24 ნოემბერი, კვირა, 2024

თავისუფლება – სცენარი – 26 მაისი

spot_img

ნატალი აბესაძე

ინტერნაციონალური მაარიფის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი

თავისუფლება

სცენარი – 26 მაისი

„ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც თავის სამშობლო ჰქვია

ხოლო, სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა -მონებს

არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა

და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას-მონაა ისიც“

ოთარ ჭილაძე

ადამიანი ჰგავს თავის ქვეყანას…

შეუძლებელია , იყოს თავისუფალი, როცა თავისი სამშობლოა ტყვეობაში.

„ ამოდის მზე და აღებს კარს

ასე ნანატრი თავისუფლება„

თავისუფლება კი მართლაც ნანატრი იყო ჩვენს სამშობლოში.

ქართველი ქართველს „ გამარჯვებაო“ , ასე ესალმება და „ მშვიდობით „ – ამგვარად ემშვიდობება. მართლაც რამხელა ქვეტექსტია ამ სიტყვებში. ქართველს ან გამარჯვება ჰქონდა სულ სანატრი, ან მშვიდობა.

ჯარასავით ეხვია მტერი საქართველოს, ბოლოს ჩვენმა გენიალურმა პოეტმა კიდეც დაწერა

„და ცა ალუბლით სავსეა ! კმარა !“

ალუბლით სავსე ცაზე თავისუფლების მზეს გვსურდა, გამოენათებინა.

„მზეს შევნატროდით, მზე გვსურდა

ცრემლს ვღვრიდით შუაღამისას

მხიარულება არ ჰქონდა

დაწყვეტილ სიმებს ჩანგისას…“

და, აი, 1918 წელს, თარიღს, რომელსაც ვერც ილია მოესწრო, ვერც აკაკი და ვერც ვაჟა-ფშაველა , საქართველო დამოუკიდებელი გახდა.

პატარა, მაგრამ უდიდესი წარსულის და კულტურის ერი გამოვიდა ძალით თავსმოხვეული „ გუბერნიის“ სტატუსიდან,

დაიწერა კონსტიტუცია, აშენდა პირველი ქართული უნივერსიტეტი, შეიქმნა სამფეროვანი დროშა , დაიწერა პირველი ქართული ეროვნული ჰიმნი „ დიდება“ .

დამოუკიდებლობის სამ წელიწადში მოესწრო და დაინერგა საყოველთაო არჩევნები, ქალთა თანასწორუფლებიანობა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, რელიგიური პლურალიზმი , რისი მაგალითიც არის დეპუტატად პირველი მუსლიმი ქალის არჩევა.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ჯარში, სასამართლოში რუსული ენა ქართულმა ჩაანაცვლა…

„სამი წელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა უფრო ძლიერი იყო თავისი განცდის ინტენსიურობით, ვიდრე ჩვენი მონობის ასი წელი“ – ასე აფასებდა კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს ისტორიის სამ უმნიშვნელოვანეს წელიწადს.

თუმცა, ეს იყო დამოუკიდებლობის სამი წელიწადი.

1921 წლის 21 თებერვალს საქართველო ანექსირებული იქნა ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ, რომელსაც ბედის ირონიით, მოუძღოდა ქართველი-სერგო ორჯონიკიძე.

იწყება საბჭოთა საქართველოს 70 წელიწადი, ტოტალიტარიზმით,  უდანაშაულო სისხლისღვრით, ტერორით, დუმილით…

25 თებერვალი 1921 წელი

თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი

ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს,

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა

ეფინებოდა გმირების გვამებს

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე

თოვდა და თბილისს ებურა თალხი

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი

იმ გზით,სად წინად ელავდნენ ხმლები

და სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად,გმირთა სისხლით ნაპოხიერი

თოვლს დაეფარა კრწანისის ველი.

წითელი დროშით, მოღერილ ყელით

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

კოლაუ ნადირაძე

და აი, 70 წლის შემდეგ გასაბჭოებიდან და გაწითლებიდან, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია გამოაცხადებს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენას…

თითქოს დღესაც ჩაგვესმის ზვიად გამსახურდიას სიტყვა:

„აღსრულდა ნება ღვთისა,აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს ! “

შენ შუბლს იხსნი…

შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ,

საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ…

ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,

მალე სხივი მოგეფინოს ნეტავ!

 

წინ მიიწევ და ხმაურობ, გღვიძავს,

საქართველოს სევდიანო მიწავ.

ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს,

ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს!..

                                                 გალაკტიონ ტაბიძე

დღეს საქართველო თავისუფალია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ წინაპრების სისხლით მორწყულია მისი მიწა.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამდენი იბრძოლა ქართველმა საუკუნეების მანძილზე, რათა  დღეს ჩვენ ისევ ქართულად გვესაუბრა და გვეწერა, რათა ისევ ორ ზღვას შორის ყოფილიყო ჩვენი სამშობლო.

იმ ქართველმა გადაგვირჩინა ქართული მწერლობა თუ  ფოლკლორი ისეთი  ჰარმონიული სიმღერებით, რომელთაგან ერთ-ერთი, „ჩაკრულო“ კოსმოსში ჟღერს.

იმ ქართველმა, შემოსევების ბნელ ხანაში გადაწერა და ხელნაწერის სახით მეთორმეტე საუკუნიდან  შთამომავლობას გადასცა, შემოგვირჩინა „ვეფხისტყაოსანი“

იმ მებრძოლმა ქართველმა თავისი სიცოცხლის ფასად შეგვინარჩუნა ეს ქვეყანა, ახლა კი , რა არის შენი ვალი ?

თბილისი

„მას ფეხვეშ ბევრჯერ ჩაუტყდა ხიდი

და ბერჯერ იგრძნო გაქრობის შიში

დღეს კი შენ დგახარ ნანგრევის ჩრდილში

და უცქერ ქალაქს ჩრდილივით მშვიდი

დღეს შენ ხარ

და დღეს შენი ბრალია

რაც შეემთხვევა

კარგიც და ცუდიც

არც ერთი წუთით, მე გთხოვ, ძალიან

არ დაივიწყო არც ერთი წუთით !“

                                     ოთარ ჭილაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები