მე, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი, ვასწავლი ცაგერის მუნიციპალიტეტის ლასურიაშის საჯარო სკოლაში. ყოველთვის ვცდილობ, მოვიძიო ახალი მიდგომები, რათა სწავლების პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გავხადო, როგორც ჩემთვის, ისე მოსწავლეებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ჩვენც ვაწყდებით სწავლების პროცესში არსებულ გამოწვევებს.
ერთხელ, როდესაც მეოთხე კლასში შევედი გაკვეთილის ჩასატარებლად, სადაც მხოლოდ ორი გოგონა სწავლობს, მოულოდნელი სცენა დამხვდა: ერთ-ერთი მოსწავლე მასწავლებლის მაგიდასთან იჯდა და მასწავლებლის როლს იმიტირებდა. ეს მომენტი ჩემთვის შთაგონების წყაროდ იქცა და მოსწავლეებს შევთავაზე, მომდევნო გაკვეთილები რიგრიგობით ჩაეტარებინათ, მე კი, ერთ-ერთ მათგანთან ერთად, მოსწავლის როლში ვიქნებოდი.
მოსწავლეებს თვალები აუციმციმდათ და დიდი სიხარულით დამთანხმდნენ. მათ ერთმანეთს შორის მოილაპარაკეს, ვინ როდის ჩაატარებდა გაკვეთილს. ერთობლივად მოვამზადეთ გაკვეთილის გეგმა. მოსწავლეებს გავუზიარე აქტივობების ჩამონათვალი, რომელსაც ხშირად ვიყენებ და მივეცი არჩევანის თავისუფლება, აერჩიათ ის აქტივობები, რომლებიც ყველაზე მეტად მოსწონდათ.
გაკვეთილები ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ თავიანთ დავალებას. მათ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა გაიღრმავეს, არამედ განივითარეს კომუნიკაციის უნარები და თვითდაჯერებულობა, მეთოდის დანერგვამ გააუმჯობესა გაკვეთილებზე ჩართულობა და მოტივაცია.
ეს წარმატებული გამოცდილება სხვა კლასებშიც დავნერგე, რაც დადებითად აისახა როგორც მოსწავლეებზე, ასევე ჩემზე, როგორც მასწავლებელზე და გავუზიარე კიდეც კოლეგებს, ახლა კი მსურს, თქვენი გაზეთის საშუალებით, ეს იდეა სხვებსაც გავაცნო.
მეთოდი, რომელიც ცნობილია როგორც „თანატოლთა სწავლება“ (Peer Instruction), ეფუძნება მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას და ერთმანეთისგან სწავლას.
თანატოლთა სწავლების უპირატესობები:
აქტიური ჩართულობა: მოსწავლეები უფრო აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, რაც ზრდის მათ ინტერესს და მოტივაციას.
გუნდური მუშაობის უნარების განვითარება: მოსწავლეები სწავლობენ თანამშრომლობას, რაც მნიშვნელოვანია როგორც სასწავლო, ასევე პიროვნული განვითარებისათვის.
კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესება: სხვა მოსწავლეებისათვის მასალის ახსნა მოითხოვს სიღრმისეულ გაგებას, რაც აძლიერებს კრიტიკულ აზროვნებას.
მასწავლებლისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეძლოს სასწავლო საკითხების მოსწავლის თვალით დანახვა, რათა უკეთ გაიგოს მათი საჭიროებები და სირთულეები.
⇒ მასწავლებელი უკეთ ხვდება, როგორია სასწავლო მასალის აღქმა მოსწავლის თვალთახედვით.
⇒ აცნობიერებს, რომ ზოგიერთი თემის სწავლა შეიძლება იყოს რთული. უკეთ აფასებს საკუთარ სწავლების მეთოდებს და პედაგოგიურ მიდგომებს.
⇒ შეუძლია შეცვალოს და დახვეწოს სწავლების სტილი, რათა უფრო ეფექტური და გასაგები გახდეს.
საბოლოოდ, ორივე მხარე დიდ სარგებელს იღებს — მოსწავლე იძენს უფრო ღრმა ცოდნას, ხოლო მასწავლებელი უკეთ იგებს სწავლის პროცესში არსებულ გამოწვევებს და ცდილობს, გააუმჯობესოს პედაგოგიური პრაქტიკა.
მარინა ასათიანი