ცნობილია, რომ ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული, ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი, რომელიც სასწავლო-საგაკვეთილო პროცესში, სულ მცირე, ორი დისციპლინის დაკავშირებას – ინტეგრაციას გულისხმობს. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ამ დისციპლინებს შორის კავშირი უნდა იყოს ორგანული და მათი შერწყმა უნდა გვაძლევდეს საშუალებას, დავგეგმოთ შესაბამისი აქტივობები. გასათვალისწინებელია, რომ ინტეგრირებული გაკვეთილი გულისხმობს რამდენიმე დისციპლინის საერთო/მომიჯნავე თემის ირგვლივ გაერთიანებას, შესაბამისად, მის ჩასატარებლად საჭიროა რამდენიმე მასწავლებელი. მათი პროფესიული უნარ-ჩვევები და მაღალი კვალიფიკაცია ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარების წინაპირობაა. ინტეგრირებული გაკვეთილის პედაგოგიური ეფექტი საყურადღებოა მრავალი მიზეზის გამო — იძლევა ცოდნის სინთეზის შესაძლებლობას, გვეხმარება, ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ერთი სფეროდან მეორეში ცოდნის გადატანის უნარი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების და განზოგადების უნარის განვითარებას. ამ გაკვეთილებზე მიიღწევა ასევე სინამდვილის მთლიანობითი აღქმა, რაც ბავშვს გარემომცველი სამყაროს შემეცნებაში დიდ დახმარებას უწევს.
ინტეგრირებული გაკვეთილის უპირატესობებზე დღეს ბევრი იწერება. სწორედ ასეთი გაკვეთილის საშუალებით მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე ეჩვევიან სინთეზურ აზროვნებას, სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო ხდება, მაღლდება მოტივაცია. მუშაობის პროცესში პედაგოგს შეუძლია დაანახოს მოსწავლეს, რომ ცალკეული სასწავლო საგანი განსხვავებული თვალსაზრისით წარმოგვიდგენს რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებს. ინტეგრაცია სასწავლო პროცესში სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის ფორმირების, მოვლენებისა და პროცესების არსებითი ურთიერთკავშირის გაგების ხელშემწყობი ხდება. თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაც ხომ ეს არის – ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგანში მიღებული ცოდნა, დაეხმაროს მას, შეიქმნას ერთიანი, მთლიანი, ფართო წარმოდგენა სამყაროზე, ბუნებაზე, საზოგადოებასა და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ცოდნის სამი ტიპი:
- დეკლარატიული;
- პროცედურული;
- პირობისეული.
პირობისეული ტიპი გულისხმობს დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებას და სხვადასხვა კონტექსტში ტრანსფერის შესაძლებლობას. ვინაიდან ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, გადავწყვიტეთ IV-V კლასებში აღნიშნული ტიპის გაკვეთილის ჩატარება (ინტეგრირებული საგნები: ქართული და ინგლისური ენა). გაკვეთილის თემად შევარჩიეთ იგავების ენა. გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში:
♦ წიგნის კითხვის მოტივაციის გაზრდას;
♦ ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებას;
♦ შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
♦ კრიტიკული ანალიზის უნარს.
მოსწავლეებმა, პირველ ეტაპზე, ინგლისურ ენაზე წაიკითხეს ეზოპეს იგავი („კურდღელი და კუ“), ქართულად თარგმნეს და ტექსტი შეადარეს უკვე არსებულ თარგმანს; შემდეგ კი ერთად ნახეს ანიმაციური ფილმი;
მეორე ეტაპზე: ინგლისურ ენაზე ააგეს ტექსტი „დაჭრილი ფრაზებით“;
გაკვეთილის მესამე ეტაპზე, ჯგუფებს დაურიგდა ორი სხვადასხვა იგავის ილუსტრაციები, რომლებზე დაყრდნობით, მოსწავლეებს უნდა აღედგინათ იგავის სიუჟეტური ხაზი და შეექმნათ იგავის თავისებური ვარიანტი; იგავის შექმნის შემდეგ, მეოთხე ეტაპზე, ავტორისეული ვარიანტი ჯერ ქართულ, შემდეგ კი – ინგლისურ ენაზე წაიკითხეს.
გაკვეთილის მეხუთე ეტაპზე, მოსწავლეებს საგანგებოდ ამ გაკვეთილისთვის შექმნილი პერსონაჟის რუკა დაურიგდათ, მათ ერთ-ერთი პერსონაჟისთვის ქართულ-ინგლისურად უნდა მიეწერათ წერილი.
გაკვეთილის დასკვნით ეტაპზე, მოსწავლეებმა იმსჯელეს პერსონაჟებზე, იგავისთვის დამახასიათებელ მეტყველებასა და მორალზე.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ ყველა აქტივობაში; კოლეგებისა და დირექციის შეფასებით, გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა. ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით წარიმართა, ბოლომდე განხორციელდა და შეფასდა. ყველაზე წარმატებულად მიგვაჩნია ჯგუფური მუშაობა. ორივე ჯგუფმა შეძლო თანამშრომლობა, დროის ლიმიტის დაცვა, ჯგუფური პრეზენტაციის ჩატარება, მსჯელობა, ჯგუფის ყველა წევრი, შესაძლებლობის ფარგლებში, ერთვებოდა მუშაობაში.
ვაანალიზებთ რა ჩვენ მიერ ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილს, ვფიქრობთ, შეჯამების ფაზაზე მეტი დრო რომ დაგვრჩენოდა, პარალელსაც ინტეგრირებულად გავავლებდით ნასწავლ მოთხრობასთან. ამ გამოცდილებას გავითვალისწინებთ სამომავლოდ და უფრო მეტად დავფიქრდებით საგაკვეთილო დროის განაწილებაზე.
ვფიქრობთ, ჩვენი გამოცდილება საინტერესო და გამოსადეგი იქნება კოლეგებისათვის.
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. საგვიჩიოს საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
გულისა გეგეშიძე