ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტების ჩართულობით, სამუშაო ჯგუფის შექმნაზე დათანხმდა. ჯგუფი უნივერსიტეტის წესდების შეცვლაზე იმუშავებს, გადაიხედება და დაკორექტირდება, ასევე, ბიზნესის ფაკულტეტის სტრუქტურა.
როგორც სტუდენტები ამბობენ, მენეჯმენტის ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ნაცვლად, შეიქმნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, რისთვისაც ადმინისტრაციას 2-კვირიანი ვადა მისცეს. მათ იმის პირობაც მიიღეს, რომ ბიზნესის სკოლას ავტონომია ექნება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია სტუდენტებთან შეხვედრას შედეგიანს უწოდებს. ამბობს, რომ მხარეებმა ის საკითხები განიხილეს, რომელზეც შეთანხმება შესაძლებელია. შეხვედრაზე არ უსაუბრიათ მენეჯმენტის საკითხზე და არ განუხილავთ დაბრუნდება თუ არა გიორგი ქადაგიძე დეკანის თანამდებობაზე.
„შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული იყო. ჩვენ ჩამოვთვალეთ ის საკითხები, სადაც სრულად შესაძლებელია მოხდეს შეთანხება. ეს არის, მაგალითად, ახალშექმნილ ფაკულტეტზე სტუდენტური ჯგუფის ჩართვა ბიზნესის სკოლის ავტონომიის მექანიზმების განსაზღვრაში. ასევე ვთქვით, რომ შეიქმნება სტუდენტური რეფორმების ჯგუფი, რომელიც იმუშავებს წესდებაში ცვლილებებზე, უნივერსიტეტის დონეზე. იმ საკითხებზე, სადაც აზრთა სხვადასხვაობაა, ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს და მუშაობას,“ — ამბობს გიგა ზედანია.
ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულ სალომე გოჩოლეიშვილს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, მიაჩნია, რომ ადმინისტრაციის მხრიდან ეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯია — „მათ შემოგვთავაზეს ერთობლივი მუშაობა. რეფორმა შეეხება როგორც ფაკულტეტს, ასევე წესდებას. ფაკულტეტთან დაკავშირებით, ზუსტად არ ვიცით, რა ცვლილებები იქნება, ამაზე ვიმუშავებთ. რაც შეეხება წესდებას, ვთანხმდებით, რომ შესაცვლელია. მოვუწოდებთ განათლების კომიტეტს და მარიამ ჯაშს, რომ ჩაერთოს ამ პროცესებში“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 15-მა სტუდენტმა რექტორის კაბინეტის წინ შიმშილობა 15 თებერვალს დაიწყო. შემდეგ რამდენიმე სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ისინი სტაციონარში გადაიყვანეს. სტუდენტების უკმაყოფილება გიორგი ქადაგიძისა და გიორგი პაპავას ილიაუნიდან გათავისუფლებას და რეორგანიზაციის მიზეზით, ბიზნესის ფაკულტეტის სხვა ფაკულტეტებთან გაერთიანებას მოჰყვა.
თავის მხრივ, გიორგი ქადაგიძემ და გიორგი პაპავამ საპროტესტო განცხადებები გააკეთეს. ილიაუნის აკადემიურმა საბჭომ, უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან — რეორგანიზაციასთან და გიორგი ქადაგიძისა და გიორგი პაპავას განცხადებებთან დაკავშირებით, ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც დეტალურად არის საუბარი იმ სხდომაზე, რომელზეც საბჭოს წევრებსა და გიორგი ქადაგიძეს შორის ზოგიერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. მათ უკიდურესი წუხილი გამოთქვეს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში კომუნიკაციის პროცესმა ასეთი რადიკალური სახე მიიღო. „ვფიქრობთ, რომ სტუდენტების ყველა შემოთავაზება განხილულ უნდა იქნეს სადისკუსიო წინადადებების ფორმით, რათა სამუშაო პროცესის შედეგად უნივერსიტეტმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას განვითარების გზაზე“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
სწორედ ამის შემდეგ გაიმართა აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გაერთიანებული სხდომა, რომლის დაწყების წინ გიგა ზედანიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნებოდა ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა დაპირისპირებული მხარეების პოზიციების დასაახლოებლად. „ყველანი შევეცდებით, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყოს“. — განაცხადა რექტორმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღეს დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, თუ რას სთავაზობდა უნივერსიტეტი მოშიმშილე სტუდენტებს დეკლარირებულად.
ა) ბიზნესსკოლის ავტონომიურობის უზრუნველსაყოფად, ახალი ფაკულტეტის ფარგლებში, შეიქმნას ბიზნესის მიმართულების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების, სტუდენტებისა და ბიზნესის სკოლის პროფესორების მონაწილეობით. აღნიშნული ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ მიმართულებით; გაგრძელდეს მუშაობა ახალი ფაკულტეტის სახელწოდებასა და პროგრამების შინაარსზე.
ვადა — 2 კვირა;
ბ) უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებების შესატანად შეიქმნას საუნივერსტეტო სტუდენტური ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ მიმართულებით.
ვადა — 3 თვე.
შეხვედრა, რომელიც 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ფაქტობრივად, საბოლოო გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. თუმცა, მხარეები სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ და პროცესმაც სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლა. რამდენად შედეგიანი და ეფექტური იქნება ჯგუფის მუშაობა, ამას მომავალი დაგვანახებს.
მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა