XIX საუკუნის დასასრულს სამცხე-ჯავახეთის ქართველი მოსახლეობის განათლების საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მღვდელმა დიმიტრი ხახუტაშვილმა. იგი იყო ჯერ ახალციხის, შემდეგ კი ახალქალაქის მაზრების ეპარქიების ბლაღოჩინი და სამრევლო სკოლების ინსპექტორი. როგორც მოძიებული მასალებიდან ჩანს, დეკანოზი დიმიტრი ხახუტაშვილი დიდ მზრუნველობას იჩენდა სამცხე-ჯავახეთში მოქმედ მართლმადიდებლურ ეკლესიებსა და მრევლზე. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების პირველი თავმჯდომარე. ქართული ენის გადარჩენის მიზნით, მისი ძალისხმევით, 1890-1902 წლებში, მხარეში 24-ზე მეტი სამრევლო სკოლა გაიხსნა, სადაც მართლმადიდებლები და კათოლიკეები ერთად სწავლობდნენ.
დიმიტრი ხახუტაშვილის ინიციატივით, 1897 წელს, სოფელ ზველში სამრევლო სკოლა გაიხსნა. თედო ზედგინიძის (დაბადებული 1910 წელს) გადმოცემით, ზველში ადრიდანვე მოქმედებდა მედრესე და სოფელ ჭობარეთიდან დადიოდნენ მაჰმადიანთა ბავშვები სასწავლებლად. ზველში სამრევლო სკოლის დაარსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენადაც მის ახლობელ სოფლებში, გარდა მუსხისა, სკოლა არ არსებობდა. სკოლის გამგედ დაინიშნა ადგილობრივი მღვდელი ეფრემ ინასარიძე. იგი, დიმიტრი ხახუტაშვილთან ერთად, დადიოდა სოფელ-სოფელ და გლეხობას უხსნიდა თუ რა სიკეთე შეიძლებოდა მოჰყოლოდა ძველი ცხოვრების ახლით შეცვლას.
სამრევლო სკოლის შენობა, მასწავლებელთა საცხოვრებელთან ერთად, სოფელმა ეკლესიის გვერდით ააშენა. იქ კი, ჭობარეთიდან დადიოდნენ ქართველი მართლმადიდებელი ბავშვები, ძირითადად, შეძლებულთა შვილები. პირველი მოსწავლეები იყვნენ: თევდორე, ნიკოლოზ და გრიგოლ ზედგინიძეები, ნესტორ დიასამიძე და სხვები. სკოლის შენობა რამდენიმე ოთახისგან შედგებოდა. ერთი ოთახი იყო მღვდლის საცხოვრებელი, დანარჩენი – საკლასო ოთახები.
რამდენადაც ის სამრევლო სკოლა იყო, ყოველდღიური გაკვეთილების ცხრილში, პირველი საათი საღვთო სჯულს ეთმობოდა, მეორე და მესამე – დედაენას, მეოთხე – რუსულ ენას, მეხუთე – არითმეტიკას და გალობას. სკოლა მოსწავლეებს საჭირო ელემენტარულ ცოდნას აძლევდა. ამისათვის მასწავლებელი ნიკო კასრაძე და მღვდელი მიხეილ ცაგარელი დიდ მზრუნველობას იჩენდნენ. გლეხობა კმაყოფილი იყო შვილების განათლებით. მასწავლებელი და მღვდელი, იმავდროულად, რევოლუციურ საქმიანობასაც ეწეოდნენ სოფლის მოსახლეობაში, რომელიც დროდადრო სკოლის შენობაში იკრიბებოდა ფარული კრებების ჩასატარებლად.
1905 წლის 20 ნოემბერს დიმიტრი ხახუტაშვილმა მღვდლებისა და სამრევლო სკოლის მასწავლებლების ყრილობა მოიწვია. მათ შორის იყვნენ: გიორგი ჩარკვიანი – მუსხის სკოლის მასწავლებელი, ვასილ იაშვილი და გიორგი გიორგაძე – ვალის სკოლის მასწავლებლები, ნიკო კასრაძე ზველიდან და ანდრია კასრაძე – წმ. მარინეს ეკლესიის მდივანი. მათ იმსჯელეს განათლების საკითხებზე. ისინი რევოლუციონერები იყვნენ და მოსახლეობას მოუწოდებდნენ თავისუფლებისაკენ.
სოფელ ზველში სამრევლო სკოლამ 1917 წლამდე იარსება. მიუხედავად იმისა, რომ მისი უმთავრესი მიზანი მოზარდების რელიგიური აღზრდა იყო, უდიდესი როლი შეასრულა გლეხკაცობის განათლებაში – ელემენტარულ განათლებას დედა ენაზე აზიარა.
1918-1919 წლებში უმძიმესი ვითარება შეიქმნა სამცხე-ჯავახეთში. იმ პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას არაერთხელ მოუხდა საცხოვრებლების დატოვება და უკან დაბრუნება. თურქი მოთარეშეების მიერ გაიძარცვა სოფლები და უმძიმესი მატერიალური ზარალი ნახეს. ასეთ პირობებში სკოლაზე ზრუნვა შეუძლებელი იყო. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1922-1923 სასწავლო წლიდან, სოფელ ზველში ოთხკლასიანი დაწყებითი სკოლა გაიხსნა, რომლის გამგე, თავდაპირველად, სტეფანე ზედგინიძე იყო, შემდეგ – სოლომონ დიასამიძე, მაქსიმე ზედგინიძე. 1925 წლიდან კვლავ სოლომონ დიასამიძე დაინიშნა. 1923-1924 წლების მონაცემებით, ზველის სკოლაში 38 მოსწავლე სწავლობდა. 1924 წელს სკოლაში ცალკე ჯგუფი გაიხსნა მაჰმადიანი ბავშვებისათვის, რომლებსაც მაჰმადიანი ქართველი ქალი ასწავლიდა.
ზველის ოთხკლასიანი სკოლის კურსდამთავრებული თედო ზედგინიძე წერდა:
„გვიხაროდა, რომ სკოლაში სიარული და წერა-კითხვის სწავლა ღარიბებსაც გვეღირსა. ჭობარეთიდან დადიოდნენ ჩვენს სკოლაში: ჯვარიძე გიორგი, გვირჯიშვილი ელიზბარ, ძმები: ზედგინიძე ქრისტესია და ბასილა, ჯვარიძე ლადო და ალექსი, ელენე და ტასო ინასარიძეები. ზამთარში ძალიან უჭირდათ ბავშვებს ჭობარეთიდან ზველის სკოლაში სიარული, ბუქიან დღეებში კი ვერ მოდიოდნენ და გაკვეთილები ცდებოდა“.
უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა წერა-კითხვის უცოდინარი იყო. საბჭოთა სახელმწიფოს მშენებლობა განათლებულ ადამიანებს ითხოვდა, ამიტომ, მთელ საბჭოთა კავშირში, წერა-კითხვის უცოდინრობის სალიკვიდაციო სახელმწიფო სკოლები გაიხსნა. ასეთი სკოლა უფროსებისთვის სოფელ ზველშიც ამოქმედდა, 1926-1927 წლებში. ის მეზობელი სოფლების მოსახლეობასაც ემსახურებოდა.
„ჭობარეთში უფროსი ასაკის მქონეთაგან მხოლოდ ბასიკო ინასარაიძემ იცოდა წერა-კითხვა. 14 კაცმა დავიწყეთ სიარული ამ სკოლაში ჭობარეთიდან. თვით ზველელები კი უფრო მეტნი იყვნენ. ჩვენთან ერთად ჭობარეთიდან მაჰმადიანებიც დადიოდნენ და ქართულ წერა-კითხვას სწავლობდნენ. მასწავლებლები იგივე გვყავდა ვინც პატარებს. გაკვეთილები ჯერ პატარებს უტარდებოდათ, შუადღის შემდეგ კი ჩვენ,“ – წერდა ბაგრატ ჯვარიძე.
მას შემდეგ, რაც მეზობელ სოფლებში დაწყებითი სამკლასიანი სკოლები გაიხსნა, რომლის მოსწავლეებიც, მეოთხე კლასიდან, ზველის სკოლაში აგრძელებდნენ სწავლას. 1934-1935 სასწავლო წელს, ზველში არასრული საშუალო სკოლა გაიხსნა, პირველი დირექტორი იყო ვინმე ოსაძე. შემდეგ, 1936-1942 წლებში – აბრამ ზაზაძე, 1942-1946 წლებში – ელენე ივანიძე.
1944 წელს სოფელ ჭობარეთის შვიდწლიანი სკოლა საშუალო სკოლად გადაკეთდა. სოფელ ზველში კვლავ შვიდწლიანი სკოლა დარჩა, ამიტომ მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება ჭობარეთის სკოლაში უწევდათ.
დროთა განმავლობაში, სკოლის შენობა დაძველდა და ვეღარ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. 1973 წელს, სოფელ ზველში, სკოლის ახალი შენობა აშენდა და საშუალო სკოლად გადაკეთდა. შესაბამისად, სოფლის მოზარდებს შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარ სკოლაში მიეღოთ საშუალო განათლება. დირექტორი იყო გივი ჯვარიძე, მასწავლებლები: დარეჯან ბერიკაშვილი, ნანული პეტრიაშვილი, ნატალია ზედგინიძე, სონია ზედგინიძე, ლენა ზედგინიძე, ფატიმა ლონდარიძე და სხვები. 1975 წლიდან 1987 წლამდე, სკოლის დირექტორი იყო ოთარ ჯვარიძე, ხოლო 1987 წიდან 1995 წლამდე – გურამ დიასამიძე. 1995 წლიდან ზველის საჯარო სკოლის დირექტორად დავინიშნე, 2023 წლიდან უკვე არჩეული დირექტორი ვარ.
სკოლის პედაგოგების დიდი უმრავლესობა, 97%, სერტიფიცირებულია. სკოლას ჰყავს ოქროს და ვერცხლის მედალოსნები.
მოსწავლეთა კონტინგენტი, გასული საუკუნის დასასრულიდან, საგრძნობლად შემცირდა, რადგან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა სოფელი, შესაბამისად შემცირდა შობადობაც. დღეისათვის, სკოლაში 50-მდე მოსწავლე სწავლობს.
მაგდანი ლაცაბიძე
სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ზველის საჯარო სკოლის დირექტორი