10 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) ერთობლივ ღონისძიებაზე, საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამები წარადგინეს. სან დიეგოს პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2020-2021 სასწავლო წლიდან, პირველად განახორციელებს სტუდენტების მიღებას ელექტრული და ელექტრონიკის ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ABET აკრედიტებულ და ქიმია/ბიოქიმიაში ACS სერტიფიცირებულ პროგრამებზე.
რეგიონის ისტორიაში ABET აკრედიტაცია პირველად მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმა პროგრამამ, რომელთა რიცხვს, 2021 წლიდან, შესაძლოა კიდევ ორი პროგრამა შეეემატოს ილიას სახელმწიფო და ტექნიკურ უნივერსიტეტებში.
„პირველად მთელი რეგიონის ისტორიაში ორი პროგრამა მიიღებს ABET აკრედიტაციას, ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმა პროგრამამ. მზად გვაქვს მესამე პროგრამაც ქიმიაში, რომელსაც ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოება განიხილავს და ცოტა ხანში, სასერტიფიკატო პროგრამაზე დასტურს ველით“ – განაცხადა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, უნივერსიტეტი ისეთივე მაღალი საერთაშორისო ხარისხის მქონე ინჟინრებს მოამზადებს, როგორც წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტები. „კარგია, რომ ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტები ასევე ამზადებენ პროგრამებს, 2021 წლიდან თითო პროგრამის შანსი აქვთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და ტექნიკურ უნივერსიტეტს, ჩვენც დავეხმარებით და გავუზიარებთ გამოცდილებას, რომელიც ძალიან რთულ გზაზე გვქონდა. ეს არის ხუთწლიანი გზა, რომელიც, სხვათა შორის, სამ წელიწადში გავიარეთ წინმსწრებად. შეფასება, რომელიც დაიმსახურა თსუ-ის ამ ორმა პროგრამამ, მართლაც უნიკალურია“.
პროგრამებზე ჩარიცხვა ჩვეულებრივ, მოქმედი მისაღები საგამოცდო მოდელით განხორციელდება, ხოლო კურსდამთავრებულები ერთდროულად ორ დიპლომს მიიღებენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, SDSU დეკანი საქართველოში პროფ ჰალილ გუვენი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის გუნდის წევრები კალიფორნიიდან.
„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ჩვენ ვაცხადებთ მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისთვის ახალ პროგრამებზე, რომლებიც არის საერთაშორისოდ აკრედიტებული. პირველი შემთხვევაა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტ საბჭოთა სივრცეში, რომ ქართულმა უნივერსიტეტმა მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია და უფლება, განეხორციელებინა პროგრამები საბუნებისმეტყველო საინჟინრო დარგებში. ეს პროგრამები გახლავთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან შრომის ბაზარზე არის ამ კადრების მოთხოვნა,“ – ამბობს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი ამერიკული უნივერსიტეტია საქართველოში. ის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით, 2014 წელს შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. უკვე 600-მდე სტუდენტი გვყავს, ხოლო 2020 წლიდან ამ პროგრამებზე მიღებას უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოაცხადებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად. ამ პროგრამების კურსდამთავრებული განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნება შრომის ბაზარზე, რადგან დღეს ნებისმიერი მსხვილი ინვესტორი, რომელიც საინჟინრო დარგში მოღვაწეობს, ითხოვს ABET აკრედიტებულ სპეციალისტებს“.
♦♦♦
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აშშ-ში აკრედიტებულ პროგრამებს 2014 წლიდან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში ახორციელებს.
პარალელურად, SDSU ეხმარება საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებაში, რათა ამ უნივერსიტეტებმა შეძლონ იგივე პროგრამების უკვე თავად განხორციელება. პროექტის ორივე კომპონენტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში.
საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამების შეთავაზება ეტაპობრივად დაიწყება. 2020-2021 სასწავლო წლისთვის ორი აკრედიტებული პროგრამა გამოაცხადებს მიღებას.
ლალი ჯელაძე