გვესაუბრება კახაბერ ერაძე,
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორის მოადგილე
— ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულმა პანდემიამ მთლიანად შეცვალა სამყარო ჩვენ გარშემო. ლოგიკურია, ის პროფესიულ განათლებასაც შეეხო. როგორ შეაფასებდით ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს?
— დაგეთანხმებით. საზოგადოების ყველა წევრმა, საზოგადოებაში მიმდინარე ყველა პროცესმა დაიწყო ახალ რეალობასთან ადაპტირება. ახალმა კორონავირუსმა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა განათლების სისტემა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში არ არსებობს ამ მხრივ უკვე არსებული გამოცდილება ან დასაბუთებულად ეფექტური, წლების განმავლობაში გამოცდილი მიდგომა, რომელსაც გავიზიარებდით. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყანა ამ მხრივ ექსპერიმენტირების რეჟიმშია. ჩვენ ინტენსიურად ვართ ჩართულნი ონლაინ დისკუსიებსა თუ გამოცდილების გაზიარების მიზნით, სხვადასხვა ფორმატით ორგანიზებულ შეხვედრებში და მინდა გითხრათ, რომ გამოწვევები ყველგან მეტ-ნაკლებად ერთნაირია. მეტიც, სატელევიზიო სკოლის ქართული კონცეფცია განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს უცხოელ კოლეგებში. თავისი სპეციფიკის გათვალისწინებით პროფესიული განათლების სისტემა აქაც გამორჩეულია. ორიენტირებულია რა, ძირითადად, პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე, პროფესიულ განათლებაში უფრო მეტი გამოწვევაა, ვიდრე განათლების სხვა სისტემებში.
— რა არის განათლების სისტემის ძირითადი გამოწვევები პანდემიის პირობებში?
— ამაზე უკვე არაერთი თქმულა და დაწერილა. გამოწვევათა ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია, ხოლო დარწმუნებული ვარ, სხვა პრობლემები მომავალში კიდევ იჩენს თავს. ზოგადად, ქართულმა განათლების სისტემამ მთავარი ორიენტირი ჰიბრიდულ სწავლებაზე აიღო. რაც ნიშნავს, რომ, როცა შესაძლებელია, სასწავლო პროცესი „პირისპირ“ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო როცა ეს შეუძლებელია — დისტანციურად. დისტანციურ მიდგომებს შორის ელექტრონულ სწავლებას ენიჭება უპირატესობა. თუ პანდემიამდე ელექტრონული სწავლება, ძირითადად, ნებაყოფლობითი იყო, ახალმა რეალობამ ის აუცილებლობად აქცია. ზოგადად, განათლების სისტემის წინაშე დადგა როგორც სწავლების შესაბამისი რესურსების არსებობის, ისე კომუნიკაციის ადეკვატური საშუალებების, სტუდენტთა და მოსწავლეთა მხრიდან ინტერნეტთან წვდომის, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების არსებობის პრობლემები, დიდი გამოწვევის წინაშე დადგნენ მასწავლებლებიც, რადგანაც ელექტრონული სწავლება განსხვავებულ უნარებს მოითხოვს მათგან.
— რა არის ის განსხვავებული სპეციფიკა, რამაც პროფესიულ განათლებაში კიდევ უფრო მეტად განსხვავებული მიდგომის გამოყენების საჭიროება გამოიწვია?
— ზემოაღნიშნულს ემატება პროფესიული განათლების სპეციფიკურობა. პირველი ისაა, რომ ახალი თაობის პროგრამებში თეორია შედარებით ცოტაა და მეტი სწავლის შედეგი პრაქტიკულია. ელექტრონული სწავლების მიდგომები, განსაკუთრებით კი ასინქრონული მეთოდები, ნაკლებად რელევანტურია პრაქტიკული უნარების განსავითარებლად. მეორე მხრივ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებული განხორციელება მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე არაა დამოკიდებული. აქ პარტნიორ ბიზნესსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს. გასათვალისწინებელია, რომ ბიზნესი საკუთარი ძირითადი საქმიანობის ნაწილში ისედაც დაუპირისპირდა გამოწვევებს. პროფესიული განათლება შინაარსობრივად ხომ ბიზნესის არსებულ ტენდენციებზეა დამოკიდებული. ამიტომაც, იწყებს რა კერძო სექტორი ახალ რეალობასთან ადაპტირებას, ჩვენც დაუყოვნებლივ მოგვიხდება ამ ცვლილებების ასახვა სწავლების პროცესში, რისთვისაც ბევრად მოქნილი მექანიზმების შემოღება მოგვიწევს. ფორმალურ განათლებაში მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების შემოტანა, ამ მხრივ, სწორედ რომ მოქნილი გამოსავალია.
— რა არის ის ძირითადი აქტივობები, რაც ხარისხის ცენტრმა განახორციელა გამოწვევებთან გასამკლავებლად?
— ხარისხის ცენტრმა, ისე როგორც განათლების მთელმა სისტემამ, სწრაფადვე დაიწყო მუშაობა ახალ რეალობასთან ადაპტირებისათვის. მინდა გითხრათ, რომ ცენტრის მხრიდან პრაქტიკულად არც ერთი სერვისი არ გაჩერებულა. ცენტრი, სადაც საჭიროა, ახალ რეალობასთან ადაპტირებული მიდგომებით აგრძელებს ავტორიზაციის, აკრედიტაციის, მონიტორინგის თუ სხვა ადმინისტრაციულ წარმოებებს, ასევე მოქალაქეთა მომსახურებას. მეტიც, ავითარებს კიდეც მათ. ექსპერტთა კორპუსის ატესტაციის თუ სერტიფიცირების პროცესებიც კი დაგეგმილი გრაფიკით მიდის. მალე განახლებულ, მომხმარებელზე უფრო ორიენტირებულ ვებგვერდს ავამოქმედებთ, ხოლო მომავალ წელს ახალი სტრატეგიით და სამოქმედო გეგმებით შევხვდებით, რის შესახებაც მალე განაცხადს გავაკეთებთ. ვაძლიერებთ საერთაშორისო პარტნიორობას. მომავალ წელს ბევრ სხვა სიახლესაც შევთავაზებთ საზოგადოებას.
პროფესიული განათლების ნაწილში ზოგადი რეკომენდაციებით და მიდგომებით ვერ შემოვიფარგლებით. აქ ყველა პროგრამა იმდენად თავისებურია, რომ პრაქტიკულად მასზე მორგებულ მიდგომებს საჭიროებს.
პირველ რიგში რაც მოხერხდა, ეს იყო საკონსულტაციო სერვისის გაძლიერება. მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ასობით ინდივიდუალური კონსულტაცია გაეწია სასწავლებლებს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. ინტენსიურად დაიწყო სასწავლო გეგმების ადაპტირება. დაწესებულებებმა ე.წ. „ჩაკეტილი“ პერიოდები თეორიული კომპონენტებით გააძლიერეს, ხოლო როგორც კი სამუშაო ადგილებზე გასვლის შესაძლებლობა გაჩნდა, პრაქტიკულ უნარებზე გააკეთეს აქცენტი. შეცვლილ სასწავლო გეგმებს და სხვა საჭირო ინფორმაციას ისინი დღესაც აგზავნიან ცენტრში, პროფესიული განათლების ხარისხის სამსახური სწავლობს ამ დოკუმენტაციას და საჭიროებისამებრ, რაიმე რისკის არსებობის შემთხვევაში, უკუკავშირს აძლევს განმახორციელებლებს. სიტუაციას სრულად ითვალისწინებს ავტორიზაციის საბჭო და შესაბამის რეკომენდაციებს და მათი შესრულების გონივრულ ვადებს განუსაზღვრავს სასწავლებლებს.
თუმცა, ასობით პროგრამის ამ რეჟიმში განხილვა შეუძლებელია, ამიტომაც დავიწყეთ თითოეული კვალიფიკაციისათვის ერთიანი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც მოიცავს სარეკომენდაციო ჩანაწერებს კონკრეტული სწავლის შედეგის, სწავლებისა და შეფასების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობის, სწავლებისა და შეფასების ალტერნატიული მეთოდების თაობაზე. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი კოლეჯები, ხოლო დოკუმენტი, საბოლოოდ, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, დარგობრივ საბჭოებთან გაივლის ვალიდაციას.
რაც მთავარია, ეს არ იქნება დროებითი დოკუმენტი. ვფიქრობ, პანდემიის შემდეგ, უკვე ვეღარ დავუბრუნდებით სწავლების ძველ რეჟიმს. დისტანციური სწავლება მყარად მოიკიდებს ფეხს ქართული განათლების სისტემაში. მთავარია, ეს მოხდეს იმ ფორმით და მასშტაბებით, რომ განათლების ხარისხი არ დაზარალდეს.
— მიმდინარე წელს, პროფესიულ განათლებაში, ავტორიზაციის ახალი სტანდარტები შევიდა ძალაში. რამდენად იმოქმედა პანდემიამ მათი დანერგვის პროცესზე?
— პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, დროში გაახანგრძლივა პროცესები, თუმცა ჩვენს ამოცანებზე უარი არ გვითქვამს. გეთანხმებით, მიმდინარე წელი ახალი სტანდარტების დანერგვის წელი იყო და საზოგადოებამ იცის, რომ წელს, ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პროფესიული განათლების ავტორიზებულ მიმწოდებლებში მასშტაბური თვითშეფასების პროცესი დაიწყო. თუმცა, ადრე გაზაფხულზე, კოლეჯების ადმინისტრაციული პერსონალი დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, რის გამოც, მათივე მომართვის საფუძველზე, მოგვიხდა თვითშეფასების დანართების — ანალიტიკური ინფორმაციის წარმოდგენის ვადების გადაწევა, რაც, ივლისის ნაცვლად, ოქტომბერში დასრულდა. ამჟამად უკვე აქტიურად მიმდინარეობს დასრულებული თვითშეფასების ანგარიშების ანალიზი, რაც წლის ბოლოსათვის არსებული ინსტიტუციური და სისტემური პრობლემების სრულ სურათს მოგვცემს პროფესიული განათლების ხარისხის ნაწილში, რაც ხარისხის საერთო ევროპულ ინდიკატორებს გაითვალისწინებს. ამ სურათს დაეყრდნობა, სისტემის შემდგომი განვითარების კუთხით, ჩვენი ინტერვენციები. განათლების ხარისხის უწყვეტი განვითარება ჩვენი მისიაა და ამაზე პანდემია უარს ვერ გვათქმევინებს.
— მიგაჩნიათ, რომ ავტორიზაციის ახალი სტანდარტები უზრუნველყოფენ განათლების ადეკვატურ ხარისხს ახალ მოცემულობაში?
— დიახ, მიმაჩნია, რომ უზრუნველყოფს. პირისპირ, დისტანციურად, სინქრონულად თუ ასინქრონულად — ეს სწავლების თუ შეფასების მიდგომებია. როგორც ვთქვით, ეს აღარაა ვინმეს გემოვნების საგანი, ახალი რეალობიდან გამომდინარე, ეს არსებული აუცილებლობაა. გვინდა თუ არ გვინდა, ნებისმიერ პირობებში, ხარისხი, მინიმუმ, იმ დონით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, როგორც ამას დადგენილი სტანდარტი მოითხოვს. ამ მიზეზის გამო, უახლოეს მომავალში, არც სტანდარტის შემსუბუქებას და არც გამკაცრებას არ ვგეგმავთ. უბრალოდ, მოგვიწევს ვიყოთ მეტად მოქნილები და კრეატიულები.