დისტანციურ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გამართა, ინტეგრირებული პროგრამების დანერგვის პროცესზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილე პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
შეხვედრაზე განიხილეს ინტეგრირებულ პროგრამებზე სტუდენტთა რეგისტრაციის, ახალი პროგრამების ავტორიზაციის, მასწავლებელთა შერჩევისა და გადამზადების საკითხები. ასევე, ამ პროცესში გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდამჭერი ღონისძიებები.
როგორც ცნობილია, წელს პირველად, გამოცხადდა რეგისტრაცია იმ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს. 3-წლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებული სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებს.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს 8 საშუალო პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია, პარალელურ რეჟიმში, პროგრამების ავტორიზაციის პროცესი და, ივლისის ბოლომდე, სარეგისტრაციო ბაზაში 15 საგანმანათლებლო დაწესებულების 40-მდე პროგრამა განთავსდება.
დანერგვის პირველივე წელს საშუალო პროფესიული პროგრამები შეთავაზებული იქნება თბილისის, გურიის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.