ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, თამარ ცანავამ წარმატებით დაასრულა ფულბრაიტის მასწავლებელთა გადამზადების 6-კვირიანი კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ოჰაიოს შტატის საუნივერსიტეტო ქალაქ კენტში. გთავაზობთ ქართველი მასწავლებლის ამერიკულ შთაბეჭდილებებსა და ქართულ რეალობას, რომელშიც ჩვენს პედაგოგებს უწევთ საგანმანათლებლო საქმიანობა. ინტერვიუში თამარი გვიამბობს პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული აქტივობებისა და ამერიკული გამოცდილების შესახებ, რომლის დანერგვასაც ახლა, თავის მოსწავლეებთან გეგმავს.
„…მახსოვს პირველი დღე, როდესაც სკოლაში მიგვიყვანეს და პირველი, რაც შესვლისთანავე გავიფიქრე, არა უფრო სწორად, რაც ვინატრე, იყო ის, რომ ჩემი სკოლაც ასეთი ყოფილიყო“; „დაახლოებით 6 სკოლა მოვინახულეთ და ყოველი მათგანი ერთმანეთზე მეტად მაკვირვებდა“; „რისიც ყველაზე ძალიან შემშურდა, ეს სასკოლო კვებაა“ – გვიყვება ქართველი მასწავლებელი.
ინტერვიუს მეორე ნაწილში კი, იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც მასწავლებლის პროფესიას ჩვენს ქვეყანაში ახლავს.
პირველი ნაწილი
ქართველი მასწავლებლის ამერიკული შთაბეჭდილებები
⇒ მოგვიყევით პროგრამის შესახებ
– ფულბრაიტის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამას (TEA Program) სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა ბიურო (ECA) და აშშ-ს მთავრობა, ადმინისტრირებას კი უწევს აირექსი (IREX).
ეს არის ძალიან კონკურენტუნარიანი პროგრამა, რომელში მოხვედრასაც, ყოველწლიურად, ათასობით მასწავლებელი ცდილობს მთელი მსოფლიოდან. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მათგან, დაახლოებით, 90 პედაგოგი შეირჩევა. თითო მონაწილე ქვეყნიდან 1 ან მაქსიმუმ 2 კანდიდატი მოდის. შემდეგ ეს მასწავლებლები გადანაწილდებიან ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტში, სადაც 6-კვირიან ინტენსიურ კურსს გადიან. საქართველოდან, ზამთრის კოჰორტზე, ერთი მასწავლებელი მიდის და შემოდგომაზე – ერთი. ეს პროგრამა ათეულობით წელია წარმატებით ხორციელდება და ნამდვილად უკონკურენტოა მსოფლიოს მასშტაბით. მე მოვხვდი ოჰაიოს შტატში, ქალაქ კენტში, რომელიც საუნივერსიტეტო ქალაქია და მქონდა ბედნიერება მენახა, რას ნიშნავს ნამდვილი სტუდენტური ცხოვრება განვითარებულ ქვეყანაში.
⇒ თამარ, რა შესაძლებლობა გააჩინა ფულბრაიტის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაში მონაწილეობამ?
– პირველ რიგში, დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში და იმაში, რომ არასოდეს უნდა დანებდე, რადგან ამ პროგრამაში მესამედ მივიღე მონაწილეობა და ბოლო ჯერზე გაამართლა, გავხდი ფინალისტი, რამაც ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა. შემდეგი შესაძლებლობა არის ის, რომ ამ პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს, ყოველ წელს, აქვთ შანსი, ამერიკის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა და სარგებელი მოუტანონ საკუთარ სკოლას. ასევე ყველაზე მთავარი — მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 20 მასწავლებელი გავიცანი, მათთან ერთადაც შემიძლია, საერთაშორისო პროექტები დავგეგმო როგორც პროფესიული, ასევე კულტურული თვალსაზრისით, რაც თავისთავად აისახება ჩემი მოსწავლეების მოტივაციაზე.
⇒ ექვსკვირიანი პროგრამის ფარგლებში, რა აქტივობები იყო შემოთავაზებული?
– ექვსკვირიანი პროგრამის ფარგლებში, მასწავლებლები პროფესიული განვითარების ვრცელ ტრენინგში მონაწილეობენ, რომელიც 45-საათიან სემინარს მოიცავს ზოგად პედაგოგიკაზე (მაგ., მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, სასწავლო გეგმის შემუშავება, გაკვეთილის დაგეგმვა, შეფასება, კლასის მართვა, მასწავლებლის ხელმძღვანელობა); 35-საათიანი ტრენინგი — მათი საგნის სწავლებაში და 20-საათიანი სწავლება კლასში ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების შესახებ (მაგ., დაბალტექნოლოგიური ვარიანტები, უფასო და ღია კოდის ტექნოლოგიები, თანამედროვე აპები და სხვ). ამ სასწავლო კურსებს ადმინისტრირებას აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტები უწევენ. გარდა ამისა, პროგრამის მონაწილეები 40-საათიან თანასწავლებას გადიან, აშშ-ს პარტნიორ მასწავლებელთან ერთად, საშუალო სკოლაში, მათ მასპინძელ უნივერსიტეტთან ახლოს. თანასწავლების ფარგლებში, მასწავლებლები აკვირდებიან სასწავლო პროცესს, მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობაში და წარადგენენ კულტურულ პრეზენტაციებს როგორც სასკოლო საზოგადოების, ასევე სტუდენტების წინაშე, უნივერსიტეტშიც.
პროგრამის ფარგლებში, ასევე, იყო დამატებითი კულტურული აქტივობებიც, სადაც მონაწილეებს საშუალება გვქონდა, გავცნობოდით ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს, დაგვეთვალიერებინა მუზეუმები, თეატრი და ნაკრძალი. ვესტუმრეთ ნიაგარას ჩანჩქერს, რომელიც დაუვიწყარი სანახაობა იყო თითოეული ჩვენგანისთვის. კლივლენდის თეატრში დავესწარით ვიქტორ ჰიუგოს წიგნის „საბრალონი“ მიხედვით დადგმულ მიუზიკლს, რომელშიც ბროდვეის ცნობილი მსახიობები მონაწილეობდნენ. ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ავაწყვეთ 3D პრინტერით დაბეჭდილი მაჯები, რომლებიც საქველმოქმედო მიზნით გაიგზავნა სხვადასხვა ქვეყანაში, ადამიანებთან, რომელთაც არ ჰქონდათ მაჯა. ლექციებზე იწვევდნენ მკვლევრებს, პროფესორებს და დარგის სპეციალისტებს, რომლებიც გვესაუბრებოდნენ მსოფლიოში მიმდინარე პრობლემურ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე (მაგალითად, გლობალური დათბობა, დისკრიმინაცია, პოლიტიკა და სხვა). გვყავდა ადგილობრივი მეგობარი ოჯახები, რომლებიც ჩვენზე ზრუნავდნენ, დავყავდით ოჯახურ შეკრებებზე, საყიდლებზე, გვეპატიჟებოდნენ სადილზე და გვაცნობდნენ მათი კულტურისთვის დამახასიათებელ კერძებსა თუ სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.
⇒ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და განსხვავებული ამერიკულ სკოლებში?
– მახსოვს პირველი დღე, როდესაც სკოლაში მიგვიყვანეს და პირველი, რაც შესვლისთანავე გავიფიქრე, არა, უფრო სწორად, რაც ვინატრე, იყო ის, რომ ჩემი სკოლაც ასეთი ყოფილიყო. ინფრასტრუქტურით დაწყებული, პერსონალის დამოკიდებულება, მოსწავლეების ქცევა და რესურსების ხელმისაწვდომობა, რომელი ერთი ჩამოვთვალო. უდიდესი სპორტული და სავარჯიშო დარბაზები, მუსიკის, ხელოვნების, ბიოლოგიის და ისტ-ის ოთახები. სკოლებს საკუთარი ფეხბურთის მოედნები, სათამაშო მოედნები და მზის ენერგიის სადგურებიც კი აქვთ. ბავშვების განვითარება, სპორტული და ხელოვნების კუთხით, ნამდვილად მათი ძლიერი მხარეა.
დაახლოებით, 6 სკოლა მოვინახულეთ და ყოველი მათგანი ერთმანეთზე მეტად მაკვირვებდა. მაგალითად, თეოდორ რუზველტის სახელობის საჯარო სკოლაში, დამატებით, 14 პროფესიული მიმართულებაა – სამრეწველო, საექთნო, მენეჯმენტი, მარკეტინგი, სილამაზე, მოდა, სასოფლო-სამეურნეო, სამშენებლო და სხვა. ახლომდებარე რეგიონების 6 სკოლა შეთანხმდა, რომ ამ სკოლაში ექნებოდათ პროფესიული მიმართულებები და ამ სკოლებიდან ბავშვები, შუადღის მერე, მოჰყავთ რუზველტის სკოლაში, სადაც ისინი სხვადასხვა პროფესიებს ეუფლებიან, საბოლოოდ კი, გამოცდების ჩაბარება უწევთ შტატის დონეზე დიპლომების მისაღებად.
გარდა პროფესიული მიმართულებისა, ყველაზე თვალშისაცემი იყო სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის სრული ხელშეწყობა როგორც რესურსებით, ასევე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. მშობელთა ჩართულობა და კოლაბორაცია იყო თვალშისაცემი. ყველა სკოლის მმართველი ბორდი აღნიშნავდა მშობლების როლს სკოლის წარმატების ისტორიაში. რადგან აღნიშნული საჯარო სკოლები მშობლების მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, გასაკვირიც არ არის მათი ინტერესი შვილების უკეთესი განათლებისა და მისი მუდმივი გაუმჯობესებისთვის.
და კიდევ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო რისი შემშურდა ყველაზე მეტად – სასკოლო კვება! ყველა სკოლას აქვს უდიდესი კაფეტერია, სადაც მოსწავლეები ლანჩზე გადიოდნენ. ლანჩი სულ რაღაც 3 დოლარი ღირდა და საკმაოდ დიდი არჩევანი იყო – ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი საკვები, ბურგერები, ჩაი, ყავა, რძე და გაზიანი სასმელები (ბურგერები და გაზიანი სასმელები, რა თქმა უნდა, ჯანსაღ კვებად არ ითვლება, თუმცა, მთავარი მიდგომა, რაც ამ სკოლებში აქვთ, არის ის, რომ საკვები ყველანაირი გემოვნების მქონე ბავშვისთვის იყოს შეთავაზებული).
⇒ რა მიდგომებს იყენებენ მოსწავლეთა შეფასებისას?
დაწყებით საფეხურზე ხშირად იყენებენ სტანდარტებზე დაფუძნებულ შეფასების სისტემას. ამ სისტემით, მოსწავლეებს აფასებენ მათი პროგრესის მიხედვით, კონკრეტული სწავლის სტანდარტების მიღწევის მხრივ, მაგალითად, ასეთი რამ:
— E (Exceeds Expectations)
— M (Meets Expectations
— P (Progressing)
— N (Needs Improvement)
ასევე, გამოიყენება რეგულარული უკუკავშირი, რომლებიც მოსწავლეების დღიურ პროგრესზეა ფოკუსირებული, ანუ როგორც ჩვენთანაა, უფრო განმავითარებელ შეფასებას იყენებენ, ოღონდ იქ ნამდვილად ხდება ეს და საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ. ჩვენთან, საჯაროში, იშვიათად მინახავს, სიღრმისეული განმავითარებელი კომენტარები მიეცათ მოსწავლეებისთვის და ესეც უდროობის და ჩვენი სისტემური პრობლემების ბრალია (კიდევ იმის, რომ მასწავლებლების უმეტესობას განმავითარებელი კომენტარი მხოლოდ „კარგი გოგო/კარგი ბიჭი“ ჰგონია და დღემდე ათას ინსტრუმენტს, რომელიც არსებობს, არავინ აწვდის სწორად, გასაგებად და ხარისხიანად).
საბაზო საფეხურზე უფრო ტრადიციული ასოებით შეფასების სისტემა გამოიყენება (A-დან F-მდე) და თავისთავად განმავითარებელიც. საბაზო საფეხურის ბოლოსკენ, შესაძლოა, უფრო აქტიურად გამოიყენონ GPA-ს სისტემა, რათა მოსწავლეების აკადემიური მოსწრება უკეთ გააკონტროლონ და საშუალო საფეხურისთვის მოამზადონ.
საშუალო საფეხურზე კი უფრო სტანდარტიზებული ნიშნის სისტემა გამოიყენება, ანუ ნიშნების სისტემა და GPA (Grade Point Average) ერთადაა. ნიშნები ითვლება GPA-ს მიხედვით:
A = 4.0
B = 3.0
C = 2.0
D = 1.0
F = 0.0 (ჩაჭრა)
საშუალო სკოლაში, აკრედიტაციისთვის, ასევე, საჭიროა გარკვეული რაოდენობის კრედიტების დაგროვება. თითოეულ საგანს შესაბამისი კრედიტი ენიჭება და მოსწავლეებმა უნდა დააგროვონ მინიმალური კრედიტები, რათა დაასრულონ სწავლა (უნივერსიტეტის სისტემას ჰგავს).
ოჰაიოს შტატში (ყველა შტატს თავისი კურიკულუმი და მიდგომა აქვს), მოსწავლეები ასევე აბარებენ შტატის სტანდარტიზებულ ტესტებს, რომლებიც ატესტატის მისაღებადაა (State Tests) საჭირო. არიან ისეთებიც, ვინც ვერ აბარებს და რამდენჯერმე უწევთ ამ გამოცდაზე გასვლა.
ნიშნებს კი მხოლოდ საკლასო მუშაობაში წერენ, იმიტომ რომ, ძირითადად, დავალებებს კლასში აკეთებენ და სახლში არ აქვთ. შემაჯამებლებიც, როგორც ჩვენთან, ასევეა, მინიმუმს უწესებენ, მაგრამ მასწავლებელზეა დამოკიდებული რამდენს დააწერინებს.
⇒ საინტერესოა როგორ ხდება მასწავლებლების პროფესიული განვითარება?
– რაც შეეხება მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას, პროფესიაში შესვლამდე, საჭიროა, მინიმუმ, ბაკალავრის დიპლომი, შემდეგ კი საგნობრივი კურსის გავლა, ასევე პედაგოგიური კურსი და პრაქტიკა სტუდენტებთან. ამის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია დასაქმდეს სკოლაში.
პროფესიაში შესვლის შემდეგ, მასწავლებლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ კონფერენციებში, დააგროვონ პროფესიული ზრდის დამადასტურებელი კრედიტები და გაიარონ ტექნოლოგიური ტრენინგები. როგორც ვხედავთ, მასწავლებლობა საკმაოდ რთულია, თუმცა ხელფასები, საპენსიო სისტემა, დაზღვევა და პროფესიული კავშირების მხრიდან დაცულობის შეგრძნება მათ განვითარებად ქვეყნებში მომუშავე მასწავლებლებზე ბევრად უპირატეს მდგომარეობაში ამყოფებს.
⇒ როგორი იყო საგაკვეთილო პროცესი ამერიკულ სკოლებში, თვალშისაცემია განსხვავება?
– პირველი, რაც გაკვეთილზე დაკვირვებისას თვალში მომხვდა, იყო პროცესის მშვიდი მიმდინარეობა. ჩვენთან თუ, გადატვირთული კურიკულუმის გამო, მუდმივად „მოსწრებაზე“ ვართ, ისინი არ ჩქარობენ. შეიძლება, თითო თემას რამდენიმე გაკვეთილი დაუთმონ, მაგრამ ბევრად სიღრმისეულად გაიარონ ის კონკრეტული საკითხი, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ ყველა მოსწავლემ გაიაზრა ახსნილი მასალა. ასევე განსხვავებულია მასწავლებლების მიდგომა და ურთიერთობები მოსწავლეებთან, რადგან იგრძნობა პატივისცემა და მეგობრული დამოკიდებულება, ორივე მხარის შემთხვევაში.
⇒ როგორ გამოიყენებთ იქ მიიღებულ ცოდნას და რას დანერგავთ ან მოარგებთ ამერიკული გამოცდილებიდან თქვენს გაკვეთილებს?
– პირველ რიგში, ინგლისურის ლექციებიდან მიღებული გამოცდილების დანერგვა დავიწყე და ვცდილობ, მოსწავლეებთან ვიმუშაო მედიაწიგნიერების სხვადასხვა მიმართულებით, რადგან ციფრულ საუკუნეში, დეზინფორმაციის გავრცელების პარალელურად, აუცილებელია, ბავშვებს ინფორმაციის სწორად მოძიების და გადახარისხების უნარი განვუვითაროთ. ასევე, ვაპირებ საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებთან ერთად. მინდა, სკოლაში გავხსნა ინგლისური ენის კუთხე, სადაც მოსწავლეებს თანამედროვე ლიტერატურას გავაცნობ და ენობრივი უნარების გაუმჯობესებაში დავეხმარები. სკოლაში მიღებული გამოცდილებიდან კი მინდა, მოსწავლეებს თვითრეგულირების ისეთი უნარები გამოვუმუშაო, რომლებიც სასწავლო პროცესში მათ დამოუკიდებლად მუშაობას და ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, პრიორიტეტების გადანაწილებას შეუწყობს ხელს.
♦♦♦
მეორე ნაწილი
მასწავლებლის ქართული რეალობა
⇒ როგორი იყო თამარ ცანავას გზა მასწავლებლობამდე…
– გზა მასწავლებლობამდე ჩვენთანაც საკმაოდ რთულია, რადგან უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა კადრის სკოლაში შესვლა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუ გაგიმართლა და საჯარო სკოლაში დაიწყე მუშაობა, ძალიან ბევრ ბარიერს გადიხარ, დაწყებული გარემოს შეგუებიდან, დასრულებული თაობათა შორის არსებული განსხვავებული შეხედულებებით, რადგან ასაკოვან, გამოცდილ მასწავლებლებს ხშირად ჰგონიათ, რომ ახალგაზრდა მასწავლებელი მათსავით კარგად ვერ ასრულებს მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობებს. როდესაც სკოლაში შედიხარ, სულ სხვა რეალობა გხვდება, ვიდრე თეორიულად ისწავლე უნივერსიტეტში და პირველი რამდენიმე წელი გგონია, რომ წლის ბოლოს, შესაძლოა, სკოლა დატოვო. თუ რამდენიმე წელი გადალახე და შეგუების პროცესი დაგეწყო, მერე უკვე იმდენად გიყვარდება შენი პროფესია, რომ მისგან თავის დაღწევის სურვილი აღარ გაქვს. თუმცა, აცნობიერებ, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული სამსახური გაქვს არჩეული, რომელიც მომავალი თაობის სწორად აღზრდასთან ერთად, სწორი მოქალაქეობრივი ღირებულებების ქონასაც მოითხოვს.
⇒ რა სირთულეები ახლავს ჩვენს ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიას?
– ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. რამდენიმე მათგანი ასე გამოიყურება:
- სოციალური გამოწვევები
მოსწავლეებთან ურთიერთობა: ყველა ბავშვი განსხვავებულია, შესაბამისად, მასწავლებელს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან;
მშობლებთან კომუნიკაცია: მშობლების მოლოდინები და მოთხოვნები, ხშირად, დიდი ზეწოლაა მასწავლებლისთვის;
საზოგადოებრივი აღქმა: საქართველოში მასწავლებლის პროფესია ყოველთვის სათანადოდ არ ფასდება, რაც უარყოფითად აისახება მასწავლებლის მოტივაციაზე.
- ფინანსური სირთულეები
დაბალი ანაზღაურება: მასწავლებლის ხელფასი არ შეესაბამება მისი შრომის მოცულობას და პასუხისმგებლობას;
რესურსების ნაკლებობა: სკოლებში, უმეტესად, არ გვაქვს საჭირო ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო რესურსები, რაც სწავლების ხარისხზე გავლენას ახდენს.
- პროფესიული გამოწვევები
მუდმივი განვითარება: თანამედროვე განათლების სტანდარტები მუდმივ სწავლასა და უნარების განახლებას მოითხოვს, რაც, უმეტესად, ასაკოვანი მასწავლებლებისთვის, ერთგვარ სირთულეს წარმოადგენს, ეს კი აფერხებს სასწავლო პროცესის ხარისხს;
სამუშაოს დატვირთვა: გაკვეთილების მომზადება, ტესტების შედგენა, კლასის მართვა და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ფაქტობრივად, საკუთარი პირადი ცხოვრებისთვის და ოჯახისთვის დრო საერთოდ არ გვაქვს!
ინკლუზიური განათლება: სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობა დამატებით უნარებსა და ცოდნას საჭიროებს, რაც მასწავლებლებისთვის სირთულეა, თუ სათანადო მომზადება არ აქვთ.
- ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა
ემოციური გადატვირთვა: ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობისას, ხშირია ემოციური დაძაბულობა;
სტრესი და გადაღლა: მუდმივი პასუხისმგებლობა, დაკვირვება და მოლოდინები მასწავლებლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს.
⇒ თქვენი თვალთახედვით, მაინც რა არის განათლების სისტემის ნომერ პირველი გამოწვევა?
– საქართველოში განათლების სისტემის მთავარი გამოწვევა არის ხარისხიანი და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისთვის, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ან სპეციალური საჭიროებებისა. სწორედ ეს განგვასხვავებს განვითარებული ქვეყნების განათლების სისტემისგან. მათ აქვთ ეს მიზანი – Equity – ყველას უნდა მივცეთ ისეთი განათლება, როგორიც თითოეულ მათგანს სჭირდება! ჩვენთან კი დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ მოსწავლეებს ამგვარად მივუდგეთ და სკოლების დეცენტრალიზაციას მივაღწიოთ, რომ ყველამ სათითაოდ განსაზღვროს საკუთარი მოსწავლეების საჭიროებები და ჰქონდეთ განსხვავებული მისია, ხედვა და ღირებულებები. გადახედეთ სკოლების სტრატეგიულ გეგმებს, ისინი, თითქმის ყველა სკოლისთვის, შაბლონურია. იშვიათად თუ ნახავთ სკოლას, რომელიც მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს განსაზღვრავს ან თემში არსებულ გარემოებებს არგებს სკოლის სტრატეგიულ გეგმას.
⇒ სკოლის ყველაზე დიდი საჭიროება
– ვფიქრობ, ერთ საჭიროებას ვერ გამოვყოფ, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. აუცილებელია, ყველა სკოლას ჰქონდეს ინფრასტრუქტურულად აღჭურვილი თანამედროვე სპორტული დარბაზები, სასადილოები და საპირფარეშოები, რადგან ყველამ ვიცით, რომ პირველადი საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარეშე აზრი არ აქვს სასწავლო პროცესის წარმართვას. თუ მოსწავლე მშიერი გყავს, რომელ განათლებაზეა საუბარი?! თუ მომავალ თაობას სპორტულად და ჯანსაღად არ ზრდი, ე.ი. დემოგრაფიულ მომავალსაც საფრთხეში აგდებ; თუ სკოლებს ანგრევ და არ აშენებ, ე.ი. განათლება საერთოდ მეასეხარისხოვანია ამ ქვეყნისთვის!
⇒ როგორია თქვენი საოცნებო სკოლა, სადაც გსურთ, თქვენმა შვილებმა ისწავლონ?
– ჩემი საოცნებო სკოლა არის სივრცე, რომელიც ბავშვის განათლებას, განვითარებასა და ბედნიერებას ყველაზე მაღლა აყენებს. ეს სკოლა აერთიანებს საუკეთესო გარემოს, მეთოდებსა და ფასეულობებს, რაც ბავშვებს სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ჩამოვთვლი რამდენიმე მახასიათებელს:
მეგობრული და ინკლუზიური გარემო;
თანამედროვე და ეკოლოგიური ინფრასტრუქტურა;
ინოვაციური სასწავლო მეთოდები;
მაღალკვალიფიციური და მოტივირებული მასწავლებლები;
ბავშვის ემოციური და სოციალური განვითარება;
მშობლების აქტიური ჩართულობა;
სწავლება, რომელიც აერთიანებს ადგილობრივსა და საერთაშორისო გამოცდილებას;
ბედნიერების და დადებითი ემოციების ადგილი, სადაც ბავშვებს უყვართ სწავლა და უხარიათ მისვლა, რადგან მათი ინტერესის სფერო ყოველდღე იზრდება.
⇒ თავიდან რომ იწყებდეთ, ისევ მასწავლებლის პროფესიას აირჩევდით?
– დიახ, კვლავ მასწავლებლის პროფესიას ავირჩევდი, თუმცა ახლა ამ არჩევანს კიდევ უფრო გააზრებულად და მყარად მივიღებდი. მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მოვალეობა, შთაგონება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე. მიუხედავად სირთულეებისა, მასწავლებლობის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივატორია შედეგი, რომელსაც მოსწავლეების განვითარებაში ხედავ. თუ შენი ერთი მოსწავლე მაინც გახდება პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილად არ დახარჯულხარ!
ესაუბრა ლალი ჯელაძე