„ვაიოლეტ ოკლანდერის მიდგომა ნამდვილადაა ფანჯარა ბავშვის სამყაროსკენ და გზამკვლევი ბავშვის შინაგან სამყაროში“
ფსიქოთერაპევტი მზიკო დალაქიშვილი, მრავალი წელია, ბავშვებთან და მოზარდებთან ფსიქოთერაპიის, გეშტალტთერაპიისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს. იგი ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი საერთაშორისო ორწლიანი გეშტალტთერაპიის პროგრამის ავტორი და თანახელმძღვანელია; ამასთანავე არის ამერიკელი ბავშვთა და მოზარდთა თერაპევტის, ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტთერაპიის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი.
ვაიოლეტ ოკლანდერმა საფუძველი ჩაუყარა გლობალურ ჰუმანისტურ ბავშვთა ფსიქოთერაპიას. როგორც აღნიშნავენ, მისი წიგნები, სტატიები, ვიდეოები და ტრენინგები კლინიცისტებისთვის შთაგონების წყარო გახდა და მთელ მსოფლიოში მოიცვა ბავშვების ცხოვრება.
2020 წელს, მზიკო დალაქიშვილის ხელმძღვანელობით, ქართულად ითარგმნა ვაიოლეტ ოკლანდერის პირველი წიგნი „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ (ინგლისურიდან თარგმნეს მარიამ და ნინო ქაჯაიებმა), 2025 წელს კი, ასევე მისი ხელშეწყობით, გამოიცა ოკლანდერის მეორე წიგნი – „დამალული განძი. გზამკვლევი ბავშვის შინაგან სამყაროში“ (მთარგმნელი – ნინო ქაჯაია).
„ვისაც გეშტალტთერაპიის თეორიის გაცნობა სურს, ოკლანდერის წიგნი „დამალული განძი“ ამისათვის შესანიშნავი საშუალებაა – მარტივად გასაგები, მრავლისმომცველი და დამხმარე ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ბავშვები უყვარს და მათთან ურთიერთობს.
ვაიოლეტ ოკლანდერი გენიალური სიმარტივით გვაცნობს ბავშვის შინაგან სამყაროს, თითოეულ ემოციას, განსაკუთრებით ბევრს საუბრობს ბრაზსა და აგრესიულ ენერგიაზე, მათ მნიშვნელობაზე და გამკლავების გზებზე თერაპიულ პროცესში“ – ეს სიტყვები მზიკო დალაქიშვილს ეკუთვნის. პროექტების ავტორს ვაიოლეტ ოკლანდერის თეორიებზე, გეშტალტთერაპიაში შეტანილ მის განსაკუთრებულ წვლილსა და „დამალულ განძზე“ ვესაუბრეთ.
⇒ ვაიოლეტ ოკლანდერი ბავშვთა და მოზარდთა თერაპევტია, რომელიც ცნობილია გეშტალტთერაპიის თეორიისა და პრაქტიკის სათამაშო თერაპიასთან ინტეგრირების მეთოდით – ვკითხულობთ ამერიკელ თერაპევტზე. უფრო ვრცლად რომ გვიამბოთ ვაიოლეტ ოკლანდერზე და მის მიერ შემუშავებულ მეთოდზე.
⇓⇓ ვაიოლეტ ოკლანდერმა პირველმა მოარგო გეშტალტთერაპია ბავშვებს და მოზარდებს. ის მიხვდა, რომ ამ მეთოდით მუშაობა ისეთივე ეფექტური იქნებოდა პატარებისთვის, როგორიც ზრდასრულებისთვის იყო. ვაიოლეტი სკოლაში რთული ქცევის ბავშვებთან მუშაობდა და პირველად მათთან სცადა გეშტალტის, როგორც მეთოდის გამოყენება, თუმცა ჯერ ის თერაპევტი არ იყო. ბავშვის ქცევის მიღმა დაუკმაყოფილებელი საჭიროებაა, გამოუხატავი ემოციაა, ვერდანახული და ვერგაგებული გარემოს მიერ, რომელიც ვაიოლეტმა დაინახა და მიხვდა, რომ ამ მიდგომით ბევრ პატარას შეუმსუბუქებდა ცხოვრებას. ასეც მოხდა. დღეს ჩვენ მისი წიგნებითა და სწავლებით ვხელმძღვანელობთ, ვავრცელებთ მის ცოდნასა და გამოცდილებას და ვეხმარებით ასობით და ათასობით ბავშვსა თუ მოზარდს.
ოკლანდერი ამბობს, რომ ბავშვი იბადება თავისუფალი – გამოხატოს მისი თავი, მისი საჭიროებები, იყოს კონტაქტში გარემოსთან, თუმცა, ზრდასთან და გამოცდილებებთან ერთად, მას ბევრი რამ ეზღუდება, რაც, ერთი მხრივ გასაგებია: ჩვენ ხომ უნდა ავღზარდოთ ადამიანი, რომელიც გარემოს ნორმებს მოერგება, მეორე მხრივ, ბავშვის ავთენტური ემოციები, ფიქრები თუ სურვილები ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება, რაც ხშირად იწვევს საკუთარი ემოციების დაბლოკვას – საკუთარ თავთან გაუცხოებას. შედეგად ბავშვი აღარაა სიცოცხლით სავსე და ნაკლებად პროდუქტიულია. ვაიოლეტმა ურთიერთობის გზა იპოვა, რომლითაც ის ხვდება ადამიანს სწორედ იქ, სადაც მას ეს შეხვედრა სჭირდება; ეხმარება დაიბრუნოს და აღიდგინოს მივიწყებული ნაწილები – გამთლიანდეს, გაძლიერდეს, გალაღდეს, გახდეს საკუთარი თავი.
⇒ მზიკო, რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია, რომლის გამოც პროფესიული საქმიანობის დიდი ნაწილი ვაიოლეტ ოკლანდერის თეორიებისა და გამოცდილების საქართველოში გავრცელებას მიუძღვენით.
⇓⇓ ვაიოლეტს ამერიკაში შევხვდი. მაშინ ძალიან ახალგაზრდა და მაძიებელი ვიყავი; ვიკვლევდი სხვადასხვა მეთოდს და ვეცნობოდი არაერთ სწავლებას; მიყვარდა ფსიქოლოგია, ადამიანი და განსაკუთრებით – ბავშვი. სულ ვიცოდი, რომ ჩემი საქმიანობით ბავშვებს უნდა დავხმარებოდი. ბავშვების სიყვარული, ფსიქოლოგია, ამერიკაში მოგზაურობა და ჩემი ენთუზიაზმი ისე გადაიკვეთა, რომ მოვხვდი ვაიოლეტთან, მის სასწავლო ჯგუფში, და მას მერე ვარ მისი მიმდევარი, რადგან მიმაჩნია, რომ რასაც ის გვასწავლის, ნამდვილი, მარტივი, გასაგები და მისაღებია. ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვის, მისი მიდგომა ჰუმანური და საოცრად ადამიანურია; მისი ხედვაა დაგაბრუნოს საკუთარ თავთან: შეგრძნებებთან, გრძნობებთან, აზრებთან – რაც შენია, ნამდვილია და უნიკალური. ვაიოლეტის მიდგომა ნამდვილადაა ფანჯარა ბავშვის სამყაროსკენ და გზამკვლევი ბავშვის შინაგან სამყაროში. ვისაც ბავშვი უყვარს და უკეთესად უნდა მისი გაგება, ვაიოლეტის ორივე წიგნი ამ მიზანს ემსახურება.
⇒ ვაიოლეტ ოკლანდერი თავისი მეორე წიგნის, „დამალული განძის“ წერას „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ გამოცემიდან 28 წლის შემდეგ შეუდგა. რამ უბიძგა, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მეორე წიგნი გამოეცა? რა იყო მთავარი მიზანი და სათქმელი?
⇓⇓ ვფიქრობ, ვაიოლეტმა მეორე წიგნით მეტი გვითხრა გეშტალტის თეორიულ ნაწილზე. ვისაც გეშტალტთერაპია აინტერესებს, ეს წიგნი გენიალური სიმარტივით აღწერს ამ მეთოდს. ასევე, წიგნში აღწერილია ემოციებთან მუშაობის გზები და თითოეული ემოციის მნიშვნელოვნება. ავტორი ბევრს საუბრობს ბრაზის ემოციაზე, მის ღირებულებასა და გამოხატვის გზებზე. წიგნი ნამდვილად არის დამხმარე ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ბავშვებთან აქვს ურთიერთობა ან სურს მათთან მუშაობა.
⇒ წიგნში „დამალული განძი“ ვაიოლეტ ოკლანდერი საუბრობს თავის პროფესიულ გამოცდილებაზე, გადმოსცემს მუშაობის პროცესს, იმას, თუ როგორი სავარჯიშოებით ეხმარებოდა ბავშვებსა და მოზარდებს პრობლემებისა და ცხოვრებისეული გამოწვევების გადაჭრაში. რომელი სავარჯიშოები იყო თქვენთვის ყველაზე შთამაგონებელი, რომლებსაც პრაქტიკაში მიმართავთ ხოლმე?
⇓⇓ გეთანხმებით, ვაიოლეტი ბევრ ტექნიკას გვიზიარებს. ყველა მისი ტექნიკა ვიცი და გამომიყენებია ჩემს პრაქტიკაში: „ვარდების ბუჩქი“, „უსაფრთხო ადგილი“… გამიჭირდება ყველას ჩამოთვლა, ბევრია, თუმცა ვაიოლეტმა რაც მასწავლა და ახლა რასაც მე ვასწავლი ჩემს სტუდენტებს, ისაა, რომ თავად შევძლოთ ჩვენი ტექნიკების შექმნა. ვაიოლეტი ამბობს, მე არ მინდა მომბაძოთ, თქვენ ყველას თქვენი უნიკალური შესაძლებლობები გაქვთო. მართლაც ასეა: თუ ვართ ნამდვილები და ბავშვთან ყოფნა შეგვიძლია, თუ მას ვხედავთ და მისი გვესმის, თავად ვხდებით შემოქმედებითი და მუშაობის პროცესში ვქმნით ბავშვისთვის სასარგებლო თამაშს თუ აქტივობას. ეს ცალკე ხელოვნებაა…
⇒ წიგნში „დამალული განძი. გზამკვლევი ბავშვის შინაგან სამყაროში“ ოკლანდერი დიდ ადგილს უთმობს ბრაზზე საუბარს და მას ყველაზე აუხსნელ ემოციას უწოდებს. რა ეტაპებს გადიოდა ის, როგორც თერაპევტი, როდესაც ბავშვებს ბრაზის დაძლევაში ეხმარებოდა?
⇓⇓ ოკლანდერი, ბრაზზე მუშაობისას, სამ ფაზას გამოყოფს. პირველი ფაზაა საუბარი თავად ბრაზის შესახებ. ბევრი ბავშვი იმდენად მოწყვეტილია საკუთარ ემოციებს, რომ დიდი ძალისხმევა სჭირდება გრძნობებზე ლაპარაკს. ოკლანდერი ხშირად ახატვინებს ბრაზს, ბრაზის გამოსახატავად შესაძლოა გამოიყენოს დოლის ბრაგუნი ან სხვა დასარტყამი ინსტრუმენტის ხმები. შესაძლოა, ბრაზი თოჯინების დახმარებითაც გამოიხატოს.
ოკლანდერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს იმის გაცნობიერებაში დაეხმაროს, რომ წინააღმდეგობრივ გრძნობებში ცუდი არაფერია. მაგალითად, ბავშვს შეიძლება უხაროდეს სასწავლო წლის დასრულება და ამავდროულად დარდობდეს, რომ სკოლის მეგობრებს ვერ ნახავს. ამ დროს ბავშვს ვახატვინებთ იმას, რაც აბრაზებს და იმასაც, რაც აწყნარებს. პირველ ფაზაში არა მხოლოდ ვსაუბრობთ ბრაზზე, არამედ ბრაზის პროცესს შევისწავლით.
ბრაზზე მუშაობის მეორე ფაზა მოიცავს ახალი ან დამაკმაყოფილებელი გზების ჩვენებას ბრაზის გამოსახატავად. ბრაზის გადმოსაცემად ისეთ რამეს ვთავაზობთ, რაც არ იქნება საზიანო და არეულობას არ გამოიწვევს. მოზრდილებს არ უნდათ მიღება და, ჩვეულებრივ, არც იღებენ შვილების ბრაზს. ასე რომ, ბავშვები ვერ სწავლობენ ემოციების გამოხატვას, არადა, ეს აუცილებელია. მას შემდეგ, რაც ბავშვი ამოიცნობს საკუთარ ბრაზს, იგი უნდა დარწმუნდეს, რომ ბრაზი ნორმალურია, ბუნებრივია და ხანდახან ყველანი ვბრაზდებით.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გაჩნდეს ბრაზის მიმღებლობა, რადგან ის ისეთივე საჭირო ემოციაა, როგორიც სხვა დანარჩენი. ბრაზი არც ცუდია, არც კარგი.
