ქართველ განმანათლებელ ქალთა გალერეას კიდევ ერთი, ღვაწლით გამორჩეული ქალბატონის, მარიამ დემურიას სახელი ამშვენებს. გზა, რომელიც მან განვლო, როგორც საბავშვო მწერალმა, დრამატურგმა, სახალხო სცენის დაუღალავმა მუშაკმა და საზოგადო მოღვაწემ, განსაკუთრებული სირთულეებით გამოირჩეოდა – ეს ის პერიოდია, XIX საუკუნის მიწურული, როცა განსაკუთრებულადაა გაძლიერებული რუსეთის იმპერიის ზეწოლა, ეროვნული მნიშვნელობის ყველა საქმის წამოწყება ცენტრალური ხელისუფლების ცენზურისა და უმკაცრესი კონტროლის ქვეშ ექცევა. ვიდრე კონკრეტულად მისი დამსახურებების შესახებ ვისაუბრებდეთ, საჭიროა აღინიშნოს იმ ადამიანების როლისა და გარემოს შესახებ, რამაც გავლენა იქონია მის ჩამოყალიბებაზე.
მარიამ ივანეს ასული ივანიშვილი-დემურია დაიბადა 1860 წლის 21 მარტს (ძვ.სტ.), ქალაქ გორში. ადრე დაობლებული ღრმად მოხუცმა ბებიამ გაზარდა. დაწყებითი განათლება ელიზბარ ერისთავის ოჯახში მიიღო, რომელიც 1832 წლის ცნობილი შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი მონაწილეთაგანი იყო. იგი თავიდანვე გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების: ანტონ ფურცელაძის, სოფრომ მგალობლიშვილის, ნიკო ლომოურის… წრეში ტრიალებდა. სწორედ მათი დახმარებითა და თანადგომით შეძლო მარიამმა თბილისის სამეანო ინსტიტუტის კურსის დასრულება, რის შემდეგ, სხვადასხვა დროს, მუშაობდა თბილისში, ოზურგეთსა და საჩხერეში… როგორც აღვნიშნეთ, ეს ის პერიოდია, როცა რუსეთის იმპერია განსაკუთრებული სისასტიკით ებრძვის ყოველგვარ ეროვნულს. როგორც ჩანს, მარიამ დემურიაც იმ ქართველ მოღვაწეთა შორისაა, ვინც საზოგადოებრივი სარბიელისთვის იყო მოწოდებული, ამიტომაც ვერ თავსდებოდა მისი ნიჭი და ბუნება ვიწრო სპეციალობის ფარგლებში. სულ მალე, იგი ცნობილი გახდა, როგორც მწერალი, ჟურნალისტი, სცენისმოყვარე განათლების მუშაკი და, იმდროინდელ ინტელექტუალთა მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად, სამოქმედო ასპარეზად ქართულენოვანი საგანმანათლებლო და კულტურული მოძრაობის წამოწყება მიიჩნია. 15 წლის განმავლობაში იყო თბილისის სახალხო სახლების, სახალხო ბიბლიოთეკებისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთ-ერთი დამაარსებელი და წამყვანი მუშაკი. იგი დიდხანს განაგებდა ნაძალადევის სახალხო ბიბლიოთეკას, რომელიც საუკეთესოდ და მოწინავედ ითვლებოდა იმდროინდელი თბილისის ქართულ ბიბლიოთეკებს შორის. უდიდესი ღვაწლი დასდო მარიამ დემურიამ ნორჩ ქართველ მკითხველებს – დიდი ჯაფისა და ბრძოლის ფასად, მან მოახერხა შესანიშნავი საბავშვო ჟურნალის, „ნაკადულის“ დაარსება, რომელიც თვეში სამჯერ გამოდიოდა – ორი ნომერი მცირეწლოვანთათვის და ერთიც, უფრო მოზრდილი ფორმატისა და მოცულობის – მოზრდილთათვის. ამ ფაქტის შესახებ სოფრომ მგალობლიშვილი წერდა:
„მარიამი თავისებურად მედგრად შეუდგა ჟურნალის დაარსებას. კარი-კარ დადიოდა ქართველ მწერლებთან, კალთას აგლეჯდა და მიჰყავდა კრებებზე მოსალაპარაკებლად. საშუალებაც იშოვა – კნეინა ნინო ელიზბარის ასულ ქობულაშვილისამ ჟურნალის გამოცემა იკისრა; დავით ერისთავის ქალმა, ელისაბედ ერისთავმა – რედაქტორობა. კრებები აკაკის თავმჯდომარეობით იმართებოდა. უნდა მოგახსენოთ, მოსვენება არ გვქონდა მარიამისაგან, მანამ არ დაარსდა ჟურნალი, რომელსაც კრებამ „ნაკადული“ უწოდა“.
პირველი ნომერი 1904 წლის ნოემბერში გამოვიდა, აკაკი წერეთლის ლექსით „ნაკადული“, რომელშიც მოცემულია მომავალი მუშაობის პროგრამა. უნდა აღინიშნოს, რომ ახალდაარსებული ჟურნალი გაცილებით პროგრესულია, ვიდრე მისი წინამორბედი „ჯეჯილი“, რომელიც 1890 წლიდან გამოდიოდა, ასევე ცნობილი ქართველი მოღვაწე ქალის, ანასტასია წერეთლის რედაქტორობით. გარდა ამისა, იმითაც იყო განსხვავებული, რომ გამოცემა მალევე გამრავალფეროვნდა სპეციალური ჩანართით, რომელსაც „პედაგოგის ფურცელი“ ეწოდებოდა და ორი წლის განმავლობაში (1904-1906 წწ.) მიეწოდებოდა ქართველ მკითხველს ელ. ერისთავის, ნ. ზურაბიშვილის, ალ. მდივნისა და ივ. მაჭავარიანის რედაქტორობით. ჩანართის თანამშრომლები იყვნენ: შიო ჩიტაძე, ალექსანდრე მიქაბერიძე, პეტრე სურგულაძე და სხვები. „ნაკადულის“ გარშემო შემოკრებილნი იყვნენ ცნობილი მწერლები და პედაგოგები: აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, თედო რაზიკაშვილი, ბაჩანა, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ლომოური, ალექსი მირიანაშვილი, ნინო და ილია ნაკაშიძეები, ალექსანდრე მიქაბერიძე, ლუარსაბ ბოცვაძე და სხვები. თავად მარიამ დემურია, ჟურნალის დამაარსებელი, მხოლოდ 1906 წლიდან გახდა ოფიციალური რედაქტორი და მხოლოდ ოთხი წელი ასრულებდა ამ მოვალეობას – 1910 წლის 21 იანვარს (ძვ.სტ.) გარდაიცვალა. ჟურნალი „განათლება“ ნეკროლოგში აღნიშნავდა:
„ამ ჟურნალს შეალია განსვენებულმა თავისი დღენი. ვინ იცის, რამდენი შრომა და აუტანელი ჯაფაა საჭირო დღევანდელს პირობებში ჟურნალის გამოსაცემად და ისიც საყმაწვილო ჟურნალისა, რომელსაც ჩვენში ჯერ კიდევ მცირე თანამგრძნობი ჰყავს. ცხადია, რომ ამ შრომას იკისრებს მხოლოდ იდეით გატაცებული, ქვეყნისა და მისი მომავლის მოსიყვარულე ადამიანი“.
თავად ჟურნალის მნიშვნელობის შესახებ კი იაკობ გოგებაშვილი წერდა: „საყმაწვილო ლიტერატურა ის საძირკველია, რომელზედაც შენდება მთელი ლიტერატურა და მეცნიერება ხალხისა, საბავშვო ჟურნალი, რომელშიც ადგილი ეძლევა მხოლოდ ნიჭიერ ნაწარმოებთა… ჰუმანური მისწრაფებებით შეამკობს და სხვა ფაქტორებთან ერთად სამშობლოს მოუმზადებს მხნე და გულწრფელ მამულისშვილს. თავისი არსებობის ორი ათეული წლის მანძილზე ამ საპატიო მოვალეობისადმი სამსახური „ნაკადულისა“ მეტად ნაყოფიერი იყო“.
ჩვენი თხრობა მარიამ დემურიას შესახებ სრულყოფილად ვერ ჩაითვლება, თუ არ აღვნიშნავთ მისი მოღვაწეობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, კერძოდ, ეს არის ნებისმიერი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიების ხელმისაწვდომობა ხელმოკლე მოქალაქისთვის. ამ მიზნით, თბილისის განაპირას, ჩერქეზიშვილის ქუჩაზე, უმცირესი შემოწირულობებითა და ილია წინამძღვრიშვილის მხარდაჭერით, მარიამ დემურიამ, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დააარსა „ავჭალის აუდიტორია“, სადაც კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურის მიხედვით იდგმებოდა წარმოდგენები ქართულ ენაზე, იმართებოდა წიგნების, სტატიებისა თუ რაიმე საინტერესო დოკუმენტების საჯარო კითხვა, გამოცდილ მსახიობებთან ერთად გამოდიოდნენ არაპროფესიონალებიც, მათ შორის, მკვლევარი თედო სახოკია და პუბლიცისტი გიორგი ლასხიშვილი. ეს პატარა ქვითკირის სახლი მალე იქცა ქართული ენის დაცვის, თეატრის განვითარების, არაფორმალური და პოლიტიკური განათლების კერად, რომლის საქმიანობაში მონაწილეობის საშუალება ყველას თანაბრად ჰქონდა. მიუხედავად გაუთავებელი წინააღმდეგობებისა და სირთულეებისა, „ავჭალის აუდიტორიამ“ რამდენიმე წელი იფუნქციონირა და სასიკეთო გავლენაც მოახდინა ქალაქის გარეუბნის მცხოვრებლებზე – შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ ამ ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ ანტიცარისტული მოძრაობის მონაწილეებიცა და წინამძღოლებიც.
საბჭოთა რეჟიმი, 70 წლის განმავლობაში, საგულდაგულოდ უმალავდა თაობებს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მოღვაწე ადამიანების ვინაობას, უკიდურესად შეზღუდული იყო ამ მიმართულებით კვლევის შესაძლებლობაც. ასე შეგნებულად ამოიშალა XIX საუკუნის ისტორიიდან არაერთი მნიშვნელოვანი პიროვნების, საზოგადო მოღვაწის სახელი. რაკი დღეს ხელმისაწვდომია მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მეტად საინტერესო და საგულისხმო ინფორმაცია, ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებმა, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა XXI საუკუნეშიც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
მასალა მომზადებულია ლელა გაფრინდაშვილის საავტორო პროექტის მიხედვით –
განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები (webbreeze.net)