს არის სასწავლო პროცესის მართვის პროგრამა და ე.წ. „E-სახლი“. „ელემესი“ უშუალოდ ის პროგრამაა, სადაც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად იმუშავებენ. ეს არის სასკოლო პროცესის მართვისთვის განკუთვნილი პროგრამა, სადაც, ერთი მხრივ, მასწავლებლები იპოვიან უშუალოდ გაკვეთილებზე გამოსაყენებელ მასალას, მეორე მხრივ, მოსწავლეები ნახავენ როგორც დავალებას, ისე სასწავლო რესურსებს.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყარო იძლევა საშუალებებს, არსებობდეს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები და ლანდშაფტი, წიგნები და სახელმძღვანელოები მაინც შეუცვლელ ინსტრუმენტად რჩება. ამიტომ, განათლების სამინისტრო მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს არსებული სახელმძღვანელოების განახლებაზე. წელს ჩვენ შევიმუშავეთ ყველა საგნის ახალი სტანდარტი და უკვე მომავალი წლიდან ვაპირებთ ამ განახლებული სტანდარტის შესაბამისად ახალი წიგნების დაბეჭდვას.
☑️ ანუ ახალი სახელმძღვანელოები შევა სკოლაში?
➖ დიახ, ახალი სახელმძღვანელოებით შეიცვლება ძველი. ამასთან დაკავშირებითაც ჩატარდა არაერთი კვლევა და არაერთი ინფორმაცია გვაქვს როგორც შიგნიდან, ისე გარედან მიღებული, თუ სად და რა გამოწვევები გვაქვს სახელმძღვანელოების მიმართულებით. ასევე, როგორც უშუალოდ ბეჭდვის და სახელმძღვანელოს შერჩევის მხრივ გვექნება გარკვეული სიახლეები, პარალელურად განახლდება მათი შინაარსიც. სტანდარტი, რომელიც შემუშავდა, მოიცავს საერთაშორისო გამოცდილებასაც. ჩვენი სტანდარტები საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემებს შევადარეთ და აქედან გამომდინარე ვნახეთ, რა თემები რჩებოდა, რამდენად იყო აცდენილი ჩვენი სტანდარტი საერთაშორისოს. თუნდაც, როცა ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობენ, არ გვინდა, რომ გამოგვრჩეს რაიმე საკითხი, რომელიც შესაძლოა კონკურსებზე შეხვდეთ, მაგრამ აქ არ ჰქონდეთ ნასწავლი.
☑️ შემდეგი სასწავლო წლისთვის მოესწრება ეს?
➖ ვფიქრობთ 2026 წლისთვის. წელს სტანდარტებს შევიმუშავებთ და მათზე დაფუძნებით ჩამოყალიბდება კონცეფცია. შემდგომ კი ამ კონცეფციისა და სტანდარტის საფუძველზე შეიქმნება ახალი სახელმძღვანელოები.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ელექტრონული მართვის ნაწილში მნიშვნელოვანი სიახლეა „E-სახლი“. ეს არის მასწავლებლების პლატფორმა, შეგვიძლია ვთქვათ, სოციალური ქსელიც კი, სადაც თითოეულ მასწავლებელს ექნება საკუთარი პროფილი, გვერდი და საშუალება, თავისი მოსაზრება გაუზიაროს კოლეგებს. სქემის გარდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მასწავლებლისთვის უშუალოდ სკოლის დონეზე არსებობდეს განვითარების, პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და შესაბამისი ხელსაწყოები. ერთ-ერთი ამგვარი იქნება „E-სახლი“, სადაც დღეს უკვე 12000 ელექტრონული რესურსი გვაქვს ჩატვირთული. ეს პროგრამა ძალიან მალე, სექტემბრიდან ამოქმედდება. მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, პირობითად, ნახონ როგორც სხვადასხვა ვიდეო და აუდიოფაილი, მოუსმინონ თემატურად მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებულ რესურსებს, ასევე განსაზღვრონ, რა შეიძლება გამოიყენონ საგაკვეთილო პროცესში, დავალების მისაცემად ან სხვადასხვა ჯგუფური სამუშაოსთვის. ამისთვის ამოქმედებული იქნება ყველანაირი რესურსი. ამასთან, ისინი შეძლებენ, გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები და გამოცდილება თითოეულ რესურსთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენს სისტემაში.
☑️ ბატონო ალექსანდრე, გადავიდეთ უმაღლეს განათლებაზე. დავიწყოთ დიპლომებით, რომელთა რეგისტრაცია ევროპულ რეესტრში შეწყვეტილია. იყო დაპაუზებული და საბოლოოდ შეწყდა. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვა ვნებათაღელვა. ჩვენი დიპლომების აღიარება საერთაშორისო უნივერსიტეტებში მხოლოდ კეთილ ნებად რჩება? კარგად რომ განგვიმარტოთ. დღეს ძალიან ბევრი ბავშვი მიდის ევროპაში სასწავლებლად, თუ ამ დიპლომებს იქ ვერ გამოიყენებენ, სად არის ის გზა, რომ არ დაიჩაგრონ ახალგაზრდები ევროპაში?
➖ ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის იმიტომ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასრულფასოვნად ვრცელდებოდა ინფორმაცია. ბევრი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის გაგების და მოსმენის საშუალება ჰქონდა საზოგადოებას. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველო არის როგორც ENQA-ს, ისე WFM-ის წევრი. 2023 წელს საქართველოში ჩამოსული იყო ENQA-ს წევრების ჯგუფი, რომელიც პერიოდულად წევრ ქვეყნებში ახდენს ამ ასოციაციის წევრობის ხელახალ ავტორიზაციას. 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მათ მიერ შემოწმებული 13 სტანდარტიდან 11-ში შევფასდით სრულად, აქედან 5-ში მიღებული გვქონდა საუკეთესო მაგალითის, საუკეთესო პრაქტიკის, სხვა ცენტრებისთვის სამაგალითო გამოცდილების გაზიარების შეფასება. მხოლოდ ერთ სტანდარტში, რომელიც ეხებოდა განათლების ხარისხის მართვის ცენტრის დამოუკიდებლობას, მაშინდელი კონტექსტის გათვალისწინებით და იმდროინდელი კანონმდებლობის მოწყობიდან და რეალობიდან გამომდინარე, მივიღეთ არადამაკმაყოფილებელი შეფასება. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეფასების მიღების შემდეგ მაშინვე დავიწყეთ სიტუაციის გამოსწორება და შემოწმების დროს არსებული ხარვეზი აღმოიფხვრა, 2024 წელს შეფასება არ შეცვლილა.
☑️ შესაძლოა, ეს დაბრუნება უახლოეს მომავალში მოხდეს?
➖ დარწმუნებული ვარ. მაგრამ არა უახლოეს დროში, რადგან ENQA და EQAR ასე სწრაფად არ მუშაობს. ჩვენ გვქონდა საშუალება, გაგვესაჩივრებინა. გვქონდა კონსულტაციები როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ექსპერტებთან და მოვითხოვეთ ფოკუსირებული შეფასება. ეს ნიშნავს, რომ ახალი დელეგაცია ჩამოვა და ხელახლა გადაამოწმებს, არის თუ არა დღესაც იგივე პრობლემები და გამოწვევები სისტემაში. ჩვენ არ გვინდოდა სამართლებრივი თვალსაზრისით დავა. როცა შემოწმდა, მაშინ ეს პრობლემები ნამდვილად არსებობდა, თუმცა დღეს, მაგალითად, განათლების ხარისხის მართვის ცენტრის დირექტორი უკვე 5 წლის ვადით ინიშნება (რაც იყო მათი მოთხოვნა) და საკანონმდებლო დონეზეა განსაზღვრული, რომ აკრძალულია, ეს პირი იკავებდეს პოლიტიკურ ან სხვა რაიმე თანამდებობას. ასევე, გაწერილია იმ ორგანოების მონაწილეობა ცენტრის დირექტორის შერჩევის პროცესში, რომლებიც ENQA-ს და EQAR-ის მიერ იყო მოთხოვნილი.
შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველა ის წინაპირობა, რომლის გამოც ჩვენ 13 სტანდარტიდან ამ ერთ კომპონენტში გვქონდა შეუსაბამობა, აღმოფხვრილია. ამგვარი შემთხვევები არ არის იშვიათი – არც ისე შორეულ წარსულში სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებსაც ჰქონდათ მსგავსი გამოწვევა. დღესაც ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველო რჩება ENQA-ს და WFM-ის წევრად.
EQAR-ის წევრობა არანაირ კავშირში არ არის დიპლომის აღიარებასთან. 2019 წლამდე, როდესაც ჩვენ გავხდით EQAR-ის წევრი, ქართული დიპლომები ჩვეულებრივ იყო აღიარებული. დღესაც ასეა და ასე იქნება. ჩვენი სურვილია, რომ მალევე აღვიდგინოთ EQAR-ის წევრობა და ფოკუსირებული შეფასების შემდეგ ჩვენ შორის არსებული ყველა წინააღმდეგობა აღმოიფხვრას.
მეორე ინტერპრეტაციაც მოვისმინე, რომ რადგანაც EQAR-ის წევრობა დღეს შეჩერებული გვაქვს, შესაძლოა პრობლემა შეექმნას WFM-ის, ანუ მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის წევრობასაც. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ WFM-ის წევრები ჩვენ მანამდე ვიყავით, ვიდრე EQAR-ის წევრები გავხდებოდით. ამ ორი ორგანიზაციის წევრობა ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ WFM-ის წევრები ვიქნებით და გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ვფიქრობ, ის საკითხი, რის გამოც ჩვენ დროებით შეგვიჩერეს წევრობა, აღმოფხვრილია და მოგვარებული. ფოკუსირებული შეფასების დროს ჩვენ ამას დავასაბუთებთ და დავამტკიცებთ. მზად ვართ, მათთან თანამშრომლობისთვის და ამ საკითხების ერთობლივად გადაწყვეტისათვის. როგორც გითხარით, სხვა სტანდარტებში საქართველოს არაჩვეულებრივი შეფასებები ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, ისევ ექნება.
მიუხედავად იმისა, როცა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იმ დღიდანვე განათლების სამინისტრო ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში იყო როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებთან. ამ საკითხის ასახსნელად ვმართავდით პირდაპირ შეხვედრებს უშუალოდ სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში მაინც მცდარი აღქმა ჩამოყალიბდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებული.
☑️ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ტიპის სტუდენტური პროტესტები ვიხილეთ, მათ შორის, სხვადასხვა უნივერსიტეტთან თუ განათლების სამინისტროსთან. პოლიტიკური მოთხოვნების გარდა, იყო საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების მოთხოვნა, საერთო საცხოვრებლის მოწესრიგება და ევროპული განათლების ხელმისაწვდომობა. უამრავი სტუდენტი ღელავს, განსაკუთრებით რეგიონებიდან ჩამოსულები, რომლებიც სწავლობენ უნივერსიტეტებში, წარმატებულები არიან, მაგრამ აქვთ საცხოვრებლის პრობლემა. რა ხდება მათი ამ მოთხოვნის შესრულების თვალსაზრისით? იქნება თუ არა კამპუსები ან როგორ აპირებთ სხვა პრობლემების მოგვარებას?
➖ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის მიერ, უმაღლესი განათლების რეფორმირების მიზნით, შეიქმნა სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც ყველა იმ ძირეულ გამოწვევაზე, რაც დღეს განათლების მიმართულებით არსებობს, იმსჯელებს და დადებს როგორც კონცეფციას, ისე სამოქმედო გეგმას. არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს. თუმცა, თქვენ კითხვასთან დაკავშირებით, უშუალოდ უმაღლესი განათლების და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მე შემიძლია, გითხრათ, რომ 2025 წელი იქნება პირველი წელი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძოდ, საუბარია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტზე, გახსნის ახალ საერთო სტუდენტურ საცხოვრებელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, სტუდენტური საერთო საცხოვრებლების პრობლემა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და კვლევითი ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საყურადღებო საკითხია. მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესი განათლების მიმართულებით, მიუხედავად ძალიან ბევრი გამოწვევისა, ბოლო წლებში საქართველოს არაჩვეულებრივი და უზარმაზარი შედეგები აქვს. მათ შორის უნდა აღინიშნოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც პირველი სახელმწიფო საერთაშორისო უნივერსიტეტია, ასევე პირველი ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და აქვს კამპუსი, რომლის მსგავსი, ვფიქრობ, არა თუ ჩვენს რეგიონში, შეიძლება მთელი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ბევრი ვერც ვიპოვოთ. ის აერთიანებს კვლევით ინფრასტრუქტურას და სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს.
☑️ ENQA-ს და EQAR-ს უამრავი ინტერპრეტაცია მოჰყვა, თითქოს აღარ იქნება „ერაზმუსიც“, ევროპული განათლების მიღება შეუძლებელი გახდება… მინდა, რომ ესეც განმარტოთ
➖ ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, როგორც „ერაზმუსის“, ისე „ჰორაიზონ ევროპის“ პროგრამას არანაირი პრობლემა არ ექმნება. ეს პროექტები გაგრძელდება.
☑️ ანუ სტუდენტები რჩებიან ამ პროგრამებში ჩართულნი?
➖ რა თქმა უნდა და უნდა აღვნიშნო, რომ როცა უმაღლესი განათლების მიღწევებზე ვსაუბრობთ, როგორც „ერაზმუსის“, ისე „ჰორაიზონის“ პროექტებში ძალიან კარგად ჩანს, რომ პროცენტული თვალსაზრისით და 100 000 მოსახლეზე სტატისტიკური შეფარდებით საქართველო წამყვან პოზიციებს იკავებს მთელი მსოფლიოს და ყველა იმ ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ამ პროექტებშია ჩართული. „ერაზმუსში“ დაახლოებით 160 ქვეყანაა, „ჰორაიზონში“ შედარებით ნაკლები, მაგრამ ორივე პროექტში საქართველო – სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და მეცნიერები წამყვან პოზიციებს იკავებენ. ჩვენ გვაქვს 14,5% წარმატების მაჩვენებელი „ჰორაიზონ ევროპაში“, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, უკვე 11 მილიონზე მეტია ამ პროექტის ფარგლებში ქართველი მკვლევრების მიერ მოპოვებული დაფინანსება.
თუმცა, კიდევ ერთხელ მსურს დავუბრუნდე უმაღლეს განათლებას, უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლესი განათლების მთავარი გამოწვევაა ის, რომ დასაქმების თვალსაზრისით ერთმანეთს არ ემთხვევა უმაღლესი განათლების პროგრამებზე მიღების პოლიტიკა და ჩვენი საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნა. რამდენიმე დღის წინ განათლების სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ და ჯანდაცვისა და შრომის სამინისტრომ შევქმენით ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ აცდენის აღმოსაფხვრელად მოთხოვნასა და პროგრამებზე სტუდენტების მიღებას შორის. დასაქმება, ნებისმიერი უმაღლესი განათლების პროგრამის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დროს, ისედაც არის ერთ-ერთი სტანდარტი, მაგრამ ამ მხრივ გვაქვს აცდენა.
სამწუხაროდ, ის პროგრამებია პოპულარული, რომელზეც შემდეგ, დასაქმების დროს, არ არის მოთხოვნა და ის პროგრამები, რომლებზეც არის მოთხოვნა, სათანადოდ პოპულარული არ არის. საქართველოში ისევ ტრადიციული პროგრამებია პოპულარული მაშინ, როდესაც სამყარო იცვლება და მოთხოვნები პროფესიებსა და კვალიფიკაციებზე უკვე სხვაგვარია. ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი გამოწვევა არის პროფესიული განათლების სათანადოდ ვერდაფასება. პროფესიული განათლება ხომ ადამიანის პირდაპირი აღჭურვაა ყველა იმ უნარით, რომელიც მას სამსახურში გამოადგება.
პროცენტულადაც რომ ვიმსჯელოთ, მიუხედავად იმისა, რომ სკოლადამთავრებული მოსწავლეებიდან ბოლო წლებში პროფესიულ განათლებაზე მიმართვიანობის 80%-იანი ზრდა გვაქვს, დღეს დაახლოებით მხოლოდ 17 ათასი სტუდენტი გვყავს პროფესიულ განათლებაში.
☑️ 28 აპრილს იწყება რეგისტრაცია და გრძელდება 20 მაისის ჩათვლით. შედიან თუ არა მასში ინკლუზიური ჯგუფები და, ზოგადად, რამდენად მოთხოვნადია პროგრამების შეთავაზება?
➖ ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, რომ სკოლამდელი განათლებიდან დაწყებული სასკოლო, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით, ჩვენი პოლიტიკაა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი სპეციალური საჭიროებისა, ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება. განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რაც სამინისტროსთვის უმთავრესი პრიორიტეტია. მანდატურის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სკოლის ადმინისტრაციის უსაფრთხოებას, თავის თავში მოიცავს მხარდამჭერ სერვისებს ფსიქოსოციალური და ინკლუზიური განათლების თვალსაზრისითაც. ამ მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკაა. საქართველოსგან მაგალითს იღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემა როგორც ზოგადი განათლების, ისე პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე. ამ მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს. ვცდილობთ, ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, მიუხედავად თავისი სპეციალური საჭიროებისა, მივცეთ საშუალება, მიიღოს ხარისხიანი განათლება და ჩართული იყოს როგორც საგანმანათლებლო პროცესში, ისე, ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
☑️ რადგან პროფესიულ განათლებაზე ვსაუბრობთ, აქვე გკითხავთ – როგორც ვიცი, სკოლებშიც დაინერგა რამდენიმე საპილოტო პროგრამა, გაამართლა?
➖ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გამოწვევა პროფესიული განათლებისთვის ალბათ არის ის, თუ რატომ არ მიდის ბევრი სკოლის მოსწავლე პროფესიულ განათლებაში. სწორედ ამის გამო, პილოტურ რეჟიმში შევიტანეთ ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები როგორც კოლეჯებში, ისე სკოლებში. 2024 წელს დაიწყო ეს პროგრამა და 20 სკოლაში დაინერგა. ოცივე სკოლაში არაჩვეულებრივი გამოხმაურებაა. პერიოდულად, მაქვს საშუალება, შევხვდე ამ პროგრამებში ჩართულ მოსწავლეებს. ისინი ძალიან დიდი სიხარულით აღნიშნავენ, რომ ეს არჩევანი გააკეთეს – სკოლის პარალელურად, სკოლაშივე დაიწყეს პროფესიული განათლების მიღება, რაც მათ საშუალებას აძლევს, სკოლის დამთავრების შემდეგ, უკვე პროფესიული კვალიფიკაციით, მიიღონ ძალიან მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობა და მიღებული ახალი მატერიალური რესურსით გააგრძელონ შემდგომი განვითარება როგორც პროფესიული განათლების, ისე არაფორმალური ან უმაღლესი განათლების მიმართულებით. ამიტომ პროფესიული განათლების ამ ინტეგრირებულ პროგრამებს ძალიან კარგი შედეგი აქვს. ჩვენი მიზანია, წელს გავზარდოთ სკოლების რაოდენობა და ეტაპობრივად, აკადემიური განათლების პარალელურად, ყველა დიდ სკოლაში იყოს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ პროფესიულ განათლებაში, შინაარსობრივად, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. პირველი, მაქსიმალურად ვცდილობთ, სწავლების ეტაპზევე მონაწილეობდეს ბიზნესი და ჩართული იყოს პოტენციური მომავალი დამსაქმებელი. ამიტომ, საჯარო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს თანამშრომლობის სხვადასხვა მოდელი და დღესაც მზად ვართ ამ თანამშრომლობისთვის. თანამედროვე ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ადამიანური კაპიტალი, არამედ პროფესიული კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსი და აქედან გამომდინარე პროფესიული განათლება დღითიდღე კიდევ მეტ მნიშვნელობას იძენს.
გასაოცარია ასევე სტატისტიკური მაჩვენებელი იმ ადამიანებისა, ვისაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, არამარტო საბაკალავრო, არამედ სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე და მოდიან პროფესიულ განათლებაში. კოლეჯებში ისინი, გარდა კონკრეტული ხელობისა, კვალიფიკაციისა და პროფესიისა, იძენენ საჭირო უნარებს, მათ შორის, სამეწარმეო უნარებსაც, რათა ინდივიდუალურად წამოიწყონ სხვადასხვა საქმიანობა. პროფესიული განათლება ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ჩვენ განვაახლეთ არსებული კვალიფიკაციები – ბიზნესისა და ეკონომიკის დაკვეთას მოერგო რეალურად ყველა პროფესიული კვალიფიკაცია. ანუ, ის კვალიფიკაციები, რომელთაც დღეს პროფესიული განათლების კურსდამთავრებული იღებს, არის ის, რასაც მოითხოვს ბაზარი. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ ძალიან მაღალია დასაქმების მაჩვენებელი პროფესიულ განათლებაში და დარწმუნებული ვარ, ეს თაობა ჩვენს საზოგადოებაში პროფესიული განათლების მიმართ არსებულ სტიგმას შეცვლის, მიხვდება და აღმოაჩენს, რომ პროფესიული განათლება არაჩვეულებრივი გზაა ადამიანის განვითარებისთვის და ცხოვრებისეული წარმატების მისაღწევად.
მასალა მომზადებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე