26 ივნისი, ოთხშაბათი, 2024

თვითდისციპლინის მნიშვნელობა დაწყებით კლასებში

spot_img
ლალი კუკავა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

გქონიათ შემთხვევა, როცა ძალიან მოტივირებული ხართ, მუყაითად შრომობთ მიზნისთვის, მეორე დღეს კი უბრალოდ კარგავთ აღტყინებას? ამის მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, არის ის, რომ მხოლოდ მოტივაცია არ არის საკმარისი მიზნების მისაღწევად.

მოდი, საუბარი ორი ძირითადი ცნების – მოტივაციისა და დისციპლინის განსაზღვრით დავიწყოთ.

მოტივაცია, როგორც ირაკლი ლაითაძე წერს თავის ბლოგში, მუდმივი მოცემულობა არ არის. იგი ემოციაა და შესაბამისად, ცვალებადია. დისციპლინა კი ჩვენი რაციონალური უნარია. დიახ, უნარი. მისი გავარჯიშება-გამომუშავება ისევეა შესაძლებელი, როგორც, მაგალითად, სიარულისა და წერა-კითხვის უნარისა. ჩემთვის მოტივაცია ფეიერვერკია, წამებში რომ იფანტება ჰაერში. ლამაზია, მაგრამ ძალიან ხანმოკლე. დისციპლინა კი წყლის პატარა წვეთია, რომლის რუტინულ ქმედებასაც ქვის გახვრეტა შეუძლია.

თვითდისციპლინა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომლის განვითარებაზეც ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნოს როგორც სკოლამ, ასევე ოჯახმა. მშობლების როლი ამ საკითხში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველ ეტაპზე სწორედ ისინი უნდა დაეხმარონ პატარას დღის განრიგის შედგენა-გაკონტროლებაში, მისცენ მაგალითი, გაუზიარონ გამოცდილება და თვალი ადევნონ ამ უნარის სწორი მიმართულებით განვითარებას. ეს, გარდა იმისა, რომ ბავშვს გაუადვილებს სკოლის პირველი წლების სირთულეებთან შეგუებას, მთელ მის შემდგომ ცხოვრებაზეც დადებით გავლენას მოახდენს. თავიდან რთული იქნება. ბევრი პროტესტისა და ტანტრუმის ატანა მოგიწევთ, ძვირფასო მშობლებო, მაგრამ დამერწმუნეთ, გრძელვადიანი სასიკეთო შედეგისთვის ღირს დათმენა.

ბევრი ადამიანი თავს არიდებს ამ სირთულეს და ამას პოზიტიური მშობლობით ხსნის. აბსოლუტურად გასაგებია, რომ ბავშვი თავისუფალ ადამიანად უნდა აღიზარდოს და ჩარჩოებში მისი მოქცევა არ გსურთ, მაგრამ დაფიქრდით: პირველი კლასის მოსწავლეს, რომელმაც ახლახან დაიწყო სწავლა, შეუძლია იმის გაცნობიერება, რომ ყოველ სამუშაო დღეს გარკვეული დრო სკოლაში უნდა იყოს, შემდეგ რამდენიმე საათი მეცადინეობას დაუთმოს, ძილის რეჟიმი დაიცვას და ეს ყველაფერი მისი ბედნიერი მომავლისთვისაა საჭირო? მას ისევ თამაში და დროის თავის ნებაზე გატარება სურს. თავიდან ეს რუტინა იმდენად უცხოა მისთვის, რომ შესაძლოა ტირანად მიგიჩნიოთ, მაგრამ ნელ-ნელა ამ ყველაფერს გაითავისებს და ჩვევად ექცევა. საჭიროა განრიგის მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა როგორც სკოლაში, ასევე სახლში. კომპრომისები დაუშვებელია. ნუ დაგავიწყდებათ, პატარებს ძალიან კარგად შეუძლიათ მანიპულირება და თუ ერთხელ რაღაც გზით მიიღეს სასურველი ან თავი აარიდეს არასასურველს, ამას იარაღად გამოიყენებენ შემდგომისთვის და ყოველ ჯერზე დაგიყოლიებენ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითდისციპლინის უნარის გამომუშავება არასდროსაა შეუძლებელი, მაგრამ უმჯობესია, თუ ამ საკითხს ადრეული ასაკიდანვე მივაქცევთ ყურადღებას, რადგან ამ ასაკში ბევრად მარტივია ამა თუ იმ ჩვევის ჩამოყალიბება. ეს კომპლექსური სამუშაოა და მშობლისა და მასწავლებლის ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს.

P.S. ბლოგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკითხის დასმასა და საფიქრალი მარცვლის ჩაგდებას. სიღრმისეული კვლევა სამომავლო სამუშაოა.

მადლობა შთაგონებისთვის, მარიამ თოდუას, ჩემს კურსელსა და კოლეგას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები