ირმა გრიგალაშვილი
ფილოლოგი, თბილისის №214 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
აქტიური მოქალაქის აღზრდა – თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ეროვნული სასწავლო გეგმის კონტექსტში მოქალაქეობა არის უნარი, რომელიც გულისხმობს: უზენაესი ეთიკის პრინციპების გააზრებას, საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებასა და თანაშემოქმედებითობას, თემის პრიორიტეტების გააზრებას (ესგ-ის გზამკვლევი, 2022).
მოქალაქეობის, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნქციურ-კომპონენტური უნარის, დაუფლება მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების, პატრიოტიზმის, სოლიდარობის, კრიტიკული აზროვნებისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. სასკოლო განათლება ამ კუთხით გვევლინება არა მხოლოდ ცოდნის შეძენის პროცესად, არამედ აქტიური, თავისუფალი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე პიროვნების ჩამოყალიბების პლატფორმად.
იმისათვის, რომ მოსწავლეებში სამოქალაქო უნარ-ჩვევები განვავითაროთ, აუცილებელია კომპლექსური, მრავალმხრივი მიდგომის გამოყენება. პირველ რიგში, სასკოლო გარემო თავად უნდა იყოს დემოკრატიული პრინციპების დემონსტრირების სივრცე, რომელშიც:
მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში (მაგ., სასკოლო აქტივობების დაგეგმვა, სასწავლო გეგმის გამრავალფეროვნება, სკოლის შინაგანაწესის შემუშავება, სასკოლო გარემოს მოწყობა და სხვა).
პატივს სცემენ განსხვავებულ აზრებს – აქცენტი კეთდება არა იმაზე, თუ ვისი აზრია „სწორი“, არამედ იმაზე, თუ რა არგუმენტებით შეიძლება მისი დასაბუთება, შემუშავებულია კამათის ეთიკური ნორმები (მოსმენა, გამოსვლის დროის დაცვა, პიროვნების პატივისცემა), აკრძალულია პიროვნებაზე ზეწოლა და წახალისებულია მრავალფეროვანი პოზიციების წარმოჩენა.
ხდება კონფლიქტების გადაჭრა თანამშრომლობითი მეთოდებით – მუშაობს მედიაციის პროგრამა, მოსწავლე-მედიატორები გადიან სპეციალურ მომზადებას და მიუკერძოებლად ცდილობენ გაარკვიონ კონფლიქტის ნამდვილი მიზეზები, იპოვონ ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავალი, აღადგინონ კომუნიკაცია, მიიღონ ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილება.
მოსწავლეები აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას და სწავლობენ თვითმმართველობას.
სამოქალაქო კომპეტენციები მხოლოდ თეორიული ცოდნით ვერ გამომუშავდება, მათი სიღრმისეული გაცნობიერება მხოლოდ მოქმედებითაა შესაძლებელი. პრაქტიკული გამოცდილების მიღების საუკეთესო საშუალებად კი შეიძლება მოვიაზროთ:
• საზოგადოებრივი პროექტების განხორციელება, მაგ., მოსწავლეების უშუალო ჩართულობით ადგილობრივი გარემოს დასუფთავება და კეთილმოწყობა, ეკოლოგიური აქციების მოწყობა, ხანდაზმულებისა და შშმ პირთა დახმარება და სხვა. ასეთი აქტივობები პირდაპირ უკავშირდება სოლიდარობის, ემპათიისა და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას.
• დებატები, დისკუსიური კლუბები და სიმულაციური თამაშები კიდევ ერთი ეფექტური მეთოდია მოქალაქეობრივი უნარ-ჩვევების გასავითარებლად, მაგ., მოსწავლეებს შეიძლება დაევალოთ სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემის იმიტირებული განხილვა, სხვადასხვა პოზიციის წარმოჩენა, კომპრომისების ძიება, რაც მათ კრიტიკული აზროვნებისა და დიალოგის კულტურის გამომუშავებაში დაეხმარება.
• საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, ვიზიტები, საზაფხულო ბანაკები, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა კულტურისა და წარმოშობის ახალგაზრდებს გაიცნობენ. ეს კი ხელს უწყობს ტოლერანტობის, მულტიკულტურული გაგებისა და გლობალური მოქალაქეობის ჩამოყალიბებას.
ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ასევე მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სწავლება. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ინფორმაციის კრიტიკული შეფასება, ყალბი ინფორმაციის ამოცნობა, ციფრულ სივრცეში ეთიკური ქცევა.
2004 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად, დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა დღესაც სწორედ ამ მიზნებით განისაზღვრება. ზგემ-ის დოკუმენტი განახლდა 2024 წელს, თუმცა, რასაკვირველია, გეგმის ფუნდამენტური პრინციპები უცვლელია: სასკოლო განათლების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა – „დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მატარებელი, მაღალი სამოქალაქო, ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა“ (ზგემი, 2024).
მოქალაქეობრივი აღზრდა შეუძლებელია მასწავლებლის პიროვნული მაგალითის გათვალისწინების გარეშე. სწორედ მასწავლებლის როლია გადამწყვეტი დემოკრატიული ღირებულებების დანერგვასა და სამოქალაქო კომპეტენციების გამომუშავებაში. მასწავლებელი უზრუნველყოფს საკლასო გარემოში პიროვნულ თანასწორობასა და თანამშრომლობაზე აგებულ ურთიერთობას, სამართლიანობას. მან უნდა შექმნას გარემო, რომელშიც თეორიული ცოდნა იქცევა პრაქტიკულ გამოცდილებად, ხოლო დემოკრატიული ღირებულებები – ცხოვრების წესად. ამგვარი გარემოს შესაქმნელად, ცხადია, არ კმარა მხოლოდ საკლასო სივრცეში გატარებული დრო, საჭიროა საზოგადოებრივ პროცესებში მისი აქტიური მონაწილეობა.
დემოკრატიულ კულტურას ვერ დანერგავს მასწავლებელი, რომელიც:
• ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას – ავტორიტარულად იქცევა და მოსწავლეებს ერთადერთ „სწორ აზრს“ თავს ახვევს, განსხვავებულ აზრს აკნინებს ან დასცინის, არ ტოვებს კრიტიკის შესაძლებლობას.
• არ ავლენს სოციალურ პასუხისმგებლობას – გამიჯნულია საზოგადოებრივი პროცესებისგან, არ თანაუგრძნობს სამართლიანობის, სიტყვისა და გამოხატვის, არჩევანის თავისუფლების დასაცავად გამართულ სახალხო დემონსტრაციებს.
• გულგრილია სოციალური პრობლემებისადმი, არ გმობს ძალადობასა და უსამართლობას. მასწავლებელი, რომელსაც არ გააჩნია ემპათიის უნარი, ვერ განავითარებს მოსწავლეებში მორალურ-ეთიკურ ღირებულებებს.
სამწუხაროა, რომ დღევანდელი მასწავლებლების გარკვეული ნაწილი სწორედ ამ გზას ირჩევს და არათუ ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს, არამედ პირიქით, მოსწავლეებსაც უშლის ხელს გამოხატონ თავიანთი ჯანსაღი მოქალაქეობრივი პოზიცია. ამჯერად არ ჩამოვთვლი იმ გულდასაწყვეტ შემთხვევებს, რომლებზეც მოსწავლეები, ბოლო დროს, აქტიურად საუბრობენ სოციალურ ქსელებში (ხშირად კი ფაქტების ამსახველ ვიდეომტკიცებულებებსაც ასაჯაროებენ). მოსწავლეები გამოთქვამენ წუხილს პედაგოგებისგან მიღებულ დამცინავ და შეურაცხმყოფელ მოპყრობაზე, არაკორექტულ მიმართვებზე, რაც მოსდევს ხოლმე ბავშვების მხრიდან სამოქალაქო აქტივიზმის გამოვლინებას. ისინი ასევე აპროტესტებენ მასწავლებლების დუმილსა და უგრძნობლობას „სამართალდამცავთა“ მხრიდან ახალგაზრდებისადმი გამოვლენილ ძალადობასა და სისასტიკეზე.
შეუძლებელია აქტიური, ტოლერანტი და ობიექტურად მოაზროვნე პიროვნება აღზარდოს მასწავლებელმა, რომელიც თავის „მოქალაქეობრივ პოზიციას“ მხოლოდ სამთავრობო აქციებზე „სავალდებულო“ დასწრებით გამოხატავს და სხვა დროს ყოველთვის ირჩევს განზე გადგომას; მასწავლებელმა, რომელიც ლანძღავს საკუთარ მოსწავლეებს მისი შეხედულებისაგან განსხვავებულ მოსაზრებათა და ქმედებათა გამო.
„ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტი მოქალაქის აღზრდის“ (ზგემი, 2024) გზად, პირველ რიგში, ილიას სიტყვის მოსმენა მესახება:
„დავიწყებული გვაქვს ურთიერთობის კავშირი, იმასა სცემენ – მე ხომ არაო, ვიძახით და ამით ვანუგეშებთ ჩვენს გაქსუებულ თავსა. ის კი აღარ გვაგონდება, რომ ხვალ შეიძლება ეს დღე მეც დამადგეს და მეშველი არ მეყოლება“ (ი. ჭავჭავაძე). ღირსეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ გულგრილობა დანაშაულია არა მხოლოდ სხვების, არამედ საკუთარი თავის წინაშე ჩადენილი.
„თუ ხალხს თვისი უფლება და მოვალეობა კარგად აქვს აწონილი და ცნობილი, თუ ამასთან ხორც-სისხლში გამჯდარი აქვს, რომ ჩემი მეზობლის უფლების დარღვევა, ჩემი უფლების დარღვევასაც მოასწავებს, მაშინ ნავარდი მებადურთა შეუძლებელია, მაშინ აღმა ხნული პირდაღმა არ დაიფარცხება“ (ი. ჭავჭავაძე). თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ არ დახუჭოს თვალი, როდესაც სხვების უფლებათა დარღვევას შეამჩნევს.
„მიზეზი კეთილის ცუდად ახდენისა ჩვენი გულგრილობა და განთვითეულება არის, წამალი კიდევ ამ მიზეზის მოსპობისათვის ურთიერთთან კავშირია, ურთიერთობისათვის გულმტკივნეულობაა, ურთიერთის გამოსარჩლებაა“ (ი. ჭავჭავაძე). თითოეულმა პედაგოგმა უნდა ასწავლოს ეს ყველაფერი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით.
მასწავლებლის პიროვნული მაგალითი რჩება მოქალაქეობრივი აღზრდის უმნიშვნელოვანეს კომპონენტად. მოსწავლეები ბუნებრივად ისწავლიან ქცევის ისეთ მოდელებს, რომლებსაც მათ გარშემო ხედავენ. თუ მასწავლებელი იქნება აქტიური, პასუხისმგებლობიანი, კრიტიკულად მოაზროვნე, საზოგადოებრივი პრობლემებით დაინტერესებული ადამიანი, მოსწავლეებიც ამ ღირებულებებს გაიზიარებენ.
დასკვნისთვის, აქტიური მოქალაქის აღზრდა არის კომპლექსური პროცესი, რომელიც მოითხოვს სისტემურ მიდგომას, მრავალფეროვან მეთოდოლოგიას და ყველა დაინტერესებული მხარის – სკოლის, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და საზოგადოების -— ერთობლივ ძალისხმევას.
წერილს ვურთავ საქართველოს ერთ-ერთი სამაგალითო სამოქალაქო აქტივისტის, მამუკა ჯუღელის, ფეისბუკპოსტს, როგორც უმთავრეს გზავნილსა და სასარგებლო მოქმედებისაკენ მოწოდებას კოლეგებისადმი:
„ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომელიც ტარიელის სიმამაცეს მასწავლიდა – დუმს.
ჩემი ისტორიის მასწავლებელი, რომელიც რუსეთის იმპერიალიზმს მიხსნიდა – დუმს.
ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი, რომელმაც პირველმა მანახა რუკაზე ევროპა – დუმს.
ჩემი ინგლისურის მასწავლებელი, რომელმაც ევროპელებთან ლაპარაკი მასწავლა – დუმს.
ჩემი ხელოვნების მასწავლებელი, ევროპულ ხელოვნებას და კულტურას რომ მასწავლიდა – დუმს.
ჩემი ფიზიკის და ქიმიის მასწავლებლები, ევროპულ სამედიცინო, ტექნოლოგიურ მიღწევებს რომ მასწავლიდნენ – სდუმან.
სკოლის დირექტორმა, საერთოდ დამბლოკა.
ჰოდა, ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, ჩალის ფასი აქვს თქვენს ყველა გაკვეთილს, რაც ჩემთვის ჩაგიტარებიათ და ჩალის ფასი გაქვთ თქვენც ჩემს თვალში.“
ლიტერატურა:
- ესგ-ის გზამკვლევი, 2022
ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის გზამკვლევი (საშუალო საფეხური), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, 2022 — https://mes.gov.ge/uploads/files/2022/gzamkvlevi.pdf — ზგემი 2024;
- ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2024 — https://mes.gov.ge/uploads/zgemi.pdf ილია ჭავჭავაძე;
წერილი სოფლის უფროსის არჩევანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი — https://iliachavchavadze1837.wordpress.com/2014/05/26/soflis-ufrosis-archevani/
- ფეისბუკ პოსტი, მამუკა ჯუღელი