10 მარტი, ორშაბათი, 2025

თარგმანის ხელოვნება

spot_imgspot_img

პროექტის „გვესაუბრეთ ლიტერატურაზე“ ფარგლებში გამართული მორიგი შეხვედრა

 

ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში იმისათვის, რომ ლიტერატურის სამყაროში წარუძღვე ახალ თაობას, გაუჩინო ლიტერატურის შესწავლის დაუოკებელი სურვილი და აღძრა მათში ინტერესი ახალ-ახალი სამყაროების აღმოჩენისა (ისე, რომ პროცესი გახდეს მიმზიდველი, სასიამოვნო და არა დუნე, მომაბეზრებელი სავალდებულო რუტინა), უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალებთან პირდაპირ ინტერაქციას. ამ მიზნით, სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ხათუნა ბერაძისა და სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ზაზა შულაიას ორგანიზებით, 2024 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტი „გვესაუბრეთ ლიტერატურაზე“, რომელშიც ჩართული არიან, ქვეყნის მასშტაბით, ათობით სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები. პროექტის დაწყებიდან დღემდე რამდენიმე საინტერესო შეხვედრა შედგა. ლიტერატურის გამდიდრებისა და კულტურათა ურთიერთობის განვითარების მთავარ ასპექტზე -მთარგმნელობით ხელოვნებაზე – გვესაუბრა აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი, მთარგმნელი, საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა კავკასიიის სახლის აღმოსავლური განყოფილების გამგე, ისლამური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, პრემია „საბას“ ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ლობჟანიძე. ბატონმა გიორგიმ , პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა, რა არის თარგმანი, რა მნიშვნელობა აქვს მას, რამ განაპირობა და შეუწყო ხელი მის განვითარებას, როგორ სპონტანურად არსებობდა შუმერულ-აქადურიდან მოყოლებული და, როგორც სამეცნიერო დარგი, შედარებით გვიან გაფორმდა – დაახლოებით მე-17 საუკუნის ბოლოს, ხოლო მე-19 საუკუნეში საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ენათმეცნიერების დარგი. ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, რომ ერთი ენიდან მეორე ენაზე ტრანსლიტერაციის სამი მეთოდი არსებობს (სიტყვსიტყვითი, ფრაზული და თავისუფალი) და მთარგმნელს მართებს სიღრმისეულად იცნობდეს თითოეული მათგანის სპეციფიკას. გარდა ამისა, ეს პროცესი მოითხოვს ავტორის, ტექსტის, ეპოქის, ორი ენის კომპლექსურ ცოდნას, ეპისტემურ აზროვნებას, საკუთარი სტილის ჩამოყალიბებას.

ზოგადი მსჯელობისა და თეორიული საკითხების განხილვის შემდეგ, ბატონმა გიორგიმ გაგვაცნო ქართული მთარგმნელობითი ხელოვნების ისტორია და ქართულ-აღმოსავლური ლიტერატურული ურთიერთობების ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ჩაეყარა, აღმოსავლური ენების კათედრის სახით. ისაუბრა ადამიანებზე, რომლებმაც აღმოსავლური რობაიების სილამაზესა და ესთეტიკას აზიარეს ქართველი მკითხველი: იუსტინე აბულაძე – ომარ ხაიამის პოეზიის ე.წ. პწკარედებით მთარგმნელი; მხატვრული მეთოდით სპარსული ლექსი აკადემიკოსმა მაგალი თოდუამ მოიტანა ჩვენამდე, ხოლო ვახუშტი კოტეტიშვილმა ეს მეთოდი კიდევ უფრო განავითარა და მწვერვალზე აიყვანა . თანამედროვე ეპოქაში სპარსული ლიტერატურის შეუდარებელი მთარგმნელია ნომადი ბართაია.

სასიამოვნო იყო მსმენელისათვის ბატონი გიორგის საოცრად თბილი და გულისხმიერი დამოკიდებულება იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ მთარგმნელობით ხელოვნებაში. განსაკუთრებით დასაფასებელია მისი მზადყოფნა, გაუზიაროს ცოდნა-გამოცდილება ახალგაზრდებს იმ დიდი მემკვიდრეობის გასაგრძელებლად, რომელიც არნახული შრომის შედეგად მოვიდა ჩვენამდე.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეები დაინტერესდნენ, რა გზა გაიარა პოეტმა და მთარგმნელმა, რა სირთულეებს აწყდებიან მთარგმნელები, იცნობს თუ არა აღმოსავლეთი ქართული ლიტერატურის შედევრებს და რა არის საჭირო მთარგმნელობითი კულტურის განვითარებისთვის. ფინალში, ზაზა შულაიას თხოვნით, მოვისმინეთ ომარ ხაიამის ერთ-ერთი რობაი როგორც მის მშობლიურ ენაზე, ასევე ქართულად ნათარგმნი თავად მომხსენებლის მიერ, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

„უქონლობისა არა მჭირს საფიქრალ-სავაგლახო რამ,

ან განა მიტომ არ თვრები, ვინმეს არ შევუძრახო რამ,

ღვინოა გულის სალბუნი, მოსალხენ საინახო რამ,

მე, ჩემო, შენგნით დავბრმავდი, შენ იქნებ დაინახო რამ…“

მადლობას ვუხდით პროექტის ხელმძღვანელებს – ხათუნა ბერაძესა და ზაზა შულაიას – და მომხსენებელს, გიორგი ლობჟანიძეს საინტერესო შეხვედრისათვის.

ანჟელა ღვიტიძე

ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
 

ნონა ოდიშარია

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება