3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ინტეგრირებული გაკვეთილების მნიშვნელობა

spot_img

ირინე ბოჟაძე
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანისა და ცოდნისკარის საჯარო სკოლების ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი

 

ამ სტატიის დაწერის საფუძველი გახლდათ ჩემი კოლეგების და ჩემ მიერ ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილების შედეგად მიღებული გამოცდილება, რაც დადებითად აისახა მოსწავლეთა მოტივაციასა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ თითოეული საგნის მისაღწევ შედეგებზე.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვამ სკოლებში სასწავლო მიზნები მნიშვნელოვნად შეცვალა. ის გულისხმობდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გამჭოლი კომპეტენციების ინტეგრირებას სხვადასხვა საგნის სწავლების პროცესში. განათლების სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევები, ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამები და გამჭოლი კომპეტენციები მასწავლებელს შედეგზე ორიენტირებული ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების საშუალებას აძლევს.

ინტეგრირებული გაკვეთილის მიზანია ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების გამომუშავება.

ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტურობას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:

♦ მოსწავლე საკითხს განიხილავს სხვადასხვა დისციპლინის კუთხით;

♦ ამყარებს საგანთა შორის კავშირებს;

♦ საკითხს განიხილავს, როგორც ერთ მთლიანობას;

♦ ახდენს საგანთა შორის ტრანსფერს.

სასწავლო საგნებს შორის კავშირის დამყარება მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლოა. მათთვის რთულია საკითხის სხვადასხვა საგნიდან აღქმა და შესწავლა, სხვადასხვა კონტექსტში დანახვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელი დაეხმაროს, სხვადასხვა ტექნიკისა და მეთოდის მეშვეობით, აღიქვან სამყარო მთლიან ერთობლიობად და დაინახონ საგანთა შორის კავშირი, რაც მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

საგანთა ინტეგრირება თანამედროვე სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასეთი გაკვეთილები მოსწავლეებს უმაღლებს შინაგან მოტივაციას და ზრდის საგნების მიმართ ინტერესს. ეჩვევიან ერთი და იმავე მასალის სხვადასხვა კონტექსტში დანახვას, რაც უადვილებთ ამა თუ იმ თემის შესწავლას. მნიშვნელოვანია, საგანთა ინტეგრირება ისე დაიგეგმოს, რომ გათვალისწინებული იყოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ამ საგნების მისაღწევი შედეგები, ხოლო აქტივობები ემსახურებოდეს ორივე საგანში შედეგების მისაღწევად განსაზღვრულ მიზნებს.

ინტეგრირებული გაკვეთილისთვის სწორად შერჩეული თემა განსაზღვრავს გაკვეთილის ეფექტურობას.

თანამედროვე სკოლის ყველაზე დიდი პრობლემა მოსწავლეთა დაბალი მოტივაციაა. სწორედ ამიტომ, მასწავლებლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მათი დაინტერესება სხვადასხვა მეთოდებისა და აქტივობების გამოყენებით. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მასწავლებლებმა უნდა ვიზრუნოთ მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე. საგანთა ინტეგრირება კი იძლევა საშუალებას, მოსწავლეებმა მოახდინონ მიწოდებული მასალის ანალიზი და სინთეზი.

შედეგები:

ინტეგრირებული გაკვეთილებით მოსწავლე სწავლობს, როგორ დაამყაროს საგანთა შორის კავშირი, როგორ გამოიყენოს ერთი საგნის წინარე ცოდნა მეორე საგანში ასათვისებელი მასალის საფუძვლად. შედეგად, მოსწავლე სამყაროს დანაწევრებულად აღარ აღიქვამს, არამედ ერთ მთლიანობად წარმოიდგენს. საბოლოოდ, მოსწავლეებს უმარტივდებათ სწავლების პროცესი. ისინი მეტი მონდომებითა და ინტერესით ითვისებენ მასალას.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები