ქეთევან ლიქოკელი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. აკაურთის საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი
მე ვარ ქეთევან ლიქოკელი, ჩემს სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ხევსური. ქართული კულტურის, ტრადიციების წიაღში გავიზარდე. მჯერა უფლის ძალის და რწმენით ვაღწევ ყველაფერს, რასაც გულით მოვინდომებ, მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ყველას და ყველაფრის მიმართ. უზომოდ მიყვარს ჩემი საქმე. გული მწყდება, რომ დღეს წიგნების წასაკითხად ვეღარ ვიცლი, მხოლოდ ვყიდულობ და ველოდები არდადეგებს. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და, როგორც კი დროს გამოვნახავ, „ჩამოვუქროლებ“ ხოლმე ჩემი ქვეყნის კუთხე-კუნჭულებს. ჩემი ჰობი, განტვირთვის საუკეთესო საშუალება, დეკორატიული მებაღეობაა.
ვამაყობ – იმით, რაც ჩემი შრომით მაქვს. გავზარდე ორი ვაჟკაცი, ავაშენე ორი სახლი, დავრგე და გავახარე 60-მდე ნერგი. მსიამოვნებს – როცა გავცემ, ვეხმარები ადამიანებს. ამის გამო ხშირად მესმის ახლობლებისგან: „შენ ვერა ხარ, ხო იცი!“ არ იციან, რომ ამ დროს ყველაზე კარგად ვარ. ვუფრთხილდები – ურთიერთობებს და საყვარელ ადამიანებს. მეშინოდა იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება ჩემი ოჯახის წევრებს რაიმე დამართოდათ. ბოლოს ეს მოხდა და მოხდა სრულიად უეცრად, სულ მოკლე ხანში, სამი უძვირფასესი ადამიანი დავკარგე… ჯერ გულს ვერაფერს ვშველი, ხშირად ტკივილი, სევდა მძლავრობს… ვიცი, არ მაქვს უფლება, ამიტომ ვცდილობ, ბედნიერი ვიყო; ვხარობ გათენებული დღით, ვცხოვრობ მომავლის იმედით!
2013 წლიდან, მეგობრების რჩევით, ჩავერთე „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამაში“ და მუშაობა დავიწყე ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფ. აკაურთის საჯარო სკოლაში, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლად.
მანამდე მასწავლებლობის 24-წლიანი გამოცდილება მქონდა, გამარჯვების საჯარო სკოლაში ვმუშაობდი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1990 წლიდან დღემდე, ვმუშაობ აბიტურიენტებთან. მშობლიური სკოლა ერთფეროვნების დაძლევისა და პროფესიული განვითარების სურვილმა დამათმობინა. ძალიან მინდოდა, გავცნობოდი ახალ კულტურას და წეს-ჩვეულებებს.
თავდაპირველად ვერ ვაცნობიერებდი, ამდენი გამოცდილების პატრონს რა გამოწვევები შეიძლებოდა შემხვედროდა მუშაობასა და არაქართულენოვან მოსახლეობასთან თანაცხოვრების პროცესში. ნამდვილად რთული აღმოჩნდა… სრულიად უცხო, არაქართულენოვანი გარემო… მოვემზადებოდი, დავგეგმავდი, შევიდოდი გაკვეთილზე, მაგრამ შედეგზე ვერ გავდიოდი, იმედგაცრუებული ველოდებოდი პირველი სემესტრის დამთავრებას, რომ უკან დავბრუნებულიყავი… თუმცა, აგერ უკვე 10 წელია, აქ ვარ. იმდენად მძაფრია განცდა იმისა, რომ შენ მათ სჭირდები, არ ფიქრობ უკან დახევას, მიდიხარ წინ და გემატება თავდაჯერებულობა. უკვე ათი წელია, 7 საათზე გავდივარ სახლიდან და, რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლით, მივემგზავრები ჩემს პატარა, სიყვარულით გამთბარ სკოლაში.
მიუხედავად იმისა, რომ 3 სხვადასხვა საგანში ვარ სერტიფიცირებული (I-IV დაწყებითი კლასები, ქართული ენა და ლიტერატურა V-XII კლასები, ქართული, როგორც მეორე ენა I-XII კლასები), დამჭირდა საკუთარ თავზე მუშაობა, პროფესიული წინსვლისთვის მეტი ძალისხმევის დახარჯვა, ადაპტირებული სასწავლო რესურსების შექმნა ენობრივი კომპეტენციისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ვესწრებოდი მეორე ენის მიმართულებით მასწავლებლის სახლის მიერ შემოთავაზებულ ყველა ტრენინგს, დაგროვილ ცოდნას კი ჩემს კოლეგებს ვუზიარებდი, ვესწრებოდი და ვისწრებდი გაკვეთილებზე.
სასწავლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ინტერკულტურული მიდგომების გამოყენება, რათა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა ისწავლონ არა მარტო სახელმწიფო ენა, არამედ უკეთ გაიცნონ ქვეყნის ისტორია, კულტურა, ასევე გააცნონ ერთმანეთს თავიანთი ტრადიციები.
ჩემი, როგორც ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის მიზანია, ჩემს მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეს ქვეყნის მოქალაქეობის განცდა. ვცდილობ, შევაყვარო ქართული ენის სწავლის პროცესი და სამშობლოსა და მისი კულტურის მიმართ ჰქონდეთ პოზიტიური დამოკიდებულება.
თანამედროვე ეტაპზე, სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაცია ციფრული ტექნოლოგიების ცოდნისა და მოხმარების გარეშე წარმოუდგენელია, ძალიან მნიშვნელოვანია კომპიუტერული წიგნიერების საფუძვლების დაუფლება. ამიტომ ვსწავლობდი და ვასწავლიდი ციფრული რესურსების გამოყენებას. სწორედ ამ მიზნით, ქართული ენის კლუბს დაემატა გადაცემა „აკაურთის მაცნე“, რომელიც თვეში ერთხელ აშუქებდა ჩვენი სკოლის საინტერესო ამბებს, მიღწევებს. ორი წლის განმავლობაში, კლუბის წევრებმა 12 გადაცემა მოამზადეს და გამოაქვეყნეს სკოლის ფეისბუქგვერდზე: ქართული ენის კლუბი „შეიცან თავი შენი“. თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ელექტრონული პორტფოლიო შექმნა და ჩაალაგა წლების განმავლობაში შექმნილი რესურსები.
„ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია“ (ოთარ ჭილაძე). ამ ადამიანებს კი ვქმნით ჩვენ – მშობლები, პედაგოგები და გარემო. შესაბამისად, როგორც მასწავლებელს, გაცნობიერებული მაქვს ჩემი მისია, ვალდებულება და მოვალეობა. ჩვენ უნდა გავდოთ ხიდი თითოეულ ადამიანსა და სახელმწიფოს შორის. ადამიანები, რომელთა წინაპრები საუკუნეების წინ დასახლდნენ საქართველოში, თავს ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიან წევრებად უნდა გრძნობდნენ. ამისათვის კი მთავარი სახელმწიფო ენის ცოდნაა. ქართული ენის სწავლების პარალელურად, მათ ქართულ კულტურასა და ტრადიციას ვაცნობ, ვაწვდი ინფორმაციას იმ ქვეყნის შესახებ, რომლის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და რომლის შესახებაც ძალიან მწირ ინფორმაციას ფლობენ.
მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის, ის გაცილებით მეტ ვალდებულებას გულისხმობს, პირველ რიგში, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რადგან საქმე გვაქვს ბავშვებთან, რომელთაც ძალიან ბევრი რამ აქვთ სასწავლი და შესაცნობი. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ეს პერიოდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მასწავლებელს ამ გზაზე შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.
„არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, მათთან თანამშრომლობამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ ამდენ პროფესიონალსა და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ მასწავლებელს. მათთან მუშაობით, ურთიერთობით ბევრი რამ ვისწავლე, და ვხვდები, კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.
10 წლის განმავლობაში სკოლაში ბევრი დასამახსოვრებელი პროექტი და ღონისძიება გვქონდა: სისტემატურად ვახორციელებ საგანმანათლებლო პროექტებს, ღონისძიებებს, აქტივობებს, დავდივართ ექსკურსიებზე.
მოსწავლეებთან მუშაობის პარალელურად, ვმუშაობ სკოლის ადგილობრივ მასწავლებლებთან, ვატარებ ვებინარებს სწავლების თანამედროვე მიდგომების შესახებ, სადაც მასწავლებლები ერთმანეთს ვუზიარებთ საუკეთესო პრაქტიკას. ადგილობრივ პედაგოგებს ვუტარებდი ქართული ენის შემსწავლელ კურსს, ხოლო მაძიებლებს, როგორც ტუტორი, ვეხმარებოდი თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლაში, რაც მათ პროფესიულ განვითარებაში, სტატუსის ცვლილებაში დაეხმარა.
ენობრივი კომპეტენციის ამაღლების გარდა, აუცილებელია, შემსწავლელებს გავაცნოთ და გავათავისებინოთ იმ ქვეყნის კულტურა, ყოფა, რომელსაც თავადაც წარმოადგენენ. ინტეგრაცია აუცილებელი პირობაა სრულფასოვანი მოქალაქეობისთვის. არაფორმალურ გარემოში სწავლებით, სხვადასხვა კლასგარეშე პროექტით, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებებით ხელს ვუწყობთ ამ პროცესებს, მათ დაახლოებას და ინტეგრირებას სახელმწიფოში.
განსაკუთრებული წარმატება ჩვენს სკოლას კლუბურმა მუშაობამ მოუტანა. კლუბი „იმედი“, რომელიც შეიქმნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის აკაურთის საჯარო სკოლაში, 2017 წლის სექტემბერში, დღემდე აქტიურად მუშაობს და დიდ როლს ასრულებს სკოლისა და მოსწავლეთა წარმატებაში. კლუბს სახელი „იმედი“ მოსწავლეთა ინიციატივით შევურჩიეთ. კლუბის შექმნის მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს შეესწავლათ ქართული ენა, აემაღლებინათ სამოქალაქო განათლების დონე; წარმოგვეჩინა აქტიური მოსწავლეები და მათი შემოქმედებითი უნარები; დაგვეძლია კარჩაკეტილობა, სტერეოტიპები და ხელი შეგვეწყო მათი ინტეგრაციისათვის საზოგადოებასთან.
კლუბმა დასახულ მიზნებს მიაღწია და 2021 წელს შევცვალეთ კლუბის სახელწოდება, ლოგო და, ახალი სლოგანით, ახალი მიზნები დავისახეთ. ამჟამად სოფ აკაურთის საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის სახელწოდებაა „შეიცან თავი შენი“. ეს არის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, საერთო ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება. კლუბს აქვს წესდება, ლოგო, სლოგანი: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო“; ფორმა – თეთრი მაისურები წარწერით, გვერდი სოციალურ ქსელში – ქართული ენის კლუბი „შეიცან თავი შენი“ და „აკაურთის საჯარო სკოლა“.
კლუბს ჰყავს კურატორი და ლიდერი მოსწავლე, ჩინარა ნაბიევა, რომელიც არჩეულია მოსწავლეთა უმრავლესობით (ერთი წლის ვადით ხელმძღვანელობს, ორგანიზებას უწევს კლუბის საქმიანობას) და დამხმარე მშობელთა ჯგუფი (საჭიროებისამებრ, ეხმარება ლიდერ მოსწავლესა და კურატორ მასწავლებელს საკლუბო მუშაობის წარმართვაში).
ლიტერატურული კლუბის მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია; მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა; მშობლიურ, ქართულ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება; აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება; სალონური ტიპის საღამოების ჩატარება; მწერლებთან შეხვედრა, დისკუსია; სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა ინტელექტუალური, კულტურული ღონისძიებების ორგანიზება; საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება.
ქართული ენის კლუბის მიერ განხორციელებული ღონისძიებები:
- სსემას (საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის) მიერ ორგანიზებული ქსელური პროექტი „ჩემი არჩევანი ჩემი თავისუფლებაა“, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავს მიეძღვნა. პროექტში 70-მდე ქართულენოვანი სკოლა მონაწილეობდა. მრავალ სკოლას შორის, ხუთეულში აღმოვჩნდით და ჟიურის რჩეული გუნდი გავხდით.
პროექტის მიმდინარეობისას, მოსწავლეებმა უამრავი საინტერესო დავალება შეასრულეს, გაიუმჯობესეს კომპიუტერული, შემოქმედებითი უნარ-ჩვევები, სასაუბრო ლექსიკა, სულ სხვა კუთხითა და ინტერესით გაიაზრეს მხატვრობა, მუსიკა, ლიტერატურა და, რაც მთავარია, ბევრი რამ ისწავლეს თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
- აკაურთის საჯარო სკოლამ, 2019 წლის სექტემბერში, სიქა-ს მიერ გამოცხადებული მცირე გრანტის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მოიპოვა გრანტი პროექტის „ტურიზმი ჩემს სოფელში“ განსახორციელებლად.
ჩვენი პროექტი „ტურიზმი ჩემს სოფელში“ ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა წარმოდგენილ პროექტებს შორის და ჩვენი სკოლა კომპიუტერით დაჯილდოვდა, ხოლო მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადმოგვცეს.
ჩვენი საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტებსა თუ კონკურსებში.
3. კონკურსში „ჩემი პირველი ქართული როლი“ მონაწილეობის მისაღებად ვიმუშავეთ თეატრალურ კომპოზიციაზე „გადაარჩინე ბუნება, გადაარჩინე სიცოცხლე“. სამწუხაროდ, გამარჯვებულთა შორის ვერ მოვხვდით. თუმცა, სპექტაკლზე მუშაობისას, ბევრი რამ ისწავლეს და იხალისეს.
4. გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოცხადებულ კონკურსში, სახელწოდებით „ჩემი გალაკტიონი“, წარვადგინეთ სასკოლო კონკურსში გამარჯვებული ჩინარა ნაბიევას ნამუშევარი, რომელმაც ასახელა ჩვენი სკოლა ჩინარა ნაბიევამ და ჟიურის რჩეული გახდა. დასაჩუქრდა 250-ლარიანი ვაუჩერით
5. დიდი მონდომებით ჩავერთეთ საგანმანათლებლო კვირეულში „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“. კვირეულის ფარგლებში, წავიკითხეთ ნაწარმოებები, გავეცანით ინფორმაციას და შევქმენით საკონკურსო ანიმაცია, დავწერეთ ესე, მოვაწყვეთ ნახატების გამოფენა, დავამზადეთ საინფორმაციო ბროშურა.
ჟიურიმ შეაფასა წარმოდგენილი ნამუშევრები და უპირატესობა მიანიჭა ანიმაციას (ავტორები: ჩინარა ნაბიევა და არზუ ხალილოვა), რომელიც, სხვა ნამუშევრებთან შედარებით, უკეთ შეესაბამებოდა პროექტის შინაარსს. შესრულებული იყო ციფრული ტექნოლოგიებით და იდეაც ორიგინალურად იყო მოწოდებული.
- ვმონაწილეობდით მწერალთა სახლის პროექტში „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“. პროექტის მიზანი იყო, მოზარდებს თვითონ შეერჩიათ და ერჩიათ თანატოლებისთვის, რა წიგნები წაიკითხონ ზაფხულში.
ამავე დროს, ვიმუშავეთ დღიურებზე, სადაც მოსწავლეებმა წაკითხული წიგნის შთაბეჭდილებები გადმოსცეს. პროექტში მონაწილეობდნენ VIII-IX კლასების მოსწავლეები.
პროექტის პირველ ეტაპზე, ჩავწერეთ მოკლე ვიდეო, სადაც რეკომენდაციას ვუწევდით ერთ კონკრეტულ წიგნს და მოკლედ ვასაბუთებდით მოსაზრებას, რატომ უნდა წაეკითხათ თანატოლებს ეს წიგნი.
საგამოფენო დარბაზში პოსტერით წარმოვადგინეთ ამ პროექტის ამსახველი მასალა.
განსაკუთრებით საამაყო იყო ჩვენი უნიჭიერესი მოსწავლის ჩინარა ნაბიევას ეროვნულ ოლიმპიადასა და კონკურს „დიდგორელში“ გამარჯვება.
ასევე საამაყოა, რომ 2021 წლის საგანმანათლებლო პროექტის, „ეტალონის“, ჩემპიონატში ბოლნისის ეტალონი მოსწავლე გახდა ჩვენი მეგობარი არზუ ხალილოვა.
გასული სასწავლო წლის ბოლოს, ქველმოქმედების მიზნით, ვესტუმრეთ ბოლნისის მოხუცებულთა სახლს, რითაც გავახარეთ ბენეფიციარები და ჩვენც ბედნიერები ვიყავით მათი სიხარულით.
წელს ჩვენი სკოლის დირექტორის, ბატონი ნოფალ ალიევის ხელშეწყობით, კლუბს გადმოეცა ოთახი, სადაც უკვე რამდენიმე ღონისძიება გაიმართა: კლუბის წევრთა შეხვედრები – სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და ღონისძიებების (ლაშქრობა, ლიტერატურული საღამო, ექსკურსია) დაგეგმვა; მშობლებთან შეხვედრა და ინფორმირება-დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა; იაკობ გოგებაშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამოები; სკოლის აქტიურმა მოსწავლეებმა ჩაატარეს ვებინარი: როგორ მოვამზადოთ პრეზენტაცია ელექტრონულად, ციფრული რესურსების დახმარებით.
მიუხედავად აქტიური მუშაობისა, კლუბის ფუნქციონირების მანძილზე, შეგვხვდა დაბრკოლებები მშობლების მხრიდან, რადგან შვილებს, საოჯახო საქმეების თუ თემში არსებული ტრადიციების მიზეზით, არ აძლევდნენ კლუბის წევრების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე მოსვლისა და საქმიანობის საშუალებას.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მშობელთა დაინტერესების მიზნით, გავზარდეთ მათი ჩართულობა კლუბის აქტივობებში; სასწავლო წლის დასაწყისში, კლუბის საორგანიზაციო ჯგუფის დახმარებით, ვაწყობთ მშობლებთან შეხვედრას. რამდენიმე პრეზენტაციით ვაცნობთ კლუბის წესდებას, მიზანს, დაგეგმილ აქტივობებს და კლუბში გაწევრიანების წესებს. ვცდილობთ, ყველა ღონისძიება სკოლის დირექციის, მასწავლებლების, მშობელთა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით განვახორციელოთ. დღეს კლუბის ყველა წევრი, შესაძლებლობებისა და სურვილების გათვალისწინებით, თანაბრად ერთვება ღონისძიებებში. მშობლები დაინტერესებული არიან შვილების საქმიანობით, სწავლა-განათლებით და ყოველმხრივ გვერდში გვიდგანან მაწავლებლებსა და სკოლას.
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ქმნის მომავალს, ხვალინდელ დღეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსწავლემ, რომელსაც ჩვენ დღეს ვაძლევთ ცოდნას, ვძენთ უნარებს, რომლებიც ხვალ, 10 წლის შემდეგ უნდა გამოიყენოს, ამიტომ მასწავლებლის ვალდებულებაა, იფიქროს და იზრუნოს იმაზე, რამდენად გამოადგება მომავალში ახალგაზრდას სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის ჩვენ მიერ გადაცემული ცოდნა და უნარები.
ბედნიერი ვარ, რომ დღეს აკაურთელი მოსწავლეები დამოუკიდებლად (ამჯერად მხოლოდ რჩევებით ვეხმარები) აორგანიზებენ შეხვედრებს, მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტსა თუ კონკურსში; გოგონები, სწავლის პარალელურად, თბილისში ეუფლებიან ჟურნალისტისა და ფოტოგრაფის პროფესიას, გეგმავენ და ახორციელებენ ღონისძიებებს.
ასეთი შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა სკოლას ჰყავს ისეთი ერთგული, თავისი საქმის პროფესიონალი, გულისხმიერი და მზრუნველი დირექტორი, როგორიც ბატონი ნოფალ ალიევია; მშობლები, რომლებიც ზრუნავენ შვილების განათლებაზე და გვერდში უდგანან სკოლას; მასწავლებლები, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას, რომ 21-ე საუკუნის თაობა აღვზარდოთ და, რა თქმა უნდა, ჩვენი საყვარელი მოსწავლეები, რომლებიც დასვენების საშუალებას არ გვაძლევენ. მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის, საქმის ერთგულებისთვის.
უკვე მესამე წელია ვარ კლასის ხელმძღვანელი. პედაგოგიურ მოღვაწეობაში კლასის დამრიგებლობა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა ნამდვილად ვერ წარმომიდგენია კლასის დამრიგებლობის გარეშე.
მინდა მადლიერება გამოვხატო თქვენი გაზეთის მიმართაც. დღეს ჩვენს ქვეყანაში მასწავლებლის როლზე ყურადღების გამახვილება და ზრუნვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და თქვენ საკუთარი წვლილი შეგაქვთ ამ ღირებულ საქმეში.
ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში მაქვს იმედი, რომ დირექციის თანადგომით, მშობლებთან და კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წელი უფრო წარმატებული იქნება ჩემთვის, ჩემი წარმატება კი ჩემი მოსწავლეებისა და სკოლის წარმატებაცაა.
რამდენჯერმე მთხოვა ჩვენი სკოლის დირექტორმა, განაცხადი გამეკეთებინა საუკეთესო მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, რესურსცენტრის ხელმძღვანელმაც დამირეკა, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მოსწავლეების, ჩემი თანამშრომლების, მშობლების, სოფლის მოსახლეობის სიყვარულია ჩემთვის სტატუსიც, ნობელის პრემიაც და უფრო მეტიც. მე რაც მინდა, და რაც მაბედნიერებს, უკვე მაქვს, ეს ჩემი მოსწავლეების სიყვარულია. ამაზე მეტი არც არასდროს მინატრია.
მასწავლებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. საოცარი შეგრძნებაა, როცა მოსწავლეების ანთებულ თვალებში სიყვარულს, პატივისცემას, მადლიერებას ხედავ.
პასუხისმგებლობა ათმაგდება, როცა მოსწავლე შენში საყრდენსა და საიმედო ადამიანს ხედავს. როცა იგი არა მხოლოდ საგნის, არამედ ცხოვრების მასწავლებლადაც გთვლის.
ამონარიდი მოსწავლეების მიერ სიურპრიზად მოძღვნილი გადაცემიდან:
„ჩვენი იმედით სავსე ქეთინო მასწავლებელი თითოეული ჩვენგანისათვის ცხოვრების მაგალითი და მისაბაძი ადამიანი გახდა. მიხარია, რომ ჩემი მასწავლებელი და საუკეთესო მეგობარია. მისთვის ყველა მოსწავლე პიროვნებაა. მისი გაკვეთილები, საინტერესო და მრავალფეროვანია, საინტერესო აქტივობებითა და სახალისო დავალებებით. ყოველთვის ცდილობს, რომ ბევრ პროექტში, კონკურსში ჩაერთოს აკაურთის საჯარო სკოლა. ამიტომ, დღე და ღამე დაუღალავად მუშაობს. მისი მიზანია, რომ საქართველო და სახელმწიფო ენა შეაყვაროს ბავშვებს, გოგოებს დაეხმაროს სტერეოტიპების დაძლევაში, გააცნოს საქართველოს ისტორია, ყოველმხრივად განავითაროს მოსწავლეები. სკოლის წარმატებები გამოაქვეყნოს და საჯაროდ გააცნოს სხვებს, შესაძლებლობა მისცეს მოსწავლეებს საზოგადოებაში ინტეგრაციისა.
მის მიერ დაგეგმილი სკოლის ექსკურსიებით იზრდება მოსწავლეთა ცნობიერება და მოტივაცია. კლასგარეშე ღონისძიებები: კლუბებსა და სხვადასხვა წრეში მუშაობა, „ქართული ენის მოყვარულთა ჯგუფის“ შეხვედრები დაგვეხმარა ქართული ენისა და, ზოგადად, ცნობიერების ამაღლებაში, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდაში. საბედნიერო, სასიხარულო, სასიამოვნო და სიამაყეა, რომ დღეს ქეთინო მასწავლებლის უპირველესი მიზანი — ქართული ენის პოპულარიზაცია — მიღწეულია. ჩვენ, მისი მოსწავლეები სრულყოფილად ვსაუბრობთ ქართულად, უზომოდ გვიყვარს საქართველო, ვიცით ჩვენი მშობლიური სოფლისა და სამშობლოს ისტორია…
და რაც მთავარია, ქეთინო მასწავლებელმა გვასწავლა უმნიშვნელოვანესი ადამიანური ღირებულებები: მეგობრობა, ერთგულება, თანამშრომლობა, ტოლერანტობა, შრომისმოყვარეობა, თავდაჯერებულობა, „ოქროს წესები“: „ცოდნა გვათავისუფლებს“, „მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ“… და დღეს ის ჩვენი სკოლის ლამაზი, თბილი, ძვირფასი, გულკეთილი, განმანათლებელი პედაგოგი, სანიმუშო და მისაბაძი ადამიანია.“