ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი შემეცნებითი კვირეულის ფარგლებში, სსიპ ქ. თბილისის №213 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებები გაიმართა, რომლის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული სასკოლო საზოგადოება სკოლის ადმინისტრაცია, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები, კლასის დამრიგებლები, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.
მრავალფეროვანი ღონისძიებები და აქტივობები კლასების მიხედვით გადანაწილდა:
√ მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია და გამონათქვამები მოამზადეს;
√ მეექვსეკლასელებმა ინტერნეტში განთავსებული მასალა მოიძიეს ილიას შესახებ, დაამუშავეს და სლაიდშოუ შექმნეს; ამავე კლასმა ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენაც მოაწყო;
√ მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს მწერლის ცხოვრება-მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ;
√ განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა, კვირეულის ფარგლებში გამართულმა ლიტერატურულმა საღამომ, ილია შუბლი საქართველოსი, რომლის ინიციატორები და შემოქმედი მერვე კლასის მოსწავლეები იყვნენ; კიდევ ერთი აქტივობა მიუძღვნა მწერალს სამოქალაქო განათლების კლუბმა მაქსიმუმი მოეწყო სასწავლო ექსკურსია მთაწმინდის პანთეონში, რომელიც კვირეულის ერთგვარი შჯამებაც გახლდათ.
ანა ობოლაძე, 213 საჯარო სკოლის დირექტორი: 21-ე საუკუნის სკოლისთვისაც ისეთივე საჭიროა ილია ჭავჭავაძის ფუნდამენტური და ტიტანური აზრები, როგორც მე-19 საუკუნეში. უამრავი გამოწვევა, რომელიც მძაფრადაა ჩვენ წინაშე, ინტელექტუალური კაპიტალითა და სტრატეგიებით უნდა დავამარცხოთ. გაცნობიერებული მაქვს ჩემი ვალდებულებები ამ მიმართულებით და ყველა ნაბიჯზე მადგება დიდი ილიას პუბლიკაციები, მოსაზრებები და გამოცდილება. ეს ყველაფერი მართლაც განსაკუთრებული და მზა რეცეპტებია ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. როცა სკოლამ გადაწყვიტა ილიას კვირეულის გამართვა, ჩემგან სრული მხარდაჭერა მიიღეს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა. დავამატებ იმას, რომ მოსწავლეებს ხშირად ვახსენებ ილიასეულ სიტყვებს: ვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპათაგან რჩენია და რგებია.
მანანა ბეგაძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ილია გამორჩეული მოქალაქეც იყო და ერთ-ერთი გამკვლევი გზისა, რომელზე სიარულიც წარმატების მომტანია. ამ უდიდეს შემოქმედსა და საზოგადო მოღვაწეზე ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვესაუბრები. ყველასთვის ცნობილია, რომ არ დარჩენილა სფერო, რომლის განვითარებაშიც ილიას უდიდესი წვლილი არ ჰქონდეს შეტანილი. როცა მთაწმინდის პანთეონში მოსწავლეები ავიყვანეთ, იქ დეტალურად ვისაუბრეთ, თუ რამდენი წინააღმდეგობა გადალახა ილიამ იმისთვის, რომ სტაგნაციაში ჩაძირული ერი გამოეფხიზლებინა.
გიორგი ჯაგური, მე-5 კლასის მოსწავლე: ჩვენმა კლასმა საპასუხისმგებლო დავალება მივიღეთ უნდა მოგვემზადებინა სცენარი ილიას ბიოგრაფიისა და საუკეთესო გამონათქვამების მიხედვით. ბევრი ვიფიქრეთ, ვიშრომეთ, რამდენიმე რეპეტიციაც გავიარეთ და ღონისძიებაც გავმართეთ, სრულად ჩვენი ძალისხმევით. ძალიან მოგვეწონა ის, რომ მასწავლებლებმა შეცდომებზე კი არ გაამახვილეს ყურადღება, არამედ ჩვენს წარმატებებზე. ილიას ბიოგრაფია მე წარვუდგინე მსმენელებს, მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსიც წავიკითხე. დეკემბერში ანა კალანდაძის ასი წლის იუბილეც უნდა გავმართოთ და, ვფიქრობ, კარგი გამოცდილება შევიძინეთ.