როგორ უნდა მოხდეს ახალგაზრდა კადრების სკოლებში შეყვანა და რამდენად უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სისტემა მათ მომზადებას — გვესაუბრება ქეთევან ჭკუასელი, თსუ-ს პედაგოგიკის ინსტიტუტის პროფესორი.
— ცოტა ხნის წინ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ შეცდომა იყო პედაგოგიური უნივერსიტეტის გაუქმება. როგორ ფიქრობთ, შეაფერხა თუ არა ამ გადაწყვეტილებამ კვალიფიციური კადრების მომზადება?
— ვიდრე ამ კითხვებზე გიპასუხებდეთ, ხომ არ იქნება საინტერესო, დაისვას კითხვა — რა ისტორიული მეხსიერება აქვს ქართულ სახელმწიფოს მასწავლებლის მომზადების საკითხთან დაკავშირებით. თან ერთგვარი ექსკლუზიური ინფორმაცია იქნება, რაც აქამდე ამ ფორმატით არ დაბეჭდილა…
ამისათვის აუცილებელია განვმარტოთ, რა არის პედაგოგიური ინსტიტუტის მიზანი, რატომ შეიქმნა პედაგოგიური ინსტიტუტები და რატომ გაუქმდა ისინი.
პედაგოგიური ინსტიტუტის მიზანი მასწავლებელთა კორპუსის მომზადებაა. ისტორიულად, საყოველთაო განათლების აღიარებამ, ცხადია, მოიტანა მასწავლებელთა დიდი რაოდენობის საჭიროება, რასაც ვეღარ უზრუნველყოფდა იმ დროისთვის არსებული სამასწავლებლო სასწავლებლები. პირველი პედაგოგიური ინსტიტუტები მთელ მსოფლიოში უნივერსიტეტებთან არსებობდნენ (როგორც მასწავლებლის მომზადების პროგრამები) და იქ სწავლა არჩევით ხასიათს ატარებდა. ვისაც მასწავლებლობა სურდა, გარკვეული რეგულაციებით, ძირითადი სპეციალობის პარალელურად ან შემდეგ, უნდა გაევლო მასწავლებლობის პროგრამაც ამ ტიპის პედინსტიტუტში. თუმცა ეს ინსტიტუტები ცალკეც არსებობდა, მაგ., საქართველოში, სამასწავლებლო ინსტიტუტი, 1866 წელს გაიხსნა, სადაც სწავლა 3-4 წელი გრძელდებოდა.
1918 წელს პირველი ქართული უნივერსიტეტი დაარსდა. იმდროინდელი მთავრობა, ცხადია, სერიოზულად ფიქრობდა მასწავლებლის მომზადების საკითხებზე და უკვე 1919 წელს, მსგავსად მსოფლიოში არსებული გამოცდილებისა, უნივერსიტეტთან გახსნა პედაგოგიური/საპედაგოგიო/ინსტიტუტი, რომელსაც დიმიტრი უზნაძე ხელმძღვანელობდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ინსტიტუტისადმი მთელი პროფესურისა და ინტელიგენციის ყურადღება იყო მიმართული, ის სპეციალური ზრუნვის საგანი იყო, ვინაიდან ყველამ კარგად იცოდა, რომ თუ მასწავლებელი არ გყავს, ქვეყანას ვერ ააშენებ. 1921 წლიდან საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილია. საბჭოთა კავშირი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა მოსახლეობის წერა-კითხვის უცოდინრობის თვალსაზრისით. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მასწავლებელთა კორპუსის ჩამოყალიბებასა და გაზრდას. ამიტომ ქვეყანაში მასწავლებლის მომზადების სხვადასხვა გზა არსებობდა. დაწყებითი სკოლის მასწავლებელს, როგორც წესი, სხვადასხვა ტიპის პროფესიული სასწავლებლები და ქალთა უმაღლესი კურსები (თბილისში 1909 წ. გაიხსნა, ითვლება, რომ ის პირველი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში) ამზადებდა, ხოლო საბაზო და საშუალო სკოლის მასწავლებელს, როგორც წესი, უნივერსიტეტები ამზადებდნენ და, ამასთან, სავალდებულო წესით. ანუ, თუ შენ უნივერსიტეტის სტუდენტი იყავი, ძირითად სპეციალობასთან ერთად, აუცილებლად უნდა გაგევლო პედაგოგიურ/ფსიქოლოგიური დისციპლინები, პედაგოგიური პრაქტიკა (კურიკულუმის 11%) და უნივერსიტეტის დასრულებისას გენიჭებოდა როგორც ძირითადი სპეციალობის სპეციალისტის, ასევე მასწავლებლის წოდება ამ სპეციალობაში. მალე გახდა ნათელი, რომ მზარდი განათლების პირობებში, მასწავლებელთა ამ კადრის რაოდენობა სრულიად არასაკმარისია და 30-იან წლებში საბჭოთა მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი პედაგოგიური ინსტიტუტი გახნას, ჯერ 4-წლიანი, ხოლო შემდეგ 5-წლიანი სწავლებით. პედაგოგიური ინსტიტუტები ამზადებდნენ სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებს და სრული საშუალო სკოლის მასწავლებლებს ყველა საგანსა თუ საგნობრივ ჯგუფში. 1935 წლიდან საქართველოს 8 ქალაქში გაიხსნა პედაგოგიური ინსტიტუტები (თბილისი, ქუთაისი, გორი, თელავი, ცხინვალი, ბათუმი, სოხუმი, ზუგდიდი), რომელთა ჩამოყალიბებასა და გამართვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თაოსნობდა, ბუნებრივია, პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის /1929წ./, მეცნიერებათა აკადემიის და ქვეყნის მთელი ინტელიგენციის მონაწილეობით. კიდევ ერთს დავამატებ, რათა ნათელი გახდეს პედაგოგიური ინსტიტუტების გახსნისა და არსებობის აუცილებლობა. ყველა პედაგოგიური ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, სახელმწიფოს მიერ, სავალდებულო წესით ინიშნებოდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მასწავლებლად და თავდაპირველად, ამ ვალდებულებისგან გათავისუფლება საკმაოდ რთული იყო. შემდგომში, კადრის დაგროვებასთან ერთად, 70-იანი წლებიდან, ეს რეჟიმი მოსუსტდა, მაგრამ უმუშევარ მასწავლებელთა არმიაც გაიზარდა. ვფიქრობ, გასაგებად გამოვხატე, რომ პედაგოგიური ინსტიტუტების გახსნა პედაგოგიური კადრის დეფიციტმა გამოიწვია და სახელმწიფოს ნება და მხარდაჭერაც მასწავლებლის მომზადების პროცესისადმი სერიოზული იყო, რაც, თავისთავად, პროფესიასაც პრესტიჟულს ხდიდა.
ახლა მივუბრუნდეთ მინისტრის განცხადებას, რომ შეცდომა იყო პედაგოგიური უნივერსიტეტის გაუქმება. ისმის კითხვა, ვინ გააუქმა და რატომ? ასეთი სახელმწიფო რეგულაცია არ არსებობს. ეს უფრო სახელმწიფოს ლიბერალური პოლიტიკის საკითხია უმაღლესი განათლების სფეროში 90-იან წლებში, როცა სახელმწიფო ვეღარ აფინანსებდა უმაღლეს სკოლას და ამიტომ დათმო სადავეები. თითოეულ ინსტიტუტს თავი უნდა გადაერჩინა, მასწავლებლობა არაპრესტიჟული პროფესია გახდა არსებობისთვის, ეს პროფესია ხელისუფლებასაც დაავიწყდა, სულ უფრო და უფრო მცირდებოდა მასწავლებლობის მსურველთა რიცხვი და პედინსტიტუტები (მასწავლებლის მომზადების უმდიდრესი პროგრამული გამოცდილებით) გაქრობის წინაშე დადგნენ. ადამიანებმა, სახელმწიფოს ნებართვით, გამოსავალი იპოვეს — პედაგოგიური ინსტიტუტები უნივერსიტეტებად გადაკეთდა. სხვათა შორის, პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმაც შეიცვალა სტატუსი, ვინაიდან მაშინ, ინჟინრობაც არაპრესტიჟული იყო. კითხვის მეორე ნაწილს — შეაფერხა თუ არა ამ გადაწყვეტილებამ კვალიფიციური კადრების მომზადება? — ვუპასუხებდი, რომ კვალიფიციური კადრის მომზადება დღეს საქართველოში, როგორც საერთაშორისო კვლევები მოწმობს, ნამდვილად შეფერხებულია, მაგრამ ამის მიზეზი ინსტიტუტების გადაკეთება არ არის, უნივერსიტეტებიც ვერ ამზადებენ კვალიფიციურ კადრს. მიზეზების ანალიზი ამჯერად ჩვენი მსჯელობის თემა არ არის. მაგრამ პედაგოგობის მსურველთა რაოდენობა ნამდვილად სერიოზულად შემცირდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ უნივერსიტეტებს პედაგოგიური მიმართულება კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებათა რანგში აქვთ, თანაც, უნივერსიტეტის სტატუსი თითქოს უფრო მიმზიდველი უნდა იყოს სტუდენტისათვის, მაგრამ პროფესიის არაპრესტიჟულობას ვერ შველის უმაღლესი სკოლის სტატუსი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ზოგადი განათლების კანონში ცვლილებების ბოლო რედაქციის თანახმად, მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიანი ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხით, ნაწილობრივ წააგავს პედაგოგიური ინსტიტუტის სწავლების მოდელს, იმ თვალსაზრისით, რომ აბიტურიენტი შემოდის არა რომელიმე სხვა პროგრამაზე, არამედ მასწავლებლის მომზადების ხუთწლიან პროგრამაზე სასურველი საგნის მიხედვით. ანუ, აბიტურიენტი არჩევანს თავიდანვე აკეთებს მასწავლებლის პროფესიაზე ისე, როგორც პედაგოგიური ინსტიტუტის არჩევანს აკეთებდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს მოდელი საგრძნობლად მაინც ვერ გაზრდის მასწავლებლობის მსურველთა რაოდენობას.
— თქვენი აზრით, როგორ უნდა მოხდეს ახალგაზრდა კადრების სკოლაში შეყვანა თუკი სქემა არ აღიარებს მაინორ პროგრამაგავლილებს პედაგოგებად? მაშინ რა ფუნქცია აქვს ამ პროგრამებს და სად საქმდებიან ისინი?
— მასწავლებლის მომზადების გაცილებით უკეთესი მოდელია, საქართველოს ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, მუხლი 21/3, პუნქტი: დ) /მასწავლებლებს/ უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია.
ეს პუნქტი ეხება ამა თუ იმ საგნის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებით — minor- პროგრამას და ადასტურებს, რომ თუ სტუდენტი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის ფარგლებში /240 კრედიტის ფარგლებში/ გაივლის მასწავლებლის 60-კრედიტიან პროგრამას და დადგენილი წესით ჩააბარებს გამოცდას შესაბამის საგანში, მას ექნება მასწავლებლობის უფლება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ აქვს დანახარჯი მასწავლებლის მომზადების ამ მოდელში, ასევე, სტუდენტიც არ იხდის დამატებით გადასახადს და, ამასთანავე, სტუდენტს არ ეხარჯება ზედმეტი დრო. მან მაინც უნდა გაიაროს ის 60 კრედიტი თავისუფალი საგნების ფორმატით, სხვაგვარად ვერ დაამთავრებს ბაკალავრიატს. რატომ არ ერჩივნება მას გაიაროს მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამა და ბაკალავრიატი დაასრულოს მასწავლებლობის უფლებით? ამას პრაქტიკაც ადასტურებს. უნივერსიტეტები minor პროგრამის ფარგლებში საკმაო რაოდენობის მასწავლებლებს ამზადებენ. თუმცა აქაც არის სამუშაო საგნების მიხედვით. მაგ., დაბალია მოთხოვნა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლობაზე და, ვშიშობთ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამედროვე საგამოცდო პოლიტიკა კიდევ უფრო შეასუსტებს მასწავლებლობის მსურველებს ამ სფეროში, რომ აღარაფერი ვთქვათ აბიტურიენტებზე. რაც შეეხება სქემას, იგი აღარ განსაზღვრავს პროფესიაში შესვლის პირობებს. ასე რომ, კანონის ამგვარი ფორმულირების პირობებში, ვერავითარი სქემა ვერ აუკრძალავს პირს მასწავლებლობას. საქმე ისაა, რომ არც პროფესიულმა და არც ფართო საზოგადოებამ არაფერი ვიცით რას გეგმავს განათლების სამინისტრო. განათლების სამინისტრო თვლის, რომ რეფორმის /უკვე მერამდენე?/ყველა საკითხი თავად, პროფესიული საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლად უნდა გადაწყვიტოს და ფაქტის წინაშე დაგვაყენოს. რბილად რომ ვთქვათ, მართვის ამ მოდელით ხელმძღვანელობა უხერხულია თანამედროვე საზოგადოებაში. ამ ფონზე, როგორღა უნდა ვიფიქროთ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულობის ამაღლებაზე? თუ მისი აზრი არავის აინტერესებს, მის გარეშე წყვეტენ სწავლა/აღზრდის იმ საჭირბოროტო საკითხებს, რომლის უშუალო აღმსრულებელიც იგია?
— საკმარისია თუ არა კვალიფიციური კადრის მომზადებისთვის შეთავაზებული 60-კრედიტიანი პედაგოგიური მაინორ პროგრამა და თუ არა, მაშინ რა უპირატესობა აქვთ ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს?
— საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში, პროფესიაში შესვლის რამდენიმე გზა არსებობს და ეს ძალიან კარგია. ზემოთ ორ გზაზე ვისაუბრეთ, ხუთწლიან პროგრამასა და minor პროგრამაზე; რომელს აირჩევს, სტუდენტის გადასაწყვეტია. ვისაც უნდა უნივერსიტეტი ერთჯერადი გამოცდებით და ხუთწლიანი სწავლით მაგისტრის დიპლომით დაამთავროს, ის 300-კრედიტიან პროგრამას აირჩევს, მაგრამ მას მხოლოდ მასწავლებლობის უფლება ექნება და სხვა სპეციალობას (მაგ. ისტორიკოსის) ამ ხუთ წელიწადში ვერ მოიპოვებს. ვისაც ორივე სპეციალობა უნდა, minor პროგრამას აირჩევს, რომლის უპირატესობაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. კიდევ არსებობს მასწავლებლის მომზადების დამოუკიდებლად არსებული 60-კრედიტიანი პროგრამა, რომელზეც სწავლა შეუძლიათ მათ, ვისაც ბაკალავრიატი ან თუნდაც მაგისტრატურა დამთავრებული აქვთ და შესაბამის საგნის გამოცდაზეც დაუდასტურებიათ კომპეტენცია. როცა საუბრობთ 60-კრედიტიანი პროგრამის საკმარისობის შესახებ, მინდა გითხრათ, რომ ეს 60 კრედიტი მხოლოდ პედაგოგიურ/ფსიქოლოგიურ/მეთოდიკური დისციპლინები და პედაგოგიური პრაქტიკაა, საგანს ამ პროგრამაზე არ სწავლობენ. საგნის კომპეტენცია დადასტურებული აქვთ გამოცდის სახით ან 60 კრედიტის პარალელურად გადიან ბაკალავრიატში. ამას გარდა, სახელმწიფო დოკუმენტში „მასწავლებლის დარგობრივი მახასიათებელი“ გაწერილია ის ძირითადი კომპეტენციები, რომლებიც მასწავლებელს უნდა გააჩნდეს პროგრამის დასრულების შემდეგ. ყველა საგანმანათლებლო პროგრამა, რამდენკრედიტიანიც უნდა იყოს, ვალდებულია გაწეროს იქ წარმოდგენილი სწავლის შედეგები. სხვაგვარად, პროგრამა აკრედიტაციას ვერ გაივლის. ასე რომ, შიში რომელიმე პროგრამის ავკარგიანობაზე უსაფუძვლო მგონია. პროფესიაში შესვლის სხვადასხვა გზა აუცილებელია მოქალაქის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით და მინიმალურ პრობლემებს უქმნის მასწავლებლის პროფესიით დაინტერესებულ პირს. ჩვენი უნივერსიტეტის გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად მუშაობს ორივე — დიდი ინტერესია როგორც მასწავლებელთა მომზადების minor, ისე დამოუკიდებლად არსებულ 60-კრედიტიან პროგრამაზე.
— რატომ უნდა აირჩიოს სტუდენტმა მაინორად თქვენი პროგრამა? რა არის თქვენი ფაკულტეტის ფუნქცია?
— ჩვენი მიმართულების ფუნქცია ძირითადად ორ მსხვილ კომპონენტად ჩაიშლება — მასწავლებლების და განათლების მეცნიერებების სპეციალისტების მომზადება. ვისაც აინტერესებს ან ერთი, ან მეორე სპეციალობა, ჩვენი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ყველა ფორმატის პროგრამას სთავაზობს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, დამატებითი (minor) ბაკალავრიატის 240 კრედიტში ინტეგრირებული სამასწავლებლო 60-კრედიტიანი პროგრამა იძლევა უნიკალურ შანსს, სტუდენტს დიპლომით მიენიჭოს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტის კვალიფიკაცია და, იმავდროულად, თუკი ეს საგანი კორელაციაშია ესგ-ით გათვალისწინებულ ძირითად საგნობრივ ჯგუფებთან, მიეცეს უფლება, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების შემთხვევაში, უფროსი მასწავლებლის სტატუსით შევიდეს ნებისმიერ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი დამატებითი პროგრამის არჩევას, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩვენი ძლიერი მხარეა მასწავლებლის მომზადების პროგრამების განხორციელების კოლოსალური გამოცდილება, ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, იმავდროულად, მოქმედი პედაგოგია ან აქვს სკოლაში სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. ასევე, ნაყოფიერად ფუნქციონირებს პედაგოგიური პრაქტიკის სავალდებულო კომპონენტი, რაც ითვალისწინებს როგორც სააუდიტორიო, ისე თბილისისა თუ რეგიონის სკოლებში (100-მდე სკოლასთან გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები) აქტიურ პედაგოგიურ პრაქტიკას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ თსუ-ის ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც ბაკალავრიატში სწავლის პროცესში თავის არჩევანს შეაჩერებს მასწავლებლობაზე, სწორედ minor პროგრამის საშუალებით შეძლებს ღირსეულად დაეუფლოს პედაგოგის ურთულეს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის პროფესიას.
თუ პათეტიკურობაში არ ჩამომართმევთ, ვიტყოდი, რომ რეგიონული თუ საერთაშორისო სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური გამოწვევების წინაშე მყოფი ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების საკმაოდ გარდამტეხ ფაზაში იმყოფება. ეს პროცესები თავისთავად აისახება განათლების სექტორზეც, რომელიც, რბილად რომ ვთქვა, უკეთესის სურვილს ტოვებს. სწორედ ასეთ ვითარებაში გადაინაცვლებს ხოლმე ძირითადი საყრდენი სკოლასა და სამასწავლებლო კორპუსზე. ისინი მიაჩნია საზოგადოებასა და სახელმწიფოს თავის მიერ დაშვებულ შეცდომებით განპირობებულ შედეგებთან გამმკლავებელ ძალად. ამიტომ არის მასწავლებლობა რთული პროფესია, ამიტომ უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა მასწავლებლის პროფესია, ამ გზით უნდა ემსახურონ თავიანთი სამშობლოს ყველაზე მნიშვნელოვან საყრდენს.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი