ირმა ჭაფოძე
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი
მაყვალა ხარაიშვილი
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი
ინტეგრირებული სასწავლო პროექტი გულისხმობს საგანმანათლებლო მიდგომას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საგანს და ხელს უწყობს ჰოლისტურ სწავლებას, ცოდნის გამთლიანებას ამა თუ იმ სფეროდან. საგანთა ინტეგრირება შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, დაინახონ, თუ როგორ უკავშირდება სხვადასხვა მოვლენა ერთმანეთს. გარდა ამისა,ინტეგრირებული მუშაობა აუმჯობესებს მასწავლებლებს შორის თანამშრომლობას, რაც აუცილებელია პოზიტიური და ეფექტური სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
სოფელში არსებული დემოგრაფიული პრობლემების გათვალისწინებით, სკოლა კიდევ უფრო მეტად ვალდებულია, დააინტერესოს და კომფორტული გარემო შეუქმნას თითოეულ მოსწავლეს; დაანახოს თავიანთი შესაძლებლობები, ცხოვრებისეული გამოწვევები; ჩამოუყალიბოს სოციალური უნარ-ჩვევები, ჩართოს საგანმანათლებლო აქტივობებში და მხარი დაუჭიროს მათ მოსაზრებებსა და იდეებს. ამ მხრივ, არაფორმალური განათლება, რომელიც მიმდინარეობს ტრადიციული სასწავლო გარემოს მიღმა, მოსწავლეებში საგრძნობლად ზრდის მოტივაციასა და საქმის კეთების სურვილს. ისინი ხედავენ პირდაპირ კავშირს იმასთან, რასაც სწავლობენ. გარდა ამისა, ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, თანატოლებთან ურთიერთობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის.
სასწავლო პროექტი შეიძლება ეხებოდეს სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური პრობლემების მოგვარებას, თემის კეთილდღეობის გაუმჯობესებას და, რაც მთავარია, სწავლის ხელშეწყობას სოციალური ინტერაქციით.
2023-2024 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (10 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლაში, VII-VIII კლასებში, ჩვენი ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროექტი: „სკოლის ბუნებრივი გარემოს დაცვა“.
პროექტის მიზნები:
- სუფთა გარემოს მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში;
- ადგილობრივი ეკოსისტემის კეთილდღეობის ხელშეწყობა, კერძოდ, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება;
- მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის თანამშრობლობა საერთო მიზნების მისაღწევად;
- გარემოსადმი მზრუნველი დამოკიდებულების გამომუშავება.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, რომელიც ხელს უწყობდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, მზაობას გარემოს მდგრადობისა და კონსერვაციის ხელშეწყობისთვის.
პროექტის აქტივობები:
♦ საინფორმაციო შეხვედრები გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ;
♦ საგანმანათლებლო ვიდეორესურსის ჩვენება/განხილვა;
♦ ხეების დარგვა ნახშირორჟანგის სეკვესტრის ხელშეწყობისთვის;
♦ კომპოსტის დამზადება ორგანული ნარჩენების გადასამუშავებლად;
♦ მშობელთა მხარდაჭერით, ფრინველებისათვის სახლების დამზადება, მათი დაცვა არასასურველი ამინდის შემთხვევაში;
♦ მავნე ნარჩენების მართვა;
♦ მოსწავლეების მიერ საინფორმაციო პოსტერების დამზადება თანატოლებისთვის, გარემოსდაცვით საკითხებზე.
პროექტის აქტუალობა:
უმეტეს შემთხვევაში, მოზარდები ვერ ითავისებენ არსებული პრობლემების სირთულეს. პროექტის განხორციელების ფარგლებში, მათ მიეცათ საშუალება, სწორად დაენახათ რეალობა და წარმოდგენები შეცვლოდათ სუფთა გარემოს აუცილებლობაზე; გაცნობოდნენ კონკრეტულ სიტუაციებს და მიზნად დაესახათ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება.
პროექტის დასასრულს, მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს ჩატარებული აქტივობების შესახებ; იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები. განხორციელებულმა პროექტმა ხელი შეუწყო გარემოში მიმდინარე ეკოლოგიური პრობლემების შესახებ ცოდნის განმტკიცებას, ცნობიერების ამაღლებასა და თეორიული მასალის პრაქტიკაში გადმოტანას.
მოსწავლეები თავიდანვე აქტიურად ჩაერთვნენ აქტივობებში, იგრძნობოდა მოტივაცია და ინტერესი პროექტული სწავლების მიმართ.