როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, 2020 წელი პროფესიული განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანი, გარდამტეხი წელია და „ეპოქა, რომელიც 2021 წლიდან დაიწყება, იქნება საკვანძო პროფესიული განათლების ევროპულ ხარისხთან საბოლოოდ მიახლოებისთვის“.
ხარისხის საერთაშორისო თამასასთან დაახლოება, ბუნებრივია, ბევრ ცვლილებას მოითხოვს, შესაბამისად, მიმდინარე წელს ბევრი სიახლე იგეგმება, მათ შორის: განახლდება ავტორიზაციის სტანდარტი და დაიწყება დანერგვა; არაფორმალური განათლების აღიარება; დაფინანსების მოდელის ცვლილება ხელფასების ზრდასაც მოიაზრებს – პროფესიული განათლების მასწავლებლები, 1 იანვრიდან, უკვე განახლებული დაანგარიშებით იღებენ ანაზღაურებას – საათში 15 ლარი; ჩარიცხვის ახალი მოდელი პრიორიტეტს მიანიჭებს ახალგაზრდებს, „ვინაიდან დღეს ჩვენ სერიოზული გამოწვევა გვაქვს, ის კოჰორტა, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი, ყველაზე ცოტაა ჩვენს სისტემაში შემომსვლელთა შორის.“ – გვითხრა ქალბატონმა თამარმა.
იგეგმება პროფესიული განათლების გაძლიერება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, კერძოდ – რამდენიმე სკოლა პროფესიული განათლების სრული პროგრამების მიწოდებისთვის მომზადდება.
დაბოლოს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, საბოლოოდ მოიხსნება ჩიხი და შესაძლებელი გახდება, რომ პროფესიულმა სტუდენტებმა სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძონ.
მიმდინარე წელს დაგეგმილ ამ და ბევრ სხვა სიახლესა და ცვლილებაზე გვესაუბრება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი.
საერთაშორისო ხარისხთან პაექრობა
ჩვენთვის ხარისხის გაუმჯობესება პრიორიტეტია არა მხოლოდ წინა სტრატეგიის, 2013-2020-ის, არამედ მიმდინარე სტრატეგიის ფარგლებშიც, რომლის ქუდქვეშაც ახლა ვოპერირებთ. 2020 გარდამტეხი წელია, ამ ციკლის დამასრულებელი, შემკვრელი. იწყება მუშაობა ახალ, 2021-25 წლების, სტრატეგიაზე. რადგან წლევანდელი წელი გარდამავალია, ბუნებრივია, ძალიან ბევრი სიახლე იქნება. ჩვენ დავეყრდენით ევროპის განათლების ფონდის (ETF) კვლევებს, საიდანაც ძალიან ბევრი ნიშანდობლივი საკითხი იკვეთება, კერძოდ ის, რომ სისტემას ჯერ კიდევ აქვს ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევა. მართალია, გარკვეულ დონეზე, ამ რეფორმის ფარგლებში, პროფესიულ განათლებას გარკვეული იმიჯი დაუმკვიდრდა, თუმცა, ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ევროპულ ხარისხთან და საერთაშორისო ხარისხთან პაექრობა უნდა დავიწყოთ, საერთაშორისო თამასას უნდა მივესადაგოთ, ვინაიდან აღარ არის საკმარისი, ეროვნულ დონეზე, ჩვენს წვენში ვიხარშებოდეთ, გლობალური ბაზრები თავისას ითხოვს. ჩვენი მოქალაქეები მსოფლიო ბაზარზე უნდა გახდნენ კონკურენტუნარიანები. მთელი ჩვენი შემდგომი სტრატეგია, პროფესიული განათლების განვითარების შემდეგი ეტაპი სწორედ ამაზე ფოკუსირდება.
პროფესიული სწავლების მასწავლებელი
ადამიანური კაპიტალი და კერძოდ მასწავლებელი, ხარისხის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახლავთ, ამავე დროს, მთელი სისტემის ხერხემალია. ამ კონტექსტში უნდა გავიაზროთ მასწავლებლის როლი და მისი მნიშვნელობა. ჩვენი მასწავლებლების ასაკი საკმაოდ მაღალია, ასე ვთქვათ, ახალი სისხლის შემოდინება ძალიან რთულად ხდებოდა, ვინაიდან ის ანაზღაურება, რასაც ჩვენ ვუხდიდით (ჯერ კიდევ ორი წლის წინ, დარიცხული ხელფასი 8 ლარი იყო საათში), სრულიად არაკონკურენტუნარიანი იყო ბაზარზე და გვიჭირდა კვალიფიციური კადრის მოზიდვა. კერძოდ, რა სირთულეს წარმოადგენს პროფესიული სწავლების პედაგოგის მოზიდვა, ზოგადისგან განსხვავებით? ჩვენ ხომ არ გვყავს ისეთი კადრი, რომელიც ერთხელ შემოვა და შემდეგ მას სისტემაში „დავიჭერთ“ 30-40 წლის განმავლობაში, ზოგჯერ უფრო მეტიც, სანამ პენსიაზე არ გავა, ნელ-ნელა ვავითარებთ. პროფესიულ განათლებაში ეს მიდგომა არ გვაქვს, აქ გვჭირდება გამოცდილი პროფესიონალები შრომის ბაზრიდან, მაგალითად, ისეთი შემდუღებელი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი, ამასთანავე, ჩვენ ხელს ვუწყობთ მის დარჩენას ბაზარზე, რადგან გვაწყობს, ისეთი კადრი შემოვიყვანოთ, რომელიც, პარალელურად, წარმოებაშია და, მუდმივად, წარმოებასა და სასწავლო პროცესებს ერთმანეთთან აკავშირებს, ვინაიდან ჩვენს პრიორიტეტებში ერთ-ერთი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებაა. მაგალითად, კვალიფიციური, ბაზარზე დამკვიდრებული მზარეულის შემთხვევაში, ბევრად უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ მან შეძლოს სტუდენტების დასაქმება ან პრაქტიკული სწავლების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მასწავლებლის განვითარების სისტემასა და მოდელს ცოტა სხვაგვარად ვხედავთ.
პროფესიული განათლების მასწავლებლის განვითარება
ეს არ არის სქემა, სადაც მას აუცილებლად ვავალდებულებთ განვითარებას და შესაბამის საფეხურებსა და კატეგორიებში გადასვლას, არამედ ვქმნით ჩარჩოს (მსოფლიო ბანკის მონაწილეობით და კარგი მმართველობის ბრიტანული ფონდის მხარდაჭერით), მოდელს, პირველ რიგში, როგორ მოვიზიდოთ მასწავლებელი, როგორ შემოვიყვანოთ სისტემაში. ამისათვის, ცხადია, დასაძლევი იქნება გარკვეული პროგრამა პედაგოგიკაში, რომელიც მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაიაროს. მაგალითისათვის განვიხილოთ ელექტროობის მასწავლებელი — თუ მე გამოცდილი ელექტრიკოსი ვარ, ვმუშაობ, ვთქვათ, ენერგოპრო ჯორჯიაში, მაქვს სურვილი, ვასწავლო, მოვიძიე სათანადო ინფორმაცია, რომ გავაფორმო ხელშეკრულება და დავიწყო მასწავლებლად მუშაობა, თითქოს არაფერი მიშლის ხელს, მაგრამ ვერ მივიღებ პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსს, ვიქნები მოწვეული მასწავლებელი. იმისათვის, რომ სტატუსი მივიღო (საორიენტაციოდ ორი წლის განმავლობაში), თუ მაქვს სურვილი, დავრჩე და გავაგრძელო სწავლება, უნდა დავძლიო გარკვეული პროგრამა, რომელიც ექვსი მოდულისგან შედგება. ამ პროგრამის დადასტურების შემდეგ, მივიღებ მასწავლებლის წოდებას, პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსს, ვინაიდან პრაქტიკული გამოცდილება უკვე მაქვს. თუკი მე ახალგაზრდა ვარ, ბაკალავრიატიდან შემოსული, მაშინ, ამ ორ წელიწადში, პედაგოგიკის კურსის დაძლევასთან ერთად, სამუშაო გამოცდილებაც უნდა დავაგროვო. პროფესიული განათლების მასწავლებელი რომ გავხდე, შესაბამისი სტატუსი მივიღო, ერთი მხრივ, მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება მჭირდება და, მეორე მხრივ, პედაგოგიკის ცოდნა. აი, ამ ორ მდგენელს მივყავართ, ასე ვთქვათ, მასწავლებლის სტატუსამდე.
რაც შეეხება უკვე მასწავლებლის განვითარებას, აქ სავალდებულო არაფერი არ არის. თუ შენ გინდა, დარჩე მუდმივად, თან წარმოებაში იყო და თან კვირაში რამდენიმე საათი იკითხო, ამაში ხელს არაფერი გიშლის. სავალდებულო არ არის, როგორც ეს ზოგადშია, სქემაში რაღაც კატეგორიებზე გადასვლა, პროფესიული განათლების შემთხვევაში მსგავსი რამ არ არის. თუ სტატუსი მოიპოვე, მერე შეგიძლია, მუდმივად იმ მდგომარეობაში იყო და შეინარჩუნო შენი სტატუსი. ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ პროფესიული სწავლების მასწავლებელმა საფეხურებზე იაროს, ჩვენი მიზანია უფრო მეტი პრაქტიკოსი ადამიანი გვყავდეს სისტემაში, რომელსაც მაჯისცემაზე ედება ხელი – რა ხდება წარმოებაში, რა ვითარებაა ბაზარზე. ამიტომ, ჩვენთვის უფრო საინტერესოა, შევინარჩუნოთ მისი ის მეორე ცხოვრება და მაქსიმალურად ვეცდებით, ისეთი მოქნილი სისტემა შევქმნათ, რომელიც მას მისცემს იმის შესაძლებლობას – თან ასწავლოს და თან წარმოებაში შეინარჩუნოს პოზიცია.
იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს რაიმე დამატებითი ფუნქციის შესრულება სურს, მაგალითად, გახდეს სხვების მენტორი ან შეითავსოს საკოორდინაციო-ადმინისტრაციული ფუნქციები, მას უკვე მოუწევს გარკვეული დამატებითი ცოდნის შეძენა და ამ ცოდნის დადასტურება, მაგრამ ამას არ აქვს სქემის ფორმა. ამისათვის მისთვის შეთავაზებული იქნება განვითარების დამატებითი შესაძლებლობები. იმ შემთხვევაში, თუკი ამ ყველაფერში ჩაერთვება, მას მიეცემა უფლება, რომ, ვთქვათ ახალმოსულ მასწავლებლებს გაუწიოს ზედამხედველობა და აღმოუჩინოს მხარდაჭერა. ეს ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია, მხოლოდ კონტურები გამოიკვეთა და ძირითადი კონცეფცია ეს არის. დეტალები თანდათან გამოიკვეთება, სახელწოდებებიც დაერქმევა და წლის ბოლომდე ამოქმედდება.
ახალი სტანდარტი
მე უკვე ვახსენე საერთაშორისო გამოწვევები და ჩვენი პროფესიული განათლების ხარისხის საერთაშორისო თამასასთან მიახლოება, ამ ჭრილში სიახლე გვაქვს – დღე-დღეზე დამტკიცდება ავტორიზაციის ახალი სტანდარტი და დაიწყება დანერგვა. დაწესებულებებს მოუწევთ, დააკმაყოფილონ ახალი სტანდარტის მოთხოვნები, რომელიც, თავიდან ბოლომდე, ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება და პროფესიული განათლების ევროპული ხარისხის ქსელის ინდიკატორების ანალიზის საფუძველზეა შემუშავებული. ამ სტანდარტს სრულიად სხვა დონეზე გადაჰყავს პროფესიული განათლების დაწესებულებები, მათთვის გარკვეული გამოწვევაც კი იქნება ამ სტანდარტების დაკმაყოფილება. ამიტომ, მთელი წლევანდელი წელი, დაეთმობა მათ მხარდაჭერას, რომ ახალ სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდნენ.
ახალი სტანდარტი პროფესიული განათლების დაწესებულებებს ბევრ გამოწვევას უქმნის, შემოდის კოლეჯის მმართველობის სრულიად ახალი კულტურა, ესეც უნდა გადაიხედოს, შესაბამისად, მათ მოუწევთ ხარისხის შიდა უზრუნველყოფის გარკვეული მექანიზმების გადახედვა-გაძლიერება და ა.შ., რაც ბევრ ძვრებს გამოიწვევს სისტემაში.
დაფინანსების განახლებული მოდელი
ვგეგმავთ, რომ საერთაშორისო ხარისხის თამასის დამკვიდრებას განახლებული დაფინანსების მოდელითაც დავუჭიროთ მხარი. კერძოდ, წელს, დაფინანსების ახალი სისტემა გვექნება, რომელიც წაახალისებს კოლეჯის განვითარებას, ვინაიდან, ერთი მხრივ, აქ ჩნდება ისეთი მექანიზმები, როგორიც არის კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული დაფინანსება, ვაუჩერული დაფინანსების მიღმა, ანუ პროგრამული დაფინანსება დაიყოფა და იქნება: კოლეჯის განვითარების დაფინანსება, კაპიტალური დაფინანსება, მიღწევებზე დაფუძნებული დაფინანსება, ანუ ის კოლეჯები, რომლებსაც განსაკუთრებული მიღწევები ექნებათ, წახალისდებიან და დაფინანსების დამატებითი მექანიზმი იქნება მათი მოტივაციის გაზრდისთვის, ასევე სოციალური პაკეტები იმისათვის, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებს შევუწყოთ ხელი ადაპტაციასა და ინკლუზიაში, იქნება ეს საცხოვრებლის დაფინანსება, კვების, ტრანსპორტის თუ სხვ. სოციალური პაკეტიც შემოდის, როგორც დაფინანსების მექანიზმი. ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს სისტემის განვითარებას.
მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ მასწავლებლის ხელფასი, პროფესიულ განათლებაში, 15 ლარი გახდა (საათობრივი ანაზღაურება). პირველი იანვრიდან მათ უკვე განახლებული დაანგარიშებით მიიღეს ხელფასი, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს არის საბაზისო, როდესაც ახალი მოდელი ჩაეშვება, განვითარების სტატუსის მიხედვით, მასწავლებლების ანაზღაურებაც იქნება სტიმულირებული და მოტივირებული შესაბამისი ზრდით.
ჩარიცხვის ახალი მოდელი
ჩარიცხვის ახალი მოდელი სტუდენტების საჭიროებებზე იქნება მორგებული. დღეს ჩვენ ერთიანი ეროვნული სისტემა გვაქვს, რომელიც შეიცვლება, შეიძლება კვლავ ერთიანი იყოს, მაგრამ პროგრამის საჭიროებებსა და ამ პროგრამაზე შემოსული სტუდენტის საჭიროებებზე იქნება მორგებული. კერძოდ, თუ დღეს ახალგაზრდები და ზრდასრულები ერთგვაროვნად შემოგვყავს სისტემაში და ერთმანეთს უწევენ კონკურენციას, რითიც, ხშირ შემთხვევაში, ზარალდებიან ახალგაზრდები, ასევე, სოციალურად დაუცველები, უთანასწორობის ეს მომენტი გამოსწორდება და მათ გარკვეული უპირატესი უფლება მიენიჭებათ. ჩარიცხვის ახალი მოდელი მათ ინტერესებსაც გაითვალისწინებს და სახელმწიფოს ინტერესსაც, რომ ჩარიცხვისას პრიორიტეტი მიანიჭოს ახალგაზრდებს, ვინაიდან დღეს სერიოზული გამოწვევა გვაქვს – კოჰორტა, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი, ყველაზე ცოტაა ჩვენს სისტემაში შემომსვლელთა შორის.
კარიერული განვითარება და პროფესიული განათლება სკოლაში
წელს იგეგმება საკარიერო განათლების (Career Education), კარიერული ორიენტაციისა და განვითარების ახალი სტრატეგიის შემუშავება. ეს იქნება უწყვეტი განათლების ჭრილში დანახული, მთელი სიცოცხლის მანძილზე საკარიერო მომსახურების კონცეფცია, რომელსაც სამინისტრო შექმნის, დანერგვა წელს დაიწყება.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს პროგრამა „პროფესიული განათლება სკოლაში“, რომლის ფარგლებშიც, უკვე 15 000-მა მოსწავლემ ისარგებლა 2 წლის განმავლობაში. ჩვენ შევდივართ სკოლაში პროფესიული პროგრამებით, ორთვიანი, საორიენტაციო და სასერტიფიკატო პროგრამებით და ვაძლევთ სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას, საბაზისო პროფესიული უნარები გამოიმუშაონ. უკვე 700 სკოლა დავფარეთ. სკოლების შერჩევის პრინციპია, ვთქვათ, გეოგრაფიული დაფარვა, ვცდილობთ, ყველა რეგიონში მივცეთ მოსწავლეებს შესაძლებლობა და ნელ-ნელა ყველა მუნიციპალიტეტს დავფარავთ, თან კოლეჯების რესურსსაც ვითვალისწინებთ, ვინაიდან ამ პროგრამის მიწოდების პრინციპია — კოლეჯი და სკოლა თანამშრომლობს. შესაბამისად, კოლეჯსაც უნდა ჰქონდეს სათანადო რესურსი, ხელმისაწვდომობა, ასევე, ვითვალისწინებთ სკოლის მოტივაციას და მზაობას. პროგრამაში ჩასართავად, კოლეჯი და სკოლა, ერთობლივად, აკეთებენ განაცხადს სამინისტროში და ამის საფუძველზე ფინანსდებიან. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვაფართოებთ ქსელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია კარიერული განათლებისა და ორიენტაციისთვის. ვფიქრობთ, ამ კომპონენტს კიდევ უფრო გავაძლიერებთ სხვა ინსტრუმენტებითაც.
პროფესიული განათლების ხარისხსა და ინტერნაციონალიზაციაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წელს 500 საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი გაიცემა, ანუ ჩვენ წელს პრიორიტეტში გვაქვს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების დანერგვა პროფესიულ განათლებაში. ამაში ჩავრთეთ საერთაშორისო განათლების ცენტრი. ისინი, წელს პირველად, დაიწყებენ ამ პროგრამას და მომზადება-გადამზადებაში ჩვენ გადავცემთ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატებს ტურიზმის, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ამ მასშტაბზე ჯერ არასოდეს გავსულვართ. შარშან გვქონდა პირველი შემთხვევა, როდესაც „პირსონის“ 60 საერთაშორისო სერტიფიკატი გავეცით, წელს ეს რაოდენობა, ასე ვთქვათ, დრამატულად გაიზრდება.
რადგან სკოლებს შევეხე, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წელს გაძლიერდება პროფესიული განათლება სკოლებში, კერძოდ, დავიწყებთ სიახლეს – პროფესიული განათლების სრული პროგრამების მიწოდებისთვის მოვამზადებთ რამდენიმე სკოლას, ასევე, მომზადება-გადამზადების მიწოდებისთვის, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სკოლა ძალიან კარგი რესურსია რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ გვაქვს. არ არის აუცილებელი, ყველგან პროფესიული კოლეჯი გაიხსნას, შესაძლოა სკოლის და უნივერსიტეტის რესურსი იქნეს მაქსიმალურად ათვისებული იმისათვის, რომ მსურველებს პროფესიული განათლება მივაწოდოთ. აქცენტი, კიდევ გავიმეორებ, იმ რეგიონულ სკოლებზე კეთდება, სადაც არ გვაქვს ხელმისაწვდომობა პროფესიულ განათლებაზე.
ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გაესვას ხაზი, რომ წელს ვიწყებთ ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების უფრო მასშტაბურ დანერგვას (2016 წლიდან პილოტირების რეჟიმში მიდიოდა, გაეროს მხარდაჭერით), რომლებიც მოხსნის ჩიხს და შესაძლებელს გახდის, რომ პროფესიულმა სტუდენტებმა სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. წელს მასშტაბი იზრდება და ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებას 6 კოლეჯი დაიწყებს.
2018 წელს მიღებულმა კანონმა სულ სხვა სიბრტყეზე გადაიყვანა პროფესიული განათლების რეფორმა, ბევრ რამეში გაგვეხსნა კარი, ბევრი რამ სხვაგვარად დაინახა სისტემამ და, სწორედ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, სრულიად სხვა მასშტაბზე გავედით. ამიტომაც, თამამად ვსაუბრობთ ჩვენი ხარისხის ინტერნაციონალიზაციაზე, საერთაშორისო სტანდარტებზე დავიწყეთ სწორება. აქამდე შიგნით იმდენი პრობლემა იყო მოსაგვარებელი, რომ ამის ფუფუნება არ გვქონდა. სისტემამ უკვე სხვა საფეხურზე აიწია და სხვაგვარად დავიწყეთ ორიენტირება და სწორება. ეპოქა, რომელიც 2021 წლიდან დაიწყება, იქნება საკვანძო პროფესიული განათლების ევროპულ ხარისხთან საბოლოოდ მიახლოებისთვის. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ 2013-20 წლის რეფორმა საძირკველი იყო, ე.წ. პროგრამა მინიმუმი, რაც შევასრულეთ იმისთვის, რომ საარსებო პრობლემები გადაგვეჭრა, უფრო ეგზისტენციალური, ახლა უკვე დამკვიდრებული ვართ, სისტემური კომპონენტები ადგილზეა და ვიწყებთ სრულიად სხვა მასშტაბის რეფორმას, ინტერნაციონალურ ხარისხზე მუშაობას.
არაფორმალური განათლების აღიარება
წელს მომზადება-გადამზადების პროგრამების მასშტაბიც გაიზრდება და გვექნება საინტერესო სიახლე – დაიწყება არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირება. მათ, ვისაც არაფორმალურად აქვთ მიღებული ცოდნა (მაგალითად, 10 წელი მუშაობენ შემდუღებლად, მაგრამ არ აქვთ ხელზე არანაირი საბუთი ან ცნობა ამის დამადასტურებელი, არც სერტიფიკატი, არც დიპლომი) შეეძლებათ იღიარონ, ფორმალიზება გაუკეთონ თავიანთ უნარებსა და გამოცდილებას და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.
წელს არაფორმალურ განათლებაში IT და სამშენებლო მიმართულების პროგრამების პილოტირება გვაქვს დაგეგმილი, ასევე, გავზრდით სამუშაოზე დაფუძნებულ, ანუ დუალური პროგრამების მასშტაბს, ამ მიმართულებით ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ წლის ბოლომდე დასრულდება პროფესიული განათლების პროცესების სრული ავტომატიზაცია. ძალიან დიდი პროექტი დავიწყეთ შარშან და დასასრულს უახლოვდება ახალი პორტალის შექმნა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შეეძლებათ სრულფასოვანი ინფორმაციის, სტატისტიკური მონაცემების მიღება. ინტერაქტიული, თანამედროვე პორტალი ახალგაზრდების ორიენტაციას და ინფორმირებასაც ბევრად შეუწყობს ხელს და ჩვენი სისტემის შიგნით კოლეჯების ეფექტიანობასაც გაზრდის იმიტომ, რომ გააუმჯობესებს მათ ოპერაციებს, ქაღალდი საერთოდ ამოღებული იქნება ბრუნვიდან, ყველაფერი ელექტრონულად იწარმოებს, დაწყებული განაცხადის გაკეთებიდან და, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის დამატებით დასრულებული.
ავტორიზაციის ახალი სტანდარტი
პროგრამების მიღება და დამატება, შემოსვლა სივრცეში ხდება იმ ახალი სტანდარტით, ავტორიზაციის გზით, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. ჩვენ გვაქვს საგანმანათლებლო სტანდარტები, რომელთა მიხედვით კოლეჯები ქმნიან პროგრამებს და რომლებსაც ავტორიზაციის გზით, ნელ-ნელა, იმატებენ. სწორედ ამაშია გამოწვევა, რომ ახალი სტანდარტია და მათ მეტი მუშაობა მოუწევთ, რაც გაზრდის ახლად დამატებული პროგრამების ხარისხს, ვინაიდან ახალი სტანდარტით იქნება მომზადებული. ეს კი აუცილებლად გულისხმობს: დამსაქმებლის ჩართულობას; ყველა სტეიკჰოლდერთან, რეგიონულ პოლიტიკასთან ახალდამატებული პროგრამის თავსებადობას; წინასწარ დასაქმებისა და თვითდასაქმების შესახებ არგუმენტაციას (რომ ეს პროგრამა ნამდვილად საჭიროა, ამა და ამ ტიპის დასაქმებას მოგვცემს და ა.შ.). ჩვენ მივიღებთ ხარისხობრივად, თვისებრივად განსხვავებული ხარისხის პროგრამებს, რაც ცხადია, საბოლოოდ, კურსდამთავრებულების დასაქმებაზე და მათი საქმიანობის სტატუსზე, ზოგადად, პროფესიული განათლების ხარისხზე აისახება.
ლალი თვალაბეიშვილი