სოსლან სურმანიძე
სსიპ დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. კვატიის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
თემა: ადამიანით ვაჭრობა/ტრეფიკინგი;
მიმართულება: სამოქალაქო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება;
თემატური კითხვები: რა არის ტრეფიკინგი?
რა მიზნით მიდიან საზღვარგარეთ დღეს?
რა გზის გავლა უწევთ მათ?
ადამიანებით ვაჭრობა – ტრეფიკინგი 21-ე საუკუნის საერთაშორისო საზოგადოების მთავარ გამოწვევად ითვლება. იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო უსაფრთხოება ზოგადი ეროვნული მიზნების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ვფიქრობთ, მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლება ამ მხრივ აუცილებელია.
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა“, დედაენის ძალის მნიშვნელობის სწავლებასთან ერთად, ამ მხრივ, საინტერესო მასალას იძლევა. ასაკობრივი ზღვრის გათვალისწინებით შევარჩიე ისეთი მეთოდები და აქტივობები, რომლებიც გაამრავალფეროვნებდა სასწავლო პროცესს და მოსწავლეების თვალსაწიერს გააფართოვებდა. შემოგთავაზებთ თითოეულს.
აქტივობა 1. მოსწავლეებს ვაცნობ საგაკვეთილო თემას და საკითხს, ვაჩვენებ ინტერნეტიდან მოძიებულ ფოტოებს და ვთხოვ, გამოთქვან ვარაუდები – რას გულისხმობს ტრეფიკინგი.
აქტივობა 2. ვაჩვენებ ეპიზოდს ფილმიდან „მამლუქი“.
აქტივობა 3. ვთხოვ, გამოკითხონ მოსწავლეები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ჩაინიშნონ მონაცემები: რამდენი მოსწავლე გამოკითხეს, რამდენმა იცოდა ტერმინის მნიშვნელობა, რამდენმა – არა.
აქტივობა 4. ქეისებით სწავლება, სიტუაციური ამოცანა – ქეთოს შემთხვევა: ვთავაზობ ბარათზე ცალკე ამოწერილ ეპიზოდს, როცა ქეთოს ლეკები იტაცებენ და ვთხოვ სიტუაციის გაანალიზებას, სამომავლო ვარაუდებს პერსონაჟთან დაკავშირებით.
აქტივობა 5. ჩანაწერი დღიურიდან, სოციოემოციური უნარების სწავლების მიზნით, მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ და გააკეთონ ჩანაწერი მოტაცებული ქეთოს შესახებ, ამისათვის ვეხმარები შაბლონური კითხვებით:
• განცდები, ემოციური მდგომარეობა, ფიქრები მომავალზე:
• ვინ ვარ მე;
• ჩემი საყვარელი ადგილი, პიროვნება, ნივთი, საჭმელი, სიმღერა…
• რაზე ვოცნებობ;
• რის წინააღმდეგი ვარ;
• ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები.
აქტივობა 6. ქეთოს ძებნის საშუალებები მშობლების მხრიდან: გაზეთი, ტელევიზია, ინტერნეტი, ქუჩის წარწერები… მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასურველ საშუალებას და ამზადებენ შესაბამის ტექსტს.
აქტივობა 7. როლური თამაში – ქეთო ბიოლოგიურ მშობლებთან და იავნანას ძალა.
აქტივობა 8: ფილმის ნახვა (მსგავსება-განსხვავებების პოვნა).
აქტივობა 9: კოგნიტურ სქემებზე მუშაობა მიმდინარეობს მთელი ტექსტის შესწავლის პროცესში. სქემები გვეხმარება კრიტიკული მსჯელობის უნარის განვითარებაში, ფაქტებზე დაკვირვებასა და ინფორმაციის დახარისხებაში.
აქტივობა 10: მოსწავლეებს ვთხოვ, დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, დაამზადონ პატარა ბროშურა, სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით. ბროშურის ფორმატსა და დიზაინს ვაზუსტებთ, ბროშურაში უნდა წარმოაჩინონ შემდეგი ინფორმაციები:
⇒ სტატისტიკური მონაცემების მოძიება-განთავსება;
⇒ ტრეფიკინგის გამომწვევი მიზეზები, შედეგები და რეკომენდაციები;
⇒ ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სერვისები ჩვენს ქვეყანაში;
⇒ ტრეფიკინგის საერთაშორისო დღე.