ამის შემდეგ მოდის ფაზა, რომელშიც ბავშვი თავად ირჩევს, როგორ გამოხატოს ბრაზი; ერთად ვცდით გამოხატვის სხვადასხვა გზას.
რომ შევაჯამოთ, ოკლანდერი, ბრაზთან ურთიერთობის, სამ მნიშვნელოვან ეტაპს გვასწავლის:
- ბრაზის გაცნობიერება: „ვბრაზობ“;
- ბრაზის მიღება: „დიდი ამბავი თუ ვბრაზობ“;
- ბრაზის გამოხატვის გზის არჩევა.
⇒ წიგნის მეექვსე თავს „მოზარდებთან მუშაობა“ ჰქვია. რას გვიამბობს ეს თავი მოზარდებზე და მათთან მუშაობის გზებზე?
⇓⇓ მოზარდებთან მუშაობას განსაკუთრებული სიფაქიზე სჭირდება. მათი გაგება და მათთან ყოფნა, საინტერესოსთან ერთად, ბევრ სიფხიზლეს და ყურადღებას მოითხოვს. არ უნდა დაგვავიწყდეს მშობლების ჩართულობის მნიშვნელობაც. მოზარდთან მუშაობა ბეწვის ხიდია: ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან, მათი ხშირად არავის ესმის და თერაპიული სივრცე ის ადგილია, სადაც განსაკუთრებულ მიმღებლობას ელიან. ვაიოლეტი არაერთ მაგალითს განიხილავს, როგორ არის შესაძლებელი იყო ნამდვილი და თან შეგეძლოს მიიღო და მხარი დაუჭირო ადამიანს, რომელსაც თავად არ ესმის საკუთარი ქცევის.
⇒ თქვენ აღნიშნეთ, რომ ვაიოლეტ ოკლანდერს არ სურდა, ადამიანებს მისთვის მიებაძათ. უნდოდა, რომ ყველას საკუთარი გზა ეპოვა შეძენილი ცოდნის გამოსაყენებლად. სწორედ საკუთარი გზის პოვნა შეგაძლებინებს, რომ ძალზე წარმატებული თერაპევტი გახდე, – დასძენს ის. პირადად თქვენ, რა აიღეთ მისგან ისეთი, რაც თქვენი, როგორც თერაპევტის, ინდივიდუალობის ნაწილად აქციეთ.
⇓⇓ ვაიოლეტისგან ვისწავლე, რომ სიმარტივეშია გენიალურობა. ბუნებრიობა, ავთენტურობა, ადამიანად ყოფნა – ეს თუ შეგიძლია, შეძლებ დაეხმარო სხვას. მასთან შეხვედრის შემდეგ, მე შევხვდი ჩემს თავს, სხვა სიღრმეები დავინახე, დავიბრუნე ყველა ემოცია და გავიაზრე, რომ მე ისინი თანაბრად მჭირდება; საჭიროა, ყველა ემოციასთან მქონდეს შეხება და კონტაქტი. გავხდი მიმღებელი საკუთარი თავის და, შესაბამისად, არ მიჭირს მივიღო სხვა. მასთან ურთიერთობით ეს ყველაფერი, პრაქტიკულად, განხორციელდა. მე მისგან ვისწავლე ადამიანის დანახვა ისეთად, როგორიც არის, ჩემი მოლოდინების გარეშე; ვისწავლე ადამიანურობის მიღება და ის, რომ ყოველთვისაა გამოსავალი, თუ ადამიანად დარჩები და სხვასაც მისცემ ამის საშუალებას – მოსმენით, დანახვით და გაგების მცდელობით.
საკუთარი შესაძლებლობების მჯერა და შემოქმედებითად ვუდგები ყველა ბავშვთან თუ მოზარდთან ურთიერთობას; ვენდობი პროცესს და სასწაულებიც ხდება – ბავშვები ჩემ თვალწინ იცვლებიან და ინდივიდებად იფურჩქნებიან!