2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული საგანმანათლებლო პროექტები
არაფორმალური განათლება სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. განათლების ეს ფორმა პოპულარული და ეფექტურია, რადგან ხელს უწყობს მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გამოვლენას, აგრეთვე, ქმნის პრაქტიკული, ანალიტიკური და სისტემური აზროვნების პირობებს სოციალურ-თანამშრომლობითი უნარების განვითარებისათვის. პროექტული სწავლება ორიენტირებულია მოსწავლის მოთხოვნებზე. იგი თითოეულ მოსწავლეს აძლევს საკუთარი შესაძლებლობებისა და შინაგანი ძალების გააქტიურების საშუალებას.
განათლების ამ ფორმის ეფექტურობა იმით დასტურდება, რომ იგი ხელს უწყობს საერთო ინტერესების მქონე მოსწავლეთა გაერთიანებას, ავითარებს ცოდნის გაცვლის კულტურას, დამოუკიდებელი მუშაობის, სიახლეების ძიების, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტული სწავლება განსაკუთრებით შედეგიანია მაშინ, როდესაც ფართო მასშტაბებს მოიცავს და არ შემოიფარგლება ერთი კონკრეტული სკოლითა თუ კლასით. თუკი მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები, ერთდროულად, სხვადასხვა სკოლაში ხორციელდება, ფუნქციურ-კომპონენტური უნარების განვითარებასთან ერთად, სკოლებს შორის თანამშრომლობითი კულტურა ყალიბდება.
2024-2025 სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით, 3 ეროვნული საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება: „მე და ლიტერატურა“, „გვესაუბრეთ ლიტერატურაზე“, „ძალიან გავრცელებული, მაგრამ არასწორი“. სამივე ორგანიზებულია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების (ხათუნა ბერაძე, ზაზა შულაია, ნანა ლომაია) მიერ. მე, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აქტიური მხარდამჭერი, სამივე მათგანის კოორდინატორი გახლავართ. ამ მომენტისათვის, აღნიშნული პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის რამდენიმე ათეულ სკოლაში ხორციელდება. მათ აქვთ მკაფიოდ გაწერილი მიზნები, რომელიც სრულ კორელაციაშია ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმასა (ესგ) და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან (ზგემ).
პროექტის „გვესაუბრეთ ლიტერატურაზე“ ფარგლებში, 22 ნოემბერს, ჩატარდა შეხვედრა ფილოლოგიის დოქტორთან, ბატონ გია მურღულიასთან. შეხვედრა ონლაინ ფორმატში წარიმართა. ბატონმა გიამ ქართული ლიტერატურის ისეთ შედევრებზე ისაუბრა, როგორიც არის „ვეფხისტყაოსანი“, „დიდოსტატის მარჯვენა“ და ა.შ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა ინტერაქცია. მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.
ასევე, ახალი და საინტერესო წამოწყება გახლავთ პროექტი „ძალიან გავრცელებული, მაგრამ არასწორი“. იგი მიზნად ისახავს: მოსწავლეების ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესებას, კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას ენობრივ საკითხებში, საზოგადოებაში ენობრივი ცნობიერების ამაღლებას, გავრცელებული გრამატიკული და ლექსიკური შეცდომების შემცირებას. მასწავლებლები მოსწავლეებს აცნობენ ხშირად გამოყენებულ, თუმცა არასწორ გრამატიკულ ფორმებს, სიტყვათა არასწორ გამოყენებას და სხვა ენობრივ შეცდომებს. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები შეისწავლიან ამ შეცდომების სწორ ვარიანტებს და გაიაზრებენ მათი გამოყენების კონტექსტს. გათვალისწინებული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოები, დისკუსიები და შემოქმედებითი დავალებები.
რაც შეეხება პროექტს „მე და ლიტერატურა“, დეკემბრის ბოლოს დასრულდება. თითქმის ერთწლიანი მუშაობის პროცესში მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული 12 აქტივობა განხორციელდა. როგორც პროექტის კოორდინატორი, ვფიქრობ, დასახული მიზნები რამდენადმე მიღწეულია. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ კომუნიკაციის, ჯგუფური მუშაობისა და თანამშორომლობის უნარები. ეს ყველაფერი კი შემდგომში მათ კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
მარიამ ჩაჩანიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი, ქართული ფილოლოგიის მიმართულებით; საგანმანათლებლო პროექტების ავტორ-ორგანიზატორი, გაზეთ „ახალი განათლების“ კონკურსების სამგზის გამარჯვებული, საქართველოში პირველი მასშტაბური ურთიერთსწავლების პროექტის თანაავტორი, კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ 2024 წლის ფინალისტი